მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი


წიგნი შესაქმისა:
სამყაროს შექმნა და ძველი აღთქმის პირველი ადამიანები
მართლმადიდებლური ხედვა



ნაწილი II
ევოლუციის ფილოსოფია


თავი II. ევოლუციური მოდელის მოკლე კრიტიკა
კონფლიქტი ქრისტიანულ ქეშმარტებისა და ევოლუციურ ფილოსოფიას შორის


 

ახლა იმას უნდა გავეცნოთ, რასაც მართლმადიდებლობა ამბობს ევოლუციის საკითხის შესახებ, რაკი იგი ფილოსოფიასა და ღვთისმეტყველებას ეხება.

ევოლუციის თეორიის თანახმად, ადამიანი გამოვიდა ველური მდგომარეობიდან და ამიტომაც წიგნებში გამოხატულია კრომანიონელი, ნეანდარტალელი და ა.შ. ძალიან ველური შესახედაობის არსებები, რომლებიც მზად არიან ვინმეს თავში უთავაზონ და ხორცი მოიპოვონ. ცხადია, რომ ეს ვიღაცის წარმოსახვაა, რომელიც არ ეყრდნობა არც ნაპოვნი ნამარხი ნაშთების ფორმებს, არც სხვა რაიმეს.

თუ ვივარაუდებთ, რომ ადამიანი ველურობის მდგომარეობიდან აღსდგა, მაშინ მთელი წარსული ისტორიაც ასეთი პირობების კონტექსტში აიხსნება. მართლმადიდებლური შეხედულებით ადამიანი დაეცა და საკუთარ თავს მოუსპო სამოთხის მდგომარეობა. ევოლუციურ ფილოსოფიაში არ არის ადგილი ადამის ზებუნებრივი მდგომარეობისათვის. ისინი, ვისაც სურთ შეინარჩუნონ ქრისტიანობისა და ევოლუციონიზმის შეხედულებები, იძულებულნი არიან ხელოვნური სამოთხე მოიგონონ მაიმუნისმაგვარი არსებებისთვის. სავსებით ნათელია, რომ შეუძლებელია ამ ორი განსხვავებული სისტემის ურთიერთშეთავსება.

საბოლოო ანგარიშით, ის ადამიანები, რომლებიც უშვებენ ასეთ შესაძლებლობას ამ ბოლო ათწლეულში (მათ შორის არის მრავალი კათოლიკე), რწმუნდებიან, რომ ისინი ძალიან დაიბნენ და მაშინ აღიარებენ, რომ ევოლუცია ჭეშმარიტება უნდა იყოს, ხოლო ქრისტიანობა მათთვის მითი აღმოჩნდება. ისინი იწყებენ ახსნას, რომ ადამიანის ცოდვით დაცემა ეს მხოლოდ და მხოლოდ არის ვარდნა კოსმოსური უმწიფობის მდგომარეობიდან: როდესაც მაიმუნისმაგვარი მდგომარეობიდან ევოლუციონირდნენ ადამიანურ არსებად, მაშინ მათ ცნობიერებაში წარმოიქმნა დანაშაულის კომპლექსი აი სწორედ ეს არის ცოდვით დაცემა. უფრო მეტიც, ისინი მივიდნენ შემდეგ დასკვნამდე: თავდაპირველად არსებობდა ადამიანურ არსებათა არა მხოლოდ ერთი წყვილი, არამედ მრავალი. ამას პოლიგენეზისს უწოდებენ, რომლის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი მრავალი სხვადასხვა წყვილისგან წარმოიქმნა.

როგორც კი იწყებენ იმ იდეის განხორციელებას, რომ შესაქმის წიგნი და ადამიანის შექმნა რაციონალისტურ შემოწმებას უნდა დაექვემდებაროს – თანამედროვე მოაზროვნეთა ნატურალისტური ფილოსოფზის საფუძველზე — მაშინ ქრისტიანობა გვერდზე უნდა გადავდოთ. ნატურალისტური ფილოსოფია ფარდობითი ჭეშმარიტების სფეროშია. მეორე მხრივ, წმიდა მამათა სწავლებაში ჭეშმარიტება მიღებულია გამოცხადებით, რომელსაც ჩვენ ღვთივშთაგონებული ბრძენკაცები გვაწვდიან. წმიდა მამათა შრომებში ძლიერ დიდი მასალა არის ევოლუციის შესახებ, თუმცა, ერთი შეხედვით, ამას ვერ იტყვი. თუკი ვიფიქრებთ იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ევოლუცია ფილოსოფიური და საღვთისმეტყვველო აზრით, ხოლო შემდეგ მოვძებნით ამ კითხვის პასუხს წმიდა მამებთან, მაშინ საკმარისი რაოდენობის მასალას ვიპოვით. ახლა ჩვენ არ შეგვიძლია აქ ყოვლივე დაწვრილებით განვიხილოთ, მაგრამ რამდენიმე საკითხზე კი შევჩერდებით, რათა ევოლუცია წმიდა მამათა სწავლების მიხედვით დავახასიათოთ.

პირველი, რაც უნდა აღვნიშნოთ წმიდა მამათა მიხედვით ის არის, რომ სამყაროს შექმნა მთლიანად განსხვავდება იმ სამყაროსგან, რომელიც დღეს ჩვენს თვალწინ არის; იქ სულ სხვა პრინციპი მოქმედებდა. ეს ეწინააღმდეგება თანამედროვე „ქრისტიანი ევოლუციონისტების“ აზროვნებას. ერთ-ერთი ასეთი ევოლუციონისტი, ბერძენი „ღვთისმეტყველი“ პანაგიოტის ტრემპელასი წერს, რომ „უფრო მშვენიერი და ღვთაებრივი და უფრო ჰარმონიულად შეხამებული ჩვეულებრივ ღვთაებრივ წესრიგთან, რასაც ყოველდღე ვხედავთ ბუნებაში გამოხატულს, აღმოჩნდა სხვადასხვა ფორმათა ევოლუციური გზით შექმნა.

(აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალიან ხშირად „ღვთისმეტყველები“ ჩამორჩებიან ხოლმე თავის დროს. ისინი თითქოს ბოდიშს იხდიან სამეცნიერო დოგმატების გამოყენების გამო და ისეთ დასკვნებს აკეთებენ, რომლებიც, როგორც პრინციპულად მოძველებული, დიდი ხანია რაც უარყვეს. ასე იმიტომ ხდება, რომ ეს „ღვთისმეტყველი“ სწავლულები იცნობენ თანამედროვე პროფესიულ ლიტერატურას და შიშობენ ჩამორჩენილნი არ გამოჩნდნენ ან ისეთი რამ არ თქვან, რაც ეწინააღმდეგება სამეცნიერო თვალთახედვას. ასე მაგალითად, ისინი, შესაძლოა სავსებით გაუცნობიერებლად გაიტაცოს ევოლუციურმა იდეამ ისე, რომ მთლიანობაში გულდასმით არ გაიაზრონ განსახილველი საგანი, რაკიღა არ ხელმძღვანელობენ კარგად ჩამოყალიბებული ფილოსოფიით და არ იცნობენ სამეცნიერო მონაცემებს და პრობლემებს).

პანაგიოტის ტრემპელისის აზრით, სამყაროს შექმნა უნდა შეესაბამებოდეს იმ წესრიგს და იმ ხერხებს, რომლებსაც ღმერთი ყოველთვის იყენებს. ამ აზრს არაფერი აქვს საერთო წმიდა მამათა აზრებთან, რადგანაც სამყაროს შექმნა - უნიკალური მომენტია, როდესაც თვით სამყარო შეიქმნა და მყოფობაში მოვიდა. ყველა წმიდა მამა, რომლებიც ამის შესახებ წერდა, ამბობს, რომ შესაქმის ეს პირველი ექვსი დღე სრულებით განსხვავდება ყოველივე იმისგან, რაც კი მომხდარა მსოფლიოს ისტორიაში.

ნეტარი ავგუსტინეც კი ამბობს, რომ სამყაროს შექმნა საიდუმლოებაა. ის ამბობს, რომ ჩვენ არ ძალგვიძს ვიმსჯელოთ ამის შესახებ, რადგანაც იგი აგრერიგად განსხვავდება ყოველივე იმისგან, რაც ჩვენ გამოცდილებით ვიცით; ეს მიუწვდომელია ჩვენი ცნობიერებისთვის. ჩვენ არ შეგვიძლია ბუნების დღევანდელი კანონების წარსულზე პროექცირება და დასკვნების გაკეთება სამყაროს შექმნის გაგების შესახებ. ქმნადობა – ეს რაღაც ყოველივესგან აბსოლუტურად განსხვავებულია; ეს არის დასაბამი ყოველივე არსებულისა, მაგრამ არა ისე, როგორც ყოველივე არსებობს დღეს.

ზოგიერთი, საკმაოდ გულუბრყვილო „ღვთისმეტყველი", ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ შესაქმის ექვსი დღე შესაძლოა განუსაზღვრელი დროის ხანგრძლივობის იყოს, ამდენად ისინი შესაძლოა შეესაბამებოდნენ სხვადასხვა გეოლოგიურ ფენებს. ეს, რაღა თქმა უნდა, ნონსენსია, რადგანაც არ არსებობს ექვსი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული ფენა, ან ხუთი, ან ოთხი, ან საერთოდ რაიმე მსგავსი. არსებობს ძალზე ბევრი ფენა და ისინი სრულებითაც არ შეესაბემებიან შესაქმის ექვს დღეს. ასე რომ, ეს მისადაგების ფრიად წარუმატებელი ცდა არის.

სხვათაშორის, დაე ეს მტკიცებულება ზედმეტად ფუნდამენტალისტური მოგვეჩვენოს, წმიდა მამები გარკვევით ამტკიცებენ, რომ თითოეული ეს დღე ოცდაოთხი საათი გრძელდებოდა. ღირსი ეფრემ ასური მათ ორ ნაწილად თორმეტ-თორმეტ საათადაც კი ყოფს. მღვდელმთავარი ბასილი დიდი ამბობს, რომ შესაქმის წიგნში პირველ დღეს ეწოდება არა „პირველი დღე“ არამედ „დღე ერთი“, რადგანაც ამ ერთი დღის ხანგრძლივობას ღმერთი იყენებს მთელი დანარჩენი ქმნადობის საზომ ერთეულად; ანუ ეს არის პირველი დღე, რომელიც, როგორც ის ამტკიცებს, ოცდაოთხი საათი გრძელდებოდა და არის კიდევ ზუსტად ასეთი დღე, რომელიც მეორდება მთელი დანარჩენი ქმნადობის დროს.

თუ უფრო ღრმად ჩავუფიქრდებით ამ გარემოებას, ვნახავთ, რომ ამის გაგება განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს, რადგანაც ღმერთის მიერ სამყაროს შექმნა რაღაც ისეთია, რაც მთლიანად გამოდის ჩვენი დღევანდელი ცოდნის ფარგლებიდან დღეების ეპოქებისადმი მორგებას არავითარი აზრი არ აქვს; ისინი ერთმანეთს არ შეესაბამებიან. ამიტომ, რა საჭიროა დღე, რომელიც ათასი ან მილიონი წელი გრძელდება?*

* ზიგიერთი თანამედროვე განმმარტებელი, რომლებიც შესაქმის წიგნის მოვლენების ევოლუციის დროით სკალასთან შეთავსებას ცდილობენ, ამაოდ დაშვრნენ, როცა მოინდომეს ეჩვენებინათ, რომ წმიდა მამები შესაქმეს ექვს დღეს თითქოსდა დროის უზარმაზარ ერთეულად მიიჩნევდნენ. მათ, ვინც ამ მიზნით იმოწმებს ღირსი იოანე დამასკელის გამონათქვამს „ამა სოფლის შვიდი საუკუნის შესახებ“ (Точное изложение православной веры 2:1), არასწორად გაიგეს ამ სიტყვების აზრი. შეხედულება იმის შესახებ, რომ მსოფლიო ისტორია შვიდი საუკუნისგან შედგება, რაც შესაქმის კვირის შვიდ დღეს შეესაბამება, საკმაოდ ძველია, და ჯერ კიდევ ქრისტიანობამდე ჩნდება (Danian Thompson, The End of Time, გვ. 7,29 და Francis IHabek, The Age of the World, გვ. 19–21); მაგრამ ამ შეხედულების შესაბამისად შვიდი საუკუნე მოსდევს შესაქმის კვირას. ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი განმარტავს ამ აზრს, როდესაც საუბრობს, თუ როგორ შექმნა ღმერთმა ყოველივე ექვსი დღის განმავლობაში, ხოლო მეშვიდე დღეს მოისვენა საქმეთაგან: „მან (ღმერთმა), როგორც წინასწარმეტყველმა ყოველივესი, ყოველი ქმნილება მოაწყო წესრიგით და კეთილმიმდევრობით; და შვიდი დღეც განსაღვრა ვითარცა იქნება საუკუნეებში, როგორც უნდა მოხდეს შემდგომად, დროთა განმავლობაში (О совершении мира и создании Адама, სიტყვა 45, გვ. 370. ხაზგასმა წინამდებარე გამოცემაშია).

