მოდით განვიხილოთ ევოლუციის ე.წ. მტკიცებულებები და გავარკვიოთ მათი არსი. ჩვენ არ შევეცდებით ამ მტკიცებულებათა უარყოფას, მხოლოდ მათ ხარისხს შევეხებით, რათა გავიგოთ, რამ დააჯერა ადამიანები ერწმუნათ ევოლუცია.
1. ზოოლოგიის საყოველთაოდ ცნობილ სახელმძღვანელოში (ტრეისი ი. სტორერი „ზოგადი ზოოლოგია“), რომელსაც ჯერ კიდევ ოცი წლის წინათ იყენებდნენ, მტკიცებულებების მთელი რიგია ჩამოთვლილი. პირველ მტკიცებულებას ეწოდება „შედარებითი მორფოლოგია“ ე.ი. სხეულის აგებულების შედარება. ადამიანებს აქვთ ხელები, ფრინველებს ფრთები, თევზებს – ფარფლები. წიგნი ილუსტრირებულია შთამბეჭდავი დიაგრამებით, სადაც ნაჩვენებია, რომ ისინი (ხელები, ფრთები, ფარფლები) ძალიან გვანან ერთმანეთს. ფრინველებს ბრჭყალები აქვთ, ჩვენ თითები; წიგნში ნაჩვენებია, თუ როგორ შეეძლო ბრჭყალებს, გარდაქმნილიყო თითებად.*
* „ზოგადი ზოოლოგიის“ ილუსტრაციაში გვ. 215 ნაჩვენებია „ჰიპოთეზური გარდამავალი ტიპი“, რომელიც სადღაც თევზის ფარფლსა და ცხოველის კიდურებს შორის იმყოფება. სხვა სიტყვებით, გარდამავალი ტიპი რომ არ ყოფილიყო, ავტორს იგი უნდა გამოეგონებინა.
ყველა ქმნილება ნაჩვენებია, როგორც ერთმანეთისადმი ძალიან მსგავსი აგებულების მქონე, ხოლო სტრუქტურული განსხვავებანი სისტემატიზებულია ფენოტიპსა და გენოტიპს შორის არსებული განსხვავებების მიხედვით. ეს, რაღა თქმა უნდა, არ არის მტკიცებულება. თუმცაღა მათთვის, ვისაც სჯერა ევოლუციის, ყოველივე ფრიად ლოგიკურია.
მეორე მხრივ, მეცნიერი კრეაციონისტები ამბობენ: თუკი თქვენ გჯერათ, რომ ღმერთმა შექმნა სამყარო, მაშინ მას ყოველივე არსებულის საფუძვლად ქმნადობის ყოვლისმომცველი გეგმა უნდა ჩაედო. ამიტომ, ყველა ქმნილების საფუძველი ერთმანეთის მსგავსი უნდა იყოს. თუ თქვენ გჯერათ, რომ ღმერთმა შექმნა ყველა ქმნილება, მაშინ ეს დიაგრამები გვიმტკიცებენ, რომ მართლაც, ღმერთმა ისინი გეგმის მიხედვით შექმნა. პირიქით, თუ თქვენ გწამთ, რომ ერთი ქმნილება ევოლუციით სხვა ქმნილებაში გარდაიქმნა, მაშინ ეს დიაგრამები გეტყვით, რომ მართლაც, ასეთი გარდაქმნა ევოლუციით მოხდა. მაგრამ აქ არავითარი მტკიცებულება არ არის - არც ევოლუციის სასარგებლოდ, არც მის საწინააღმდეგოდ. სინამდვილეში, ადამიანები ჯერ ევოლუციას აღიარებენ რაღაც სხვა რამის შედეგად და შემდეგ განიხილავენ ამ დიაგრამებს, რომლებიც მათ კიდევ უფრო აჯერებენ ევოლუციის ჭეშმარიტებაში.
2. მეორე მტკიცებულება არის „შედარებითი ფიზიოლოგია“. „ზოგადი ზოოლოგიის“ წიგნი აცხადებს, რომ „ორგანიზმების ქსოვილის და ფლიუდური სტრუქტურა გვიჩვენებს ფიზიოლოგიური და ქიმიური თვისებების მსგავსებათა მრავალ ნიშანს, რომელებიც მორფოლოგიური თავისებურებების პარალელურია“. მაგალითად:
„ხერხემლიანთა სისხლში ჰემოგლობინიდან შესაძლებელია მივიღოთ ოქსიმოჰემოგლობინური კრისტალები; მათი კრისტალური სტრუქტურა. შეესაბამება ხერხემლიანთა კლასიფიკაციას, რომელიც სხეულის აგებულებაზეა დაფუძნებული. თითოეული სახეობა განსხვავდება ერთიმეორისაგან, მაგრამ გენოტიპის მიხედვით მათ ყველას საერთო ნიშნები აქვთ. შემდეგ, ყველა ფრინველი ერთმანეთის მსგავსია, მაგრამ სისხლის კრისტალური სტრუქტურის მიხედვით ისინი განსხვავდებინ ძუძუმწოვრებისა ან რეპტილიებისაგან“.
აქაც იგივე შეიძლება ითქვას, რაც უკვე ვთქვით მორფოლოგიის შესახებ. თუ თქვენ გწამთ რომ სამყარო შეიქმნა, მაშინ იტყვით, რომ ღმერთმა ქმნილებანი შექმნა სისხლის ერთმანეთისადმი მსგავსი სტრუქტურით. და აქ არავითარი კითხვა არ წამოიჭრება. თუკი თქვენ ევოლუციის გწამთ, მაშინ იტყვით, რომ ერთი მათგანი ევოლუციის გზით შეიცვალა მეორე სახეობით.
