1. 6-8 და თქუა ღმერთმან: იქმენინ სამყარო შორის წყლისა და იყავნ განმყოფელ შორის წყლისა! და იქმნა ეგრეთ და განყო ღმერთმან შორის წყლისა, რომელი იყო ქუეშე კერძო სამყაროსა და შორის წყლისა ზედა კერძო სამყაროსა. და უწოდა ღმერთმან სამყაროსა ცაი და იხილა ღმერთმან რამეთუ კეთილ და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მეორე.
ზოგიერთი შეეცადა ამ ნაწყვეტში ცის „არამეცნიერული“ ახსნა ეპოვა. თითქოსდა მოსე მას მიიჩნევდა ერთგვარ მყარ კრისტალურ თაღად, რომელშიც ჩამაგრებულია ვარსკვლავები და რომლის ზემოთაც იმყოფება წყლის გამოგონილი მარაგი. მაგრამ ასეთი ფანტასტიკური რამ ტექსტში სრულებით არ არის.
შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ სიტყვა „სამყაროს“ (თანამედროვე ქართულით — „მყარი“, რუსულად - „Твердъ“) წმიდა წერილში ორგვარი აზრის ელფერი დაჰკრავს. ერთი სავსებით მკაფიო და „მეცნიერულია, ხოლო მეორე ზოგადი. ზოგადი მნიშვნელობით „სამყაროს“ (მყარს), „ცათას“ ან „ცას“ მეტ-ნაკლებად ერთნაირი აზრი აქვთ: ვარსკვლავებს ეწოდება მნათობნი სამყაროსა შინა ცისასა (შესაქმე 1, 14), ქუეყანასა ზედა სამყაროსაებრ ცისა (შესაქმე 1, 20) ფრენენ ფრინველნი; სიტყვა „სამყაროს“ (მყარის) სპეციფიკური მნიშვნელობის დაკარგვით ჩვენ მას ასეთ აღწერაში, ჩვეულებრივ, გამოვტოვებთ ხოლმე და ვამბობთ, რომ ვარსკვლავებიც და ფრინველებიც ჩანან „ცათა შინა“. იმის წარმოდგენა, რომ ვარსკვლავები თითქოსდა კრისტალურ სფეროშია ჩამაგრებული, მიეკუთვნება ანტიკურ წარმართულ აზროვნებას და არ უნდა გადავიტანოთ წმიდა წერილის ღვთივსულიერ ტექსტზე.
მაშ, როგორია სიტყვა „სამყაროს“ („მყარის“) სპეციფიკური, „მეცნიერული“ აზრი ამ ტექსტში? წმ. ბასილი გვასწავლის, რომ თუმცა სამყარო მოიხსენიება აგრეთვე როგორც ცა, ის არ უნდა გავაიგივოთ შესაქმის წიგნში ნახსენებ ცასთან.
„..რადგანაც მოცემული გვაქვს მეორე სახელიც და მეორე ცის განსაკუთრებული დანიშნულება, ამდენად, იგი განსხვავდება დასაბამად შექმნილისაგან, აქვს უფრო მკვრივი ბუნება და გამოიყენება განსაკუთრებული მიზნით.
