1, 9-10. და თქუა ღმერთმან შეკრბიდ წყალი ქუეშე კერძო ცისა შესაკრებელსა ერთსა და გამოჩნდინ ხმელი! და იქმნა ეგრეთ: და შეკრბა წყალი ქუეშე კერძო ცისა შესაკრებელთთა მათთა და გამოჩნდა ხმელი, და უწოდა ღმერთმან ხმელსა ქუეყანა და შესაკრებელთა წყალთასა უწოდა ზღუებ. და იხილა ღმერთმან რამეთუ კეთილ.
ქმნადობის ყოველ დღეს ღმერთი ბრძანებს, რაც ბუნების კანონი ხდება მთელი დანარჩენი დროისთვის. პირველი დღიდან იწყება დღისა და ღამის თანმიმდევრობა, ხოლო მესამედან - წყლები იწყებენ თავის შეუჩერებელ მოძრაობას. ამრიგად, „ებრძანა წყალს, რათა მდინარებდეს და ამ ბრძანებისაებრ არასოდეს დაიღალოს განუწყვეტელი სწრაფვისთვის“ (წმ. ბასილი ჰომილიები, IV, თხზულებანი გვ. 246). საკუთარი სამეცნიერო ცოდნით გაამაყებულთ საინტერესოდ გვეჩვენება ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ მოხდა ეს: წყლები მიწისქვეშა რეზერვუარებში ჩაედინა? თუ მიწა ამოიწია? წმიდა წერილი დუმს; სწორედ ამიტომ წმ. მამებიც ცოტას საუბრობდნენ ამის შესახებ.
წმ. ამბროსი წერს:
„მის მიერ სინამდვილეში ქმნილს, რომლის შესახებაც ვერ გავიგე წმიდა წერილის ნათელი მოწმობიდან, მე დუმილით გვერდს ვუვლი, როგორც საიდუმლოს, რათა აქედან შემთხვევით სხვა საკითხები არ წამოიჭრას; მე მაინც წმიდა წერილის შესაბამისად ვფიქრობ: რომ ღმერთს შეუძლია განავრცოს დაბლობები და ვაკე ადგილები, რამეთუ იგი ამბობს: მე წაგიძღვები და მთებს გავასწორებ (ეს. 45, 2) (Six days, III: 3, გვ. 78).
იმავე საკითხთან დაკავშირებით წმ. გრიგოლ ნოსელი წერს:
„მაგრამ კითხვა, თუ როგორ შეიქმნა თითოეული საგანი, მთლიანად უნდა ამოვიღოთ საუბრიდან; რამეთუ ისიც კი, რაც ჩვენს ცნობიერებას ექვემდებარება (მაგ: თუ როგორ იქმნებოდა ყოველივე ხილული) შეუძლებელი იქნებოდა გონიერი კვლევა-ძიებით გაგვეგო; ესრეთ, მსგავსი ამისა, თვით ღმერთშემოსილი და წმიდა მამების მიერ მიუწვდომელად არის აღიარებული... რამეთუ, როგორც მოციქული (პავლე) ამბობს: სარწმუნოებით გვცნობიეს დამყარებად საუკუნეთა სიტყვითა ღმრთისათა, არა-საჩინოისაგან ხილულად შექმნულად (ებრ. 11, 3)... ღმერთის ნებით შესრულდა თვით საუკუნე და ყოველივე, რაც მასშია შექმნილი, - ამისი მჯერა, — ამბობს მოციქული (პავლე); ხოლო ის, თუ როგორ შეიქმნა, მან გამოუკვლეველი დატოვა... მივბაძოთ მოციქულის მაგალითს და გამოუკვლეველი დავტოვოთ, თუ როგორ მოდის მყოფობაში თითოეული არსება. ერთხელ შევნიშნავთ მხოლოდ იმას, რომ მისწრაფება საღვთო განგებულებისა როცა ისურვებს, საქმე იქნება, სურვილი განხორციელდება და დაუყოვნებლივ განსხეულდება..“ (სულისა და აღდგომის შესახებ, გვ. 293-295).
