მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი


წიგნი შესაქმისა:
სამყაროს შექმნა და ძველი აღთქმის პირველი ადამიანები
მართლმადიდებლური ხედვა



ნაწილი II
ევოლუციის ფილოსოფია


თავი III. „ქრისტიანული ევოლუციონიზმი
ტეიარ დე შარდენი


 

დასასრულ, განვიხილავთ იმ ევოლუციონისტის შეხედულებებს, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ ჩვენი დროის ევოლუციის დიადი „წინასწარმეტყველი“ ეს ტეიარ დე შარდენია. იგი მართლაც საუკუნის „ქრისტიანი ევოლუციონისტია“ რომელსაც მართლმადიდებლები დიდ პატივს მიაგებენ, ხოლო ზოგიერთი „მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი“ (როგორც შემდეგ ვნახავთ) მას მართლმადიდებელი ეკლესიის მამებს ადარებს.

ტეიარ დე შარდენი (1881–1995) გახლდათ იეზუიტთა ფრანგული ორდენის წევრი, მღვდელი, „ღვთისმეტყველი“ და პალეონტოლოგი. იგი დაესწრო „ადამიანის“ ნამარხი ნაშთების მე-20 საუკუნის მრავალ გახმაურებულ აღმოჩენას, ორ სხვა თანამშრომელთან ერთად მან მონაწილეობა მიიღო პილტდაუნის ადამიანის „აღმოჩენაში“ (რომელიც, როგორც შემდეგ გაირკვა, ნაყალბევი აღმოჩნდა).*

* 1953 წ. დადგინდა, რომ პოლიტდაუნის ადამიანის თავის ქალა ოსტატურად იყო კომბინირებული მაიმუნის ყბისა და თანამედროვე ადამიანის თავის ქალისგან.

მან აღმოაჩინა კბილი, რომელიც შეღებილი ყოფილა. უცნობია, მონაწილეობდა თუ არა იგი ამ გაყალბებაში. ერთ-ერთი მონაწილე დაადანაშაულეს პილტდაუნის ადამიანის ფალსიფიკაციაში; მოწმეები კი აიძულეს არაფერი ეთქვათ ტეიარ დე შარდენის რამენაირი მონაწილეობის შესახებ. მაგრამ ადრეული ჩანაწერებიდან დადგინდა, რომ სწორედ მან აღმოაჩინა კბილი.*

* ფილიპ ჯონსონი აღნიშნავს: „მრავალმა, ვინც გამოძიების მასალებს გაეცნო (მათ შორის არიან ევოლუციონისტები სტივენ ჯეი გოლდი და ლუის ლიკი) დაასკვნა, რომ ტეიარი ალბათ დამნაშავეა პოლიტდაუნის ნაყალბევის მომზადებაში, თუმცა კი საამისოდ არ არსებობს გადამწყვეტი მტკიცებულებები (Darwin on Trial, გვ. 203). მალკოლომ ბაუდენი დაწვრილებით აღწერს პილტდაუნის ნაყალბევის ისტორიას წიგნში „Ape-men: Fact or Fallacy?“ და „Science Vs Evolution“.

ტეიარი ესწრებოდა იავის ადამიანის ახალ აღმოჩენებს, რომლებიც როგორღაც კარადაში ჩაკეტილი აღმოჩნდა სადღაც ჰოლანდიაში, გამოკვლევებისთვის დამალული. შემდგომ იგი ესწრებოდა პეკინის ადამიანის მრავალ აღმოჩენას, თუმცა კი არა თავიდანვე. იგი ასევე ესწრებოდა ადამიანის ნამარხი ნაშთების გაუჩინარებას. ასე რომ, აღარ გვაქვს პეკინის ადამიანის ნამარხი ნაშთები. მხოლოდ ჩანახატები და ასლები დარჩა.*

* ნამარხი ნაშთების ადგილმდებარეობის გამოძიების მთელი დროის განმავლობაში (ეს ომის წლები იყო) ტეიარი პეკინში იმყოფებოდა. ლაბორატორიის მოვლის პასუხისმგებლობა მას ეკისრებოდა, მაგრამ იმდროინდელი მოვლენების შესახებ არავითარი ანგარიში არ წარმოუდგენია (Malcolm Bowden. Factor Fallacy, გვ. 123).

მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ტეიარი, ძირითადად, პასუხისმგებელი იყო ამ აღმოჩენათა ფაქტების მეცნიერულ ინტერპრეტაციაზე. როგორც თვითონ წერს:

„სამეცნიერო კარიერაში ეს დიდი, არაჩვეულებრივი წარმატება იყო, ადგილზე აღმოჩნდე იმ მომენტში, როდესაც ადამიანის ნამარხი ნაშთების ისტორიის კარდინალურმა აღმოჩენებმა იხილა დღის სინათლე“.

ყოველივე ამას იგი მარჯვედ იყენებდა ევოლუციის დასამტკიცებლად. აქ ახლა არ დავიწყებთ ამ მტკიცებულებათა განხილვას, მაგრამ აღვნიშნავთ, რომ ისინი ფრიად არა მკაცრია. ერთ-ერთი ევოლუციონისტი, ფ. კლარკ ჰაული (ავტორი ნაშრომისა „პირველი ადამიანი“) წერს:

„ერთ-ერთი ძირითადი სირთულე ის არის, რომ მეცნიერებისთვის მართლაც მნიშვნელოვანი ადამიანის თავის ქალის ნამარხ ნაშთებს მეტად იშვიათად პოულობენ: ყველაფერი რაც დღემდე იქნა ნაპოვნი, შესაძლებელია მოთავსდეს ერთ დიდ კუბოში. ყველა სხვა ნაპოვნი ნამარხი ნაშთი რაღაც სხვა რამეს უნდა მიეკუთვნოს“.

ჩვენ კი დღემდე არ ვიცით რა თანაფარდობაშია ერთმანეთთან ეს სხვადასხვა ნამარხი ნაშთები. ტეიარ დე შარდენი ერთდროულად მეცნიერიც იყო და „მისტიკოსიც. საკვირველი ის კი არ არის, რომ მასში შერწყმული იყო როგორც ერთი, ისე მეორე (ბოლოს და ბოლოს ის იეზუიტი გახლდათ), არამედ ის, რომ მას ერთნაირად მიაგებენ პატივს როგორც ღვთისმეტყველები – რომაელი კათოლიკე ღვთისმეტყველები და ფაქტობრივად მრავალი ე.წ. მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი ისე მეცნიერები. მისი წიგნის „ადამიანის ფენომენის“ წინასიტყვაობა დაწერა იულიან ჰაქსლიმ, დარვინის სახელგანთქმული თანამედროვესა და მომხრის თ.ჰ. ჰაქსლის შვილიშვილმა. ევოლუციონისტი იულიან ჰაქსლი ათეისტია. იგი ბოლომდე არ ეთანხმება ტეიარის მისწრაფებას ერთმანეთს მოარგოს კათოლიციზმი და ევოლუციონიზმი, მაგრამ პრინციპში ეთანხმება მის ფილოსოფიას.

ეს ყოველივე გვაბრუნებს ზემოთ განხილულ თემასთან: (მამა სერაფიმეს „ცხონების კურსი, რომელიც წინა თავებში იყო განხილული.) რელიგიისა და მეცნიერების შერწყმის მოლოდინი. შუასაუკუნეებში, აღორძინების ეპოქაში, დასავლეთის მეცნიერები, როდესაც თანამედროვე მეცნიერება იბადებოდა, ყველანი მისტიკურად ორიენტირებულნი იყვნენ. მაშინ პითაგორას ფილოსოფია სუფევდა. ჯორდანო ბრუნო (1548–1600), რომელიც თანამედროვე მეცნიერებისა და ფილოსოფიის წინამორბედად ითვლება, პანთეისტი-მისტიკოსი გახლდათ. მას სწამდა, რომ მთელი სამყარო ღმერთია, რომ ღმერთი – სამყაროს სულია და რომ „ბუნება ღმერთია ყოველივე არსებულში“ მისი ფილოსოფია რელიგიასა და მეცნიერებას ერთიან პანთეისტურ მოჩვენებად აერთიანებდა.

მე-19 საუკუნეში სოციალიზმის წინასწარმეტყველი სენ-სიმონი ამბობდა, რომ მოდის დრო, როდესაც არა მხოლოდ სოციალური წესრიგი გახდება რელიგიური, არამედ მეცნიერება და რელიგია გაერთიანდება, და მეცნიერება მეტად აღარ იქნება ათეისტური. სენ-სიმონს შეეძლო ჰქონოდა მოლოდინი ასეთი მოაზროვნისა, რომელიც გააერთიანებდა მეცნიერებასა და რელიგიას.

