მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი


წიგნი შესაქმისა:
სამყაროს შექმნა და ძველი აღთქმის პირველი ადამიანები
მართლმადიდებლური ხედვა



ნაწილი II
ევოლუციის ფილოსოფია


თავი III. „ქრისტიანული ევოლუციონიზმი
პიერ დე კონტ დუ ნუი


 

პიერ ლე კონტ დუ ნუი დაიბადა 1883 წელს პარიზში და 1947 წელს გარდაიცვალა ნიუ-იორკში. იგი გახლდათ დიდად ცნობილი და პატივცემული მეცნიერი, მათემატიკოსი და ფიზიოლოგი, მან დაწერა მეცნიერების ფილოსოფიისადმი მიძღვნილი რამდენიმე წიგნი. ცნობილ ნაშრომში „ადამიანის ბედი“ იგი გარკვეულ დასკვნებს აკეთებს ევოლუციის შესახებ. ძნელია, მას ქრისტიანი უწოდო, ვინიდან სჯერა, რომ ადამიანმა შექმნა თავისი საკუთარი „ღმერთი“, რომელიც ფაქტობრივად „შემაშინებელი ფიქცია“ იყო, მაგრამ იგი ფრიად მოწყალე გახლდათ ქრისტიანობის მიმართ. მას მიაჩნდა, რომ ქრისტიანობა არასწორად იყო გაგებული და განმარტებული და რომ იგი სასიკეთო გავლენას ახდენდა მასებზე და სასარგებლო ინსტრუმენტს წარმოადგენდა ადამიანის მორალურ-ეთიკური ევოლუციის საქმეში, რაც ახლაც მიმდინარეობს. „ქრისტიანობა არ ფლობს ობიექტურ, აბსოლუტურ ჭეშმარიტებას. ქრისტე ღმერთი კი არ არის, არამედ - სრულყოფილი ადამიანი თუმცა ქრისტიანული ტრადიციები გარკვეულად ეხმარება ხალხს მოწესრიგდეს ევოლუციის შემდგომი განვითარების გზაზე“. ის ამბობს:

„ჩვენ ტრანსფორმაციის დასაწყისში ვიმყოფებით, რაც უმაღლესი რასის გამოჩენით დასრულდება. ევოლუცია ჩვენს დროში გრძელდება არა ფიზიოლოგიისა და ანატომიის სიბრტყეში, არამედ სულიერ და მორალურ დონეზე. ჩვენ ევოლუციის ახალი ფაზის ზღურბლზე ვიმყოფებით“.

საკმაოდ ძნელია იპოვო ფიზიკური ევოლუციის სამეცნიერო მტკიცებულებები, მაგრამ სულიერი ევოლუციის მტკიცებულების პოვნა საერთოდ შეუძლებელია. მიუხედავად ყველაფრისა, მას მაინც სწამს მისი არსებობის. ის ამბობს:

„ჩვენი დასკვნები ემთხვევა იმ დასკვნებს, რომლებიც შესაქმის მეორე თავშია გადმოცემული, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს თავი ახლებურად იქნება ინტერპრეტირებული და განიხილება, როგორც ჭეშმარიტების უმაღლესად სიმბოლური გამოხატულება, ჭეშმარიტებისა, რომელიც ამ თავის შემდგენელმა ან ბრძენმა ადამიანებმა ინტუიციით შეიმეცნეს და მისი შინაარსი შემდგენელს გადასცეს“.

რაღა თქმა უნდა, შესაქმე არ დაწერილა ადამიანის ინტუიციით. სწორედაც, რომ პირიქით, წმიდა მამები ამტკიცებენ, რომ მოსემ ღმერთისგან გაიგო ის ყოველივე, რაც ამ წიგნშია დაწერილი. მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი ამბობს, რომ შესაქმე არის წინასწარმეტყველება წარსულის შესახებ; ანუ მოსე ხედავდა წარსულის ამაღლებულ სურათს, თუ როგორი იყო სამყარო დასაწყისში.

ღირსი ისააკ ასური აღწერს, თუ როგორ არის შესაძლებელი ასეთი ხედვა; როგორ ხდება წმიდანის სულის ამაღლება ხილვად ყოველივე არსებულის დასაბამისა. როდესაც აღწერს, თუ როგორი აღტაცებულია სული მომავალ უხრწნად საუკუნეზე ფიქრისას, ღირსი ისააკ ასური წერს:

„და ამით სული ამაღლდება გონებით სამყაროს შექმნამდე, ოდეს არ იყო არცა ქმნილება, არცა ცა, არცა ხმელეთი, არც ანგელოსნი, არაფერი რაც მყოფადი გახდა და როგორ ქმნნა ღმერთმა მხოლოდღა თვისი კეთილი ნებით და ყოველივე უეცრად მოიყვანა უმყოფობიდან მყოფობაში და ყოველივე წარმოდგა მის წინაშე სრულყოფილებით“.

მუსიუ ლე კონტ დუ ნუ აგრძელებს:

„ნება მიბოძეთ შევეცადო ... წმიდა ტექსტის გაანალიზებას, მიუხედავად იმისა, რომ იგი ღრმად სიმბოლურია და სამეცნიერო ჭეშმარიტების საიდუმლო ჩანაწერს წარმოადგენს“.

ეს არაჩვეულებრივად კეთილშობილური მიდგომაა თითქოსდა საწყალი მოსე რაც ძალი და ღონე ჰქონდა ცდილობდა წარმოედგინა ყოველივე არსებულის მეცნიერული სურათი, მაგრამ მიღებული სახეები - ეს ის არის, რისი მიღწევაც მან შეძლო.