დათარიღების სისტემა დამუშავდა სისხლის დალექვის ანალიზის შედეგების გამოყენებით. მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ამ შედეგებს ერთნაირი მახასიათებლები აქვს ერთი გენოტიპის ფარგლებში, მაგრამ განსხვავდება სხვადასხვა გენოტიპისათვის, მაგალითად ფრინველებისა და მაიმუნებისათვის. ამ გარემოებაზე დაყრდნობით, ისინი ატარებენ გამოთვლებს და განსაზღვრავენ, რამდენი წელია გასული სხვადასხვა ცოცხალ ორგანიზმებს შორის განვითარების ევოლუციური სკალის მიხედვით. როგორც ეს ხშირად ხდება, მათი გამოთვლები სხვას არაფერს ითვალისწინებს. თუ ამ გაანგარიშებას მივიღებთ საფუძვლად, მაშინ დათარიღების სხვა სისტემები უნდა შეიცვალოს; ასე რომ, ეს ყოველივე მეტად წინააღმდეგობრივია. სინამდვილეში ეს არაფერს ამტკიცებს იმიტომ, რომ იგი შეიძლება მივიღოთ როგორც ევოლუციის, ისე ღმერთის მიერ სამყაროს შექმნის მტკიცებულებად.
3. არსებობს მესამე არგუმენტი – „შედარებითი ემბრიოლოგია“. ზოგადი ზოოლოგიის“ ტიპის სახელმძღვანელოებში გამოყენებულია ილუსტრაციები, რომლებიც აჩვენებენ, რომ თევზის, სალამანდრის, კუს, ქათმის, ღორის, ადამიანის და ა. შ. ჩანასახები ძალიან გვანან ერთმანეთს და გვატყობინებენ, რომ ისინი (ეს ცხოველები) ასე თანდათანობით ვითარდებიან სხვადასხვა გზით შეიძლება ვნახოთ, რომ ადამიანის ემბრიონს აქვს ე.წ. „სალაყუჩე განაჭრები (ღრეჩოები)“. ამრიგად, ეს თითქოსდა მისი წინაპრის შესახებ გვეუბნება. (ეს წარმოადგენს „მტკიცებულებას“, რომ ადამიანი თითქოსდა ლაყუჩების მქონე წყლის ცხოველებისგან განვითარდა.) ერნესტ ჰეკელი თავის „რეკაპიტულაციის თეორიასა“ და „ბიოგენეტიკურ კანონში“ ამტკიცებს, რომ „ცალკეულ ორგანიზმს თავისი განვითარების დროს (ონტოგენეზი) სტადიების განმეორების ტენდეცია აქვს, სტადიებისა, რომლებიც მისმა წინაპრებმა გაიარეს (ფილოგენეზი)“. დღეს ამ თეორიას ევოლუციონისტები აღარ ღებულობენ. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ „სალაყუჩე ღრეჩოები“ სულაც არ არის ლაყუჩის ღრეჩო, არამედ ადამიანის კისრის მიდამოში მიმდინარე პროცესის ნაწილი. ამრიგად, ეს მტკიცებულება საბოლოოდ უარყოფილი იქნა. მაგრამ ისინი მაინც იყენებენ იმ არგუმენტს, რომ ნიშან-თვისებათა მსგავსება ევოლუციას ამტკიცებს, რაც, რა თქმა უნდა, არასწორია.
4. კიდევ ერთი მტკიცებულება, რომელიც ადრე უფრო დამაჯერებლად ჟღერდა, ვიდრე დღეს „რუდიმენტული“ ორგანოების არსებობაა. ევოლუციონისტები აცხადებენ, რომ ზოგიერთ ორგანო, მაგალითად, აპენდიქსი (ბრმა ნაწლავი), არავითარ ფუნქციას არ ასრულებს და, მაშასადამე, თანამედროვე ადამიანის ორგანიზმში ევოლუციის წინა სტადიიდან დარჩა, როდესაც იგი მაიმუნის ან ადამიანის რომელიმე წინაპრის ორგანიზმში გამოიყენებოდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ სულ უფრო და უფრო მეტ ამ ე.წ. „რუდიმენტულ“ ორგანოს გარკვეული მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, აპენდიქსი თურმე გარკვეულ ჯირკვლოვან ფუნქციას ასრულებს, ასე რომ ეს არგუმენტიც უნდა უკუვაგდოთ.*
* უკანასკნელ წლებში დამტკიცდა, რომ პრაქტიკულად ყველა ე.წ. „რუდიმენტული“ ორგანო, განსაკუთრებით ადამიანის ორგანოები, გარკვეულ ფუნქციას ასრულებენ ორგანიზმში და სრულებითაც არ არიან რუდიმენტულნი. თავის დროზე ევოლუციონისტები აცხადებდნენ, რომ ადამიანის ორგანიზმში დაახლოებით 180 რუდიმენტული ორგანოაო, მაგრამ ამჟამად ისინი უკვე პრაქტიკულად არც ერთ ორგანოს არავითარ პრტენზიას აღარ უყენებენ. რუდიმენტულად ითვლებოდა ფარისებრი ჯირკვალი, ჩიყვის ანუ ორთითა ჯირკვალი, კოპისებრი ჯირკვალი, კუდუსუნი, ყურის კუნთები, ნუშისებრი ჯირკვლები, აპენდიქსი და სხვ. ცნობილია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ორგანო აუცილებელ და ხშირად, მეტად მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებს (ჰენრი მორისი, Scientific Creationism, გვ. 6). ამ თემის დაწვრილებითი განხილვისთვის იხ. Dr.Jerry Bergman, Dr. George Howe „Vestigial Organs“ are Fully Functional.
მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ არაფერი ვიცით იმ ორგანოს ფუნქციის შესახებ, სრულებითაც არ უნდა დავასკვნათ, რომ ეს სიცოცხლის რომელიღაცა დაბალი ფორმის ნარჩენი მოვლენებია.
5. შემდეგია გაქვავებული ნამარხი ნაშთების შემსწავლელი მეცნიერების - პალეონტოლოგიის არგუმენტები. მართლაც, გეოლოგიური ფენების, მაგალითად, დიდი კანიონის (აშშ) შესწავლის დროს თავდაპირველად შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ მივიღეთ ევოლუციის დამადასტურებელი დამაჯერებელი მტკიცებულება. კანიონში მრავალი სხვადასხგვარი გეოლოგიური ფენა ჩანს; ამასთან, რაც უფრო ქვემოთ არის ფენა, მით უფრო პრიმიტიულია იქ ნაპოვნ ცოცხალ არსებათა ნაშთები. მეცნიერება ფენებს იქ აღმოჩენილი ნაშთების მიხედვით ათარიღებენ.
