მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი


წიგნი შესაქმისა:
სამყაროს შექმნა და ძველი აღთქმის პირველი ადამიანები
მართლმადიდებლური ხედვა



ნაწილი I
შესაქმის წიგნის წმიდა მამათა განმარტებანი


თავი 111. ექვსი დღე (შესაქმე, 1, 1-25; 2, 1-3)
დღე მეოთხე (შესაქმე 1,14 — 19)


 

1, 14–19. და თქუა ღმერთმან: იქმნნედ მნათობნი სამყაროსა შინა ცისასა მნათობად ქუეყანასა, განსაყოფელად შორის დღისა და შორის ღამისა და იყვნედ სასწაულებად და დღეებად და წელიწადებად და იყუნედ განმანათლებელად სამყაროსა ცისასა, რაითა ჩნდეს ქუეყანას ზედა! და იქმნა ეგრეთ და შექმნნა ღმერთმან ორნი მნათობნი დიდნი: მნათობი დიდი მთავრობად დღისა და მნათობი უმრწემესი მთავრობად ღამისა და ვარსკულავნი და დაასხა იგინი ღმერთმან სამყაროსა ცისასა, რაითა ჩნდეს ქუეყანასა ზედა და ჰმთავრობდნენ დღესა და ღამესა და განსწვალებდენ შორის ნათლისა და შორის ბნელისა. და იხილა ღმერთმან ნათელი, რამეთუ კეთილ და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მეოთხე.

შესაქმის მეოთხე დღე დიდ დაბნეულობას იწვევს მათთვის, ვისაც ექვსი დღის ევოლუციურ ჩარჩოებში მოთავსება სურს. ეს აბსოლუტურად შეუძლებელია, თუკი მზე მართლაც მეოთხე დღეს შეიქმნა.

ამის გამო წმიდა წერილის ევოლუციონისტური განმარტების აპოლოგეტები იძულებულნი არიან ივარაუდონ, რომ სინამდვილეში მზე ცასთან ერთად პირველ დღეს შეიქმნა, ხოლო მეოთხე დღეს - უბრალოდ გამოჩნდა (როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც ღრუბლები გაიფანტა, რომლებიც დედამიწას პირველი სამი დღის განმავლობაში ფარავდა).

მაგრამ, ისევ უნდა გავიხსენოთ, რომ შესაქმის პირველი თავები მოგვითხრობს დედამიწის არაბუნებრივი განვითარების შესახებ. იმდროინდელი ამბები არ მომხდარა იმ კანონების შესაბამისად, რომელთა მიხედვითაც დღეს ეს განვითარება მიმდინარეობს; ეს არის მოთხრობა ყოველივეს სასწაულებრივი დასაწყისისა არა გვაქვს შესაქმის დღეების გადაადგილების უფლება იმისათვის, რომ ისინი ჩვენს თეორიებს მოვარგოთ. პირიქით, საკუთარი ჭკუამეტობა უნდა დავიოკოთ, რათა გავიგოთ, თუ რას ამბობს წმიდა წერილი სინამდვილეში და აქაც, როგორც ყოველთვის, ასეთი გაგების გასაღებს წმიდა მამები გვაძლევენ. როგორ ესმოდათ მათ მეოთხე დღე?

წმიდა მამები ერთსულოვნად ამტკიცებენ, რომ მზე და ცის მნათობნი მეოთხე დღეს შეიქმნა; ისინი კი არ გამოჩნდნენ მაშინ, არამედ შეიქმნენ (ზოგიერთი მამა ამბობს, რომ მეოთხე დღის საქმენი ანგელოზთა სამყაროსაც შეიცავს, სხვები ამბობენ, რომ ანგელოზთა სამყარო ადრე შეიქმნა). წმ.მამებს არ ექნებოდათ არავითარი საფუძველი, უარი ეთქვათ უფრო „ბუნებრივ ახსნაზე, რომ მზე პირველი სამი დღის განმავლობაშიც ანათებდა, მაგრამ მზის დისკო დედამიწიდან ხილული გახდა მხოლოდ მეოთხე დღეს (თუკი წმიდა წერილი ამის ნებას იძლევა). ის, რომ ისინი ერთხმად უარყოფდნენ ამ ახსნას, მხოლოდ იმას შეიძლება ნიშნავდეს, რომ შესაქმის ტექსტისთვის მიუღებლია ასეთი განმარტება.

