მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი


წიგნი შესაქმისა:
სამყაროს შექმნა და ძველი აღთქმის პირველი ადამიანები
მართლმადიდებლური ხედვა



ნაწილი II
ევოლუციის ფილოსოფია


თავი III. „ქრისტიანული ევოლუციონიზმი
თეოდოსი დობჟანსკი


 

მაგრამ, ნება მომეცი დავუბრუნდე „მართლმადიდებელ ქრისტიან ევოლუციონისტებს“, რომელთა იდეები ევოლუციის შესახებ მთლიანად შეესაბამება თანამედროვე რომაულ კათოლიკურ აზროვნებას. ისინი სხვა საკითხებსაც აყენებენ, მათ შორის ევოლუციის თეორიის მნიშვნელობის შესახებ. ამ საკითხებში მართლმადიდებელი ქრისტიანი კარგად უნდა ერკვეოდეს.

თეოდოსი დობჟანსკი რუსი მართლმადიდებელი მეცნიერია. სხვა „ქრისტიან ევოლუციონისტებს“ ხშირად მოაქვთ ციტატები მისი ნაშრომებიდან. თეოდოსი დობჟანსკი ცნობილი გენეტიკოსია, ამჟამად მუშაობს გენეტიკის პროფესორად დეიკისის კალიფორნიის უნივერსიტეტში. მე ვფიქრობ, რომ იგი კვლავაც დროზოფილით (ბუზის ერთგვარი სახეობა, ხილის ბუზი.) არის დაკავებული, აგრძელებს ექსპერიმენტებს, რათა დაამტკიცოს ევოლუციის თეორია.*

* მამა სერაფიმე მიუთითებს დობჟანსკის იმ ექსპერიმენტებზე, რომლებითაც დროზოფილის რადიოაქტიური დასხივებით იგი ცდილობდა გამოეწვია ბუზის მუტაცია და ამრიგად მიეღო ახალი სახეობა. იან ტეილორი თავის წიგნში „ადამიანთა გონებაში“ (1991) წერს ასეთი ცდების შესახებ: „ექსპერიმენტები ბუზებზე 1920 წელს თომას ჰანტ მორგანმა დაიწყო და დღემდე მცირე „ინდუსტრიად“ რჩება მკვლევართა შორის. ჯიუტმა ბუზმა იმგვარი გენეტიკური უპატიობა გადაიტანა, როგორის მოფიქრებაც კი საერთოდ იყო შესაძლებელი, მაგრამ ბუზის გარდა მაინც ვერაფერი წარმოქმნა (გვ. 163).

იგი რუსეთში დაიბადა ღირსი თეოდოსი ჩერნიგოვსკის კანონიზაციის წელს (1900 წ.) მისი მშობლების ლოცვების წყალობით და ამიტომაც ეწოდა თეოდოსი. მაგრამ სამწუხაროდ, სარწმუნოებისგან განდგომილი გახდა. ოციან წლებში ამერიკაში გაემგზავრა და მას შემდეგ ამერიკელია.*

* ჰენრიმ მორისი წერს: „დობჟანსკი შეიძლებოდა დაგვეყენებინა იულიან ჰაქსლის გვერდით და მისთვის გვეწოდებინა მეოცე საუკუნის ყველაზე გავლენიანი ევოლუციონისტი“. დობჟანსკი გარდაიცვალა 1975 წელს, მაშინ როდესაც მამა სერაფიმე ამ ლექციებს კითხულობდა.

მისი სახელის ხსენება საბჭოთა კავშირში მკაცრად იყო აკრძალული, თუმცა საბჭოთა მეცნიერებმა იცოდნენ მის შესახებ. ერთხელ, მოულოდნელად, ერთ სამეცნიერო შეკრებაზე აჩვენეს ფილმი, რომელშიც დობჟანსკი იყო გადაღებული; გაისმა ხმამაღალი აპლოდისმენტები; მოგვიანებით ფილმი აკრძალეს. მას საერთოდ არ იხსენიებდნენ, რადგანაც მან რუსეთი დატოვა. თუმცა თავისი შეხედულებებით იგი უფრო კომუნისტი გახლდათ.

