ამრიგად, ევოლუცია ფაქტობრივად არ წარმოადგენს სამეცნიერო პრობლემას; ეს ფილოსოფიის საკითხია. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ევოლუციის თეორია აღიარა მეცნიერთა, ფილოსოფოსთა და სხვა ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფმა, რადგანაც ისინი ამ იდეისთვის იყვნენ მომზადებულნი. მოდით ახლა განვიხილოთ ევოლუციის თეორიის ფილოსოფიური წინამორბედნი დასავლეთის საზოგადოების ტრადიციული ქრისტიანობიდან განდგომის პროცესში.*
* შემდგომის მსჯელობის ზოგიერთი ნაწილი ჩაწერილია მამა სერაფიმეს წინა ლექციიდან „ცხონების კურსი“.
როგორც ვნახეთ, ევოლუციის იდეა მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ჩაისახა, განმანათლებელი ეპოქის დაისისა და რევოლუციური ერის – ჩვენი თანამედროვე დროის – დასაწყისის პერიოდში. განმანათლებელი ეპოქისათვის დამახასიათებელი გახლდათ მსოფლმხედველობის მდგრადობა, მაგრამ ასეთი მდგომარეობა დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა; იგი ევოლუციურ მსოფლმხედველობას უნდა შეეცვალა. მოგვიანებით ჩვენ განვიხილავთ თუ რატომ მოხდა ასე.
ერთ-ერთ კლასიკურ ნაშრომში განმანათლებელი ეპოქის შესახებ „ევროპული ” გონება“ პოლ ჰაზარდი წერს:
„(ამ პერიოდში) ევროპაში მორალური პრინციპების შეჯახება ხდებოდა. აღორძინების ეპოქისა (რომლის პირდაპირი მემკვიდრეც არის დროის განსახილველი მონაკვეთი) და საფრანგეთის რევოლუციას შორის არსებული ინტერვალი, როდესაც საფრანგეთის რევოლუციის იარაღი გამოიჭედა, ქმნის იმ ეპოქას, რომელსაც ისტორიული მნიშვნელობით ვერაფერი შეედარება“.
აღორძინება გახლდათ თანამედროვე ევროპის კლასიკური საუკუნე. აღორძინების ეპოქისა და თანამედროვეობის შორის პერიოდში განხორციელდა ახალი ძალების ჰარმონიული სინთეზის პირველი სერიოზული მცდელობა, იმ ძალებისა, რომლებიც შუასაუკუნეების წიაღში თვლემდნენ და აღორძინების ეპოქამ და რეფორმაციამ აღმოაცენეს;*
* წინა ლექციაში მამა სერაფიმემ აჩვენა, რომ დასავლეთის ეკლესიის მართლმადიდებელი ეკლესიიდან დაშორების შემდეგ დასავლეთის მიდრეკილებას რაციონალიზმისკენ უკვე ვერაფერი აჩერებდა. ამავე დროს გამოჩნდა სქოლასტიზმიც, რამაც თითქმის მაშინვე შესამჩნევი გახადა გონების რწმენასა და ტრადიციაზე გამარჯვება (დასავლეთის საზოგადოებაში).
ამავე დროს ქრისტიანული სულიერი საფუძვლებისათვისაც დატოვეს გარკვეული ადგილი.
ამ ახალი კლასიკური ერის, ახალი ჰარმონიის პირველი ასპექტი გახდა მეცნიერული მსოფლმხედველობის ბატონობა, რომელმაც ისააკ ნიუტონის მსოფლიო მანქანის ფორმა მიიღო.*
* სერ ისააკ ნიუტონი (1643-1727) თეისტი იყო, მას სწამდა იესო ქრისტე, მაგრამ ქრისტიანობის ირაციონალურობა მოსვენებას არ აძლევდა. ისევე როგორც განმანათლებლობის სხვა მოაზროვნეებმა, მაგალითად თომას ჯეფერსონმა, მან ქრისტიანობის „გადარჩენა“ მოინდომა, რისთვისაც ბიბლიის გადაწერა და ისეთი ადგილების მოცილება დაიწყო, რომლებსაც იგი „დამახინჯებებს“ უწოდებდა. ეს, მისი აზრით, გახლდათ მოთხრობები სასწაულების შესახებ. ნიუტონი უარყოფდა წმიდა სამების დოგმატს (შდრ. Ian T. Taylor, In the Minds of Men, გვ. 342-43).
ისე ჩანდა, რომ ნიუტონის საუკუნე განმანათლებლობის ადრეულ პერიოდში გახდა მეცნიერებისა და სამყაროში გამეფებული წესრიგის შესახებ რაციონალური რელიგიურობის თანხმობის დრო, როდესაც ხელოვნების დარგები იმგვარად აყვავდა, როგორც აღარასოდეს - დასავლეთში.