ეს ფენები მე-19 საუკუნეში აღმოაჩინეს; და მაშინ დაიწყო მათი ასაკის განსაზღვრა. ახლაც არსებობს გარკვეული თვალსაზრისით განსაზღვრული სისტემა, რომლის მიხედვითაც მეცნიერები არკვევენ რომელი ფენა არის უფრო ძველი და რომელი უფრო ახალგაზრდა.*
* ევოლუციონისტების მიერ შედგენილია „სტრატიგრაფიული სვეტის“ სქემა, სადაც თითოეულ ფენას გარკვეული ქრონოლოგიური თარიღი შეესაბამება. ასეთი სვეტი, როგორც გარკვეული სიმძლავრის მქონე ნალექი ქანების გეოლოგიური ფენების სრული შრე, ბუნებაში საერთოდ არ არსებობს. „ეს წარმოსახვითი ნაგებობაა, რომელიც სინთეზირებულია დედამიწის ერთი ნაწილის გეოლოგიური ფენის გაქვავებული ქანების დედამიწის სხვა ნაწილში აღებულ მის თითქოსდა მსგავს ქანებთან შედარებით“. იხ. რიჩარდ მილტონი, Shattering the Myths d Darwinism, 3,7.
მაგრამ თვით დათარიღების სისტემა მოითხოვს დამტკიცებას, რადგანაც ხშირად გეოლოგიური ფენები „ყირამალაა ჩამოწოლილი და მათი წარმოქმნა ეწინააღმდეგება ევოლუციურ მოდელს. (ბრიტანეთის ენციკლოპედია (მე-11 გამოცემა) – აღიარებს, რომ ზოგიერთ საბადოში ფენები „ყირამალაა“ განლაგებული (ე.ი. პრიმიტიული არსებები უფრო მაღლ არის, ვიდრე უფრო „მაღალგანვითარებული – ევოლუციონირებული“).) ამიტომ მეცნიერები იძულებულნი ხდებიან თავისი სისტემა არსებული ფაქტობრივ მონაცემებს მოარგონ. ისევე, როგორც პტოლემეოსის სისტემა უნდა მორგებულიყო ფაქტობრივი რეალობისადმი (ამისათვის ეპიციკლები მოიგონეს, რადგანაც პლანეტების დედამიწის მიმართ მოძრაობაში რეგულარულობა არ იყო); ასევე ევოლუციონისტებიც იძულებულნი არიან, თავისი სისტემა ფაქტობრივ სამეცნიერო მონაცემებს მოარგონ, რადგანაც აღმოაჩინეს, რომ მათი თეორიის მიხედვით გეოლოგიური ფენები „ყირამალაა“ განლაგებული. ისინი ფენების ასაკს მათში ნაპოვნი ნამარხი ნაშთების მიხედვით განსაზღვრავენ. მაგრამ საიდან იციან მათ, რომ ამ ფენებში განლაგებული გაქვავებული ნამარხი ნაშთები სწორად არის განლაგებული? ეს მათთვის მაშინ ხდება ცნობილი, როდესაც სადღაც პოულობენ ნამარხ ნაშთს, რომელიც ევოლუციური მოდელის თანახმად, „სწორი“ მიმდევრობით მდებარეობს და აი, მაშინ ქმნიან ისინი თავიანთ სისტემას. სრულიად ბუნებრივია, რომ თუ ამ სისტემას უფრო ყურადღებით შევხედავთ, მაშინ აღმოჩნდება, რომ თვით ეს სისტემა საჭიროების დამტკიცებას. ამრიგად, წარმოიქმნება იმის დაჯერების აუცილებლობა, რომ ასეთი სისტემა შეესაბამება ფაქტობრივ რეალობას. აქ რამდენიმე ნაკლოვანება მჟღავნდება. ერთი მხრივ, ცოცხალი ორგანიზმების ნამარხი ნაშთები ჩნდება სრულებით მოულოდნელად თითოეულ ფენაში; გარდამავალი ფორმები, რომლებიც მრავლად უნდა იყოს განვითარების ევოლუციური თეორიის მიხედვით, არ არსებობს. მეორე მხრივ, კვლევების გაგრძელების კვალობაზე, ფენებში ისეთი ცხოველები ჩნდება, რომლებიც იქ სრულებითაც არ უნდა იმყოფებოდნენ. ასე მაგალითად, კემბრიულამდელი პერიოდის ფენებში ნახულობენ თავფეხიან ცხოველებს (Tribrachidia) და მაღალგანვითარებული ცხოველების სხვა ტიპებს, რომლებიც იქ არ უნდა იმყოფებოდნენ, ვინაიდან ისინი ევოლუციის მიხედვით დაახლოებით ასეული მილიონი წლების შემდეგ წარმოიქმნენ. ამრიგად, ან ასეთი ორგანიზმების ევოლუციური ისტორია უნდა შეიცვლოს, ან ყოველივე ეს გამონაკლისად უნდა ჩაითვალოს.
მთლიანობაში, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს ფენები მილიონობით წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა.*
* უნიფორმული მოდელი, რომლის მიხედვითაც ივარაუდება, რომ გეოლოგიური ფენები თანდათანობით ყალიბდებოდა მილიონობით წლის განმავლობაში, არავითარი მტკიცებულებით არ არის გამყარებული. თანამედროვე გეოლოგიური პროცესები აჩვენებს, რომ არსებულ ფენებში ქვიანი ქანები დღეს არსად არაფერს მსგავსს არ ქმნის. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ქანები კატასტროფების შედეგად წარმოიქმნა. იხ. რიჩარდ მილტონი, Shattering the Myths of Darwinism. გვ.72-79 და ჰენრი მორისი, Scientific Creatinism, გვ.101-111.