თუმცა კი მართლმადიდებლად იყო მონათლული, მაგრამ როცა ცოლი გარდაეცვალა, მან მის სხეულს კრემაცია ჩაუტარა და შემდეგ ფერფლი სიერის მთებში გაფანტა. (კრემაცია მკაცრად აკრძალულია მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ.) რამდენადაც ცნობილია, ეკლესიაში იგი არასდროს ყოფილა და, თითქოს, რელიგიის გარეშეა. მიუხედავად ამისა, ქრისტიანული-ევოლუციური შეხედულებების გამო, მას ნიუ-იორკის წმიდა ვლადიმირის მართლმადიდებელმა სემინარიამ 1972 წელს ღვთისმეტყველების საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. ამავე დროს, მან მიმართა ამერიკის მართლმადიდებელი საღვთისმეტყველო საზოგადოების მეორე საღვთისმეტყველო კონფერენციას, რომელსაც ესწრებოდნენ სხვადასხვა მართლმადიდებელი საზოგადოებების აღიარებული „ღვთისმეტყველები“. დობჟანსკი და ამერიკელ მართლმადიდებელთა მრავალი ოფიციალური წარმომადგენელი ევოლუციის საკითხში „მართლმადიდებლურ“ შეხედულებას განსაზღვრავენ დობჟანსკის ევოლუციური იდეების მიხედვით. ეს იდეები გამოქვეყნებულია ორ მართლმადიდებლურ პერიოდულ გამოცემაში „წმიდა ვლადიმირის საღვთისმეტყველო ყოველკვარტალური ჟურნალი“ და „ზაბოტა“.

სტატიაში „ევოლუცია: ღვთიური ქმნადობის განსაკუთრებული ხერხი“ (ზაბოტა, 1973წ. გაზაფხული), რომელიც მრავალგზის დაისტამბა და რომლის მოკლე შინაარსი ყოველგვარი კომენტარის გარეშე დაიბეჭდა ამერიკის მრავალ მართლმადიდებლურ პერიოდულ გამოცემაში, დობჟანსკი „ღვთისგმობაში“ ადანაშაულებს ყველას, ვინც არ ეთანხმება ევოლუციის თეორიას. ასე, მაგალითად, იგი წერს:

„ბუნებრივი შერჩევა ეს ბრმა შემოქმედებითი პროცესია... ბუნებრივი შერჩევა არ მოქმედებს წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით“.

დობჟანსკი აღნიშნავს მიწიერი სიცოცხლის არაჩვეულებრივ მრავალფეროვნებას და მას „კაპრიზულს და იჩხიბს (ღვლარჭნილს)“ უწოდებს. იგი წერს:

„რა უაზრობაა ამდენი სახის ex nihilo (არაფრისგან) წარმოქმნა და შემდეგ უმრავლესობის გადაშენება! რა აზრი აქვს დედამიწაზე ორი თუ სამი მილიონი სახეობის არსებობას? იქნებ ამაში ვლინდება შემოქმედის მხიარული განწყობილება? შემოქმედი... ასე ხუმრობს?

არა, დობჟანსკი ასე მსჯელობს:

„თუმცა ორგანული მრავალფეროვნება გონივრული და გასაგები ხდება თუ ცოცხალი სამყარო შემოქმედმა შექმნა არა უმიზეზო კაპრიზის შედეგად, არამედ ევოლუციით, ბუნებრივი შერჩევის გზით. სრულებით არასწორია, განვიხილოთ სამყაროს შექმნა და ევოლუცია, როგორც ორი ურთიერთგამომრიცხავი ალტერნატივა“.

