მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი


წიგნი შესაქმისა:
სამყაროს შექმნა და ძველი აღთქმის პირველი ადამიანები
მართლმადიდებლური ხედვა



ნაწილი II
ევოლუციის ფილოსოფია


თავი III. „ქრისტიანული ევოლუციონიზმი
რომაულ კათოლიკური ეკლესიის შეხედულებები პირველქმნილ ადამიანზე


 

რომაელი კათოლიკეების ცოდნა ადამიანის ცხოვრების დასაწყისის შესახებ წარსულში გარკვეულ სირთულეებს აწყდებოდა, რაკი ისინი ევოლუციურ შეხედულებებს ეთანხმებოდნენ. აქ დასაშვებია ამა თუ იმ თეორიის არსებობა გაცემული ნებართვის მიხედვით. მე არ ვიცი რა არის ახლა ნებადართული, მაგრამ ოდესღაც დაუშვებელი იყო გერწმუნა, რომ სულს მატერიიდან ევოლუციონირება შეეძლო. ყველას უნდა ერწმუნა, რომ ადამიანს სული გარკვეულ მომენტში ეძლეოდა. ამ მომენტში ის ადამიანი ხდებოდა და ამიტომ მასზე აღარ ვრცელდებოდა ევოლუციის კანონები.*

* 1996 წ. 22 ოქტომბერს პაპის მეცნიერებათა აკადემიაში იოანე პავლე მეორემ განაცხადა, რომ „ევოლუციის თეორია უფრო მეტია, ვიდრე ჰიპოთეზა“. ამ გამოსვლის კომენტირებისას შოტლანდიის კარდინალმა თომას ჯ. ვინინგმა ამგვარად შეაჯამა რომაულ-კათოლიკური ეკლესიის პოზიცია: „ეკლესია საშუალებას აძლევს მორწმუნეს თავისუფლად გადაწყვიტოს, მიიღოს თუ უარყოს ესა თუ ის ევოლუციური ჰიპოთეზა მანამდე, სანამ დაბეჯითებით არ გაიჟღერებს შეხედულება იმის შესახებ, რომ ადამიანის ცნობიერება და სული წარმოდგება ცოცხალი მატერიის ძალებისაგან ღმერთის რამენაირი მონაწილეობის გარეშე“ (The Glasgow Herald, 1997 წ. 11 იანვარი, გვ. 19). მიუხედავად ამისა, მრავალი კათოლიკე კვლავინდებურად უარყოფს ევოლუციას, მათ შორის მეცნიერებიც არიან, რომლებმაც ამ თემის შესახებ სამეცნიერო ნაშრომები და წიგნები დაწერეს. მაგალითად, გეოლოგიის დოქტორ გი ბერტო საფრანგეთში, პალეონტოლოგიის დოქტორი რობერტო ფონდი და გენეტიკის დოქტორი ჯუზეპე სერმონტი იტალიაში, აგრეთვე ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი ვოლფგანგ სმიტი შეერთებული შტატებში.

საკვირველია ამ „ეპიციკლებმა“ კვლავ როგორ მიუსადაგეს თეორია რწმენის მოთხოვნებს.

თუ თქვენ ევოლუციის გწამთ – ამ შემთხვევაში ადამიანი ძალიან პრიმიტიულ ქმნილებას წარმოადგენს, იგი ცხოველისგან არის შექმნილი და ევოლუციის სახელმძღვანელოები გეტყვიან, რომ ადამიანი შინაგანად ისევ ველურია, ხოლო სურათები თვალსაჩინოდ დაგანახებენ, თუ როგორ ევოლუციონირებდა ადამიანი მაიმუნის მსგავსი არსებიდან ან თქვენ გწამთ, რომ ადამიანი წარმოდგება ისეთი არსებიდან, რომელიც დიდად აღემატება იმას, რასაც ჩვენ დღეს წარმოვადგენთ, ვინც გარკვეული თვალსაზრისით სრულყოფილი ადამიანი გახლდათ და არ იყო ხრწნადი. წმიდა მამები იმასაც კი ამბობენ, რომ ადამი ფეკალიებს არ გამოყოფდა. სოცოცხლის ხის ნაყოფი მისი საკვები იყო, მაგრამ იგი ისე არ ჭამდა, როგორც ჩვენ ვჭამთ დღეს.

ღირსი სერაფიმე საროველის „მოტოვილოვთან საუბრებში“ მთელი თავი ეძღვება ადამის მდგომარეობას; იმას, რომ მას არც ჭრილობები უჩნდებოდა და იგი არც ავადდებოდა. იგი სტიქიისადმი სრულიად უგრძნობელი გახლდათ, იგი ვერც წყალში ჩაიძირებოდა და ა. შ.