მე-19 საუკუნეში ამერიკელი ფილოსოფოსი რალფ უოლდო ემერსონიც დაახლოებით ამგვარადვე მსჯელობდა. იგი იმ პირობების მოწმე გახლდათ, რომლის დროსაც, თანამედროვე განმანათლებლობის წყალობით, ადამიანის რწმენა დაშორდა ცოდნას და მოუწოდებდა ადამიანში ერთიანობის აღდგენას. მისი აზრით, რწმენისა და ცოდნის შეერთება ისევ შესაძლებელი იყო. ესეში „ბუნების შესახებ“ ემერსონი სწორედ ამ საკითხს ეხება:

„იმის მიზეზი, რომ სამყარო არ არის ერთიანი და იგი ჩაფლულია ნანგრევებში, ის არის, რომ თვით ადამიანია გაყოფილი. ის ნატურალისტი ვერ გახდება მანამ, სანამ სულის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. სიყვარული თანაბრადაა მოთხოვნაც და პერცეპციაც (perception — გაგება.)... სიღრმისეული მიმართავს სიღრმისეულს, მაგრამ რეალურად ასეთი ერთიანობა არ ხდება. არსებობენ უმანკო ადამიანები, რომლებიც თაყვანს სცემენ ღმერთს თანახმად წინაპართა გადმოცემისა, მაგრამ მათი მოვალეობის გრძნობა არ ვრცელდება მათ ყველა უნარზე (ე.ი. მათ აქვთ მოვალეობის გრძნობა თავისი რელიგიის მიმართ, მაგრამ ისინი სათანადოდ არ უდგებიან მეცნიერებასა და ფილოსოფიას). არსებობენ ამტანი ნატურალისტებიც, მაგრამ ისინი კვლევის საგანს თავისი გაგების ცივი სინათლის სხივებში ყინავენ (ე. ი. ისინი ფილოსოფიას რელიგიისგან განაცალკევებენ)... მაგრამ როდესაც ერთგული მოაზროვნე, რომელიც გადაწყვეტს თითოეული საგნის პირადი დამოკიდებულებისგან და მისი აზროვნების შუქით განხილვას, ამავე დროს შეძლებს გააჩაღოს მეცნიერებაში წმიდათა წმიდა გრძნობები, მაშინ ღმერთი კვლავ გამოჩნდება თავის ქმნილებაში“.

აი, ტეიარ დე შარდენი წარმოადგენს სწორედ იმ წინასწარმეტყველს, რომელიც ამ მოლოდინის რეალიზებას გვპირდება, რომელმაც აღმოაჩინა, რომ წინააღმდეგობა მეცნიერებასა და რელიგიას შორის კვლავ ქრება.*

* Ken Wilber-ს ნაშრომი The Manriage of Sense and Soul: Integrating Science and Religion წარმოადგენს მეცნიერების, რელიგიისა და ევოლუციური ფილოსოფიის ინტეგრაციის თანამედროვე მცდელობას.

თეოდოსი დობჟანსკი თავის სტატიებში ასკვნის, რომ ტეიარ დე შარდენი სწორედ ამის ჩვენებას ცდილობს თავის წიგნებში. შარდენი, როგორც წერს დობჟანსკი, აღწერს სამ სტადიას (ამასთან საკუთარ ტერმინოლოგიას იყენებს), რომლებიც განვლო ევოლუციურმა განვითარებამ:

„უპირველესად, კოსმოგენეზი – არასულიერი ბუნების ევოლუცია, მეორეც, ბიოგენეზი - ბიოლოგიური ევოლუცია; და მესამეც, ნოოგენეზი – ადამიანის აზროვნების განვითარება“.

ტეიარი საუბრობს აგრეთვე „სფეროთა“ შესახებ: „ბიოსფერო“ სიცოცხლის სფერო; და „ნოოსფერო“ - აზროვნების სფერო. ის საუბრობს იმის შესახებ, რომ მთელი დედამიწა ამჟამად გარემოცულია აზროვნების ქსელით, რომელსაც იგი „ნოოსფეროს“ უწოდებს.

„აქამდე, – აგრძელებს დობჟანსკი, – ტეიარი ეყრდნობოდა იმ ფაქტებს, რომელთა დემონსტრირებაც შესაძლებელია. ახლა, ბუნების ღვთისმეტყველების დასასრულებლად იგი უშვებს რელიგიურ რწმენაზე დამყარებული წინასწარმეტყველების შესაძლებლობას. იგი საუბრობს „მრწამსის შესახებ, რომელიც, მკაცრად თუ ვიტყვით, მიუღწეველია მეცნიერებისთვის. მისი აზრით, სამყარო იძენს მიმართულებას, რომელმაც ჩვენ, რომ რწმენა გვქონოდა უნდა მიგვიყვანოს გარკვეულ შეუქცევად სრულყოფილებამდე.