ღირსი იოანე დამასკელი სავსებით ნათლად გადმოსცემს თავის აზრს, როდესაც „შვიდი საუკუნის“ შესახებ საუბრობს, მიაკუთვნებს რა მათ მსოფლიო ისტორიას, რაც შესაქმის კვირას მოსდევს, რადგანაც იგი ამბობს, რომ თანამედროვე მსოფლიოს შვიდი საუკუნე მრავალ საუკუნეს, ანუ მრავალი ადამიანის ცხოვრებას მოიცავს" (Точное изложение православной веры 2:1). ეს კიდევ უფრო ცხადი ხდება იმავე ნაშრომის ერთ-ერთ მომდევნო თავში, სადაც იგი განსაკუთრებულად წერს შესაქმის ექვსი დღის შესახებ და მიუთითებს, რომ ამ დღეების ხანგრძლივობის, – პირველი სამი დღისაც კი, ჯერ კიდევ მზის შექმნამდე – მზის დღეების ხანგრძლივობას შეესაბამება, რომელთაგან 365 შეადგენს „თორმეტი მზის თვეს“ (Точное изложение православной веры 2:7).

წმიდა მამები ერთსულოვანნი არიან იმაში, რომ ღვთის საქმეები მყისიერია. მღვდელმთავარი ბასილი დიდი, მღვდელმთავარი ამბროსი მედიოლანელი, ღირსი ეფრემი და მრავალი სხვა გვარწმუნებენ, რომ როდესაც ღმერთი ქმნის, ის წარმოთქვამს სიტყვას, რომელიც მაშინვე ცხადდება, აზრზე უსწრაფესად მოდის მყოფობაში.

აღნიშნულის შესახებ წმიდა მამათა მრავალი გამონათქვამი არსებობს, მაგრამ ჩვენ მათ ახლა არ მოვიტანთ. არცერთი მათგანი არ ამბობს, რომ ქმნადობა დიდხანს გრძელდებოდა. არის შესაქმის ექვსი დღე და წმიდა მამათა განმარტებებში მინიშნებაც კი არ არის იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ეს ხანგრძლივი პროცესი ყოფილიყო.

მოსაზრება იმის შესახებ, რომ ადამიანი რაღაც უფრო მდაბლიდან შეიქმნა, ნებისმიერი წმიდა მამისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. პირიქით, ისინი ამბობენ, რომ ჯერ შეიქმნა უფრო დაბალი არსებები, რათა მომზადებულიყო გარემოცვა უმაღლესი ქმნადობისთვის. ეს უმაღლესი ქმნადობა არის ადამიანი, რომელმაც უნდა იმეუფეოს ყოველივეზე, რომელიც მის შექმნამდე იყო შექმნილი. წმიდა მღვდელმთავარი გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი მეექვსე დღეს და დააბრძანა ახლად შექმნილ დედამიწაზე.

წმიდა მამათა მთელი სწავლება მეტყველებს სამყაროსა და ადამის შესახებ შეცოდებამდე. ადამისთვის არსებობდა უკვდავების შესაძლებლობა. როგორც ნეტარი ავგუსტინე ამბობს, ის იმგვარად იყო შექმნილი, რომ მისი სხეული ან მოკვდავი ან უკვდავი უნდა ყოფილიყო და შეცოდებით მან თვისი სხეულისთვის სიკვდილი აირჩია.

ადამის შეცოდებამდე მთელი ღვთიური ქმნილება სხვა მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამის შესახებ წმიდა მამები ბევრს არაფერს ამბობენ; ეს მართლაც აღემატება ჩვენს ცნობიერებას, მაგრამ განსაკუთრებით მჭვრეტელობითი ცხოვრების მქონე ზოგიერთი წმიდა მამა, ისეთი როგორიც არის წმ. გრიგოლი სინელი, გვთავაზობს სამოთხის მდგომარეობის აღწერას. წმ. გრიგოლი ამბობს, რომ სამოთხე ახლაც ისეთივე მდგომარეობაშია, როგორშიც იყო იმ დროს, მაგრამ იგი ჩვენთვის უხილავი გახდა. იგი მოთავსებულია ხრწნადობასა და უხრწნადობას შორის, ასე რომ, როდესაც ხე სამოთხეში ეცემა, იგი კი არ ლპება, რასაც ჩვენს ირგვლივ ვხედავთ, არამედ ყველაზე უფრო კეთილსურნელებად გარდაიქმნება. ეს არის მინიშნება, რომელიც იმას გვეუბნება, რომ სამოთხე აღემატება ჩვენს ჩვეულებრივ გაგებას და რომ იქ არსებობს რაღაც სხვაგვარი კანონი.

ჩვენთვის ცნობილია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც სამოთხეში მოხვდნენ. მაგალითად, ღირსი ეფროსინი, მზარეული, რომელმაც სამოთხიდან სამი ვაშლი მოიტანა. ეს სამი ვაშლი რამდენიმე ხნით შეინახეს, შემდეგ ბერებმა ის დაანაწილეს და შეჭამეს; ვაშლი ძალიან ტკბილი იყო. გადმოცემით ვიცით, რომ ისინი ვაშლებს მიირთმევდნენ, როგორც ციურ პურს, რაც ადასტურებს მატერიის არსებობას და ამავე დროს რაღაც მატერიისგან სრულიად განსხვავებულის არსებობასაც. დღეს გამოთქვამენ ვარაუდებს მატერიისა და ანტიმატერიის შესახებ, იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს მატერიის წყარო ან ფესვები არავის ძალუძს თქვას რაიმე უფრო გარკვევით. მაშ, რატომ უნდა გავიკვირვოთ მტკიცებულება სხვა სახის მატერიის არსებობის შესახებ?*

* სხვა ადგილას მამა სერაფიმე იმოწმებს სვიატო ტროიცკის სემინარიის პროფესორის ი.მ. ანდრეევის ციტატას იმ საკითხის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა მატერია შეცოდების დროს: „ქრისტიანობა ყოველთვის განიხილავდა მატერიის თანამედროვე მდგომარეობას, როგორც შეცოდების შედეგს... ადამიანის ცოდვამ შეცვალა მთელი ბუნება, მათ შორის ღმერთის მიერ დაწყევლილი ბუნების მატერიის ჩათვლით (შესაქმე 3,17) (ანდრეევი „Научные знания и христианская истина“, კრებულში St. Vladimir National Calendar for 1974, გვ. 69) იხ. აგრეთვე ვლადიმირ ლოსსკი „Очерк мистического богословия Восточной церкви" გვ.103-104.