ამრიგად, თითქმის არაფერში, რაც შესაქმის ექვს დღეს ეხება, წმ მამები არ გამოთქვამენ ვარაუდებს იმაზე, თუ როგორ ქმნიდა ღმერთი (ამასთან, ეს ვარაუდები ყოველთვის მხოლოდ სასინჯი მოსაზრებებია ხოლმე). და ჩვენც თავი უნდა შევიკავოთ პირველქმნილ სამყაროზე ჩვენი კითხვებით როგორ? რომელიც თანამედროვეობიდან გვაქვს აღებული (რამდენადაც ჩვენი მწირი ცოდნა გვაძლევს ამის საშუალებას).
ხმელეთი გამოჩნდა ღმერთის ბრძანებით და არა რომელიმე ბუნებრივი პროცესის შედეგად:
„ისე იყო მოწყობილი, რომ, როგორც ჩანს, დედამიწა უფრო ღვთის ხელმა გააშრო, ვიდრე მზემ, რამეთუ სინამდვილეში დედამიწა გაშრა მანამდე, სანამ მზე შეიქმნებოდა. აი, რატომ გამოყო დავითმა ზღვა დედამიწისაგან და ყოველივე ეს უფალ ღმერთს მიაწერა რამეთუ მისი არს ზღუაი და მან შექმნა იგი და ხმელი ხელთა მისთა დაჰბადეს (ფს. 94,5) (წმ.ამბროსი, Six days, III; 4, გვ. 80).
1, 11-13. და თქუა ღმერთმან: ქუეყანამ გამოიღედ მწვანვილი თივისა, მთესველი თესლისა ნათესავობისაებრი და მსგავსებისაებრი და ხე ნაყოფიერი, მყოფელი ნათესაობისა, რომლისა თესლი მისი მის თანა მსგავსებ. ისაებრ ქუეყანასა ზედა! და იქმნა ეგრეთ და გამოიღო ქუეყანამ მწუანვილი თივისა, მთესველი თესლისა ნათესაობისაებრ და მსგავსებისაებრ და ხე ნაყოფიერი, მყოფელი ნაყოფისა, რომლისა თესლი მისი მის თანავე იყოს ნათესავებისაებრ ქუეყანასა ზედა. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მესამე.
წმ. მამები ერთსულოვნად აღნიშნავენ მესამე დღის ქმნილებათა სასწაულებრივ ხასიათს. წმ. ბასილი გვასწავლის:
ქუეყანამ გამოიღედ მწუანვილი და მიწამ, იცავს რა შემოქმედის კანონებს, ყლორტიდან დაწყებული ერთბაშად გაიარა ზრდის ყველა საფეხური და მაშინვე სრულყოფილად აღმოცენდა მდელოები უხვი ბალახით შეივსო.
„აღმოამორჩენ ქუეყანამ მწუანვილი“. დედამიწამაც, დამბადებლის სჯულის დასაცავად, აღმოცენებიდან მოყოლებული თვალის დახამხამებაში გაიარა ზრდის ყველა საფეხური და ამონაყარი სრულყოფამდე მოიყვანა: და იქმნა უხვი სიმწვანით ვრცელი მდელოები, აქოჩრილი პურის ყანებით ნაყოფიერი მინდვრები, ზღვის ტალღების ღელვის მსგავსი თავთავების ღელვა.
ყველა ამგვარი მცენარე და ყველა ჯიშის მწვანილი (ზოგი პარკოსანი), დედამიწაზე მაშინ უხვად აღმოცენდა. მაგრამ ითქვა: და ხე ნაყოფიერი მყოფელი ნაყოფისა, რომლისა თესლი მისი მის თანა მსგასებისაებრ ქუეყანასა ზედა. ამ სიტყვის შედეგად გახშირდა ბუჩქნარი, ამოიტყორცნა ყველა ხე, რომელთაც ზრდისას დიდ სიმაღლეს მიაღწიეს: ნაძვი და კედარი, კვიპაროსი და ფიჭვი; ყოველი ჩირგვი მსწრაფლ დაიტოტა და უხვად გაიფოთლა; გამოჩნდა საგვირგვინო მცენარეები: ვარდი, მირტა და დაფნა. ყოველივე, რაც მანამდე დედამიწაზე არ ყოფილა, თითოეული საკუთარი თვისებებით თვალისდახამხამებაში მოვიდა ყოფიერებაში...“ (ჰომილიები, V, თხზულებანი, გვ.259)
ღირსი ეფრემ ასური ნათლად ამბობს:
„მარცვლები მყისიერად წარმოიქმნა, მაგრამ შეხედულებით თვეების განმავლობაში მიღებულ ნაყოფს ჰგავდა. ასევე ხეებიც ერთი დღის შედეგი გახლდათ, მაგრამ სრულყოფილებითა და ნაყოფით წლების ნაღვაწს მიაგავდა“ (შესაქმის წიგნის განმარტება, თ. 1 გვ. 222-223).