...ვფიქრობთ, ეს სიტყვა გამოყენებულია რაიმე მყარი ბუნებისათვის, რომელსაც ძალუძს, შეაკავოს წყალი, თავისუფლად რომ ჩაედინება და იღვრება. მაგრამ იმის გამო, რომ ჰაერივით გამჭვირვალე სიმყარე საზოგადო შეხედულებით წყლისგან არის შექმნილი, არ უნდა მივიჩნიოთ, რომ იგი გამყარებული წყლის... ან გაჭვირვალე ქვის... მსგავსია. ასე რომ, ჩვენ არ ვამსგავსებთ სიმყარეს (ცის განფენილობას) რაიმე მსგავსს. რამეთუ, რა თქმა უნდა, ბავშვური და მარტივი ცნობიერებისათვის დამახასიათებელია ზეციურის შესახებ ასეთი წარმოდგენები. მყარს იგი (წმიდა წერილი) არა უდრეკსა და მაგარ ბუნებას უწოდებს, რომელსაც სიმძიმე და სიმტკიცე აქვს (ასეთ შემთხვევაში ეს სახელი თავისი შინაარსით ყველაზე მეტად დედამიწის შესაფერისი იქნებოდა), არამედ, პირიქით, ვინაიდან ყოველივე, რაც ზემოთ არის, თავისი ბუნებით ფაქიზია, იშვიათი და გრძნობისთვის მიუწვდომელი, ამდენად ამ უფაქიზეს და გრძნობისათვის მოუხელთებელთან შედარებით ეწოდა მას მყარი. წარმოიდგინე რომელიმე ადგილი, სადაც გამოიყოფა სინოტივე და თხელი, გაწმენდილი ტენი მიემართება ზევითკენ, ხოლო უხეში და მიწიანი ქვემოთ რჩება, რათა, სინოტივის თანდათანობითი განადგურებისას ეს კეთილნაზავი თავიდან ბოლომდე დაცული დარჩეს (ჰომილიები III, 3,4,7, გვ. 42, 44, 48).
ამრიგად, წმიდა წერილში მყარი თავისებური ბუნებრივი ტიხარი ან ფილტრია, რომელიც ატმოსფერული ტენის ორ დონეს განაცალკევებს. ჩვენს დროში ვერ ვაკვირდებით ასეთ მოვლენას, რომელსაც შესაძლოა მყარი ვუწოდოთ. იქნებ, პირველქმნილ დედამიწაზე სხვაგვარად იყო?
წმ. ბასილი მიიჩნევს, რომ მყარი მთელს დედამიწაზე კეთილნაზავის შესანარჩუნებლად იყო გათვალისწინებული. ახლა ჩვენ უკვე ვიცით, რომ ისტორიამდელ დედამიწაზე მოქმედებდა „სათბურის“ ეფექტი: არქტიკის ყინულში ნაპოვნია ტროპიკული მცენარეები და ცხოველები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ოდესღაც ჩრდილოეთში მართლაც ზომიერი კლიმატი იყო. შემდეგ, შესაქმის მეორე თავიდან ვიგებთ, რომ ადამიანის შექმნამდე არა ეწვიმა ღმერთსა ქუეყანასა ზედა. ხოლო წყარო აღმოვიდოდა ქუეყანისაგან და ჰრწყვიდა პირსა ყოვლისა ქუეყანისასა (შესაქმე 2, 5-6) (რუსულ თარგმანში, ისევე როგორც ინგლისურში, რომლითაც მამა სერაფიმე სარგებლობდა, ეს ტექსტი ასე იკითხება «Но пар поднимался с земли, и орошал все лицо земли».) მაშასადამე, ახალგაზრდა ქვეყანა, როგორც ჩანს, ისეთი ადგილი ყოფილა, რომელიც ძლიერ განსხვავდებოდა ჩვენთვის ცნობილი დედამიწისგან: ყველგან ზომიერი კლიმატი იყო, უხვი ტენი მუდმივად რწყავდა მდიდარ, მრავალფეროვან მცენარეულობას, რომელიც, როგორც ვნახავთ, შეადგენდა ყველაფერს, რაც ღმერთმა დაუწესა საკვებად არა მხოლოდ ადამიანს, არამედ ნადირსაც (შესაქმე 1, 30).
