* ეს თავი შეირჩა შემდეგი სამი წყაროს მასალიდან:
1. აუდიოფირზე ჩაწერილი ტექსტი. ამ ლექციებს მამა სერაფიმე კითხულობდა 1975 წელს „მართლმადიდებელი ცხონების კურსში“ (თავისი ადრინდელი ლექციების გაგრძელება),
2. მამა სერაფიმეს ჩანაწერები, როდესაც ის მუშაობდა დაუსრულებელ თავზე სახელმწიფო სკოლის მასწავლებელთან პ.ე. - სთან და
3. მამა სერაფიმეს ჩანაწერები ტეიარ დე შარდენის შესახებ. საბოლოოდ მივიღეთ არაჩვეულებრივად ფართო გამოკვლევა „ქრისტიანული ევოლუციონიზმის“ შესახებ. განსაკუთრებით ტეიარ დე შარდენზე, რომელსაც მამა სერაფიმემ უწოდა „ევოლუციონიზმის დიდი თანამედროვე „წინასწარმეტყველი.
არსებობს ევოლუციური ფილოსოფიის ისეთი ფორმები, რომელთა შორის განსაკუთრებით მარქსიზმი გამოირჩევა რომლებიც ხმამაღლა აცხადებენ, რომ ყოვლისმომცველ ფილოსოფიას წარმოადგენენ, ცვლიან რა „უკუგდებულ“ ფილოსოფიას ქრისტიანობისას.*
* კარლ მარქსი ჭეშმარიტი დარვინისტი იყო. თავის „კაპიტალში“ მან დარვინის თეორიას „ეპოქის შემქმნელი“ უწოდა. მას სჯეროდა, რომ სოციალური საზოგადოების განვითარების მისეული რედუქციონისტული მატერიალისტური თეორია მთლიანად შეესაბამებოდა დარვინის აღმოჩენებს და ამიტომ „კაპიტალის“ დარვინისადმი მიძღვნას აპირებდა. მარქსის დაკრძალვაზე წარმოთქმულ სიტყვაში ენგელსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომუნიზმი ევოლუციის თეორიას ეყრდნობა: „როგორც დარვინმა აღმოაჩინა ევოლუციის კანონი ორგანულ ბუნებაში, ასევე მარქსმა აღმოაჩინა ევოლუციის კანონი კაცობრიობის ისტორიაში“.
ასეთ ათეისტ-ევოლუციონისტთა არგუმენტები, უკეთეს შემთხვევაში, გულუბრყვილოა, უმეტესად საკუთარ თავს ეწინააღმდეგება და სულაც არ არის საჭირო მათთან კამათი; დღეს მრავალი თანამედროვე ათეისტიც კი ხვდება, რომ ღმერთის რწმენის ვერც „დამტკიცებაა“ შესაძლებელი და ვერც „უარყოფა“, მაგრამ შესაძლებელია ღმერთის რწმენის მიღება ან უარყოფა, ამასთან ისეთი პოზიციებიდან გამომდინარე, რომლებიც მთლიანად დაშორებულია სამეცნიერო მტკიცებულებებს.
ცხადია, რომ თვით ევოლუციურ შეხედულებაში ისეთი არაფერია, რაც აუცილებლად ათეისტურ პოზიციას მოითხოვს. მართლაც, აღმოჩნდა, რომ საღად მოაზროვნე ადამიანის ცნობიერებისათვის ევოლუციის თეორიას გაცილებით უფრო დიდი აზრი აქვს, თუ ამ თეორიაში სულ მცირეოდენი ღვთის რწმენა მაინც არის; იმ ღმერთისა, რომელიც მართავს და ხელმძღვანელობს მთელ ამ პროცესს. ფილოსოფია სიცოცხლისა, რომელიც ატომთა „შემთხვევითი“ თამაშის შედეგად წარმოიქმნა, ხოლო თვით ატომებიც ასევე „შემთხვევით“ გაჩნდა, მხოლოდ განსაკუთრებით გონებაშეზღუდული და ჯიუტი ადამიანისთვის არის მისაღები.