დობჟანსკი იწონებს ტეიარ დე შარდენის მიერ ჩამოყალიბებული ევოლუციის განსაზღვრებას:

„რა არის ევოლუცია – თეორია, სისტემა თუ ჰიპოთეზა? იგი რაღაც უფრო მეტია – საყოველთაო პოსტულატი, საიდანაც იწყება ყველა თეორია, ყველა ჰიპოთეზა, ყველა სისტემა და რომელსაც მათ თაყვანი უნდა სცენ და უნდა შეესაბამებოდნენ, მხოლოდ მაშინ იქნებიან ისინი აზრიანი და ჭეშმარიტნი. ევოლუცია სინათლეა, რომელიც ყველა ფაქტს აშუქებს, ტრაექტორია, რომელსაც უნდა მიჰყვეს აზროვნების გეზი. აი, რა არის ევოლუცია“.*

* დობჟანსკიმ სადღაც თავადვე გაიმეორა ტეიარის ეს აზრი: „ევოლუცია კოსმოსურ, ბიოლოგიურ და ადამიანურ დონეებზე წარმოადგენს სამყაროს ევოლუციის ერთი დიადი პროცესის ნაწილებს“ (დობჟანსკი, „Ethics and Values in Biological and Cultural Evolution“).

ე.ი. ევოლუცია, ტეიარის აზრით, ხდება ერთგვარი უნივერსალური გამოცხადება კაცობრიობისთვის. ამ გამოცხადებას სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი აღიარებს, მიუხედავად იმისა, ქრისტიანები არიან ისინი, ათეისტები თუ სხვ. და ყველაფერი, მათ შორის რელიგიაც, ევოლუციურად უნდა იქნეს გაგებული.

ტეიარ დე შარდენის ნაშრომებში მის მიერ გამოგონილი იმდენი ჟარგონია, რომ ძალიან ადვილია დაეთანხმო ან არ დაეთანხმო მას ისე, რომ კარგად შეიძლება ვერც კი გაიგო რას ამბობს იგი. უპირველესად ის უნდა გავიგოთ, თუ რა შთააგონებდა მას, რადგანაც სწორედ მან წარმოქმნა ის მსოფლმხედველობა, რომელმაც დაატყვევა თანამედროვე ინტელექტუალთა ფანტაზია, როგორც „ქრისტიანთა“, ისე ათეისტების, მისი თხრობის სირთულის მიუხედავად.

ტეიარ დე შარდენისა და მისი მიმდევრების შთამაგონებელი კი გახდა რეალობის რაღაცნაირი სრული ერთიანობა, რომელიც აერთიანებს ღმერთსა და ქვეყანას, სულიერსა და მიწიერს, ერთიან ჰარმონიულ და ყოვლისმომცველ პროცესში, მას არა მხოლოდ თანამედროვე ინტელექტით შეგვიძლია ჩავწვდეთ, არამედ ვიგრძნოთ კიდეც იგი მგრძნობიარე სულით მჭიდროდ რომ ეკვრის თანამედროვე ცხოვრების სულს; მაშინ „თანამედროვე ადამიანი“ წინათგრძნობს ამ პროცესის შემდეგ საფეხურს და ამიტომაც თვით სავსებით ურწმუნო ადამიანებიც კი უწოდებენ ტეიარ დე შარდენს „წინასწარმეტყველს“ იგი ძალიან „მისტიკურად“ წინასწარ იუწყება მომავალს, რასაც ელის კიდეც ყოველი მოაზროვნე ადამიანი (გარდა, რაღა თქმა უნდა, შეგნებული მართლმადიდებელი ქრისტიანებისა). - ე.ი. ყოველი მოაზროვნე რაციონალიზმის ტრადიციებით, რომელიც განმანათლებლობის ეპოქიდან მომდინარეობს, თავდაპირველად კი შუა საუკუნეებიდან, ეკლესიათა გაყოფის შედეგად.

ტეიარ დე შარდენის ამ ყოვლადერთიან აზრს ორი მხარე აქვს: საერო (რომლის მეშვეობითაც იგი იზიდავს და ატყვევებს ისეთ აბსოლუტური ათეისტებსაც კი, როგორიცაა იულიან ჰაქსლი) და სულიერი (რომლის მეშვეობითაც იგი იზიდავს „ქრისტიანებს“ და „რელიგიასთან“ აზიარებს ურწმუნოებს).