ამ დრომდე დასავლეთმა უკვე განიცადა ინტელექტუალური მღელვარების (და ქაოსისაც კი) გავლენა, რაც შუასაუკუნეების რომის კათოლიკური სინთეზის დაშლის შედეგად რამდენიმე საუკუნე გრძელდებოდა, როდესაც ახალი ძალები გამოჩნდნენ, რომლებმაც ცხარე კამათი და სისხლიანი ომები გამოიწვიეს. რელიგიური ომები, რომლებიც სხვადასხვა პრაქტიკული მიზნების გამო ხდებოდა, 1648 წელს დასრულდა გერმანიის გამაჩანაგებელ ოცდაათწლიანი ომით. კათოლიციზმის სირთულეებისა და კორუფციის წინააღმდეგ აღდგა პროტესტანტიზმი; დაიწყო უძველესი წარმართული აზროვნებისა და ხელოვნების აღორძინება, ახალმა ჰუმანიზმმა აღმოაჩინა ბუნებრივი ადამიანი, რომელმაც უკუაგდო აზრები ღმერთის შესახებ; და რაც უფრო მნიშვნელოვანი გახლდათ მომავლისათვის, ცოდნის ეტალონი გახდა მეცნიერება, რომელმაც ღვთისმეტყველება გამოაძევა და უმნიშვნელოვანესი ინტელექტუალური საქმიანობა მეცნიერებისა და მისი კანონების შესწავლა აღმოჩნდა.
თუმცა XVII საუკუნის მიწურულსა და XVIII საუკუნის დასაწყისში მიღწეულ იქნა ერთგვარი წონასწორობა და დასავლეთის აზროვნებაში ჰარმონია დამყარდა. ახალი იდეები აღარ ავიწროებდნენ ქრისტიანობას, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, მოერგო ახალი დროის სულისკვეთებას, ხოლო თანამედროვე ნატურალისტური და რაციონალისტური იდეების სირთულეები და წინააღმდეგობები ჯერ კიდევ არ გამომჟღავნებულიყო. ისე ჩანდა, რომ დასავლეთ ევროპის ყველაზე უფრო განათლებულ ნაწილში, ინგლისში, საფრანგეთსა და გერმანიაში ოქროს საუკუნე დადგა, განსაკუთრებით რელიგიური
ომების პერიოდთან შედარებით, ომებისა, რომლებიც თითქმის მეჩვიდმეტე საუკუნის შუა წლებამდე ანადგურებდნენ ამ ქვეყნებს. განმანათლებელი საუკუნის ადამიანს სწამდა ღმერთი, რომლის არსებობის დემონსტრირება შესაძლებელი იყო რაციონალური გზით, იგი იწყნარებდა სხვათა სარწმუნოებას და დარწმუნებული გახლდათ, რომ თანამედროვე მეცნიერებით შეიძლებოდა ყველაფრის ახსნა და ხარბად აკვირდებოდა მეცნიერების მიღწევებს. ისე ჩანდა, რომ სამყარო მუდმივ მოძრაობაში მყოფ გიგანტურ მანქანას წარმოადგენდა, რომლის ყოველი მომენტის მათემატიკურად აღწერა იყო შესაძლებელი. არსებობდა ერთი დიდი ჰარმონიული სამყარო, რომელიც იმართებოდა, როგორც ერთიანი მათემატიკური სისტემა. ასეთი იდეების გამომხატველმა კლასიკურმა ნაშრომმა, ნიუტონის „მათემატიკურმა საწყისებმა* საყოველთაო აღიარება ჰპოვა მაშინვე, როგორც კი გამოქვეყნდა 1687 წელს, რითაც დადასტურდა, რომ განათლებული მსოფლიო იმ დროისათვის უკვე მომწიფდა „ახალი სახარებით“ გასანათლებლად.
* ნიუტონის ამ გრანდიოზული ნაშრომის სრული სახელწოდებაა "Philosophae Naturalis Princi pia Mathematica" „ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საწყისები“ (შემოკლებით „საწყისები“). ამ ნაშრომში ნიუტონმა განაზოგადა წინამორბედთა (გალილეი, კეპლერი, დეკარტი და სხვ.) მიღებული შედეგები, აგრეთვე თავისი საკუთარი გამოკვლევები და პირველმა შექმნა დედამიწისა და ცის მექანიკის ერთიანი მწყობრი სისტემა, რომელიც საფუძვლად დაედო მთელ კლასიკურ ფიზიკას (მთარგმნელი).
განმანათლებლობის ახალ სინთეზში ღმერთი შეცვალა „ბუნებამ“ როგორც ახალმა იდეამ, თუმცა ამ პერიოდის დასასრულამდე ღმერთი ჯერ არ იყო უკუგდებული. ნიუტონის სისტემის საუკუნე ასევე გონების რელიგიის საუკუნეც გახლდათ. ახლა რელიგია იმავე ნორმებს ექვემდებარებოდა, რასაც მეცნიერება, ანუ გონების კრიტერიუმებს და მიმართული იყო გარე სამყაროს შესწავლისკენ. ამრიგად, გრძელდებოდა პროცესი, რომელიც სქოლასტიციზმით სწორედ ეკლესიათა გაყოფის შემდეგ დაიწყო, როდესაც გონებას უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა, ვიდრე – რწმენას და ტრადიციას. განმანათლებლობა ისეთი დრო იყო, როდესაც ადამიანები გონიერების რელიგიაზე ოცნებობდნენ.