აქ, ფაქტობრივად, იგულისხმება, რომ არა აქვს მნიშვნელობა არის ღმერთი თუ არა. მისი აზრით ღმერთმა შექმნა ორი ან სამი მილიონი სახეობა ბუნებრივი შერჩევის გზით. ნუთუ ამაში უფრო მეტი აზრია ვიდრე იმაში, რომ მან ყველა პირველი ქმნილება ერთბაშად შექმნა?

დობჟანსკის შეხედულებების თანახმად, არავითარი გეგმა არ არსებობს; ყოველივეს ბრმა პროცესი ხელმძღვანელობს. მართლმადიდებელ ქრისტიანს, ამრიგად, წამოეჭრება კითხვა: თუკი ევოლუციის პროცესი ღმერთმა დაიწყო, მაშინ როგორ ხდება, რომ მისი დასასრული ღმერთს აღარ ემორჩილება? რა ვუყოთ ღმერთის განგებულებას, ურომლისოდაც თმის ბეწვიც კი არ ჩამოვარდება თქვენი თავიდან (ლუკა 21, 18)?

ამრიგად, „ევოლუციურ-ქრისტიანული“ ფილოსოფია აშიშვლებს თვით იმ კითხვის სიცრუეს, რომელზედაც ცდილობენ პასუხის გაცემას ევოლუციონისტები. ღმერთის შემოქმედებითი საქმენი არ ყოფილა საკმარისი მთელი ხილული ქმნილებების მრავალფეროვნების ასახსნელად; საჭიროა უკეთესი ახსნა, რომელიც დამყარებულია ნათლად გამოხატულ არაქრისტიანულ წარმოდგენებზე, რომ ღმერთი არ ფლობს თავის ქმნილებას, რომ მისი განგებულება არ არსებობს.*

* დობჟანსკი წერდა: „ადამიანის ევოლუცია მოხდა არა ადამიანური წინაპრისგან.. ადამიანში ღვთის ხატების შექმნა მოვლენა კი არ არის, არამედ პროცესია და ამიტომ მორალური კანონები – ევოლუციური განვითარების პროდუქტია (დობჟანსკი, „Ethics and Values in Biological and Cultural Evolution“, Zygon, the Journal of Relligion and Science, gogo Los Angeles Times-ში, 16 ივნისი, 1974 წ. ნაწ. 4, გვ. 6).

ასეთი ევოლუციური ფილოსოფიის „ღმერთი“ აშკარად დეიზმის ფილოსოფიას მიეკუთვნება, ხოლო „ქრისტიან ევოლუციონისტთა“ შეხედულებები არ განსხვავდება „ნახევრადქრისტიანი“ (ან არაქრისტიანი) ლე კონტ დუ ნუის შეხედულებებისგან.

დობჟანსკის შეხედულებებში ჭარბობს ქრისტიანულ-ლიბერალური იდეები იმის შესახებ, რომ შესაქმის წიგნი სიმბოლურია, რომ ადამიანის მიერ თავისი არსებობის (მყოფობის) გაცნობიერება იმ ტრაგიკული უაზრობის მიზეზი ხდება, რომელიც დღეს სამოთხეში სუფევს და რომ ადამიანისთვის ამ ჩიხიდან ერთადერთი გამოსავალია იმის გაცნობიერება, რომ იგი შეიძლება გახდეს სამყაროს შექმნის ფაბრიკის მუშაკი, რადგანაც ამ საქმიანობაში მონაწილეობა მოკვდავ ადამიანს ღმერთის უკვდავი პროექტის ნაწილად ხდის. დაბოლოს, დობჟანსკი ასკვნის:

„ასეთი მსახურების ღმერთის უკვდავ პროექტში მონაწილეობის ყველაზე უფრო გალანტური და კიდევ უფრო მეტად წარმატებული მცდელობა ტეიარ დე შარდენს ეკუთვნის“.



წინა - სარჩევი - შემდეგი