კრეაციონისტები, რომლებიც ნოეს წარღვნის რეალობის შესახებ ლაპარაკობენ, ამბობენ, რომ ასეთი წარმონაქმნების მიზეზი სავსებით შესაძლებელია წარღვნა ყოფილიყო. უმეტესად, პირველ რიგში, უნდა დახოცილიყვნენ უფრო მარტივი წყლის ცხოველები, რომლებიც ზღვის ფსკერზე ბინადრობდნენ, მათ უნდა მოჰყოლოდა თევზები და სხვა ორგანიზმები, რომლებიც ოკეანის სიახლოვეს ცხოვრობდნენ. უფრო განვითარებული ცხოველები, მათ შორის ადამიანები, ზღვის დონიდან უფრო და უფრო მაღალი ადგილებისკენ გაიქცეოდნენ, რათა თავი დაეცვათ წყლის სულ უფრო მზარდი მოქცევისგან. ფენებში ადამიანის მცირე რაოდენობის ნაშთები უნდა ყოფილიყო, რადგანაც ადამიანი წარღვნისაგან თავის გადარჩენას ნავებითა და სხვა საშუალებებით შეეცდებოდა.*
* დოქტორი ჰენრი მორისი წერს: „ფაქტი ის არის, რომ თუმცა ასეთი თანმიმდევრობაც ყველასათვის მოსალოდნელია, მაგრამ მაინც მრავალი გამონაკლისი ჩნდება, როგორც საჭირო რგოლების არ არსებობით, ისე მათი შებრუნებული თანმიმდევრობით. ასეთი რამ, რაღა თქმა უნდა, წარღვნითაც ივარაუდება, მაგრამ ევოლუციისა და უნიფორმიზმის პირობებიდან გამომდინარე ასეთი თანმიმდევრობის ახსნა მეტისმეტად რთულია“ (The Genesis Flood, გვ. 276). დოქტორ დევიდ მ. როპმა ჩიკაგოს ბუნების ისტორიის საბადოთა მუზეუმის გეოლოგიის კურატორმა (ამ მუზეუმშია გამოფენილი გაქვავებული ნაშთების ყველაზე დიდი კოლექცია მსოფლიოში) დაწვრილებით გამოიკვლია ამ გაქვავებული ნაშთების სიღრმეში განლაგების თანმიმდევრობა და ასეთ დასკვნამდე მივიდა: „დარვინის სიკვდილის შემდგომ წლებში მისი მომხრეები და მიმდევრები იმედოვნებდნენ, რომ იპოვიდნენ გაქვავებული ნაშთების ნაწინასწარმეტყველებ თანმიმდევრობას. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასეთი რამ არ იქნა ნაპოვნი. მაგრამ ოპტიმიზმი ბოლოს კვდება და სრულყოფილმა ფანტაზიებმა სახელმძღვანელოებში შეღწევა დაიწყეს.
* დოქტორი როპი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს პალეონტოლოგად ითვლება, სამყაროს შექმნის მომხრეა, მაგრამ აღიარებს, რომ ნაპოვნ გაქვავებულ ნაშთებს პრაქტიკულად შეიძლება, ნებისმიერი თეორია მივუსადაგოთ. ის აგრეთვე ამბობს, რომ გაქვავებული ნაშთები საერთოდ შესაძლოა, ქაოსურადაც კი განაწილებულიყო (ყოველგვარი თანმიმდევრობის გარეშე), თუკი საერთოდ რაიმე თანმიმდევრობაზე ვისაუბრებთ (David Raup,„Probabilistic Models in Evolutionary Paleo-Biology“, American Scientist, იანვარი-თებერვალი, 1977 წ. გვ. 57). ამ გარემოებათა შესახებ ის კრეაციონისტებისთვისაც ირონიულად შენიშნავს „სამყაროს შექმნის მომხრეებთან ევოლუციონისტების კამათის ერთ-ერთი ირონია იმაში მდგომარეობს, რომ კრეაციონისტები დაეთანხმნენ მცდარ დებულებას – თითქოსდა ნაპოვნი გაქვავებული ნაშთები მოწესრიგებულ თანმიმდევრობას ქმნიან და ამასთან მათ (ამ ნაშთებმა) დროის უზარმაზარი მანძილი განვლეს, რათა ეს „ფაქტი“ წარღვნის გეოლოგიისთვის მოერგოთ (David Raup „Evolution and the Fosscil Record“ Scince 17 ივლისი, 1981, გვ. 289). „სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ – წერს დოქტორი ჰენრი მორისი, – როპი თვლის, რომ წარღვნის გეოლოგიისთვის სულაც არ არის საჭირო წარღვნის მოდელის დამუშავება, რათა აიხსნას გაქვავებული ნაშთების განლაგების თანმიმდევრობა, რადგანაც არავითარი „თანმიმდევრობა“ საერთოდ არ არსებობს! (The Biblical Basus for Modern Science, გვ.363)
უფრო მეტიც, გაქვავებული ნაშთების წარმოქმნისა და შენახვისათვის სრულიად განსაკუთრებული პირობებია საჭირო. ცოცხალი ორგანიზმი უეცრად უნდა მოკვდეს გარკვეულ ბლანტ გარემოში, ჩაეფლოს ტალახში ან შლამში იმისათვის, რათა გაქვავებული ნაშთი წარმოიქმნას და უცვლელი დარჩეს.*
* ე.ი. იმისათვის რათა ეს ნაშთი არ გაიხრწნას ბაქტერიების ზემოქმედებით ან ნადირებმა არ გაანადგურონ. უფრო მეტიც, ასეთი ნალექი ქანები საკმაოდ დიდ სიღრმეში უნდა იყოს, რათა ბუნებრივმა პროცესებმა არ გაანადგუროს ორგანული ნარჩენები.