ჩვენ აგრეთვე ვიცით, რომ იქნება სხვა სხეული, სულიერი სხეული. ჩვენი სხეული აღდგომის შემდეგ სხვა სახის მატერიისგან იქნება. მატერიისგან, რომელიც განსხვავებულია იმისგან, რომელსაც ვიცნობთ. წმ. გრიგოლ სინელი ამბობს, რომ იგი მოგვაგონებს ჩვენს ჩვეულებრივ სხეულს, მხოლოდ წყლისა და სიმძიმის გარეშე. ჩვენ ვერ ვიტყვით, თუ რას ნიშნავს ეს, დაახლოებით ისევე, როგორც ძნელია ანგელოზის შესახებ რაიმე ვუთხრათ ადამიანს, რომელსაც არასოდეს უნახავს ანგელოზი.

ჩვენ არ გვჭირდება ვარაუდები იმის შესახებ, თუ როგორი სახის არის ეს მატერია, ვინაიდან ჩვენ ამას თავის დროზე, მომავალ ცხოვრებაში გავიგებთ. საკმარისია ვიცოდეთ, რომ სამოთხე და ყოველივე ქმნილების მდგომარეობა ადამის შეცოდებამდე მთლიანად განსხვავდებოდა იმისგან, რასაც დღეს ვიცნობთ.

დღეს მოქმედი ბუნების კანონები, ღმერთმა მაშინ დააწესა, როდესაც ადამმა შესცოდა; ანუ, მაშინ, როცა ღმერთმა თქვა: წყეული იყავნ ქუეყანა საქმეთა შინა შენთა! (შესაქმე 3,7) და მწუხარებით ჰშვნე შვილნი... (შესაქმე 3, 16).

ადამმა ქვეყნად სიკვდილი მოიტანა, ამდენად, სავსებით შესაძლებელია, რომ შეცოდებამდე არცერთი ქმნილება არ მომკვდარა. შეცოდებამდე ევა ქალწული იყო. ღმერთმა შექმნა მამაკაცი და დედაკაცი იცოდა რა, რომ ადამიანი შესცოდავდა და მისთვის მოდგმის გასაგრძელებლად ასეთი საშუალება იქნებოდა საჭირო. ქმნილებათა მდგომარეობა ადამის შეცოდებამდე დიდი საიდუმლოა, რომლის დანახვაც არ გვჭირდება, რადგანაც ჩვენ ვერ გავაცნობიერებთ, თუ „როგორ“ ხდებოდა სამყაროს შექმნა. ჩვენ ვიცით, რომ სამყარო ექვსი დღის განმავლობაში შეიქმნა და წმიდა მამებიც ამბობენ, რომ თითოეული ეს დღე ოცდაოთხ საათს გრძელდებოდა. აქ არაფერია გასაოცარი – ღმერთის საქმენი მყისიერია: ღმერთს სურს და იქმნება, წარმოთქვამს სიტყვას და იგი ცხადი ხდება. თუ ჩვენ გვწამს ყოვლისშემძლე ღმერთი, მაშინ აქ არავითარი სირთულე არ არის. მაგრამ როგორ იყო შესაქმის დროს, რა რაოდენობის სახეობა შეიქმნა – მაგალითად, ჩვენთვის ცნობილი კატების ყველა ჯიში შეიქმნა თუ ხუთი ძირითადი ჩვენ ამას ვერ ვიგებთ და ამას არც აქვს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა.*

* როგორც ფილიპ ჯონსონი აღნიშნავს, მეცნიერ კრეაციონისტთა დოგმატი „ყოველთვის გულისხმობდა, რომ ღმერთმა ძირითადი ჯიშები და სახეობები შექმნა, რომლებმაც შემდეგ მთელი მრალფეროვნება შვეს. კრეაციონისტთა მიკროევოლუციის ყველაზე უფრო გავრცელებული მაგალითია ადამისა და ევას შთამომავლობა, – პირველმშობელთა ერთი წყვილისგან იშვა კაცობრიობის მრავალფეროვანი რასები“ (Darvin on Trial, გვ. 68).

ევოლუციის თეორიის ღმერთის იდეით შევსებას, რასაც ზოგიერთი ქრისტიანი ევოლუციონისტი აკეთებს, არავითარი სარგებლობა არ მოაქვს, თუმცა ეს ერთი საკითხის გადაწყვეტაში გვეხმარება: საიდან წარმოიქმნა ყოველივე არსებული თავდაპირველად. სახამებლის მსგავსი კოსმოსური ჟელეს მაგიერ ჩნდება ღმერთი. ახლა ყოველივე უფრო ნათელია, სამყაროს შექმნის სურათი გასაგები ხდება. თუ წარმოვიდგენთ სახამებლის მსგავს ჟელეს სადღაც კოსმოსში, მაშინ ყველაფერი ძალიან მისტიფიცირებული ხდება, რაც ამძიმებს გაგების პრობლემებს. მატერიალისტისთვის ამას აქვს აზრი, თუმცა მხოლოდ მისი წინასწარ აკვიატებული აზრიდან გამომდინარე.

მაგრამ, მხოლოდ ასეთი ინტერპრეტაციის გარდა - თუ საიდან ჩნდება ყოველივე თავდაპირველად - ევოლუციის იდეას მაინც არაფერი ეშველება, მიუხედავად ღმერთისადმი მიმართვისა. თეორიის სიძნელეები გადაულახავი რჩება, იმის მიუხედავად ამის მიღმა არის თუ არა ღმერთი.