წმ. იოანე ოქროპირი წერს:

„...(მან) მზე მეოთხე დღეს შექმნა, რათა არ გვეფიქრა, რომ თითქოს იგი (მზე) ქმნის დღეს“ (საუბრები შესაქმის წიგნის შესახებ, VI, 4 გვ. 45).

წმ. ბასილი გვასწავლის:

„უწინარესად ცა და დედამიწა შეიქმნა; შემდეგ – ნათელი; გაიყო დღე და ღამე; კვლავ სამყარო და მყარის გამოჩენა; წყალი თავის მუდმივსა და განსაზღვრულ შესაკრებელში შეიკრიბა. დედამიწა აღივსო საკუთარი ქმნილებებით, ათასგვარი ბალახი აღმოაცენა და მრავალი ჯიშის მცენარე ააყვავა. ამ დროს ჯერ არც მზე იყო და არც მთვარე, რათა ღმერთის უმეცრებს მზისთვის დასაბამი და ნათლის მშობელი არ ეწოდებინათ და არ მიეჩნიათ ის მიწისგან აღმოცენებულთა დამბადებლად... თუ ნათლის დაბადება წინ უსწრებდა, რატომღა ითქვა, რომ ახლა მზე ქვეყნის განმანათლებლად დაიბადა? მაშინ (პირველ დღეს - ავტორის შენიშვნა) ხომ ნათლის ბუნება შეიქმნა, ახლა კი მზის სხეული მზადდება, როგორც ეტლი, რომელმაც ის პირველქმნილი ნათელი უნდა იტვირთოს... ნუღარ იტყვი, რომ მათი ერთმანეთისგან გამოყოფა შეუძლებელია; არც მე გეტყვი, რომ მე და შენ შეგვიძლია ერთმანეთისგან გავყოთ ნათელი და მზის სხეული; მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ რის გაყოფასაც ჩვენ მხოლოდ გონებით წარმოვიდგენთ, შემოქმედი საქმით გაყოფს.

ნათქვამია იყვნედ დღეებად, არა იმიტომ, რომ მნათობებმა დღეები შექმნან, არამედ რათა მათზე იმეუფეონ. დღეცა და ღამეც ხომ მნათობებამდე შეიქმნა“ (ჰომილიები VI, 2,38 თხზულებანი, გვ. 267, 268, 269, 277).

წმ. ამბროსი ამ ადგილს განსაკუთრებით აღნიშნავს:

„თავდაპირველად შეხედე ცის განფენილობას, რომელიც შეიქმნა მზეზე ადრე; თავდაპირველად შეხედე დედამიწას, რომელიც ხილული გახდა და ჩამოყალიბდა მანამ, სანამ მზე გაჩნდებოდა; შეხედე მიწის მცენარეებს, რომლებიც დროში წინ უსწრებდა მზის ნათელს. ეკალმა დაასწრო მზეს, მინდვრის ბალახი მთვარეზე ხნიერია.

ესრეთ, ნუ თაყვანის სცემ ამ საგანს, ვითარცა ღმერთს, რომელსაც პირველ რიგში მიუძღვნიან თავისსავე კუთვნილ საჩუქრებს. სამი დღე გავიდა. სხვათაშორის, არავის უძებნია მზე, თუმცაღა სინათლის ბრწყინვალება ყველგან ჩანდა. რამეთუ დღესაც აქვს საკუთარი ნათელი, რომელიც მზის წინამორბედია,“ (Six days, IV:1, გვ.126).