რაც შეეხება რელიგიას, მეთვრამეტე საუკუნის ყველაზე უფრო ტიპიურ მიმდინარეობას დეიზმი წარმოადეგნდა. დეიზმის იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ იგი თითქოსდა გაუპიროვნებულია; ანუ იგი ქმნის სამყაროს, ხოლო შემდეგ უკანა პლანზე გადადის. თვითონ ნიუტონი თვლიდა, რომ მას არ შეუძლია, ყველაფერი ზუსტად გათვალოს, მაგალითად, კომეტების მოძრაობის ტრაექტორია; მისი იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ სამყარო ჰგავს გიგანტურ საათს, რომელიც ღმერთმა შექმნა და შემდეგ დატოვა, რათა საათმა თავისით იმუშავოს, მაგრამ ღმერთი ვალდებულია დროდადრო ისევ წინა პლანზე გამოვიდეს საათის მუშაობაში შესწორებათა შესატანად და ხელახლა დასაქოქად. მოგვიანებით ასტრონომებმა განაცხადეს, რომ ეს არ შეესაბმება ჭეშმარიტებას – მაინც შესაძლებელია საყოველთაო თეორიის არსებობა, რომელიც ყველაფერს განმარტავს, მათ შორის მოძრაობაში არსებულ ყოველგვარ გადახრებს. ღმერთის აუცილებლობა მხოლოდ დასაწყისისთვის ივარაუდება. ამასთან ღმერთი ხდება რაღაც შორეული და განუსაზღვრელი. სასწაულებსა და წინასწარმეტყველებას უკვე დიდად დაეჭვებულნი უყურებენ და მრავალნი, ვინც ამის შესახებ წერდა, იწყებენ იმის მტკიცებას, რომ ეს ყოველივე მხოლოდ ცრურწმენა არის. ამ შემთხვევაში ფრანგები უფრო მეტი რადიკალურობით გამოირჩევიან, ვიდრე – ინგლისელები.
თუ განმანათლებლობის მსოფლმხედველობას ჩავუღრმავდებით, შეიძლება, შევნიშნოთ, თუ როგორი ჰარმონიული ენით არის იგი გამსჭვალული: ბუნება, რომელიც ყველაფერს მართავს, ბუნების საიდუმლოებებს სწავლობს ადამიანი, ღმერთი ჯერ კიდვ ზეცაშია (თუმცა დიდ როლს უკვე აღარ ასრულებს) და სამეცნიერო ცოდნა, რომლის მნიშვნელობა მთელ მსოფლიოში თანდათან იზრდება.
ასე ჩვენ ვუახლოვედებით განმანათლებლობის მეორე, მთავარ ასპექტს – კაცობრიობის პროგრესის რწმენას. წიგნში „როგორ კეთდება ამერიკული გონება“ ჯ.ჰ. რანდალი უმცროსი წერს:
„განმანათლებლობის დიადი მოციქულები იმედოვნებდნენ, რომ განახორციელებდნენ ადამიანთა საზოგადოების იდეალს გონიერებისა და მეცნიერების ცალკეულ ადამიანთა შორის გავრცელებით, რომ ამით დაიწყებოდა ჭეშმარიტი ათასწლეული. მეთვრამეტე საუკუნის დასაბამიდან და შემდეგ განათლების გავრცელების მეშვეობით პროგრესის ჰიმნი კიდევ უფრო ხმამაღლა აჟღერდა. ლოკმა, ჰელვეციუსმა და ბენტამმა ჩაუყარეს საფუძვლები ამ კეთილშობილურ ოცნებას; ყველა სკოლის წარმომადგენელს, მსოლოდ მათი გამოკლებით, რომლებიც ებღაუჭებოდნენ ქრისტიანულ დოგმატს პირველქმნილი ცოდვის შესახებ, მხურვალედ სწამდა კაცობრიობის სრულყოფილების, ყოველ შემთხვევაში, ახლა კაცობრიობას ხელში ეკავა საკუთარი ბედის გასაღები; შესაძლოა, მომავალი გამხდარიყო სასურველზე მხოლოდ ცოტათი ნაკლები. წარსულის სულელური შეცდომების უარყოფით და ადამიანური ბუნების რაციონალური დამუშავებით ადამიანი უახლოვდებოდა თავის კეთილდღეობას და ამ გზაზე თითქმის აღარ რჩებოდა გადაულახავი წინააღმდეგობა.