ამიტომ მართლმადიდებელ ქრისტიანთა ევოლუციისადმი დამოკიდებულება არავითარ შემშთხვევაში არ წარმოადგენს აშკარად ანტირელიგიური და ანტიქრისტიანული ფილოსოფიის მხოლოდ მიუღებლობას; ყველა გაწაფული ევოლუციონისტი გარკვეული აზრით „რელიგიურია“, ხოლო მრავალ „ქრისტიან ევოლუციონისტთა“ შორის ზოგიერთს „მართლმადიდებელი ღვთისმეტყველის“ რეპუტაციაც კი აქვს. ჩვენ აქ სწორედ ამ „ქრისტიან ევოლუციონისტთა“ შეხედულებებს განვიხილავთ, იმ ადამიანთა, ვინც თავს მართლმადიდებელ ქრისტიანებად აცხადებენ, ან, უკიდურეს შემთხვევაში, რომელთა ევოლუციური შეხედულებების შესახებ მრავლად არის მართლმადიდებელ ქრისტიანთა დადებითი გამოძახილი. ამრიგად, ევოლუციური ფილოსოფია შეგვიძლია განვიხილოთ მისი საუკეთესო სახით, რომელიც „მორგებულია“ მართლმადიდებელი ღვთისმეტყველების შეხედულებებზე. საბოლოოდ ჩვენ მივუახლოვდებით იმის გაგებას, თუ რამდენად არის შესაძლებელი ევოლუციური ფილოსოფიის თავსებადობა მართლმადიდებელ ქრისტიანობასთან. ჩვენ აქ არ დავიწყებთ ამ „ქრისტიან ევოლუციონისტთა“ შეხედულებების ზედმიწევნით კრიტიკას, არამედ, უმეტესად შევეცდებით გავიგოთ რა საკითხები წამოიჭრება ამ დროს მართლმადიდებელი სარწმუნოებისათვის.
დასკვნით ნაწილში, რომლიც სამყაროს შექმნის შესახებ მართლმადიდებელ წმიდა მამათა სწავლებას ეძღვნება, ამ საკითხებს დაწვრილებით განვიხილავთ. უკანასკნელი წლების განმავლობაში მართლმადიდებელ პრესაში ევოლუციის პრობლემის შესახებ მრავალი სტატია გამოქვეყნდა, მომცრო და საკმაოდ ვრცელიც. საბერძნეთის საეგზარქოსოს ოფიციალურმა ბეჭდვითმა ორგანომ, გაზეთმა „მართლმადიდებელმა მიმომხილველმა“ გამოაქვეყნა რამდენიმე წერილი, რომლებიც გვაოცებენ მართლმადიდებელი შეხედულებებიდან თავისი დაშორებით. ერთ-ერთი მათგანი, სათაურით „ევოლუცია მწვალებლობაა?“ იმოწმებს „კარგად ცნობილი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველის“ პანაგიოტის ტრემპელასის ციტატას: „უფრო მშვენიერი და ღვთაებრივი და უფრო ჰარმონიულად შეხამებული ჩვეულებრივ საღვთო წესრიგთან, რასაც ყოველდღე ვხედავთ ბუნებაში გამოხატულს, აღმოჩნდა სხვადასხვა ფორმათა ევოლუციური გზით შექმნა; თვით ღმერთი ამ დროს პირველი და უზენაესი მიზეზია იმ მეორეხარისხოვან მიზეზებთან შედარებით, რომლებიც უშუალოდ იწვევენ სახეობათა მრავალფეროვნების განვითარებას“.