როდის დასრულდა ეს ბედნიერი მდგომარეობა? მალე ჩვენ განვიხილავთ ადამიანის ცოდვით დაცემის შედეგებს; თუმცა არსებობს მინიშნება, რომ ცოდვით დაცემის შემდეგაც კი დედამიწა ინარჩუნებდა ახალგაზრდა ქვეყნის ზოგიერთ ნიშან-თვისებას. მოდით, მოკლედ განვიხილოთ, რას ამბობს წმიდა წერილი სამეცნიერო ცოდნის თვალთახედვით ჩვენი ატმოსფეროს შესახებ. თვით წმიდა მამები ხშირად იყენებდნენ თავისი დროის სამეცნიერო ცოდნას წმიდა წერილის გასაგებად, და ჩვენც შეგვიძლია, ასე მოვიქცეთ; მხოლოდ იმ პირობით, რომ არ დავიწყებთ წმიდა წერილის ტექსტის დამახინჯებას და მოკრძალებითა და მორიდებით ვიფიქრებთ ჩვენს საკუთარ სავარაუდო ვერსიაზე. ამიტომ, ქვემოთ მოყვანილი ახსნა-განმარტება უნდა მივიღოთ არა როგორც დოგმატი, არამედ, როგორც უბრალოდ მსჯელობა.
თავისთავად, შესაქმის წიგნის ტექსტში ნოეს დრომდე არ არის ნახსენები წვიმა; მაშინაც ეს უბრალოდ წვიმა კი არ გახლდათ, არამედ ყოვლისმომცველი სტიქია: გამოეცნეს წყარონი უფსკრულისანი და საქანელნი ცისანი განეხუნეს. და იქმნა წვიმა ქუეყანასა ზედა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე (შესაქმე 7, 11-12).
უზარმაზარი, ჩვენთვის წარმოუდგენელი რაოდენობის წყალი ვრცელდებოდა დედამიწაზე და ფაქტობრივად, მიყავდა იგი შესაქმის პირველი დღის მდგომარეობამდე – როდესაც ბნელი ფარავდა დედამიწას. ჩვეულებრივი წვიმა ვერ გახდებოდა ამის მიზეზი. მაგრამ ტექსტში აღწერილია რაღაც უფრო საზარელი: გამოთავისუფლდა მიწისქვეშა წყლების უზარმაზარი მარაგი, ხოლო „სამყარო, განფენილება ცისა“, - ატმოსფერული „კონდიციონერი, რომელიც წყლის გარკვეულ მასას მუდმივად ინარჩუნებდა ჰაერში (ღრუბელთა ფორმით), როგორც ეს დღესაც ასეა პლანეტა ვენერაზე, - პირდაპირ „გაიგლიჯა“ და მთელი თავისი შემცველობა დედამიწაზე ჩამოანთხია.
ზემოაღნიშნულიდან შეიძლება, აგრეთვე მივხვდეთ, თუ რატომ მოგვცა ღმერთმა ცისარტყელა ნიშნად თავისი აღთქმისა ნოესა და ყოველივე ქმნილისადმი, რომ დედამიწაზე აღარ იქნებოდა ასეთი წარღვნა. როგორ შეიძლებოდა ცისარტყელა ყოფილიყო ნიშანი, თუკი იგი, როგორც ზოგიერთი ფიქრობს, წარღვნამდეც არსებობდა საუკუნეების განმავლობაში? ცხადია, რომ ცისარტყელა მაშინ პირველად გამოჩნდა. ცისარტყელა - მაშინ გამოისახება, როდესაც მზის სხივები პირდაპირ ეცემა ატმოსფერული ტენის წვეთებზე. თუკი „სამყაროს“ მსხვრევის შედეგად პლანეტის უწყვეტი ღრუბლოვანი საფარველი გაიფანტა, მაშინ გამოდის, რომ მზის პირდაპირმა სხივებმა დედამიწაზე წარღვნის შემდეგ მართლაც პირველად შემოაღწია. ამ დრომდე ცისარტყელა ადამიანისთვის უცნობი გახლდათ; აი, რატომ შეიძლება ამიერიდან იგი იმის ნიშანი იყოს, რომ წყლის მარაგი ატმოსფეროში მართლაც შემცირდა და უკვე ვეღარ გახდება საყოველთაო წარღვნის მიზეზი.