ჩვენთვის ძნელია იმის გაგება, თუ როდის დაიბადა კაცობირიობის პროგრესის რწმენა. ანტიკურ სამყაროს თითქოს არ გააჩნდა ასეთი ცნება; ბერძნები და რომაელები უფრო წარსულის ოქროს საუკუნეს აპყრობდნენ მზერას, რომლის დასრულებით ადამიანის გადაგვარება დაიწყო. შეუძლებელი იყო, შუა საუკუნეებს ასეთი აზრით ესულდგმულა. აღორძინების მეცნიერნი, რომლებმაც დიდ წარმატებას მიაღწიეს, ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ადამიანი კვლავ ამაღლდება სახელოვანი ანტიკურობის დონემდე; მათი აზრები მთლიანად წარსულისადმი იყო მიპყრობილი. მხოლოდ XVII საუკუნეში, მეცნიერების განვითარებასთან ერთად გაბედეს ადამიანებმა ასეთი თვითდაჯერებული ამბიციების აღმოცენება... ყველა მეცნიერი, დეკარტედან დაწყებული, უგულვებელყოფდა ძველებს; მათ სჯეროდათ, რომ გაიმარჯვებდა პროგრესის რწმენა“.
რატომღა ინგრეოდა განმანათლებლობის მსოფლმხედველობა? მისინფილოსოფია – ხელოვნების ოქროს საუკუნით,ნრომლის აღორძინება შეუძლებელია – დღეს უიმედოდ გულუბრყვილო გვეჩვენება. არსებობს რამდენიმე, ერთმანეთთან გადაჯაჭვული მიზეზი. განსაკუთრებით ფუნდამენტალური მიზეზია ძირეული პოზიცია თვით რაციონალიზმისა, რომელსაც განმანათლებლობის მთელი ფილოსოფია ეყრდნობოდა. წმიდა მამები ამბობენ, რომ ადამიანის გონება ხრწნადი გახდა ადამიანის შეცდომების გამო; ამიტომ იგი რწმენას და საღვთო გამოცხადებას უნდა დაემორჩილოს და ამრიგად ამაღლდეს უფრო მაღალ დონემდე. რამდენადაც აღემატება გონება, რწმენას, იმდენადვე მიჰყავს იგი მისსავე კრიტიკულ მდგომარეობას თვითგანადგურების გზაზე. ადამიანის გონების განდიდებამ, მისი ყოვლისშემძლეობის რწმენამ თავიდან სქოლასტიციზმი წარმოქმნა, შემდეგ იგი რეფორმაციის მიზეზი გახდა, რადგანაც გონება თავისთავად რელიგიის კრიტიკისადმია მიდრეკილი. რეფორმაცია შუასაუკუნეების კათოლიციზმისადმი კრიტიკული დამოკიდებულების შედეგია, ხოლო შემდეგ თვით პროტესტანტიზმის კრიტიკამ დასაბამი დაუდო XIX საუკუნის ათეისტების – აგნოსტიკოსების ფილოსოფიას. საბოლოოდ გონება, რომელსაც ძირითადი მდგომარეობა ეკავა, ფაქტობრივად თვითმკვლელობამდე მივიდა. როგორც კი ხდება გონება ჭეშმარიტების კრიტერიუმი, ყოველივე მაშინვე მას (გონებას) ემორჩილება მანამ, სანამ იგი თვით არ დაანგრევს თავის თავს. ძალიან ძნელია, ამას რაიმე დაუპირისპირო.
შუასაუკუნეებიდან მოყოლებული რაციონალიზმი თანდათან ავიწროებდა ცოდნის არეს, რადგანაც კრიტიკულად ეპყრობოდა ნებისმიერ გადმოცემას სულიერი სამყაროს შესახებ და უარყოფდა თვით მის რეალურობას გარე სამყაროს გარდა მისთვის არაფერი არსებობდა. მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ინგლისელ ფილოსოფოსი დევიდ იუმთან ერთად ავტონომიური გონება ბოლოს და ბოლოს თავის კრიტიკულ წერტილამდე მივიდა, სადამდეც კი შესაძლოა, რომ მისულიყო: მან დაანგრია ყველა კონკრეტული ცოდნა თვით გარე სამყაროს შესახებაც კი. იუმმა განაცხადა, რომ გონებით შეუძლებელია აბსოლუტური ჭეშმარიტების წვდომა; ერთადერთი, რაც ჩვენ ვიცით, ეს ის არის, რასაც ცდით ვიგებთ. იგი წერდა:
„გონება – სუბიექტური უნარია, რომელსაც არ ესაჭიროება დაუკავშირდეს „ფაქტებს“, რომელთა შეცნობასაც ჩვენ ვესწრაფვით. ჩვენი გრძნობებიც ასევე სუბიექტურია, რადგანაც ვერასდროს შეიცნობენ „საგნის არსს“, არამედ მხოლოდ მის სახეს, რომელიც არ შეიცავს აუცილებლობისა და განსაზღვრულობის ელემენტს – „მაინც შესაძლებელია არსებობდეს ნებისმიერი რეალური სინამდვილის საპირისპირო რეალობა“.