აზრი იმის შესახებ, რომ სიცოცხლე დედამიწაზე თავიდანვე მზით იყო განპირობებული და, რომ თვით დედამიწაც მზისგან წარმოიშვა, წმიდა წყლის ვარაუდია; ეს ახლადმოვლენილი იდეა დედამიწაზე სიცოცხლის ევოლუციის ე.წ. თეორიის ჭეშმარიტობის პრობლემასთანაც კი არ არის პირდაპირ დაკავშირებული; უკანასკნელი ასწლეულების განმავლობაში ადამიანები სამყაროს წარმოქმნის „ახალი“ და „ბუნებრივი“ ახსნით იყვნენ დაკავებულნი, ამიტომ უკუაგდეს ღვთაებრივი გამოცხადებით მომდინარე ახსნა. რასაკვირველია, მათთვის თავისთავად ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ მზე, რომელიც დედამიწასთან შედარებით ასე დიდი და მნიშვნელოვანია (ასტრონომიულად) და დედამიწის ორბიტის ცენტრს წარმოადგენს, მასზე ადრე უნდა გამოჩენილიყო.

მაგრამ საღვთო გამოცხადება წმ. მამათა განმარტებით საწინააღმდეგოს გვეუბნება: დედამიწა პირველია დროშიც და მნიშვნელობითაც, ხოლო მზე – მეორე. ჩვენი ცნობიერება ასე შებოჭილი რომ არ ყოფილიყო თანამედროვე ინტელექტუალური მოდით, ნაკლებად რომ გვშინებოდა სხვათა აზრით „ჩამორჩენილობის“, აღარ იქნებოდა ძნელი ჩვენი გონების გახსნა სამყაროს დასაბამის ასეთი ალტერნატიული ახსნისთვის.

ბიბლიისა და წმ. მამათა ნაწერების მიხედვით დედამიწა, როგორც სახლი ადამიანისა – ღვთის ქმნილებების მწვერვალისა სამყაროს ცენტრია. სხვა ყველაფერი – მიუხედავად მისი ახლანდელი მდგომარეობის, მოძრაობის სამეცნიერო ახსნის ან დედამიწასთან შედარებით მისი უზარმაზარი ზომებისა მეორეხარისხოვანია და შეიქმნა დედამიწისთვის, უფრო სწორედ, ადამიანისთვის. ჩვენს ღმერთს აქვს ისეთი ძალა და სიდიადე, რომ საფუძველი არ გაგვაჩნია, ეჭვი შეგვეპაროს იმაში, რომ თავისი შემოქმედებითი სიმძლავრის ერთიანი მყისიერი გამოვლინებით მან მყოფადი გახადა მთელი დედამიწა, ჩვენთვის უზარმაზარი, მაგრამ მტვრის ნამცეცი მთელი სამყაროსათვის; და რომ თავისი ძალის სხვა მყისიერი მოქმედებით მან შექმნა ციურ ვარსკვლავთა უჩვეულო სიმრავლე. მას შეეძლო ამაზე გაცილებით მეტი გაეკეთებინა, თუკი ისურვებდა; შესაქმის წიგნის ღვთივსულიერ ტექსტში მან ჩვენ დაგვიტოვა მის მიერ ქმნილის უმარტივესი გეგმა და არ არის საჭირო, რომ ეს მოთხრობა შეესაბამებოდეს ჩვენს ადამიანურ მსჯელობასა და ვარაუდებს.

დღეს უბრალო და მოდური გახდა იმის დაშვება, რომ ყველაფერი „მიღებულია ევოლუციით“ ენერგიის ან მატერიის რაღაცა ლეკერტისგან, სავსებით ერთნაირი კანონებით, რომლებსაც ჩვენ დღესაც შეგვიძლია დავაკვირდეთ; თუკი აქ ვინმეს სჭირდება „ღმერთი“, მხოლოდ ამ ლეკერტის „შემქმნელად“ ან „დიდი აფეთქების“ ინიციატორად, რამაც თითქოსდა წარმოქმნა ყველაფერი, რაც კი არსებობს. ამჟამად უფრო სერიოზული ცნობიერება არის საჭირო, ნაკლებად მიბმული „საზოგადოებრივ აზრთან“, რათა დავინახოთ შესაქმის წიგნში აღწერილი ღმერთის განუზომელი შემოქმედება. ჩვენი შებოჭილი ცნობიერების გათავისუფლება შეუძლიათ წმ. მამებს თავისი დროის ყველაზე უფრო „დახელოვნებულ“ და „სწავლულ“ მოაზროვნეებს.