რიჩარდ მილტონი შემდეგ გარემოებაზე მიუთითებს: „გაქვავებული ნაშთების შემცველი ქვის ქანები დღეს არსად წარმოიქმნება. ორგანული ნარჩენები საკმაოდ არის, ზღვის ხელუხლებელი დანალექი გარემო კი უკიდეგანოა. მილიონობით ორგანიზმის ჩონჩხიცა და ძვლებიც საკმარისად არის როგორც ხმელეთზე, ისე ზღვაში. მაგრამ დაღუპვის შემდეგ ისინი არავითარ დანალექ ქანებში არ იძირებიან
და არც მათი გაქვავება ხდება. ამის მაგიერ ისინი სხვადასხვა მიზეზების (ქარი, წვიმა, ზღვა, ნადირი) ზემოქმედების გამო ეროზიას განიცდიან (Shattering the Myths of Darwinism, გვ. 78). ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ არსებული გაქვავებული ნაშთების ფორმირება დიდი კატასტროფის შედეგად მოხდა (ჰენრი მორისი, Scientific Creationism, გვ. 97-101). ამ მოვლენებში თანამიმდევრულობის იდეა სულ უფრო მეტად დგება ეჭვსქვეშ. დღეს უკვე დამტკიცებულია, რომ ნავთობი, ქვანახშირი და მათი მსგავსი წიაღისეული შეიძლებოდა. წარმოქმნილიყო უაღრესად მოკლე დროის – სულ რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში (John D. Morris. The Young Earth, გვ. 102-103).
რაც შეეხება გაქვავებულ ნაშთებს, სამეცნიერო აზრი სულ უფრო და უფრო მეტად იხრება იმ დასკვნისკენ, რომ ისინი კატასტროფის შედეგად წარმოიქმნენ. პალეონტოლოგიის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არგუმენტი ევოლუციის წინააღმდეგ არის ის ფაქტი, რომ არა და არ იქნა ნაპოვნი ის, რასაც შეიძლება ეწოდოს გარდამავალი სახეობა. თვით დარვინიც ძლიერ იყო აღელვებული ამ ფაქტით. იგი წერდა:
„ადრე არსებული გარდამავალ სახეობათა რაოდენობა ჭეშმარიტად უზარმაზარი უნდა იყოს. მაშ რატომ არის, რომ არცერთ გეოლოგიურ ფორმაციაში და არცერთ გეოლოგიურ ფენაში არ არის ასეთი გარდამავალი ფორმა? გეოლოგია კი, შეიძლება დანამდვილებით ითქვას, არ იძლევა ასეთ კარგად ორგანიზებულ მიმდევრობით ჯაჭვს; და ეს არის ალბათ ყველაზე უფრო თვალსაჩინო და სერიოზული წინააღმდეგობა, რომელიც შეიძლება წამოყენებული იქნეს ევოლუციის თეორიის წინააღმდეგ. მე ვფიქრობ, რომ ეს ყოველივე გეოლოგიური აღმოჩენების არასრულყოფილებით აიხსნება“.
დღეს მეცნიერები ამბობენ, რომ ნაპოვნია უამრავი გაქვავებული ნაშთი; ისინი უფრო მეტია, ვიდრე ცოცხალი სახეობები. მაგრამ მაინც ორ სახეობაზე მეტი არ არის ნაპოვნი, რომლებიც შესაძლებელია განხილული იყოს, როგორც სავარაუდო გარდამავალი სახეობები. შესაძლოა იკითხონ - კი მაგრამ პტეროდაქტილი? ეს ხომ ფრთებიანი ქვეწარმავალია, რომელიც ფრინველი გახდა? კი მაგრამ, რატომ არ შეიძლება ითქვას, რომ ეს უბრალოდ ფრთებიანი ქვეწარმავალია?*
* ცხოველი, რომელსაც ევოლუციონისტები განსაკუთრებით ხშირად ახსენებენ როგორც ქვეწარმავლის ფრინველად გარდაქმნის გარდამავალ ფორმად პტეროდაქტილი კი არა, არქეოპტერიქსია. ფილიპ ე. ჯონსონი არქეოპტერიქსს უწოდებს „არაჩვეულებრივ შემთხვევას, რომელიც თანამედროვე იხვნისკარტას გვაგონებს“ (Darwin on Trial გვ. 80). ჰენრი მორისი აღნიშნავს, რომ ეს არის „მოზაიკური ფორმა, რომელსაც არ გააჩნია გარდამავალი სტრუქტურების თავისებურებანი“ (The Biblical Basis for Modern Science 83. 341); თვით ევოლუციონისტებიც: სტივენ ჯეი გულდი და ნაილ ელდრიჯი აღიარებენ, რომ „ისეთი თავისებური მოზაიკა, როგორიც არქეოპტერიქსია, არ შეიძლება ჩაითვალოს ნაპოვნ გაქვავებულ ნაშთებს შორის არსებულ კარგ, გარდამავალ ფორმად (Paleobiology, ტომი 3, 1977 წ. გვ. 147). მაიკლ დენტონი შენიშნავს – „ეჭვსგარეშეა, რომ ეს არქაული ფრინველი არ გაჩენილა ხმელეთის ჩვეულებრივი ქვეწარმავლის რამდენიმე გარდამავალი ფორმის მწკრივიდან ერთმანეთში თანდათან გარდამავალი სახეობების მეშვეობით, სახეობებისა, რომელთაც მოკლე მანძილზე გადაფრენა შეეძლოთ და უფრო და უფრო უნვითარდებოდათ ფრთები, სანამ საბოლოოდ არ მიაღწიეს სრულყოფილი ფრენის უნარს (Evoution; A. Theory in Crisis, გვ.176).
არსებობს გაქვავებული ნამარხი ნაშთები, რომლებსაც „ინდექსირებულს“ უწოდებენ, ვინაიდან, მათი მეშვეობით განსაზღვრავენ ხოლმე იმ ფენის ფარდობით ასაკს, სადაც იქნა ნაპოვნი ეს ნაშთები, რადგანაც ივარაუდება, რომ სწორედ ამ პერიოდში ამოწყდა ამ ფენაში ნაპოვნი ესა თუ ის ცხოველი.
მაგალითად, იპოვეს ოკეანის ბინადარი თევზი.*
* ეს არის ლატიმერია, რომელიც 1938 წელს აღმოაჩინეს კუნძულ მადაგასკარის შორიახლოს. ითვლებოდა, რომ ლატიმერია უნდა მიეკუთვნებოდეს წყალხმელეთა ცხოველების უახლოესი წინაპრების ნათესავებს, მაგრამ მისმა გაკვეთამ ეს ვარაუდი არ დაადასტურა – „შინაგანი ორგანოები არ მიუთითებს იმაზე, თუ როგორ გახდა შესაძლებელი, რომ თევზი წყალხმელეთა ცხოველი გახდა“ (Johnson, Darwin on Trial გვ. 76-77; იხ. აგრეთვე Denton, გვ. 157, 179-180).