ევოლუციის თანამედროვე ფილოსოფია და მართლმადიდებელი სწავლება ერთმანეთისაგან განსხვავდება არა მხოლოდ წარსულის, არამედ ადამიანის მომავლის გაგებაშიც. თუ შესაქმე ერთიანი დიადი ქსოვილის ევოლუციონირებაში მდგომარეობს, ქსოვილისა, რომელიც მუტაციების გზით ახალ სახეობებად გარდაიქმნა, მაშინ მომავალში უნდა ველოდოთ „ზეადამიანის“ ევოლუციას რასაც მალე განვიხილავთ. (იხ. თავი „ქრისტიანული ევოლუციონიზმი“.)

თუკი შესაქმე წარმოადგენს ერთმანეთისგან განსხვავებულ ქმნილებებს, მაშინ ჩვენ სხვა რამეს უნდა ველოდოთ. ამ შემთხვევაში არ უნდა ვიფიქროთ, რომ არსებული ქმნილებანი შეიცვლებიან ან დაბალი ფორმებიდან უფრო მაღლისკენ განვითარდებიან.

წმიდა მამების სწავლება ცხოველთა სამყაროს „სახეობების“ გარდაქმნის უნარის შესხებ სავსებით გარკვეულია (წმიდა მამები სიტყვა „სახეობას“ იმგვარად იყენებენ, როგორც შესაქმეშია ნათქვამი; „სახესხვაობა“ მეტად თავისუფალი ცნებაა, რომლის მეშვეობითაც ვერ მოვახერხებთ მათ განცალკევებას). მოვიყვანოთ ზოგიერთი წმიდა მამის მოკლე ციტატა ამ საკითხის შესახებ.

მღვდელმთავარ გრიგოლ ნოსელს მოაქვს თავისი დის, წმიდა მაკრინეს, სიკვდილისწინა ნაამბობი სულთა წინარე არსებობისა და გადასახლების შესახებ, რასაც ორიგენე ავრცელებდა. მღვდელმთავარ გრიგოლის მიხედვით წმ. მაკრინემ ასე თქვა:

„ისინი, ვინც, ამტკიცებენ, რომ სულები ერთმანეთისაგან განსხვავებულ ბუნებაში გადასახლდებიან, ჩემი აზრით, ყოველგვარ ბუნებრივ განსხვავებას ივიწყებენ, ერთმანეთში ურევენ და ეშლებათ მეტყველი და უტყვი, გრძნობადი და არაგრძნობადი. და თუ ეს ასეა, ყველაფერი ერთმანეთში გადადის განმასხვავებელი ბუნებრივი წესრიგის გარეშე და ინარჩუნებს ყოველივეს ურთიერთშეღწევადობიდან. იმის თქმა, რომ ერთი და იგივე სული სხეულის გარემოცვიდან დამოკიდებულებით მეტყველი და გონიერი სულია, ხოლო შემდეგ გამოქვაბულში სახლობს ქვეწარმავლებთან ერთად ან ბუდეშია ჩიტებთან ერთად, ან საქონელი ხდება ან მტაცებელი, ან დაცურავს ან უგრძნობლობამდე ეცემა, ფესვებს გაიდგამს და იქცევა ნამდვილ ხედ, რომელიც კვირტებს მოისხამს და ამ კვირტებიდან ყვავილი ან ეკალი ჩნდება, ან საკვებად ვარგისი ან შხამიანი ნაყოფი ამის თქმა იგივეა, რომ ყველა ქმნილება თანასწორი გახადო, ჩათვალო, რომ ყველა ქმნილება ერთნაირი ბუნების არის, რომ მათ შორის კავშირია, რომელიც ყოველივეს ერთმანეთში ურევს და უიმედოდ ეშლება ყველა საზღვარი, რომელიც ერთ ქმნილებას მეორისაგან გამოარჩევს“.

ზემოთქმული ცხადად მიუთითებს – წმიდა მამებს სწამდათ, რომ ცალკეულ, ერთმანეთისგან განსხვავებულ ქმნილებებს მოწესრიგებული ორგანიზაცია აქვთ. არ არსებობს, როგორც იტყოდა ალბათ ერაზმ დარვინი, ერთიანი ქსოვილი, რომლითაც გამსჭვალულია ყველა ქმნილება, არამედ, უფრო ის უნდა ვიფიქროთ, რომ ქმნილებათა ბუნება სხვადასხვა არის.

მართლმადიდებლური სწავლების ერთ-ერთი ძირითადი შრომაა ღირსი იოანე დამასკელის „ცოდნის წყარო“. ეს მერვე საუკუნის ნაშრომი სამ ნაწილად არის დაყოფილი. პირველ ნაწილს ეწოდება „ფილოსოფიის შესახებ“, მეორეს – „მწვალებლობათა წინააღმდეგ, რომელიც ზუსტად განმარტავს, თუ რა სწამდათ ერეტიკოსებს და ჩვენ რატომ არ გვწამს იგივე. მესამე ნაწილია „მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნით გადმოცემა“ მართლმადიდებელი ღვთისმეტყველების ერთ-ერთი ნორმატიული, დოგმატური ნაშრომი. შრომას „ფილოსოფიის შესახებ“ ღირსი იოანე იწყებს ისეთი საკითხების კვლევით, როგორიც არის „რა არის ცოდნა“, „რა არის ფილოსოფია“, „რა არის არსებული“, „რა არის ნივთიერება“, „რა არის შემთხვევითობა“, „რა არის სახეობა“, „რა არის სახესხვაობა, „რა არის განსხვავება“, „რა არის თვისება, მოქმედება. მის მიერ აქ წარმოდგენილი მთელი ფილოსოფია იმას ემყარება, რომ რეალობა მკაფიოდ იყოფა სხვადასხვა ქმნილებებად და თითოეულ მათგანს თავისი საკუთარი არსი და ბუნება აქვს. მათი ურთიერთშერევა არ ხდება. ღირსი იოანე დამასკელი მკითხველს ჯერ ამ ნაწილის წაკითხვას სთავაზობდა, რათა მათ გაეგოთ მისი ფილოსოფია და შემდეგ დაეწყოთ მართლმადიდებელი ღვთისმეტყველების წიგნის „მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნით გადმოცემის“ კითხვა.