ახლახან ზოგიერთმა მეცნიერმა გამოთქვა მოსაზრება, რომ დაახლოებით ხუთი ათასი წლის წინათ დედამიწაზე დასხივებული კოსმოსური რადიაცია, რატომღაც, მკვეთრად გაიზარდა. რასაკვირველია, ეს ჭეშმარიტება იქნებოდა, თუკი წყლები მყარის (ცის განფენილობის) ზემოდან ფილტრის ფუნქციას შეასრულებდნენ და შეაჩერებდნენ დამღუპველი რადიაციას. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, რომ წარღვნის შემდგომი დრო – ეს სრულებით ახალი ეპოქა არის კაცობრიობის ისტორიაში. ნოეს დროს დედამიწაზე შედარებით „სამოთხისმაგვარი“ პირობები იყო: მთელს პლანეტაზე ზომიერი კლიმატი - სუფევდა, ხოლო მდიდარი მცენარეულობა ადამიანის კვების მოთხოვნილებას აკმაყოფილებდა ისე, რომ არ იყო ხორცის ჭამის საჭიროება (ნოე იყო პირველი, ვინც ღმერთისგან ხორცის ჭამის ნებართვა მიიღო (შესაქმე 9, 3)). სწორედ ასეთმა პირობებმა დაუთმო ადგილი უფრო მკაცრ პირობებს ჩვენს მიერ წარღვნისშემდგომ დედამიწაზე, როდესაც ხდება თესვა და მკა, სიგრილე და სიცხე, ზაფხული და არე (შესაქმე 8, 22), ხოლო ადამიანები უკვე აღარ ცხოვრობენ 900 წლამდე, როგორც ადამი და პირველი პატრიარქები, მათი ასაკი ძალიან სწრაფად შემცირდა 70 ან 90 წლამდე, რაც ამჟამად სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაა.
(ლექციის ამ ნაწილის კითხვისას მამა სერაფიმემ ეს უკანასკნელი პუნქტი უფრო სრულყოფილად ახსნა: „ცნობილია, რომ ნოეს დრომდე ადამიანთა მოდგმას ისეთი თვისებები ჰქონდა, რაც ჩვენი გაგებით უჩვეულოა. ძველი აღთქმის პატრიარქებმა მეტად დიდი ხნის განმავლობაში იცხოვრეს, ადამმა – 930 წელი, მათუსალამ – 969, სხვებმა — 800-900 წელი. ახლა შეიძლება თქვან: „ეს გადაჭარბება, შეცდომა და სისულელეა. მაგრამ თითქმის ყველა პატრიარქმა ამდენ ხანს იცოცხლა... მხოლოდ ნოეს შემდეგ (რომელმაც 950 წელი იცოცხლა, მათგან 600 – წარღვნამდე) იწყებს ადამიანის ასაკი შემცირებას, რატომ? ნოემდეც დედამიწა მთლიანად განსხვავდებოდა დღევანდელისგან, მით უფრო იმ სამყაროსგან, რომელიც ადამის ცოდვით დაცემამდე იყო. ნოეს დრომდე ადამიანს არ ჰქონდა ხორცის ჭამის უფლება; ადამიანი მცენარეებით იკვებებოდა, ნადირსაც მხოლოდ მცენარეულის ჭამის კურთხევა ჰქონდა უშუალოდ ნოეს დრომდე. რა თქმა უნდა, დღეს წარმოუდგენელია, რომ ადამიანმა 900 წელი იცოცხლოს; მაგრამ ვინ იცის, როგორ იყო საქმე იმ სრულყოფილ, საუკეთესო პირობებში?! თავდაპირველად ღმერთმა შექმნა სრულყოფილი სამყარო, რომელიც ცხოვრების სულ სხვა წესს შეესაბამებოდა, არა ისეთს, რომელსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ“.
წინა - სარჩევი - შემდეგი