მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი


წიგნი შესაქმისა:
სამყაროს შექმნა და ძველი აღთქმის პირველი ადამიანები
მართლმადიდებლური ხედვა



ნაწილი II
ევოლუციის ფილოსოფია


თავი III. „ქრისტიანული ევოლუციონიზმი
მამა ანტონიუს კოსტიუროსი


 

ნება მომეცით კვლავ მართლმადიდებელ ქრისტიანთა შეხედულებების შესახებ ვისაუბრო. საბერძნეთის საარქიეპისკოპოსოს „მართლმადიდებელი მიმომხილველის“ სხვა წერილში (1974 წლის 6 თებერვალი) მამა ანტონიუს კოსტიუროსი პასუხობს კითხვას, რომელიც ერთმა მკითხველმა დასვა: „თუ ადამი და ევა პირველი ადამიანები იყვნენ, მაშინ საიდან ეყოლა მათ ძეს, კაენს, ცოლი? აშუქებს თუ არა ეკლესია ამ საკითხს?“ მამა ანტონიუსი ამბობს:

„ადამიანის შექმნა ძალიან დიდი ხნის წინათ მოხდა საიმისოდ, რათა ცალკეულმა ადამიანმა ან პირთა ჯგუფმა შეძლონ ამის ცოდნა (მაშინ რისთვის დაიწერა შესაქმე? – მამა სერაფიმე). მეცნიერება ჯერ კიდევ ეძებს პასუხს. სიტყვა ადამი მიწას ნიშნავს, სიტყვა ევა – სიცოცხლეს. მხოლოდ და მხოლოდ ზოგადი აზრით ჩვენი ტრადიციული ღვთისმეტყველები ამბობენ, რომ ჩვენ ყველნი ერთი მამაკაცისგან და ერთი დედაკაცისგან ვართ წარმოშობილი... არიან სხვებიც, რომლებიც თვლიან, რომ კაცობრიობა ჩაისახა ადამიანთა დასახლებებში, ადამიანთა შეკრებილობაში ხან აქ, ხან იქ... არცერთ ღვთისმეტყველს არ გააჩნია გარკვეული პასუხი ადამიანის შექმნისა და მისი განვითარების შესახებ. კაცობრიობის ისტორიის გარიჟრაჟი იდუმალებით არის მოცული“. მამა ანტონიუსის შეხედულებით, სწორედ მეცნიერება ცდილობს, იპოვოს პასუხი ამ კითხვაზე. ცხადია, რომ შესაქმის მართლმადიდებლური განმარტება საკმაოდ სიმბოლურია და იგავურია; და ჩვენ ზუსტად არც ვიცით არსებობდა თუ არა ასეთი ადამიანი „ადამი“. აი ასეთ შეხედულებებს ავრცელებს საბერძნეთის საარქიეპისკოპოსოს ოფიციალური გაზეთი.

მართლმადიდებელი ღვთისმეტყველება კი რას ამბობს ადამსა და პირველქმნილი ადამიანის შესახებ? რის შესახებ მეტყველებს ადამისა და სხვა წმიდა მამათა ხსენების მართლმადიდებელი დღესასწაულები? ვისთვისაც ადამი წმიდა ზეციური მფარველია, მათ რაღა ქნან? ნუთუ მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის სულერთია, რომ ეკლესიური სწავლება, თუკი „ქრისტიან ევოლუციონისტთა“ შეხედულებები სწორია, ამ საკითხში შეცდომას უშვებდა მთელი წარსული საუკუნეების განმავლობაში, და რომ ეს სწავლება ახლა უნდა გადაისინჯოს, თუ „მეცნიერება“ ბოლოს და ბოლოს გაარკვევს ადამიანის წარმოშობის საკითხს? განა გადაჭარბებული იქნება თუ ვიტყვით, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეზიაროს ეკლესიის სწავლების ფრიად მკაფიო შეხედულებას ადამიანის წარმოშობის შესახებ, და ამასთანავე კარგად იცოდეს თუ რაოდენ შეზღუდულია ამ საკითხის მეცნიერული კვლევების შესაძლებლობები?

მოგვიანებით, მკითხველის სხვა კითხვაზე პასუხის დროს მამა ანტონიუსი გვატყობინებს, რომ:

„შესაძლებელია მრავალი ადამისა და ევას არსებობა, რომლებიც ერთდროულად ჩნდებოდნენ დედამიწის სხვადასხვა ადგილას და შემდეგ ერთმანეთს ხვდებოდნენ. როგორ შეიქმნა ადამიანი და თავიდან როგორ შვა ადამიანმა შთამომავლობა, უცნობია. ნურავის მისცემთ ნებას, სხვა რამე გასწავლონ. ჩვენი ეკლესია საშუალებას გაძლევთ, იფიქროთ თქვენს მიერ მითითებული საკითხის შესახებ და თქვენი საკუთარი ვარაუდები გამოთქვათ ამასთან დაკავშირებით“.

პასუხი კითხვაზე „საიდან ჰყავდა კაენს ცოლი?“ სინამდვილეში ძალიან მარტივია; ადამსა და ევას მრავალი შვილი ჰყავდათ, რომელთაც შესაქმე არ მოიხსენიებს. შესაქმე მხოლოდ ძირითად ისტორიულ ამბებს გვიამბობს.



წინა - სარჩევი - შემდეგი