მართლმადიდებელ მამათა ძირითად ნაშრომებში ქმნილებათა სხვადასხვა სახეობები განიხილება. მათ შორის არის ნაშრომები სახელწოდებით „ექვსთა დღეთა“, (ბერძნულად HEXAMERON): ეს არის შესაქმის ექვსი დღის განმარტებები. ერთ-ერთი მათგანი მღვდელმთავარ ბასილი დიდს ეკუთვნის აღმოსავლეთში. მეორე მღვდელმთავარ ამბროსი მედიოლანელს დასავლეთში. არიან აგრეთვე სხვებიც, ნაკლებად მნიშვნელოვანნი. შესაქმის განმარტება დაწერეს მღვდელმთავარმა იოანე ოქროპირმა და ღირსმა ეფრემ ასურმა, ამ საგნის შესახებ მრავლად არსებობს სხვა წმიდა მამათა ნაწერებიც, მათ შორის არის თანამედროვე წმიდა მამა, ღირსი იოანე კრონშტადტელი.

ამ წიგნებს მაცოცხლებელი ძალა აქვთ, იმიტომ რომ, სრულებითაც არ იფარგლებიან მხოლოდ აბსტრაქტული ცოდნით; ისინი პრაქტიკული სიბრძნითაა სავსე. წმიდა მამები ჩვენი ცხოვრებისთვის მრავალ მაგალითს იღებენ ბუნებისა და ღვთიური ქმნილების მშვენიერების სიყვარულიდან.

მრავალი მცირე მაგალითი შესანიშნავად გვაჩვენებს, როგორ უნდა ვემგვანოთ მტრედს ჩვენი რჩეულის სიყვარულში, როგორ უნდა მივბაძოთ უფრო ბრძენს და განვეშოროთ უფრო უგუნურ ცხოველთა ქცევას და ა. შ. ჩვენს საკუთარ მონასტერში ციყვებმა შეიძლება მოგვცენ ასეთი მაგალითი. ისინი გაუმაძღარნი არიან! ჩვენ ასეთები არ უნდა ვიყოთ, უფრო ირმების სიმშვიდეს უნდა მივბაძოთ. ჩვენს გარშემო უამრავი ასეთი მაგალითია.

თავის ჰომილიებში მღვდელმთავარ ბასილი დიდს მოაქვს სიტყვა შესაქმიდან: ქუეყანამ გამოიღედ. „ესე მოკლე ბრძანება - ამბობს მღვდელმთავარი ბასილი, მაშინვე იქცა დიდებულ ბუნებად და შემოქმედებითი სიტყვით, ჩვენს აზრზე უსწრაფესად წარმოიქმნა მცენარეთა ურიცხვი თვისებანი“. სხვა ადგილას ღვთიური ბრძანების შესახებ ქუეყანამ გამოიღედ მწვანვილი (შესაქმე 1, 11) მღვდელმთავარი ბასილი ამბობს: „ამ სიტყვებით აღმოცენდა ხშირი ბუჩქნარი, მიწიდან ამოიზარდნენ ხეები... ყველა მცირე ხე უეცრად გახდა მრავალტოტიანი და ხშირფოთლოვანი. ყოველივე თვალის დახამხამებაში ყოფიერებაში მოვიდა. ჰომილიების მეცხრე საუბარში შესაქმის განსაზღვრული თანმიმდევრობის შესახებ, როდესაც ერთი ქმნილება მეორეს მოსდევს, მას მოაქვს ციტატა შესაქმიდან გამოიღედ ქუეყანამან სამშვინველი ცხოველი ნათესაობისაებრ ოთხფერხთა და ქუეწარმავალთა და მხეცთა ქუეყანისათა ნათესაობითი (შესაქმე 1, 24). მღვდელმთავარი ბასილი ასე ამბობს:

„გულისხმაყავ სიტყვა ღმერთისა, დაბადებულთა შორს მსრბოლი, რომელიც მაშინ დაწყებულ მოქმედებას დღემდე აგრძელებს და ბოლომდე, თვით სამყაროს აღსასრულამდე გააგრძელებს. ვითარცა ბურთი, რომელსაც ვინმე ფერდობიდან ჩააგორებს, როგორც თავისი სიმრგვალის, ისე ადგილის სიმარჯვის გამო, დაბლა მიექანება და მანამდე იგორებს, სანამ ვაკე არ შეხვდება; ასე დაიძრა არსებულთა ბუნება ერთი ბრძანებით, ქმნილებათა შობითა და ხრწნილებით და მოდგმის გაგრძელებას მსგავსებით იცავს, ვიდრე დასასრულამდე არ მიაღწევს; ნაცვლად ცხენისა, ცხენს ქმნის, არწივის ნაცვლად – არწივს და ყოველ ცხოველს არსებობას მემკვიდრეთა მონაცვლეობის წყალობით უნარჩუნებს, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. ჟამის მდინარება ვერც წაახდენს და ვერც წარხოცს საკუთარ თვისებებს ცხოველებისა, არამედ დროს ისე მიჰყვებიან, თითქოს მათი ბუნება ახლახანს იყოს შექმნილი“. (თარგმანი გვანცა კოპლატაძისა.)

ეს არის არა სამეცნიერო მტკიცებულება, არამედ ფილოსოფიური. სწორედ ამგვარად შექმნა ღმერთმა ყოველივე; ყოველი ქმნილება თავისი თესლით, თავისი ბუნებით, რომელიც მის შთამომავლობას გადაეცემა. სადაც გამონაკლისი წარმოიქმნება, იქ სიმახინჯეა; მაგრამ საგანთა ბუნების საფუძველი უცვლელი რჩება, ყოველი ქმნილება ინრჩუნებს სხვისგან განსხვავებულ თვისებებს. ხოლო თუკი ჩვენ ვერ ვხედავთ ღვთის ქმნილებათა მთელ მრავალფეროვნებას, ამაში, რა თქმა უნდა, ღმერთი კი არ არის დამნაშავე, არამედ ჩვენ თვითონ.