ტეიარ დე შარდენის გამონათქვამები უეჭველად ადასტურებს, რომ უპირველესად და ყველაზე მეტად მას თავდავიწყებით უყვარდა ეს ქვეყანა და დედამიწა: „ქვეყანა მისი ღირებულებებით, მისი უცოდველობით და მისი სიკეთით არის პირველი, უკანასკნელი და ერთადერთი, რისიც მწამს.

ახლა დედამიწას, რაღა თქმა უნდა, შეუძლია შთანმთქას გიგანტური ჩახუტებით. მას შეუძლია, აღმავსოს თავისი სიცოცხლით ან კვლავ მტვრად მაქციოს. მას შეუძლია, ჩემთვის თვალწარმტაცად იყოს მომხიბლავი, საზარელი, იდუმალი. მას შეუძლია დამბანგოს თავისი შეგრძნებისა და განუყოფელობის სურნელებით“.

მისი ასეთი რწმენა, რასაკვირველია, მართლმადიდებელი ქრისტიანობისგან მეტად შორს არის. როგორც ერთ-ერთი მისი ბიოგრაფი ზუსტად იმეორებს, მას სწამდა, რომ „ცხოვრება აღარ უნდა ვეძიოთ „ამა ქვეყნიდან განშორებაში“, არამედ, მისი აღშენების აქტიურ „მონაწილეობაში“. იგი შეგნებულად ტოვებდა ქრისტიანული სულიერების „ძველ“ ფორმებს ახლის, საერო ფორმების სასარგებლოდ. მას სძაგდა „ეს ამაღლებული თქმულებანი წმიდანებისა და წამებულთა შესახებ! რომელი ნორმალური ბავშვი მოისურვებდა მარადიულად ყოფილიყო ამ გულის გამაწყალებელთა შორის?“

იგი თვლიდა, რომ „ყველა ჩვენგანს მოცემულ მომენტში მეტ-ნაკლებად არ ყოფნის წმიდანობის ახალი განსაზღვრა. ტეიარი წერს:

„თანამედროვე სამყარო - ეს არის ევოლუციის სამყარო; აქედან გამომდინარე, სულიერი ცხოვრების სტატიკური კონცეფციები ახლებურად უნდა ჩამოყალიბდეს, ხოლო ქრისტეს კლასიკური სწავლება - ახლებურად განიმარტოს“.

ასეთი აზრები ძველი, ნიუტონის დროინდელი სამყაროს დამხობას ასახავენ ტეიარს სურს ქრისტიანობა იმავე კატეგორიებს მიაკუთვნოს, რადგანაც ისიც აზროვნების კლასიკურ, სტატიკურ ფორმასთან არის დაკავშირებული. ახლა კი ჩვენ აზროვნების ახალი წესი გვაქვს და, ამიტომ, მსგავსად ახალი ფიზიკისა, უნდა გამოჩნდეს ახალი ქრისტიანობა.

მაგრამ ტეიარის ფილოსოფია – ეს არ არის მხოლოდ ქრისტიანობის სეკულარიზაცია; მისი ყველაზე უფრო მძლავრი და გადამწყვეტი გავლენის მქონე ასპექტი მდგომარეობს ქვეყნისა და საერო საქმიანობის განსულიერებაში (სპირიტუალიზაციაში). ტეიარს არა მხოლოდ უყვარდა ქვეყანა და მისი „თანამედროვე პროგრესი“ და მეცნიერული განვითარება; მისი განსაკუთრებული თვისება გახლდათ ყოველივესთვის გარკვეული „რელიგიური“ მნიშვნელობის მინიჭება. იგი წერს:

„უფალო, ეს მართლაც ჭეშმარიტებაა? ხელი შეუწყვე მეცნიერებისა და თავისუფლების გავრცელებას და მე შევძლებ გავზარდო ღვთაებრივი ატმოსფეროს სიმკვრივე, როგორც თავისთვის, ისე, განსაკუთრებით ჩემთვის: ატმოსფეროს, რომელშიც ჩაძირვა სურს მთელს ჩემს არსებას? დედამიწასთან ჩაკონებით მე შენ გიახლოვდები...

დაე სამყაროს ენერგიებმა, ჩვენს მიერ გამშვენიერებულმა, ქედი მოიხაროს ჩვენს წინაშე და ატარონ უღელი ჩვენი ძალაუფლებისა.