ლე კონტ დუ ნუ განმარტავს:

„ღმერთის ყოვლისშემძლეობა იმ ფაქტში ვლინდება, რომ ზღვის ჭიებისგან წარმოქმნილ ადამიანს შეუძლია, დღეს უმაღლესი არსება შვას, სურს, რომ გახდეს მისი წინაპარი. ქრისტე გვაძლევს იმის მტკიცებულებას, რომ ეს განუხორციელებელი ოცნება კი არ არის, არამედ – ხელმისაწვდომი იდეალი“.

მაშასადამე, ქრისტე ერთგვარი სუპერმენია და სწორედ ეს არის იდეალი, რომლისკენაც ევოლუციონირებს ადამიანი.

ლე კონტ დუ ნუი გვაძლევს „სიკეთისა და ბოროტების ახალ კრიტერიუმს“, რომელიც მისი აზრით, „აბსოლუტურია ადამიანთან მიმართებაში“.

„სიკეთე ის არის, რაც ხელს უწყობს წინსვლას ევოლუციის მიმართულებით... ადამიანის პიროვნების პატივისცემა ემყარება ადამიანის, როგორც ევოლუციის მუშაკის, როგორც ღმერთის თანამშრომლის ღირსების აღიარებას... ბოროტება ის არის, რაც ევოლუციას ეწინააღმდეგება... ადამიანის ერთადერთი მიზანი უნდა იყოს მიღწევა ადამიანური ღირსებისა ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით“.

შემდეგ ის ამბობს, რომ ყველა რელიგიაში არსებობენ „მოაზროვნე ადამიანები და ამიტომ ყველა რელიგიაში არის „ერთიანი შთაგონება“, „სულიერი ნათესაობა“, „პირველდაწყებითი იდენტურობა“. ის ამბობს:

„რელიგიათა ერთიანობა ღვთაებრივში უნდა აღმოჩნდეს, სახელდობრ, უნივერსალურად, ადამიანში... ჩვენი რელიგიისგან დამოუკიდებლად, ჩვენ ყველანი ვგავართ მთის პირას ველზე მყოფ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე მაღალ დათოვლილ მწვერვალზე ასვლას ცდილობენ... ყველა ჩვენგანის მზერა ერთი და იმავე მიზნისკენ არის მიპყრობილი... სამწუხაროდ, ჩვენ ერთმანეთისგან ისევე განვსხვავდებით, როგორც ის გზები, რომლებსაც მივყვებით... ოდესღაც, იმ შემთხვევაში თუ აღმასვლა კვლავაც გაგრძელდება, ჩვენ ერთმანეთს მთის მწვერვალზე შევხვდებით... მისკენ მიმავალ გზას კი დიდი მნიშვნელობა არ გააჩნია“.

რაღა თქმა უნდა, მთის მწვერვალი არ არის არც სულის ცხონება, არც ცათა სასუფეველი, არამედ - ხილიასტური ახალი ერის დასაწყისი.

ძნელი არ არის იმის შემჩნევა, რომ ლე კონტ დუ ნუის შეხედულებები არც მართლმადიდებლურია და არც ოდნავ მაინც ქრიატიანული, არამედ – დეისტური. თუმცა ჩვენთვის უსარგებლო არ იქნება გავეცნოთ ამ შეხედულებებს, რადგანაც მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის მიუღებელი რელიგიური რელატივიზმის გარსის შიგნით ევოლუციური შეხედულებები იმალება, რომლებიც სრულებით არ არის უცხო თანამედროვე „ქრისტიანი ევოლუციონისტებისათვის“, მრავალი მართლმადიდებლისათვის. აქ ისეთი ფილოსოფიური და რელიგიური შეხედულებები მჟღავნდება, რომ მათზე პასუხის გასაცემად მზად უნდა იყოს ნებისმიერი ფიქრის მოყვარულიმართლმადიდებელი ქრისტიანი. მოდით, გამოვყოთ ასეთი საკითხების ორი ჯგუფი:

1. როგორც ევოლუციის საყოველთაობის შედეგი, რომელსაც ყველა ევოლუციონისტი აღიარებს (სამყაროში ყველაფერი ევოლუციონირებს, არ არსებობს არავითარი გამონაკლისი ამ ბუნებრივი პროცესიდან), იგი ადამიანის ევოლუციის მომავალს „ზეადამიანის“ ან „უმაღლესი რასის“ წარმოქმნაში ხედავს. იგი საუბრობს აგრეთვე ადამიანის ევოლუციის მომავლის შესახებ. „მორალისა და სულიერების“ დონეზე შეიძლება, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი დაეთანხმოს მსგავს რწმენას? თუ არა, მაშინ რა არგუმეტები აქვს, რომლებიც გამორიცხავენ ადამიანს ამ საყოველთაო ბუნებრივი პროცესიდან?

2. შესაქმის წიგნი, მისი აზრით, „ახლებურად უნდა განიმარტოს“, სიმბოლურად. სახელდობრ, ადამის შეცოდება ისტორიული მოვლენა კი არ იყო, არამედ უბრალოდ „ადამიანის თვითშემეცნების დაბადების სიმბოლო“. შეიძლება, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი დაეთანხმოს ამას? როგორ ესმის მართლმადიდებელ ქრისტიანობას ეს საკითხი?



წინა - სარჩევი - შემდეგი