წმ. გრიგოლ ნოსელი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ღმერთმა თესლი ან რაიმე მცენარეული პოტენციალი კი არ შექმნა, არამედ ნამდვილი ქმნილებანი, რომელთაც ვიცნობთ; თესლი წარმოიქმნა სწორედ იმ პირველქმნილი მცენარეებისაგან:
„წმიდა წერილიდან ვიცით, რომ სამყაროს შექმნის დასაბამს, როგორც წერილ არს, თავდაპირველად გამოიღო ქუეყანამ მწუანვილი... (შესაქმე, 1,12), შემდეგ ყლორტიდან წარმოიქმნა თესლი, რომლისგანაც, მიწაში მოხვედრის შემდეგ, აღმოცენდა ზუსტად ისეთივე სახეობა პირველქმნილისა. არა თავთავი თესლისაგან, არამედ თესლი თავთავისაგან; ხოლო ამის შემდეგ აღმოცენდა თავთავი თესლისაგან“ (სულისა და აღდგომის შესახებ, გვ. 322-323).
მამები კვლავ და კვლავ იმეორებენ: ბალახი და ხეები დედამიწაზე სწორედაც რომ მზის არსებობამდე გაჩნდა. წმ.იოანე ოქროპირი წერს:
„...(მოსე) გაჩვენებს შენ, რომ ყოველივე აღსრულდა მზის შექმნამდე, რათა ნაყოფთა დამწიფება მზისთვის კი არ მიგეწერა, არამედ სამყაროს შემოქმედისათვის“ (საუბრები შესაქმის წიგნის შესახებ, VI, 4, გვ. 44).
წმ. ბასილი ამტკიცებს:
„დედამიწა თავისი სამკაულებით მზეზე ადრე იმიტომ დამშვენდა, რომ შეცდომილებს შეეწყვიტათ მზის თაყვანისცემა და იმის აღიარება, რომ იგია სიცოცხლის მიზეზი“ (ჰომილია IV, თხზულებანი, გვ. 953).
უფრო ხატოვნად ამბობს წმ. ამბროსი:
„მზის სხივის გამოჩენამდე, დაე, გამოიღოს ქუეყანამ მწუანვილი, დაე, სინათლე მისი წინ უსწრებდეს მზის ნათელს. და ამას ყოველივეს დედამიწა აღმოაცენებს მანამ, სანამ იგრძნობს მზის აღმზრდელ მზრუნველობას; რათა არ იყოს ადამიანთა ცდომილების გავრცელების საბაბი. დაე, ყველამ იცოდეს, რომ მცენარეულობის არსებობა მზის დამსახურება არ გახლავთ... როგორ უნდა მისცეს მზემ სიცოცხლის უნარი მცენარეებს, თუკი ესე ყოველივე უკვე შექმნილი გახლდათ სიცოცხლის მომნიჭებელი შემოქმედი ღვთის ძალით მანამ, სანამ მზეც შეუდგებოდა მსგავს ცხოვრებას? მზე მწუანე ყლორტზე, მწუანე ბალახზე ახალგაზრდაა“ (Six days, III; გვ. 87).
მწუანვილმა და ხეებმა თესლი თავისი „სახეობის“ მიხედვით წარმოქმნა. წმიდა მამათა ნააზრევში წმიდა წერილის ეს გამონათქვამი ძირითადია; ჩვენ მას დიდ დროს დავუთმობთ, როდესაც შესაქმის მეხუთე დღეზე ვისაუბრებთ – როდესაც ცოცხალი ორგანიზმებიც თავის „სახეობის“ მიხედვით შეიქმნა.
წინა - სარჩევი - შემდეგი