მანამდე კი ითვლებოდა, რომ იგი 70 მილიონი წლის წინათ გადაშენდა. (ანუ მიეკუთვნებოდა დაახლოებით იმ პერიოდს, როდესაც, როგორც ითვლება, ამოწყდნენ დინოზავრები.) რადგანაც იგი ინდექსირებული გაქვავებულ ნამარხ ნაშთს მიეკუთვნებოდა, ამან მთელი სისტემა ჩიხში მოაქცია. იმ ფენის ასაკი, რომელიც იქ ნაპოვნი გადაშენებული თევზის მიხედვით განისაზღვრა, სავსებით მცდარი აღმოჩნდა.*
* არსებობს მრავალი სხვა ორგანიზმი, რომელთა ნაშთები ნაპოვნია მხოლოდ დანალექ ქანებში, რომელთა ასაკი, როგორც ფიქრობდნენ, ასობით მილიონ წელს შეადგენდა, და რომლებიც, ამის გამო, ინდექსირებულ გაქვავებულ ნამარხ ნაშთებად გამოიყენებოდა მანამდე, სანამ არ აღმოჩნდა, რომ ისინი ახლაც არსებობენ. ამ ორგანიზმების არასრული სია შესაძლებელია იხილოთ წიგნში: Scientific Creationism გვ. 88-89.
რატომაა, რომ ზოგიერთი სახეობა „ევოლუციონირებს, ხოლო სხვები იმგვარივენი რჩებიან, როგორიც იყვნენ? „ძველ“ ფენებში ნაპოვნია მრავალი სახეობა, რომლებიც არაფრით განსხვავდებიან ამჟამად არსებულ, თანამედროვე სახეობებისაგან. ევოლუციონისტები ამ ვითარებას ამგვარად ხსნიან: არსებობს „დაბალი წარმოშობის“ სახეობები, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო არ ვითარდებიან, მათი განვითარება ჩერდება, და არსებობს უფრო პროგრესული სახეობები, რომელთაც აქვთ შემდგომი განვითარების ენერგია. მაგრამ ეს ისევ და ისევ რწმენაა და არა მტკიცებულება. დანალექ ქანებში
ნაპოვნ გაქვავებულ ნაშთებს შორის არსებული განსხვავებანი ისევე ნათლად არის გამოხატული, როგორც დღეს არსებულ სახეობებს შორის.
6. ამას მოსდევს მტკიცებულება, რომლებიც შეიძლება შევიყვანოთ ოჯახისადმი „აშკარა“ კუთვნილების ჯგუფში. სახელმძღვანელოთა უმეტესობაში ევოლუციაზე საუბრის დროს მხატვრული ხერხებით გადმოცემულია ცხენისა და სპილოს ევოლუციური განვითარების გზა. ასეთი მტკიცებულებების მეთოდები საკმაოდ დიდი სუბიექტურობით გამოირჩევა. მაგალითად, ასეთი შემთხვევა გვაქვს მაშინ, როდესაც მხატვრები ნეანდარტელებს წელში მოხრილს და გრძელი ხელებით ხატავენ, რათა ისინი დამაჯერებლად გვაგონებდნენ მაიმუნებს. ეს სამეცნიერო მტკიცებულებას კი არ წარმოადგენს, არამედ – წარმოსახვაა, რომელიც ვიღაცის ფილოსოფიურ იდეას ეყრდნობა. ნამარხი ნაშთებით მიღებულია საკმაო რაოდენობის სამეცნიერო მონაცემები, რომლებიც ევოლუციის საწინააღმდეგო მტკიცებულებებს წარმოადგენენ ან აჩვენებენ, რომ არ არსებობს არც ევოლუციის საწინააღმდეგო, არც მისი დამადასტურებელი მტკიცებულებანი; და ამავე დროს არსებობს მნიშვნელობანი ფაქტები, რომლებსაც ევოლუცია ვერ ხსნის. სახეობათა მემკვიდრეობის იმ რამდენიმე „აშკარა“ ხაზებში — ცხენებში, ღორებში და ა.შ. ჩანს ან ნაირსახეობათა ცვლილებები მოცემული სახეობის ფარგლებში (ცხადია, რომ სწორედ ასეთია ცხენების ზომების ცვლილებები) ან ის შემთხვევები, როდესაც ისინი სცილდებიან ერთი სახეობის ფარგლებს (რომლებიც ორგანიზმების სხვადასხვა სახეობებს შეიცავენ). აქ მხოლოდ ივარაუდება (მაგრამ ვერ მტკიცდება), რომ ერთი ორგანიზმი მეორესთან პირდაპირი მემკვიდრეობითობით არის დაკავშირებული.*
* ამ ვითომდა სახეობათა ნათესაობის ხაზების ყველაზე უფრო ცნობილი შემთხვევის შესახებ ჟურნალ World Magazine-ში (1999 წ. 12 ივლისი) გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია: „ჩიკაგოს ნამარხი ნაშთების მუზეუმში ხშირად არის ნახსენები ექსპონატი, რომლითაც ცხენის ევოლუციის პრეტენზიული დემონსტრირება ხდება. აქ წარმოდგენილია მცირე ზომების ცხოველების ჩონჩხები, რომლებსაც უფრო დიდი ზომის ჩონჩხები მოსდევს და შემდეგ ისეთები, რომლებიც სულ უფრო გვაგონებენ თანამედროვე ცხენების ჩონჩხს. ისე ჩანს, რომ თანდათანობითი მუტაციით მიღებულია ცხენის თანამედროვე სახეობა. ერთი შეხედვით, ეს ყოველივე, თითქოსდა, ევოლუციის დამამტკიცებელი უტყუარი მაგალითია არც ერთი გამოტოვებული რგოლი, ჯუჯა ქრცვინის მსგავსი ნადირიდან დაწყებული და მშვენიერი ულაყით დამთავრებული, რაც წარმატებით გამოიყენეს კიდეც უამრავ სახელმძღვანელოში. მაგრამ გამოვიდა, რომ ამ ცხოველებს, რომელთა ჩონჩხები ასე მწყობრადაა ორგანიზებული, ერთმანეთთან არაფერი აქვთ საერთო. ისინი სხვადასხვა ცალკეული შტოების წარმომადგენლები არიან, რომლებიც სხვადასხვა პერიოდებს ეკუთვნიან. ასე რომ, თვით ევოლუციონისტები, რომლებსაც დარვინიზმის კრიტიკოსებმა პასუხი მოსთხოვეს, იძულებულნი გახდნენ ეღიარებინათ ეს ფაქტი. პატივი უნდა მივაგოთ ნამარხების მუზეუმსაც, რომლებმაც დაშალა ეს კოლექცია, შეცვალა იგი ამ სახელოვანი ექსპონატის ფოტოსურათით და მისი წინააღმდეგობრივი მნიშვნელობაც იქნა მითითებული“ (Giene Edward Veith „Admitting Its Mistakes“). ვარაუდები სახეობათა ნათესაური ხაზების შესახებ იხ. აგრეთვე დენტონისა (გვ 182-86, 191) და მილტონის წიგნებში (გვ. 102-5).
