* კარლ რანერი (1904-1984) – მეოცე საუკუნის ფართოდ აღიარებული წამყვანი რომის კათოლიკური ეკლესიის ღვთისმეტყველი. იგი რომის პაპის ოფიციალური ექსპერტი იყო საღვთისმეტყველო საკითხებში ვატიკანის მეორე საბჭოს პერიოდში და მანამდე.
მამა ანტონიუს კოსტიუროსი საუბრობს „კაცობრიობის ადამიანთა დაჯგუფებაში ჩასახვის“ შესაძლებლობების შესახებ. მას ჩვენ მივყავართ „პოლიგენეზისის“ ევოლუციური თეორიისკენ. თვალსაჩინო იეზუიტმა „ღვთისმეტყველმა“ კარლ რანერმა (სულ ცოტა ხნის წინათ კი იგი ჯერ კიდევ საკმაოდ „კონსერვატორული“ გახლდათ თავის შეხედულებებში ევოლუციის შესახებ) გამოიკვლია ეს საკითხი და ევოლუციური შეხედულება ქრისტიანულ დოგმატს ისე „შეარიგა“, რომ იგი მომავალში უეჭველად მისაბაძი მაგალითი იქნება საბერძნეთის საარქიეპისკოპოსოსთვის (მართლმადიდებელი მოდერნისტები, როგორც წესი, ყოველთვის ერთი ნაბიჯით ჩამორჩებიან რომაელ-კათოლიკეებს ეკლესიის შეხედულებებში „დამატებების“ შეტანის პროცესში).
სტატიაში „პირველქმნილი ცოდვა, პოლიგენეზისი და თავისუფლება“ (რეზიუმირებული „საღვთისმეტყველო დაიჯესტში“, 1973 წ. გაზაფხული) რანერი ორ საკითხს აყენებს:
„1. როგორ უთავსდება ევოლუცია ადამის ზებუნებრივი შესაძლებლობების დოგმატს?
2. მართლა სერიოზულად უნდა ვიფიქროთ, რომ პირველ ადამიანს, რომელსაც ევოლუციონირება უნდა დაეწყო, შეეძლო პირველქმნილი ცოდვის ჩადენა.?“
და პასუხობს:
„მეცნიერები ამჯობინებენ იმსჯელონ ჰომინიზაციის (ე.ი. ადამიანის შექმნის) შესახებ, როგორც პროცესზე, რომელმაც მოიცვა მრავალი ინდივიდი უფრო „პოპულაცია,“ ვიდრე მხოლოდ ცალკეული წყვილი“ (სინამდვილეში ზოგი მეცნიერი იზიარებს ამ აზრს, ზოგი არა).
იგი ამბობს, რომ არსებობდა ადამიანთა პირველი ჩამოყალიბებული ჯგუფი („პირველი ადამიანი“), რომელმაც შესცოდა.
„ადამიანთა პირველ ჯგუფს შესაძლოა, მიეღო კურთხევა, მაგრამ მათ მიერ თავისუფალი და ურთიერთშეთანხმებული არჩევანით, კურთხევის უარყოფის გამო, მთელმა მომდევნო კაცობრიობამ დაკარგა კურთხევა“.
შემდეგ რანერი სვამს კითხვას:
„როგორ მოხდა, რომ პირველ ადამიანსა თუ ჯგუფში, როგორსაც მათ პალეონტოლოგია გვაჩვენებს, შესაძლოა, მიღწეულიყო თავისუფლების ისეთი დონე, რომ გაჩენილიყო პირველქმნილი ცოდვის ფატალური არჩევნის შესაძლებლობა? როგორ უნდა შევუსაბამოთ „ადამის“ (ინდივიდუმის ან ჯგუფის) ზებუნებრივი თუ არაბუნებრივი სამოთხის პირობები ყოველივე იმას, რაც ვიცით სამყაროს შექმნის შესახებ ბიოლოგიიდან, ანთროპოლოგიიდან, კულტურიდან?“
და თვითონვე პასუხობს თავის შეკითხვას:
„იოლი არ არის ზუსტად დავადგინოთ სად და როდის ხდება მიწიერი ქმნილება სულად და ამიტომ თავისუფალი... ჩვენ შეგვიძლია მშვიდად გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ პირველქმნილი ცოდვა მართლაც მოხდა, მაგრამ იმ დროში, რომლის ზუსტად განსაზღვრა არ შეგვიძლია. ეს მოხდა „სადღაც საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, როდესაც მრავალ ინდივიდს უკვე შეეძლო ეარსება და „იმავდროულად“ შეეძლოთ ჩაედინათ დანაშაულის გამომწვევი ქმედება.“
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყოველივე ძალიან ბუნდოვანია. სავსებით ცხადია, რომ მოაზროვნეთა მომდევნო თაობები ბოლოს მოუღებენ ასეთ ორაზროვნებას.
წინა - სარჩევი - შემდეგი