დაე კაცობრიობის მოდგმამ, აღმართულმა უფრო ცნობიერებისა და დიადი ძალისთვის, იწყოს მდიდარ და ბედნიერ ორგანიზმებად გაერთიანება, რომელშიც სიცოცხლე განვითარდება უკეთესი გამოყენებისთვის და გაცილებით მეტ ნაყოფს მოიტანს“.

მისთვის „ღმერთი“ შესაძლოა ნაპოვნი იქნეს მხოლოდ ქვეყანაში:

„საუბრის დროს მე არ ვიყენებ ალეგორიებს, სწორედაც რომ სამყაროს სიგრძის, სიგანისა და სიღრმის მოძრაობაში განეცხადება ადამიანს მისი ღმერთის გამოცდილება და ხილვა“.

საერო დროსთან (თუმცა კი იგი „ძიების“ დროს წარმოადგენს) სრული თანხმობით იგი აცხადებს, რომ „გავიდა ის დრო, როდესაც ღმერთს შეეძლო ჩვენთვის თავს მოეხვია თავისი ძალაუფლება, როგორც საკუთარი სამფლობელოს ბატონსა და პატრონს. ამიერიდან ქვეყანა ქედს მოიხრის მხოლოდ თავისი ევოლუციის ორგანული ცენტრის წინაშე.

მისთვის „ევოლუცია“ რელიგიის დამანგრეველ იდეას კი არ წარმოადგენს, არამედ თავად არის რელიგიური იდეა:

„ქრისტიანობა და ევოლუცია არ წარმოადგენენ სამყაროს აღქმის ორ შეურიგებელ ხერხს, არამედ ორ განსხვავებულ პერსპექტივას, რომლებიც ერთმანეთთან შეხამებისა და ურთიერთ დამატებისთვისაა გათვალისწინებული“.

მას მხურვალედ სწამდა და ასწავლიდა, რომ „ევოლუციამ თავისი გამოჩენით, ასე ვთქვათ, ახალი სისხლი გადაუსხა ქრისტიანობის პერსპექტივებსა და მისწრაფებებს“. „ევოლუცია“, ტეიარის სწავლების მიხედვით, მართლაც ამზადებს გზას ღმერთის ახალი გამოცხადებისთვის.

„დედამიწას... შეუძლია, დამაჩოქოს იმის მოლოდინში, რაც მის გულში მწიფდება... გარდა იმისა, რაც თავისთავად არის, იგი ჩემთვის გახდა სხეული იმისა, ვინც არის და ვინც მოვა. ტეიარის მიხედვით, ევოლუცია პროცესია, რომელიც თავის თავში შეიცავს „ქრისტეს კოსმოსური სხეულის აგებულებას, რომელშიც ყოველივე არსებული ღმერთს უერთდება“.

რომის კათოლიკური ეკლესიის ერთგული შვილი, ტეიარი, ღმერთისა და ქვეყნის ერთიანობის მისეულ მსოფლმჭვრეტელობას ლათინური თეოლოგიის შესაბამისად გამოხატავს და კათოლიკურ აზროვნებას „ახალ განვითარებას“ სთავაზობს თავისი საკვირველი იდეით „დედამიწის წინარე არსებობის“ შესახებ. (ტეიარმა ეს ნაშრომი დაწერა ჩინეთში 1926-27 წწ. ყოფნის დროს გობის უდაბნოში ჩატარებული მესის შემდეგ.)

„როგორც კაცობრიობა ახდენს მატერიალური სამყაროს ასიმილაციას, და როგორც სულიწმიდა ახდენს (ე.ი. რომაულ-კათოლიკური სულიწმიდა) კაცობრიობის ასიმილაციას, ასევე ევქარისტული ტრანსფორმაცია მიდის წინ და ასრულებს პურის გარდაქმნას საკურთხეველზე. იგი ნაბიჯ-ნაბიჯ, გარდუვალად ეუფლება სამყაროს... ზიარებული სახეობანი მსოფლიო ერთიანობით ფორმირდება, ხოლო მსოფლიო ქმნადობის ხანგრძლივობა იმ დროს აღნიშნავს, რომელიც მისი კურთხევისთვის არის საჭირო“.

