მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი


წიგნი შესაქმისა:
სამყაროს შექმნა და ძველი აღთქმის პირველი ადამიანები
მართლმადიდებლური ხედვა



ნაწილი II
ევოლუციის ფილოსოფია


თავი III. „ქრისტიანული ევოლუციონიზმი
სტეფანე ტრუსტერი


 

სხვა იეზუიტის ახლახანს გამოსული წიგნი თვალსაჩინოდ აჯამებს „განათლებული ქრისტიანის“ ადამისა და სამოთხისადმი დამოკიდებულების საკითხს. სტეფანე ტრუსტერი ჰოლანდიელი იეზუიტია, რომელიც თავის წიგნში „ევოლუცია და პირველქმნილი ცოდვის დოგმატი“ გულახდილად აცხადებს: „ისინი, ვინც სერიოზულად ეპყრობიან სამეცნიერო დოგმატს ევოლუციის შესახებ, ვეღარ დაეთანხმებიან ტრადიციულ განმარტებას“. ასე რომ, უნდა ვიპოვოთ „თანამედროვეობის შესაბამისი ინტერპრეტაცია“.

„ევოლუციური დოგმატის აპოლოგეტები, – ამბობს ტრუსტერი, კაცობრიობას წარმოადგენენ როგორც ისეთ რეალობას, რომელიც მთელი ისტორიის განმავლობაში მეტისმეტად თანდათანობით მწიფდებოდა თვითშემეცნებამდე. ევოლუციის ადარეული სტადიები უნდა განვიხილოთ როგორც მოუხეშავი გარდამავალი ფორმები, რომლებიც კაცობრიობის არსებობის ერთ, განსაკუთრებულად პრიმიტიულ დონეზეა განლაგებული. კაცობრიობის ასეთი, პრიმიტიული გარდამავალი ფორმები ჯერ კიდევ მჭიდროდ უნდა იყვნენ დაკავშირებულნი მათ ისტორიამდელ ცხოველურ მდგომარეობასთან. მაგრამ ასეთ ევოლუციურ თეორიაში არ არის ადგილი ისტორიამდელი ადამიანის „სამოთხეში“ არსებობისთვის. განსაკუთრებული ნიჭის მქონე სულიერი ადამიანის რჩეული მდგომარეობა კაცობრიობის დედამიწაზე ცხოვრების დასაწყისში მთლიანად ეწინააღმდეგება თანამედროვე სამეცნიერო აზრს“.

ეს, რაღა თქმა უნდა, ასეა. ტრუსტერი აგრძელებს:

„თუმცა თანამედროვე თვალსაზრისი მთლიანად გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ აიხსნას თუ როგორ წარმოიქმნა ბოროტება პირველი ადამიანის მიერ ჩადენილი ცოდვის გამო. ბოლოს და ბოლოს, როგორ შესძლო ასეთმა პრიმიტიულმა ადამიანურმა არსებამ უარეყო ცხონების ღვთაებრივი გეგმა, როგორ უნდა დაერღვია ღმერთის მცნება ასეთ პრიმიტიულ არსებას?“

ამიტომ ტრუსტერისათვის ადამის შეცოდება არ წარმოადგენს ისტორიულ მოვლენას, იგი „ხსნის“ ბოროტების არსებობას და მას ახალ ტერმინს უწოდებს: „კოსმოსური უმწიფრობის ფენომენს“. ადამი – ერთი ადამიანი კი არ არის, არამედ „ადამიანთა ერთობლიობა“. ხოლო შესაქმე — „იდეალიზებული ხატება... სამყარო ცოდვის გარეშე; შესაქმის ავტორმა საკმაოდ კარგად იცის, რომ ეს წიგნი არ პასუხობს რეალობას... სიმართლე რომ ითქვას, იგი არც აპირებდა ეთქვა, რომ ადამისა და ევას პირველქმნილი კურთხეული მდგომარეობა მთელი თავისი სიწმიდით ოდესმე თითქოს მართლაც რეალობა იყო კაცობრიობის ისტორიაში.

რასაკვირველია, თუ ევოლუციას დავუჯერებთ, მაშინ აზრი არა აქვს სამოთხეზე საუბარს. ამ ორი ერთმანეთისგან სავსებით განსხვავებული ცნების განსხვავებული აზროვნების ერთმანეთთან შეერთების მცდელობა იგივეა, რაც საკუთარი თავის მოტყუება.

ტრუსტერის მსგავსი „ღვთისმეტყველები“ ევოლუციის იდეამ გადამწყვეტ დასკვნებამდე მიიყვანა; შეიძლება გჯეროდეს ევოლუციის და არ გააკეთო ასეთი დასკვნები?



წინა - სარჩევი - შემდეგი