ევოლუციის თეორია რომ ჭეშმარიტი ყოფილიყო, მაშინ სახეობათა ნათესაობის ხაზები შესაძლოა, გამოგვეყენებინა თვალსაჩინო ახსნის მიზნით, მაგრამ თვით ნათესაობის ხაზები არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს ევოლუციის მტკიცებულებას.
7. ევოლუციის საბოლოო ე.წ. მტკიცებულება არის მუტაციები. სხვათაშორის, თუ ყველა სხვა მტკიცებულება არ არის ნამდვილი, მაშინ, როგორც ამას სერიოზული მეცნიერები ამბობენ, მხოლოდ მუტაციები რჩება ერთადერთ მტკიცებულებად.
ზოგიერთი ევოლუციონისტი, ისეთები, როგორიცაა, მაგალითად, თეოდორ დობჟანსკი, აცხადებს: „მე დავამტკიცე ევოლუცია, რადგანაც ლაბორატორიაში მივიღე ახალი სახეობა“. ჩვეულებრივი ბუზის (რომელიც ძალიან სწრაფად მრავლდება) ოცდაათწლიანი შესწავლით შესაძლებელია, მივიღოთ მისი შთამომავლობის იმდენი თაობა, რასაც ადამიანი ასეული ათასობით წლის განმავლობაში თუ მოგვცემს. დობჟანსკიმ ბუზებზე სხვადასხვა ექსპერიმენტი ჩაატარა, რადიოაქტიური დასხივებაც გამოიყენა და, ბოლოს და ბოლოს, მიიღო ორი ბუზი, რომლებშიც ისეთი ცვლილებები მოხდა, რომ ისინი ვეღარ ახერხებდნენ დანარჩენებთან შეერთებას. სწორედ ეს გახლავთ სახეობათა შორის განსხვავების განსაზღვრა - შეერთების შეუძლებლობა, აი ამიტომ განაცხადა მან - „ევოლუციის გზით მივიღე ახალი სახეობა“.
უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ ეს ყველაფერი განხორციელდა განსაკუთრებულ, ხელოვნურ პირობებში რადიაციის ზემოქმედებით; ეს შედეგი უნდა დასაბუთდეს რადიოაქტიური კოსმოსური გამოსხივების ახალი თეორიით, რათა დამტკიცდეს ასეთი პროცესის რეალურობა; მეორეც ეს მხოლოდ და მხოლოდ ბუზია. აქვს მას ფრთები თუ არა, მეწამული ფერისაა თუ ყვითელი – იგი მაინც ბუზია; იგი უბრალოდ ბუზის სხვა ნაირსახეობა არის. ასე რომ, ამ ექსპერიმენტს არაფერი დაუმტკიცებია.*
* ფილიპ ე. ჯონსონი აღნიშნავს, რომ „ექსპერიმენტატორმა შესაძლოა ცოტათი გაზარდოს ან შეამციროს ბუზის ბეწვები, .. ან შეამციროს მისი ფრთების სიდიდე და ა. შ. მაგრამ ბუზები ისევ და ისევ ბუზებად რჩებიან, რომლებსაც ამ დროს ჩვეულებრივ უქვეითდებათ ადაპტაციის უნარი. ზოგიერთი გადამეტებული შეფასებით, ბუზებზე ჩატარებული ცდების შედეგად მიღებულია ახალი სახეობა, რადგანაც პოპულაციის წარმომადგენლებს აღარ აქვთ შეჯვარების უნარი (მაშინ, შეიძლება ითქვას, რომ იმპოტენტები, ჰერმაფროდიტები და კასტრატებიც ადამიანთა ახალ სახეობას წარმოადგენენ – მთარგმნელი.); სხვები არ ეთანხმებიან ამ შეხედულებას და ამტკიცებენ, რომ სახეობათა საზღვრები სინამდვილეში არ გადალახულა. როგორც ჩანს, ეს საკითხი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ვიწროდ ან ფართოდ იქნება განმარტებული სახეობა, განსაკუთრებით იმასთან დაკავშირებით, რომ პოპულაციებს შეზღუდული უნარი აქვთ ერთმანეთს შორის შეჯვარების თვალსაზრისით, თუმცა კი შეჯვარების უნარი არ აქვთ დაკარგული. მე არა ვარ დაინტერესებული ამ თემის განვითარებით, რადგანაც მთავარია გაირკვეს – შესაძლებელია თუ არა ამ გზით ახალი ორგანოებისა და ორგანიზმების მიღება და არა ერთმანეთთან არაშეჯვარებადი ცალკეული პოპულაციების წარმოქმნის შესაძლებლობა. ნებისმიერ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, არ გვაქვს იმის საფუძველი ვამტკიცოთ, რომ ბუზებზე ჩატარებულმა ასეთმა სელექციამ რაიმე არსებითი ინფორმაცია მოგვცა იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ბუზების განვითარება“ (Darwin on Trial გვ 175).