ევოლუციის ამ პროცესში „ქრისტეს სხეული“ იძენს ფორმას სამყაროში – ეს არ არის მართლმადიდებლობის ქრისტე, არამედ „უნივერსუმის ქრისტე“ ან „ზექრისტე“, რასაც ტეიარი განსაზღვრავს, როგორც „ქრისტესა და სამყაროს სინთეზს“. ეს „ევოლუციონირებადი ქრისტე“ გამოაცხადებს ყველა რელიგიათა ერთიანობას:

„ყველა რელიგია ერთ წერტილში იკრიბება – საყოველთაო სამყაროსეულ ქრისტეში, ვინც ამომწურავად დააკმაყოფილებს მათ იმედებს: ეს, ჩემი აზრით, სამყაროს მოქცევის ერთადერთი შესაძლებლობაა, მომავალი რელიგიის ერთადერთი წარმოსადგენი ფორმა“.

„ქრისტიანობა არ წარმოადგენს მისთვის ერთადერთ ჭეშმარიტებას, არამედ მხოლოდ „ევოლუციის ემერჯენტული ფილიუმია“, ცვლადი და ტრანსფორმირებადი, ისევე, როგორც ყოველივე ამ „ევოლუციონირებად“ სამყაროში. როგორც თანამედროვე რომის პაპები, ტეიარი არ მიისწრაფვის „მოაქციოს“ მთელი მსოფლიო, არამედ გვთავაზობს პაპისტურ ვატიკანს, როგორც ერთგვარ მისტიკურ ცენტრს ადამიანის რელიგიური ძიებისთვის, როგორც ზესარწმუნოებრივ დელფოსის წინასწარმეტყველს. ერთ-ერთი მისი თაყვანისმცემელი ასე აყალიბებს ამგვარ შეხედულებას:

„თუკი ქრისტიანობა... მართლაც გახდება მომავლის რელიგია, მაშინ არსებობს მხოლოდ ერთი გზა, რომლითაც იქნებ შეძლოს ამაღლდეს კაცობრიობის აზრის დღევანდელ დიად მიმართულებამდე და მოახდინოს მათი ასიმილაცია; ეს გზა მიჰყვება ცოცხალ და ორგანული კათოლიკურ ღერძს, რომლის ცენტრი რომშია“.*

* როგორც თვით ტეიარი წერს: „ყოველივე აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ თუკი ქრისტიანობა მართლაც უნდა გახდეს ხვალინდელი დღის რელიგია, როგორც იგი გვასწავლის და აცნობიერებს საკუთარ თავს, მაშინ მხოლოდ რომის კათოლიციზმის ცოცხალი, ორგანული ღერძის მიმართულებით აქვს მას შესაძლებლობა მიაღწიოს ჰუმანიზმის თანამედროვე დიად დონეს და მასთან ერთად გარდაიქმნას ერთიან მთლიანობაში“ (ტეიარ დე შარდენი, „Christianity and Evolution“, გვ. 168).

მაშინ, როდესაც სამყარო „ევოლუციონირებს“ „ქრისტეს სხეულისკენ“, თვით ადამიანი აღწევს თავისი ადამიანური განვითარების უმაღლეს წერტილს „ზეკაცობაში“. ტეიარი წერს:

„გამოცდილება ავალდებულებს ჩვენს ცნობიერებას დაუშვას რაღაც უფრო დიადის არსებობა, ვიდრე ის, რასაც დღეს წარმოადგენს ადამიანი, რომელიც დედამიწაზე მომწიფების პროცესშია“.

ისევე როგორც ლე კონტ დუ ნუი, ასევე ფაქტობრივად ყველა მოაზროვნე, რომლებიც ემხრობიან ევოლუციაზე რელიგიურ შეხედულებას, ტეიარი ევოლუციონირებად „ზეკაცობრიობას“ ქრისტესთან აიგივებს და, პირიქით, ქრისტეს „ზეკაცობრიობისგან“ განუყოფლად განიხილავს.

„ლოცვის გაგრძელება რომ შევძლოთ ისევე, როგორც უწინ, ჩვენ ახლა, როდესაც ძე კაცისას ვუყურებთ, ჩვენს თავს უნდა ვუთხრათ არა „Apparuit humanitas“ არამედ „Apparuit Superhumanitas“ („ზეკაცობრიობის“ გამოცხადება“)“.

აქ ტეიარის აზრი „მისტიკური ხდება და იგი ნათლად არ აცხადებს, რჩება თუ არა „ზეკაცობრიობაში“ ადამიანი, თუ იგი უბრალოდ განზავდება „ზექრისტეში“.

მისი ბიოგრაფის მიხედვით:

„კაცობრიობა მიაღწევს განვითარების ისეთ წერტილს, რომელშიც იგი მთლიანად მოცილდება დედამიწას და ომეგას შეუერთდება. „ფენომენი, რომელიც გარეგნულად ალბათ სიკვდილს გვაგონებს (წერს ტეიარი), მაგრამ სინამდვილეში უბრალოდ მეტამორფოზასა და უმაღლესი სინთეზის სფეროში შებიჯებას წარმოადგენს“.