ასეთი დებულება ფაქტობრივად ყველა ჩვენი თანამედროვე მოაზროვნის ლაიტმოტივს წარმოადგენს უკანასკნელი ორასი წლის განმავლობაში: სასოწარკვეთა არაფრის შეცნობის შეუძლებლობის გამო, რაც ძირს უთხრის ყოფიერების მთავარ საფუძვლებს, რაციონალური ფილოსოფიის ყოვლისშემძლეობის რწმენა. ყოველივე არსებულის გულდასმით განსჯა არარაობად იქცევა, როგორც კი იუმსა და სხვა მის მსგავსი მოაზროვნეს შევეჩეხებით და, უფრო მეტიც, – უეცრად მთელი სამყარო ინგრევა. ასე რომ სავსებით სამართლიანად აღნიშნა განმანათლებლობის ფილოსოფიის ერთ-ერთმა მკვლევარმა:
„იუმის დიალოგების წაკითხვა მას შემდეგ, რაც თანაგრძნობით წაიკითხე XVIII საუკუნის დასაწყისის გულწრფელი დეისტები და ოპტიმისტი ფილოსოფოსები – იგივეა, რაც უეცარი აცივება, მოახლოებული საფრთხის განცდა. თითქოს განმანათლებლობის მზის შუბის ტარზე, ზუსტად შუადღეს, სიესტის ჟამს, (სიესტა – ესპანეთში, იტალიაში, ლათინური ამერიკის ქვეყნებში შუადღის დასვენება ნასადილევს (მთარგმნელი).) ოდეს ყოველივე გარშემო, თითქოსდა განცხრომით ისვენებს, უეცრად იგრძნობ, რომ მოკლე, მკვეთრი ბიძგით ირღვევა ფუნდამენტი, მსუბუქი, შორეული მიწისძვრა შეაზანზარებს საღი აზრის მყარ ნიადაგს“.
(რამაც, რაღა თქმა უნდა, მოგვიანებით ჩვენი დროის დამანგრეველი მიწისძვრები გამოიწვია).
ექპერიმენტული იდეალი მეცნიერებაში იმგვარადვე ვითარდება, როგორც გონება და ანგრევს განმანათლებლობის მსოფლმხედველობის სტაბილურობას. რაკი მისი საფუძვლები რაციონალიზმშია, ეს იდეალი არასდროს კმაყოფილდება მიღწეულით, იგი არასდროს შეჩერდება, მუდმივად ელის საკუთარი შედეგების შემოწმებასა და მუდმივად ეძებს ახალს. სწორედ ამიტომ, სამეცნიერო იდეები ყოველთვის იცვლება და ამის გამო სამეცნიერო სინთეზის იდეები ნიუტონის დროს უკუგდებული იქნა.
საბოლოოდ, პროგრესის იდეამ ხელი შეუწყო ძველი სინთეზის დასამარებას. აღორძინების დროს, როგორც ვნახეთ, ძველებს ისე უცქერდნენ, როგორც ჭეშმარიტ კრიტერიუმს. მაშინ ფიქრობდნენ, რომ თუკი შესაძლებელი იქნებოდა შუასაუკუნეების შავბნელი პეროდიდან და მისი ცრურწმენებიდან იმ დროში დაბრუნება, მაშინ ყოველივე თავის ადგილზე დადგებოდა. შემდეგ, როდესაც მეცნიერული აზროვნება დომინირებული გახდა, წარმოიქმნა მეცნიერული მსოფლმხედველობა. ადამიანებმა დაინახეს, რომ ყველას, ვინც დღეს ცხოვრობს, გაცილებით მეტი მეცნიერული ცოდნა აქვს, ვიდრე ნებისმიერს – ანტიკურ დროში. მაშინ მეცნიერება თავისი ექსპერიმენტებით პირველად ძლიერ გაიჭრა წინ და ა. შ.
თვით პროგრესის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ აწმყო წარსულზეა აგებული, მომავალი თაობა ჩვენზე უკეთ იცხოვრებს და რომ ადამიანი ყოველთვის წინ იმოძრავებს რაც დაუფარავად ანადგურებს აზრს ერთი მუდმივი კრიტერიუმის შესახებ. ისევე, როგორც იუმის სუბიექტივიზმში ყოველივე ფარდობითია. მომავალი თაობის ბედისთვის კრიტერიუმისადმი მხოლოდ ერთი მოთხოვნა რჩება – გარკვეულ დროის შემდეგ ადამიანებმა დაიწყეს იმის მიხვედრა, რომ ეს მუდმივი ცვლილებების, მუდმივი მოძრაობის ფილოსოფია არის. მაშინ სულმა მოიწყინა. სულმა იგრძნო, რომ აღარ არსებობს სამყარო, ვერსად მოისვენებ. მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს პროგრესის იდეამ შვა „ევოლუციური“ მსოფლმხედველობა, რომელიც ძლიერ განსხვავდებოდა ნიუტონის მდგრადი მსოფლმხედველობისაგან და მეცხრამეტე საუკუნეში წინა პლანზე გამოვიდა.