ასეთია ყველა „ქრისტიან ევოლუციონისტის“ შეხედულება და იგი სხვა მეტად მნიშვნელოვან კითხვას სვამს: შესაძლებელია თუ არა „ჩვეულებრივი ღვთაებრივი წესრიგით, რასაც ყოველდღე ვხედავთ ბუნებაში გამოხატულს“ მივიღოთ ცოდნა ღმერთის მიერ სამყაროს შექმნის შესახებ; ეს კითხვა არავითარ შემთხვევაში არ არის ისე მარტივი, როგორც შესაძლოა, ერთი შეხედვით მოგვეჩვენოს და კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი კითხვა ისმის ასეთ პოზიციასთან დაკავშირებით: მაშინ რა შექმნა ღმერთმა დასაწყისში (ევოლუცია, განსაზღვრის თანახმად, პროცესია, რომელიც დროში მიმდინარეობს, მაშასადამე მას დასაწყისი უნდა ქონდეს)? მხოლოდ „კოსმოსური ენერგიის ლეკერტი“, რომელსაც ათეისტი ფილოსოფოსები მართავენ, როდესაც ეძიებენ ევოლუციური პროცესის წარმოქმნას? თუ „დასაწყისის“ საკითხის შესახებ აბსოლუტურ აგნოსტიციზმს უნდა მივდიოთ, როგორც ამას მრავალი ათეისტი ფილოსოფოსი გვიბრძანებს?
სტატია ასე მთავრდება:
„რამდენადაც ქრისტიანები აღიარებენ ღმერთის შემოქმედ ძალას ევოლუციის პროცესში, ამდენად ევოლუციის მწვალებლობისადმი მიკუთვნება თავდაჯერებული და წინდაუხედავი ნაბიჯი იქნებოდა“.
ასეთი დასკვნა აშიშვლებს მკაფიოდ გამოკვეთილ გამარტივებულ მიდგომას ევოლუციის ფილოსოფიისადმი მთლიანობაში. „ქრისტიან ევოლუციონისტთა“ მსოფლმხედველობა უპირატესად ასეთი მიდგომით ხასიათდება. ისინი სერიოზულად და კრიტიკულად ჩაუფიქრდნენ რეალურ პრობლემათა მთელ სპექტრს, პრობლემებისა, რომლებსაც ეს ფილოსოფია აყენებს მართლმადიდებელი რწმენის წინაშე. ამ სტატიის მთელი არსი, რომელიც მართლაც მრავალი ამერიკელი მართლმადიდებელი კლირიკოსის (ანუ მათი, ვინც „ევოლუციურ ატმოსფეროში იზრდებოდა, მაგრამ დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა მას) შეხედულებას ასახავს, შემდეგში მდგომარეობს: როგორც კი ევოლუციის თეორიას დაემატება „ღმერთი“, იგი მაშინვე მისაღები ხდება მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის. ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში ვეწინააღმდეგებით მას, თუ იგი ათეისტური ევოლუციაა. მაგრამ, რაღა თქმა უნდა, რომ ეს საკმაოდ რთული კითხვის მეტად იოლი პასუხია თავისთავად რას წარმოადგენს ევოლუციის ფილოსოფია? თავსებადია კი იგი მართლმადიდებელი ქრისტიანობის საღვთისმეტყველო და ფილოსოფიურ შეხედულებებთან, თუნდაც „ღმერთი“ ჰქონდეს დამატებული? ყველა უდიდეს ერეტიკოსსაც სწამდა „ღმერთი“: ჭეშმარიტად, ეშმაკებსაც სწამთ და ძრწიან კიდეც (იაკ. 2, 19). მართლმადიდებელი ქრისტიანისაგან მოითხოვება უფრო მწყობრი აზროვნება იმისათვის, რათა შეიმეცნოს, თუ რა არის ევოლუცია.
ბერძენი ღვთისმეტყველის სტატია კიდევ იმას ამბობს, რომ ევოლუცია არ შეიძლება მწვალებლობა იყოს, რადგანაც მრავალი ქრისტიანს სწამს მისი ტრემპელასის გარდა, სტატია „ქრისტიანული ევოლუციონიზმის“ კიდევ ორი წარმომადგენლის ციტატას იყენებს, ესენია პიერ ლე კონტ დუ ნუი და ტეიარ დე შარდენი. მოდით, მოკლედ შევჩერდეთ დუ ნუიზე და განვიხილოთ მისი შეხედულებები.
წინა - სარჩევი - შემდეგი