„უმაღლესი სინთეზი, ევოლუციურ-სულიერ პროცესის მწვერვალი ის არის, რასაც ტეიარმა „წერტილი ომეგა“ უწოდა:

„დადგება დღე, გვაუწყებს სახარება, როდესაც მუდმივად მზარდი დაძაბულობა ადამიანსა და ღმერთს შორის მიაღწევს ამ სამყაროში დასაშვებ ზღვარს. და ეს იქნება დასასრული, მაშინ ქრისტეს არსებობა, რომელიც უჩუმრად გროვდებოდა ყოველივე არსებულში, უეცრად ხილული გახდება როგორც ელვა სინათლისა ჰორიზონტიდან ჰორიზონტამდე. თვით სამყაროს შემაკავებელ ძალთა წიაღში გამომუშავდება მსოფლიოს სულიერი ატომები, რომლებიც ქრისტეს შიგნით ან მის გარეთ (მაგრამ ყოველთვის ქრისტეს გავლენის ქვეშ) დაეუფლებიან ბედნიერებას ან ტკივილს, მათთვის გამზადებულს პლერომის (სისრულის, სიჭარბის) ცოცხალი სტრუქტურის მიერ“.

ეს „წერტილი ომეგა“ არ არის ის მიზანი, რომელიც ამ სამყაროს საზღვრებს გარეთ ძევს, არამედ - მხოლოდ „სამყაროს მისი ევოლუციური მიზნისაკენ მოძრაობის“ დასასრული; „ევოლუციის მწვერვალია. პარუსიის აღმდგარი ქრისტე. ტეიარის აზრით, ყველა ადამიანს ამ მიზნის მიღწევა უნდა სურდეს, რადგანაც სურვილთა აკუმულაციამ უნდა გამოიწვიოს პლერომის გარღვევა ჩვენთვის“. და კვლავ, იგი ამტკიცებს:

„საყოველთაო კოსმოსური ევოლუციის ხელშეწყობა ჩვენი ნების ერთადერთი გაცნობიერებული მოქმედებაა, რომელსაც ადეკვატურად შეუძლია გამოხატოს ჩვენი ერთგულება ევოლუციურ და სამყაროსეულ ქრისტესადმი“.

მაგრამ პარუსიის მოვლენა გარდაუვალია, მიუხედავად ადამიანის ნებისა, რადგანაც იგი ბუნებრივი პროცესის კულმინაციას წარმოადგეს.

„ამ მსოფლიოს უნიკალური მოვლენა იქნება მართალთა, ვინც ღმერთისგანაა, ფიზიკური განხორციელება ქრისტეში. ამ მთავარი ამოცანის შესრულებას ევოლუციის ბუნებრივი პროცესის გარდაუვალობისა და შეთანხმებული მოქმედების ხასიათი აქვს“.

უეჭველია, რომ იგი მთლიანად მოწყდა ქრისტიანობის ყველა იდეას, რომლებიც მანამდე იყო ცნობილი. ქრისტიანობა აღარ არის სულის პირადი ცხონება და ხდება კაცობრიობის მსოფლიო ევოლუცია ბუნებრივი პროცესების კანონების მიხედვით ომეგას წერტილის მიმართულებით.

ქრისტიანებს არ უნდა ეშინოდეთ ევოლუციის ბუნებრივი პროცესის, რომელიც, როგორც ტეიარი გვარწმუნებს, განუხრელად აახლოებს მათ ღმერთთან:

„წამიერად დაშინებული ევოლუციით, ახლა ქრისტიანი აცნობიერებს, რომ იგი მას ღმერთთან დიდი ერთიანობის სასწაულებრივი საშუალების გარდა არაფერს სთავაზობს, სულ უფრო მეტად რომ უთმობს მას თავის თავს. ბუნების პლურალისტულ და სტატიკურ მსოფლიოში ქრისტეს სამყაროსეული მეუფება ჯერ კიდევ შესაძლოა აღქმულიყო როგორც გარეშე და გარედან მომავალი ძალა. სულიერად ორიენტირებულ მსოფლიოში ეს „ქრისტესმიერი“ ენერგია იღებს აუცილებლობასა და სულ სხვა რიგის ინტენსიურობას“.



წინა - სარჩევი - შემდეგი