და, ამრიგად, მეთვრამეტე ასწლეული დიდი ოპტიმიზმით დაიწყო, მაგრამ ადამიანთა უმეტესობა ვერ აცნობიერებდა, რომ ამავე ასწლეულის დასასრულს ყველაზე მოწინავე ფილოსოფოსები დაანგრევდნენ გარე სამყაროს შესახებ ნებისმიერი ნამდვილი ცოდნის ყველა შესაძლებლობას და ჭეშმარიტების ნებისმიერ მუდმივ კრიტერიუმს. იმისათვის, რათა მსგავსმა სიღრმისეულმა იდეებმა მიაღწიონ ადამიანთა ცნობიერებას, საჭიროა დრო, მაგრამ როცა ეს მოხდება, მათ დამანგრეველი შედეგები ექნებათ. ეს დამანგრეველი შედეგები გამომჟღავნდა 1789 წლის საფრანგეთის რევოლუციაში, რომელიც რაციონალისტური იდეების შეცვლილი საზოგადოებისა და ცხოვრების მთელი გარეგნული წესისადმი რევოლუციური გამოყენება აღმოჩნდა. XVIII ასწლეულის დასასრულმა მოიტანა ძველი წესრიგის რღვევა - სტაბილურობის საუკუნის რღვევა, საუკუნისა, როდესაც ხალხთა ორგანიზაციები, ხელოვნება და კულტურა დაფუძნებული იყო იმაზე მაინც, რაც დარჩენილიყო ქრისტიანობიდან და ქრისტიანული გრძნობიდან. საფრანგეთის რევოლუციის აფეთქება დაემთხვა ქრისტიანული ცივილიზაციის დაღუპვას. 1789 წლამდე ჯერ კიდევ „ძველი რეჟიმი“ მართავდა, ამის შემდეგ დადგა რევოლუციების საუკუნე ჩვენი თანამედროვე დრო.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, შესაძლოა, ევოლუციის თეორია ფილოსოფიურად იქნას გაგებული. იგი მიმართულია თანამედროვე რევოლუციური შეტევის გამამართლებელი მეცნიერული კანონის მოსაძებნად. ევოლუციის თეორია პირველად იქნა წამოყენებული ჩარლზ დარვინის ბაბუის – ერაზმის მიერ 1794 წელს - საფრანგეთის რევოლუციიდან მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ.*
* ერაზმ დარვინის მრავალი მეგობარი და კოლეგა სიმპათიით ეპყრობოდა საფრანგეთის რევოლუციას. ერაზმი „მთვარის საზოგადოების“ დამფუძნებელი იყო. საზოგადოებაში შედიოდნენ რევოლუციისადმი სიმპათიით განწყობილი ადამიანები. ისინი იმავე დროს იმ რევოლუციური საზოგადოების წევრებიც იყვნენ, რომელსაც ხელმძღვანელობდა რადიკალი გრაფი სტანჰოუპი. ერაზმის განსაკუთრებულ აღტაცებას იწვევდა რუსო, რევოლუციის მთავარი ფილოსოფიური შთამაგონებელი. იგი აგრეთვე მასონი გახლდათ, ისევე, როგროც მისი ძე, ჩარლზ დარვინის მამა.
ჯ.ჰ. რანდალი, თავად იყო ევოლუციონისტი, საკმაოდ გათვითცნობიერებული საიმისოდ, რათა ეღიარებინა, რომ ევოლუციის თეორია არის რწმენა და არა – დამტკიცებული ფაქტი:
„ამჟამად ბიოლოგები აღიარებენ, რომ ჩვენ, პირდაპირ თუ ვიტყვით, არაფერი ვიცით ახალი სახეობის გაჩენის შესახებ. ჩვენ კვლავ იძულებული ვართ დავეყრდნოთ მეცნიერულ რწმენას იმის შესახებ, რომ ისინი ჩნდებიან ემბრიონალურ პლაზმაში ქიმიური ცვლილებების შედეგად.*
* მსგავსი რამ განაცხადა ბრიტანელმა ბიოლოგ-ევოლუციონისტმა, პროფესორმა ლ. ჰარისონ მათფიუსმა დარვინის „სახეობათა წარმოშობის“ 1971 წლის გამოცემის წინასიტყვაობაში: „ევოლუციის ფაქტი იმაში მდგომარეობს, რომ იგი ბიოლოგიის საყრდენია და ბიოლოგია ამრიგად უცნაურ მდგომარეობაში აღმოჩნდება დაუმტკიცებელ თეორიაზე დაფუძნებული მეცნიერება მეცნიერებაა ეს თუ რწმენა?.. ამიტომ ევოლუციის რწმენის პარალელურად და საერთოდ არსებობს რწმენა სამყაროს შექმნის შესახებ – ორივე კონცეფცია ჭეშმარიტებად ითვლება მათთვის, ვინც მას იზიარებს, მაგრამ არც ერთი მათგანის მომხრემ დღემდე ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები თავისი კონცეფციის სასარგებლოდ.