მღვდელმთავარ ამბროსის აქვს რამდენიმე მსგავსი გამონათქვამი. სულისკვეთებით მისი ჰომილიები ძლიერ ახლოს არის ბასილი დიდის ჰომილიებთან. ჩვენ გვაქვს წმიდა მამათა სხვა ციტატებიც, რომლებიც ძალიან საინტერესო ფაქტს წარმოაჩენენ: ძველ დროში ისინი ებრძოდნენ თანამედროვე ევოლუციის თეორიის რაღაცა მსგავს მოვლენას. ეს გახლდათ ერეტიკული აზრი იმის შესახებ, რომ ადამიანის სული შეიქმნა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც სხეული შეიქმნა. ამავე იდეას წარმოადგენენ დღეს „ქრისტიანი-ევოლუციონისტები“, თუმცა, რასაკვირველია, ძველი მწვალებლობა განსხვავდება თანამედროვე თეორიისგან. ისინი, რომელებიც თავის ცრუ სწავლებებში ძველ მწვალებლობას ქადაგებდა, თავის შეხედულებას ამყარებდნენ შესაქმის ქვემოთმოყვანილი ტექსტის (2,7) მცდარი გაგებაზე: და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი, მტუერისა მიმღებელმან ქუეყანისაგან და შთაბერა პირისა მისსა სული ცოცხლისა და იქმნა კაცი სულად ცხოველად. დღესაც კი „ქრისტიანი ევოლუციონისტები“ ამ მუხლს ეპოტინებიან, რათა განაცხადონ „ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი თავიდან რაღაც სხვანაირი იყო და მხოლოდ შემდეგ ხდება იგი ადამიანი“.*

* ასეთ გაგებას ხელს უწყობს ამ მუხლის ზოგიერთი თანამედროვე ქართული თარგმანიც, რომელიც ასეა გადმოცემული „გამოსახა უფალმან ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად“. ბიბლია, 1989 წ. (მთარგმნელი).

ძველ დროში ეს მცდარი იდეა (იმის შესახებ, რომ სული სხეულის შემდეგ შეიქმნა) საპირისპირო და ასევე მცდარი იდეის პარალელურად (იმის შესახებ, რომ სულის შექმნა წინ უსწრებდა სხეულის შექმნას) არსებობდა. წმიდა მამები ორივე თეორიას უარყოფდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ადამიანის სული და სხეული ერთდროულად შეიქმნა. ასე მაგალითად, ღირსი იოანე დამასკელი წერს:

„სხეული და სული ერთდროულად შეიქმნა და არა ისე, როგორც ამაოდ როშავდა ორიგენი, რომ ჯერ ერთი შეიქმნა და შემდეგ მეორე.

მღვდელმთავარი გრიგოლ ნოსელი დაწვრილებით განიხილავს ამ საკითხს და ორივე მწვალებლობას უარყოფს. თავიდან იგი აღწერს ორიგენის იდეას წინმსწრები სულის შესახებ, ე.ი. სულები „ჩამოცვივდნენ“ ჩვენს სამყაროში:

„ზოგიერთი, ვინც ადრე წერდა, სახელდობრ ისინი, ვინც დაწერა სიტყვა „დასაბამის“ შესახებ, ამტკიცებენ, რომ სულები წინამავალია მსგავსად რომელიღაცა ხალხისა თავის საკუთარ სახელმწიფოში და იქვე იმყოფებოდა ცოდვისა და სათნოების მაგალითები. სიკეთეში მყოფ სულს ჯერ არ განუცდია სხეულთან შეკავშირება, ხოლო თუკი იგი (სული) იუარებს, აერიდება სიკეთესთან ზიარებას, მაშინ თავსაც დაიღუპავს აქაურ ცხოვრებაში და სხეულში აღმოჩნდება“.

შემდეგ მღვდელმთავარი გრიგოლი საუბრობს სხვა მწვალებლობის შესახებ, რომელიც ახლოა თანამედროვე „ქრისტიან-ევოლუციონისტთა“ იდეასთან:

„ხოლო სხვანი, რომლებიც ადამიანის მოწყობის მოსეს თანმიმდევრობას მისდევენ, ამბობენ, რომ სული დროში მეორეა სხეულის შემდეგ. რამეთუ ღმერთმა ჯერ მტვერისაგან მიწისა შექმნა კაცი (შესაქმე 2,7), და მხოლოდ შემდეგ განასულიერა იგი შთაბერვით. და ამ სიტყვით ისინი ამტკიცებენ სხეულის სულზე უფრო დიდ ღირებულებას, რამეთუ სული ადრე შექმნილს შეუერთდა. ისინი ამბობენ, რომ სული სხეულის გამო შეიქმნა, რათა არ ყოფილიყო ეს ქმნილება უსულო და უძრავი. ხოლო ყველფერი ის, რაც შეიქმნა რაღაცის გამო, უფრო ნაკლებად ღირებულია, ვიდრე ის, რის გამოც შეიქმნა იგი“.

ცხადია რომ ეს თეორია, თუმცა კი სხვა გონებრივი ატმოსფეროს ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, მაინც ძალიან ახლოს არის თანამედროვე ევოლუციონისტების იდეასთან, რომ მატერია პირველადია, ხოლო სული - მეორადი.

მღვდელმთავარი გრიგოლი ნოსელი ამ შეხედულებას ასე უარყოფს:

„და არც ის უნდა ვამტკიცოთ, თითქოს უფალმა თავდაპირველად შექმნა ადამიანი, როგორც თიხის ქანდაკება და ამ ქანდაკებისთვის გამოჩნდა სული (მაშინ გონიერი ბუნება ხომ უფრო ნაკლებად ღირებული იქნება, ვიდრე თიხის ქანდაკება). რადგანაც ადამიანი, რომელიც სხეულისა და სულისაგან შედგება, ერთიანია, უნდა ვივარაუდოთ მისი შემადგენლობის ერთი საერთო დასაწყისი ისე, რომ იგი არ აღმოჩნდეს თავისთავზე არც უფროსი და არც უმცროსი, მასში ხორციელი არ იყოს წინამორბედი და სხვა ყოველივე მომდევნო. ჩვენ კი ვამტკიცებთ, რომ თანახმად ზემოთ აღნიშნულისა წინასწარმცნობი ღვთიური ძალით მყოფობაში იქნა მოყვანილი სრული ადამიანი, რასაც ამოწმებს წინასწარმეტყველებაც, რომელიც მეტყველებს, რომ ღმერთმა ყველაფერი მანამდე იცის, ვიდრე მოხდებოდეს (დან. 13,42). თითოეული ნაწილის შექმნის დროს არ გამოჩენილა ერთი მეორეზე ადრე – არც სული სხეულზე ადრე, არც პირიქით – რათა ადამიანი საკუთარ თავთან უთანხმოებაში არ ჩავარდეს დროში განსხვავებით განცალკევებული. მოციქულთა სწავლებით ხომ ვიცით, რომ ჩვენი ბუნება ორგვარია: ხილული და დაფარული (1 პეტრე 3,4). მაშინ, თუკი ერთი წინამსწრებია, ხოლო მეორე შემდეგ გაჩნდა, მაშინ გამჟღავნდება შემოქმედის ძალის გარკვეული არასრულყოფილება, უკმარისი ყოველივეს მყისიერი შექმნისათვის, არამედ გამყოფი საქმისა და ცალ-ცალკე დაკავებული თითოეული ნახევრით“

რა თქმა უნდა, ევოლუციის იდეა მთლიანად ემყარება ყოვლისშემძლე ღმერთის ურწმუნოებას, ღმერთისა, რომელსაც ძალუძს ქმნას მთელი სამყარო სიტყვითა თვისით. მაშინ ცდილობენ დაეხმარონ მას და ღმერთს ცვლიან ბუნებით, რომელიც თავად ქმნის.