მაგრამ, უეჭველია, – იტყვის ვინმე, – რომ ღვთის ქმნილებანი გააზრებული უნდა იყოს „ბუნებრივი“ შეხედულებითაც. მაშ, რატომ შექმნა უფალმა ისეთი უზარმაზარი სხეული, როგორიც მზეა, რათა მას ემსახურა ისეთი მცირე სხეულისათვის, როგორიც დედამიწაა? განა არ შეეძლო მას შეეკავებინა თავისი ქმედება და შეექმნა მზე დედამიწის მასშტაბების შესაბამისად?

რა თქმა უნდა, სხვას შეეძლო გამოეგონებინა მზე ჩვენსაზე გაცილებით ნაკლები ზომისა და დედამიწასთან უფრო ახლოს მდებარე, რათა დედამიწაზე მყოფი დამკვირვებლისათვის აღსაქმელი ყოფილიყო მისი ხილული ზომები. მაგრამ ასეთი მზე ჩვენს მზესთან შედარებით გაცილებით სწრაფად დახარჯავდა ენერგიას. აშკარაა, ღმერთმა შექმნა საჭირო ზომების მზე და დედამიწიდან საჭირო მანძილზე, რაკი მან დედამიწას უნდა მისცეს სინათლისა და სითბოს ის რაოდენობა, რომელიც აუცილებელია სიცოცხლისათვის ქვეყნიერების დასასრულამდე – ოდეს მზე დაბნელდეს (მათ. 24, 29).

შეიძლება, დავინახოთ სხვაც იდუმალი საფუძველი იმისა, რომ სინათლე წინ უსწრებდა მზეს შესაქმის ამ დღეებში. აქ, უნდა ვაღიაროთ, რომ წმიდა მამებიდან ციტირება არ შეგვიძლია და გთავაზობთ შემდეგ განმარტებას, როგორც ჩვენს საკუთარ შეხედულებას. ქვემოთ ვნახავთ, რომ ადამიანის განცალკევება მამაკაცად და დედაკაცად არ იყო პირველსაწყისი ნაწილი „ხატებისა“, რომლის მიხედვითაც ღმერთმა შექმნა იგი. ჩვენთვის ცნობილია, რომ იგი არ იქნება ადამიანური ბუნების ნაწილი მარადიულ ცათა სასუფეველში, რამეთუ აღდგომისა მას არცა იქორწინებოდიან, არცა განჰქორწინებდენ, არამედ, ვითარცა ანგელოზნი ღმრთისანი, იყვნენ ცათა შინა (მათ. 22, 30). ღმერთმა ადამიანი მამაკაცად და დედაკაცად განაცალკევა, ვინაიდან წინასწარ განჭვრიტა ადამიანის ცოდვით დაცემა და ისიც, რომ ადამიანის მოდგმის ზრდა გამრავლების ვნებიან საშუალებას მოითხოვდა.

ასეთ შემთხვევაში, ხომ არ შეიძლება ითქვას, რომ მზეც და მთვარეც ღვთის ქმნილების თავდაპირველი „ხატების“ ნაწილს წარმოადგენენ? პირველ დღეს შექმნილი თავდაპირველი სინათლე არ საჭიროებდა რაიმე სხეულის არსებობას. სამყაროს დასასრულს მზე დაბნელდეს, და მთვარემან არა გამოსცეს ნათელი თვისი და ვარსკულავნი დამოცვივენ ზეცით (მათე 24, 29); ხოლო ცათა სასუფეველში, ისევე როგორც შესაქმის პირველ დღეს, კიდევ ერთხელ იქნება სინათლე მზისა და მთვარის გარეშე, რამეთუ ქალაქსა მას არა უხმს მზე, ანუ მთოვარე მნათობად, რამეთუ დიდებამან ღმრთისამან განანათლა იგი (გამოცხ. 21, 23).

მაგრამ ეს საიდუმლოს არსია, რომლის შესახებაც ჩვენ მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეგვიძლია, მეტი არაფერი.



წინა - სარჩევი - შემდეგი