ევოლუციონისტებმა უნდა ინებონ და დაეშვან ამ რწმენამ დე, იმიტომ რომ, როგორც ისინი ამბობენ, „სხვა რამ უბრალოდ წარმოუდგენელია.“ ეს „სხვა რამ“ სწორედ ის არის, რომ ღმერთმა შექმნა სამყარო 7000 თუ 8000 წლის წინათ.
რანდალი აგრძელებს დაკვირვებებს და მსჯელობს იმ შედეგებზე, რომლებიც ევოლუციამ მოიტანა სამყაროსათვის:
„ამ სირთულეების მიუხედავად ევოლუციის კონცეფცია საფუძვლად შეიჭრა ადამიანთა რწმენაში. დიდმა ძირითადმა მოვლენებმა და კონცეფციებმა ბუნებამ, გონებამ და სარგებლიანობამ, რომლებიც მეთვრამეტე სუკუნეში მეტად დიდ როლს ასრულებდნენ, უმეტეს შემთხვევებში ადგილი დაუთმეს ახალ კონცეფციებს, რომლებიც უკეთ გამოხატავენ განვითარებადი სამყაროს ძირითად ინტელექტუალურ იდეებს. მრავალი სოციალური ფაქტორი მთლიანობაში გავლენას ახდენს განვითარების იდეისა და მისი უშუალო შედეგების პოპულარიზაციაზე...
ევოლუციის ძირითადი ზეგავლენა ადამიანთა გონებაზე, ალბათ, უფრო იმით გამოიხატა, რომ დაიწყო ცვლილებათა განსაკუთრებული პროცესების დაწვრილებითი მიზეზობრივი ანალიზი. იმის მაგიერ, რომ ეძიათ დასასრულის ახსნა ან მსოფლიო პროცესების მიზანი მთლიანობაში, ან განესაზღვრათ საბოლოო მიზეზი ან ყოველივე არსებულის საფუძველი ადრინდელი მეცნიერებისა და ფილოსოფიის ფუნდამენტური ამოცანა – ადამიანები უბრალოდ გადავიდნენ იმის გამოკვლევაზე თუ რა არის პროცესი და რას წარმოქმნის იგი თავის შემდგენელებში. მათ უარყვეს ჭეშმარიტების უძრავი და სტატიკური სტრუქტურის ჭვრეტა და ამის მაგიერ გადაწყვიტეს, გამოეკვლიათ ყველა მცირე ჭეშმარიტებანი, რომლებიც ექსპერიმენტის მსვლელობისას ჩნდება. არა იმ ჭეშმარიტებისა, რომელიც ყველა ჭეშმარიტების წყაროა და ყოველივე ადამიანურ გამოცდილებაზე მაღლა, უსასრულობამდე აღამაღლებს ადამიანის სულს... არამედ, უსასრულობის დაუღალავი და დაუსრულებელი ძიება ჩვენ ცდების სასრულ ჭეშმარიტებაში — დღეს ეს არის ყველა სამეცნიერო და ფილოსოფიური ძალისხმევის მიზანი.
რეანდალი აღნიშნავს, თუ როგორ აძლიერებს ევოლუციის საყოველთაო რწმენას მორალურ სწავლებათა შეცვლა:
„დღეს ძირითადია ისეთი ადამიანის კონცეფცია, რომელიც ზემოქმედებს და რეაგირებს რთულ გარემოზე.*
* ეს არის ევოლუციური მსოფლმხედველობისა და რევოლუციების საუკუნის ძირითადი მრწამსი ადამიანის ბუნების შესახებ. იგი განუყოფელია დარვინიზმის ფილოსოფიისა და დარვინის მიმდევრის, კარლ მარქსის, პოლიტიკური ფილოსოფიისგან; იგი საერთოა ყველა ტოტალიტარული და უტოპიური სქემისათვის, რომლებიც ამ ფილოსოფიებიდან არის აღებული, მ.შ. თანამედროვე ლიბერალიზმიდან და რადიკალური ფემინიზმიდან. მოსამართლე რობერტ ჰ. ბორკი წიგნში „გომორისკენ გადახრილი: თანამედროვე ლიბერალიზმი და ამერიკული დაშვება“ ასე გამოხატავს ამ ევოლუციურ რწმენას: „ადამიანის ბუნება უსასრულოდ დამღლელია, ასე რომ ადამიანის ახალი, უკეთესი და ალბათ, სრულყოფილი ბუნება შეიძლება წარმოიქმნას სოციალური დაწესებულებების რეორგანიზაციით. ფემინისტმა შერე ჰაიტმა გამოთქვა ეს რწმენა „მოხსენებაში ოჯახის შესახებ, როდესაც განაცხადა: „უცვლელი „ადამიანური ბუნება“ საერთოდ არ არსებობს. ეს უფრო ფსიქოლოგიური სტრუქტურაა, გულდასმით იმპლანტირებული ჩვენს გონებაში, მაშინ როდესაც მთელი ცხოვრებისათვის ვსწავლობთ ოჯახური სიყვარულისა და ძალაუფლების განტოლებას. საბედნიეროდ ოჯახი – ადამიანთა დაწესებულებაა: ადამიანებმა შექმნეს იგი და ადამიანებსავე შეუძლიათ მისი შეცვლა.