წმიდა მამები იმის შესახებაც საუბრობენ, თუ რას ნიშნავს ის, რომ ადამი მტვრისაგან მიწისა შეიქმნა. ზოგიერთნი თქვენს ყურადღებას იმას მიაქცევენ, რასაც მღვდელმთავარი ათანასე დიდი ამბობს თავის ნაშრომში: „პირველქმნილი შეიქმნა მტვრისაგან მიწისა ისევე, როგორც ყოველივე და ხელი, რომელმაც მაშინ ადამი შექმნა, ყველაფერს, რაც მას მოსდევს, ყოველთვის ასევე ქმნის“, და ამბობენ: „ეს იმას ნიშნავს, რომ ადამი შესაძლოა რაღაც სხვა ქმნილებისაგან წარმოქმნილიყო. ისე არ უნდა გავიგოთ, რომ თითქოს ადამი მართლაც მტვრისაგან მიწისა შეიქმნა. შესაქმის ეს ნაწილი არ უნდა გავიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით, სიტყვასიტყვით". მაგრამ ისე მოხდა, რომ მრავალი წმიდა მამა ამ საკითხის შესახებ საუბრობს ასე დაწვრილებით: ისინი სხვადასხვაგვარად გამოხატავენ თავის აზრს, მაგრამ აბსოლუტურად ცხადად ამტკიცებენ, რომ ადამი და კაენი – ორი სხვადასხვა ადამიანია. კაენი ადამიანისაგან იშვა, მაშინ როდესაც ადამს მამა არა ჰყავს ადამი შეიქმნა მტვრისაგან მიწისა პირდაპირი გაგებით, ქრისტეს ხელით. მრავალ მამათა სწავლება ამბობს ამას: მღვდელმთავარი კირილე იერუსალიმელი, ღირსი იოანე დამასკელი და სხვები.

წმიდა მამები ნათელ სწავლებას გვთავაზობენ იმის შესახებ, თუ შესაქმის წიგნში რა უნდა გავიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით და რა ალეგორიულად ან სიმბოლურად. ზოგიერთ განმარტებაში იოანე ოქროპირი სპეციალურად მიუთითებს, თუ რა არის სიმბოლური და რა პირდაპირი მნიშვნელობის. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ისინი, რომლებიც ყოველივეს ალეგორიულად წარმოადგენენ, ჩვენი რწმენის განადგურებას ცდილობენ.

ჭეშმარიტების შემეცნება შესაქმეში უმეტესად ორ დონეზე ხდება: პირდაპირი მნიშვნელობით, და, ძირითადად ჩვენი სულიერი სარგებლობისთვის – სულიერად. სინამდვილეში არსებობს მნიშვნელობათა სამი თუ ოთხი დონე, მაგრამ ჩვენთვის საკმარისია ვიცოდეთ, რომ არსებობს წმიდა წერილის მრავალი უფრო ღრმა მნიშვნელობა, მაგრამ პირდაპირი მნიშვნელობა მეტად იშვიათად ქრება. მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებშია მისი მნიშვნელობა მთლიანად სიმბოლური.

მთლიანობაში ევოლუცია შეგვიძლია დავახასიათოთ მისი ფილოსოფიური ასპექტის მიხედვით, როგორც ნატურალისტური „მწვალებლობა", რომელიც ყველაზე უფრო ახლოა სულების წინარე არსებობის იდეის საპირისპირო იდეასთან.*

* მამა სერაფიმე ამ სიტყვას აქ გადატანითი მნიშვნელობით ხმარობს. სხვაგან ის განმარტავს, რომ „ევოლუცია, მკაცრად რომ ვთქვათ, წარმოადგენს არა მწვალებლობას, არამედ იდეოლოგიას, რომელიც უკიდურესად უცხოა მართლმადიდებელი ქრისტიანობის სწავლებისათვის; იგი იმდენად ბევრ ცრუ დოგმატსა და მიდგომებს ატარებს, რომ სჯობდა უბრალოდ მწვალებლობა ყოფილიყო და მაშინ უფრო იოლი იქნებოდა მისი გამოცნობა და მასთან ბრძოლა“.

„სულების წინარე არსებობის“ იდეა იმაში მდგომარეობს, რომ არსებობს სულის ერთიანი ბუნება, რომელიც მთელ ქმნილებას გამსჭვალავს, მაშინ როდესაც ევოლუციის იდეის მიხედვით, ერთიანი სამშენებლო მასალა გამსჭვალავს მთელ ქმნილებას. ორივე ეს იდეა ანგრევს ცალკეულ ქმნილებათა ერთმანეთისგან განსხვავებულ ბუნებას.

ევოლუციის იდეა ის მწვალებლობა გახლდათ, რომელიც ძველად არ არსებობდა. მართლმადიდებლობა ოქროს შუალედია ორ უკიდურეს შეცდომას შორის, სახელდობრ: არიოზის მიერ ღვთაებრივი ბუნების განადგურებასა და მონოფიზიტების მიერ ადამიანური ბუნების განადგურებას შორის. ევოლუცია, როგორც კიდევ ერთი მწვალებლობა, არ გამოვლენილა ძველად. ეს მწვალებლობა „თავის დროს“ ელოდა თანამედროვე ეპოქამდე და მაშინ გამომჟღავნდა.

უფრო ნათლად ევოლუციონიზმის ფილოსოფიურ მხარეს მაშინ ვიხილავთ, როდესაც ვისაურებთ ე.წ. ქრისტიანული ევოლუციონიზმის ზოგიერთი წარმომადგენლის შესახებ.



წინა - სარჩევი - შემდეგი