საინტერესოა, რომ შუა საუკუნეებშიც კი თომა აკვინელი ზუსტად ასეთივე კითხვებს სვამდა და ცდილობდა მათ გადაწყვეტას: როგორი იყო ადამის მდგომარეობა, გამოყოფდა თუ არა ფეკალიებს, როგორ შეიძლება მომხდარიყო, რომ შეუძლებელი იყო მისთვის რაიმე ზიანის მიყენება? მან დაწვრილებითი ახსნა-განმარტებანი შეადგინა. უპირველეს ყოვლისა ის იმის შესახებ საუბრობს, რომ ადამი გამოყოფდა ფეკალიებს, რადგანაც შეუძლებელია დავიჯეროთ, რომ იგი ჩვენგან განსხვავებული, სხვა ნივთიერებისგან შედგებოდა. მეორეც, იგი თავისუფალი იყო ყოველგვარი ზიანისგან და ვერ დაიხრჩობოდა იმიტომ კი არა, რომ ეს შეუძლებელი იყო, არამედ იმიტომ, რომ ღმერთმა ასე განაგო, ადამი არასდროს წაბორძიკდებოდა, წყალი ისე მაღლა არასდროს აიწეოდა, რომ მისი სიცოცხლისთვის საფრთხე შეექმნა და ა. შ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთმა სამყარო ასე იდეალურად მოაწყო, ადამი კი ყურადღებით გადაადგილდებოდა და მისთვის არაფერს არავითარი ზიანის მიყენება არ შეეძლო.

მაგრამ მართლმადიდებლობა თვლის, რომ ჩვენი ბუნება უკვდავი შეიქმნა. ამბა დოროთე საუბრობს ამის შესახებ თავისი საუბრების პირველ თავებში, სადაც იგი გვთავაზობს ადამის, პირველქმნილი ადამის ხატებას, რითაც აღგვაფრთოვანებს და გვაჩვენებს, რომ მისკენ დაბრუნებას უნდა ვესწრაფვოდეთ. ჩვენთვის გათვალისწინებული იყო საუკუნო ცხოვრება ჩვენს სხეულში და ასეც ვიყავით თავიდან შექმნილი. მხოლოდ შეცოდების შემდეგ დავკარგეთ ეს ბუნება და ეს ნეტარი მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამი ღმერთს ემსგავსებოდა.

მართლმადიდებელი შეხედულების თანახმად, ადამიანის უკვდავი ყოფა სამოთხეში - მისი ბუნებრივი მდგომარეობა გახლდათ. ახლა ჩვენი ბუნება შეცვლილია; მაშინ ჩვენ უკვდავების შესაძლებლობა გვქონდა; ახლა ჩვენი ბუნება შეცვლილია სიკვდილის მდგომარეობით, ანუ ხორციელი სიკვდილით.

კათოლიკეები კი საწინააღმდეგოს ასწავლიან - რომ ადამიანის მდგომარეობა სამოთხეში ზებუნებრივი მდგომარეობა იყო, რომ ადამიანი ზუსტად ისეთი იყო, როგორიც ახლა არის - მოკვდავი ადამიანი - მაგრამ ღმერთმა იგი დამატებითი უნარით დაასაჩუქრა, განსაკუთრებული კურთხევა მისცა მას. როდესაც მან შესცოდა, მაშინ მას უბრალოდ ჩამოსცილდა ეს კურთხევა, რომლითაც იყო დაჯილდოებული დამატებით; შესაბამისად მისი ბუნება არ შეცვლილა.

მაგრამ მართლმადიდებელი შეხედულების მიხედვით, თვით - ჩვენი ბუნება შეიცვალა და მოკვდავი გახდა ცოდვით დაცემის დროს. ქრისტე ახალი ადამია; და მასში აღდგენილია ჩვენი უწინდელი ბუნება.

ზოგიერთი წმიდა მამა, მაგალითად ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, დაწვრილებით ჩერდება ამ საკითხზე: მაშინ რატომ არ გავხდით უცებ უკვდავნი, როდესაც ქრისტე მოკვდა და აღსდგა? როგორც ღირსი სვიმეონი ამბობს, იმიტომ, რომ ჩვენს ცხოვრებაში ძალადობა არ ყოფილიყო: ჩვენ ყველამ უნდა მივაღწიოთ ჩვენს ცხონებას. და მთელი ცხოველთა სამყარო ელის, რომ ჩვენ მივაღწიოთ ცხონებას, მაშინ ისიც იმ მდგომარეობამდე აღდგება, რომელშიც შეცოდებამდე იმყოფებოდა სინამდვილეში, უმაღლეს მდგომარეობამდე.

ეს ყოველივე ღვთაებრივი საიდუმლოა და სცილდება ჩვენი გაგების ფარგლებს, მაგრამ მაინც ჩვენ საკმარისად ვიცით ამის შესახებ წმიდა მამებისგან. ღირსი სვიმეონი დაწვრილებით საუბრობს ადამიანის შეცოდებამდელ მდგომარეობაზე. ყოველი ქმნილება, ამბობს ღირსი სვიმეონი, იყო უხრწნადი, ისევე, როგორც ადამიანი და მხოლოდ შეცოდების შემდეგ დაიწყო მათი კვდომა. როცა გაცხადდა ახალი სამყარო, ახალი ზეცა და ახალი მიწა (იხ. საქმე 12, 1), მაშინ მშვიდთა დაიმკვიდრონ ქუეყანა (მათე 5, 5). რა ქვეყანაა ეს? ეს არის იგივე ქვეყანა, რომელსაც თქვენ ხედავთ ირგვლივ, ოღონდ ის დაიწვება და ისე აღსდგება, რომ ყოველი ქმნილება უკვდავი გახდება. სწორედ ამისკენ მიისწრაფვის ყველა ქმნილება, ამიტომაც კვნესიან ისინი, როდესაც წმიდა მოციქული პავლე ამბობს, რომ ამაოებასა დაემორჩილა დაბადებული (რომ. 8, 20). ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ხრწნადი გახდა ადამიანის შეცოდების გამო.



წინა - სარჩევი - შემდეგი