ყველა იდეა და ორგანიზაცია დღეს განიხილება, უპირველეს ყოვლისა, როგორც სოციალური პროდუქტი, რომელიც სოციალურ ჯგუფებში ფუნქციონირებს და იწყება აუცილებლობიდან თავისებური ადაპტაციური როლი შეასრულოს ადამიანის ბუნებასა და მის გარემომცველ გარემოს შორის. სოციოლოგიზაციისა და ფსიქოლოგიზაციიის ეს საერთო ტენდეცია ეხება ადამიანის ინტერესების ყველა სფეროს: რელიგიისა და ღვთისმეტყველების მაგალითი არის საკმარისი ილუსტრაცია, მაშინ როდესაც XVIII საუკუნე რელიგიასა და ღვთისმეტყველებას განიხილავდა დედუქციურად, როგორც დაწესებულებათა
გარკვეული ნაკრების დემონსტრაციას, ახლა ადამიანები რელიგიას, უპირველეს ყოვლისა, სოციალურ პროდუქტად თვლიან, ცხოვრების წესად, რომელიც ადამიანთა რელიგიური გამოცდილების სოციალური ორგანიზაციიდან იწყება, ხოლო ღვთისმეტყველებას – როგორც ადამიანის ბუნების ძირითადი ფუძემდებლური გრძნობებისა და გამოცდილების რაციონალიზაციას. ჩვენ აღარ ვამტკიცებთ ღმერთის არსებობას და ვმსჯელობთ „ადამიანური გამოცდილებისათვის ღმერთის მნიშვნელობის შესახებ“, ჩვენ აღარ ვახდენთ მომავალი ცხოვრების დემონსტრირებას, ჩვენ ვიკვლევთ თუ როგორი შედეგები აქვს უკვდავების რწმენას ადამიანის ქცევაზე“.
ჩვენ ფრიად ნათლად გვესმის, რომ ეს არის იუმის მომდევნო სტადია, რომელმაც ყველა საფუძვლის დანგრევის სანქცია გასცა. მეტად აღარ გვწამს ძველი იდეები. ეს არის მომდევნო სტადია, რომელსაც არაფერი საერთო არა აქვს ევოლუციის „მეცნიერულ აღმოჩენასთან“ იგი უბრალოდ ის არის, რაც დღეს არის აქტუალური და რადგანაც გონება აგრძელებს შეტევას, ეს სტადია მისი თვითმკვლელობით დასრულდება.
რეანდალი აგრძელებს:
„მთლიანობაში ევოლუციამ ფასეულობათა ახალი სკალა წარმოქმნა. მეთვრამეტე ასწლეულში იდეალი გახლდათ რაციონალურობა, ბუნებრივობა, პრიმიტიულობაცა და უმანკოებაც კი; ჩვენთვის კი სასურველი უფრო ის არის, რაც განვითარების პროცესის წვერზეა, ჩვენთვის საქებარი ტერმინებია: „თანამედროვე“, „დღევანდელი, „მოწინავე“, „პროგრესული“. ისევე, როგორც განმანათლებლობის ეპოქაში, ჩვენ ვესწრაფვით იმის ამოცნობას, რასაც ვიწონებთ ბუნებაში. მაგრამ ჩვენთვის ეს ბუნების რაციონალური წესრიგი კი არ არის, არამედ ევოლუციური პროგრესის კულმინაცია, რომელსაც ჩვენი არსებობის ბერკეტად მივიჩნევთ. მეთვრამეტე ასწლეულებში იმაზე უარესს ვერ მოიფიქრებდნენ, რომ ადამიანისთვის ეწოდათ „არაბუნებრივი ენთუზიასტი“; ჩვენ კი ვამჯობინებთ მასზე ვთქვათ, რომ იგი „მიხრწნილი, დრომოჭმული გადმონაშთია“. იმ საუკუნეს სჯეროდა თეორიის, თუკი ჩათვლიდა, რომ იგი რაციონალური, სასარგებლო და ბუნებრივია; ჩვენ კი პრიორიტეტს ვანიჭებთ „ყველაზე უფრო განვითარებულს“. ჩვენ უფრო მოდერნისტები და პროგრესისტები ვიქნებით, ვიდრე საღი აზრის მიმდევრები. საკითხავია, უფრო მეტი შევიძინეთ თუ დავკარგეთ ფასეულობათა ახალი სისტემის მიღებით...
ევოლუციის იდეამ, როგორადაც მას საბოლოოდ იგებენ, გააძლიერა ჰუმანისტური და ნატურალსტური დამოკიდებულება“.
წინა - სარჩევი - შემდეგი