განსაკუთრებით საგულისხმოა ბუზებზე (დროზოფილაზე) ჩატარებული უამრავი ექსპერიმენტი, რომლებსაც ცნობილი საბჭოთა მეცნიერი ნიკოლოზ ტიმოფეევ-რესოვსკი („ზუბრად“ წოდებული) ატარებდა. ათი ათასობით ექსპერიმენტის შედეგებად მიღებული იქნა ბუზის უამრავი სახეობა: უფეხო, უფრთო, სხვადასხვა ფერის თვალების მქონე ბუზი, მაგრამ არა სხვა სახეობა (ვთქვათ კოღო ან ფუტკარი) (მთარგმნელი).
შემდეგ, მუტაციათა 99%-ს დანაკარგები მოაქვს და არა რაიმე შენაძენი. ყველა ცდამ, მათ შორის ევოლუციონისტების მიერ ათეულობით წლების განმავლობაში ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა, დაამტკიცა საკუთარი წარუმატებლობა ერთი სახეობის მეორეში გადასვლისკენ რეალური ცვლილებების თვალსაზრისით; მათ შორის ყველაზე უფრო პრიმიტიული სახეობებისთვის, რომლებიც ყოველ ათ დღეში იძლევიან ახალ შთამომავლობას. ყოველივე, რაც კი გაკეთებულა, ადასტურებს სახეობათა „უცვლელობას.*
* გენეტიკის სპეციალისტის, დოქტორ ლი სპეტნერის დაკვირვებებმა აჩვენა, რომ „თუ შემთხვევითი მუტაციები მნიშვნელოვან როლს თამაშობს სიცოცხლის ევოლუციაში, მაშინ მათ ბევრი რამ უნდა დაემატებინათ გენომის ინფორმაციისთვის მისი არსებობის მთელი დროის განმავლობაში პირველი სავარაუდო ორგანიზმებიდან მთელი ამ თანამედროვე ორგანული სიცოცხლის გაჩენამდე. თუკი ინფორმაციის ეს უზარმაზარი მოცულობა შემთხვევითი მუტაციების გრძელი ჯაჭვისა და ბუნებრივი შერჩევის შედეგად დაგროვდა, მაშინ მილიარდობით მუტაციიდან თითოეულ მათგანს გარკვეული ინფორმაციული დამატება უნდა შემოეტანა. მაგრამ, მოლეკულურ დონეზე ჩატარებულმა უამრავმა გამოკვლევამ ვერ გამოავლინა ვერცერთი მუტაცია, რომელსაც რაიმე დაემატებინოს გენეტიკური ინფორმაციისთვის! ყველა ისინი ინფორმაციის დაკარგვას იწვევენ!“ იხ.ევოლუციის ავტორიტეტული უარყოფა დოქტორ ლი სპეტნერის მიერ Not by Chance.
დასასრულს, უნდა ითქვას, რომ ევოლუციის სასარგებლოდ არ არსებობს გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მეცნიერული მტკიცებულება; ასევე, არ არსებობს არც ევოლუციის უარმყოფელი გადამწყვეტი მტკიცებულება, რადგანაც, მეცნიერული თვალსაზრისით, რამდენადაც არალოგიკური ან არადამაჯერებელი არ უნდა მოგვეჩვენოს, მაინც არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ მილიარდობით ან ტრილიონი წლების განმავლობაში მაიმუნის ამებისგან წარმოქმნა შეუძლებელია. ვინ იცის? თუკი ერთი წამით მაინც არ ჩავუფიქრდებით იმას, რასაც წმიდა მამები ამბობენ, შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ეს სიმართლეა, მით უმეტეს, თუ ღმერთი არსებობს. თუკი თქვენ ივარაუდებთ, რომ ეს „შემთხვევით“ მოხდა, მაშინ თქვენ საერთოდ არავითარი საბუთი აღარ დაგრჩებათ ამ შეხედულების სასარგებლოდ.*
* როდესაც მამა სერაფიმე ამბობს „შემთხვევით“ ის გულისხმობს „შექმნის განზრახვის გარეშე“ ან „გონიერი შემოქმედის დახმარების გარეშე“. ევოლუციის ნეოდარვინისტული თანამედროვე კომპლექსური თეორიის მიხედვით ევოლუციის ფუნდამენტალური მექანიზმი მოქმედებას იწყებს შემთხვევითი მუტაციებითა და ბუნებრივ სელექციასთან ერთობლივი მოქმედებით.
იმისათვის, რათა ვირწმუნოთ, რომ ყოველივე შემთხვევით წარმოიქმნა, ღვთის რწმენაზე გაცილებით მეტი რწმენა გვჭირდება, ყოველ შემთხვევაში, ის მტკიცებულებანი, რომლებიც ჩვენ განვიხილეთ, თქვენთვის უაზრო არ უნდა იყოს, მიუხედავად თქვენი ფილოსოფიური მრწამსისა. სამყაროს შექმნის ფილოსოფიას ნაკლებად ესაჭიროება ფაქტობრივ მონაცემებთან მისადაგება და, ამრიგად, იგი უფრო თანამედროვე მეცნიერების გამარტივებულ წარმოდგენებს შეესაბამება.
8 რადიომეტრული დათარიღების სისტემა გამოყენებული იქნა როგორც ევოლუციის „ერთგვარი მტკიცებულება“. ეს სისტემა მოიცავს რადიონახშირბადოვან, კალიუმ-არგონის მეთოდებს, ურანის დაშლას და ა.შ.*
* რადიომეტრულ მეთოდებს შორის პირველად იქნა გამოყენებული ურანის დაშლის სისტემა, რომლითაც სხვა მეთოდების დაკალიბრება ხდება. ეს მეთოდები იმ შეხედულების მთავარ მტკიცებულებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც დედამიწა 4,6 მილიარდი წლის არის.
ყველა ეს მეთოდი XX საუკუნეში იქნა აღმოჩენილი. ევოლუციონისტები თვლიან, რომ ამ მეთოდებით დანამდვილებით მტკიცდება სამყაროს უზარმაზარი ასაკი. ერთ-ერთ სახელმძღვანელოში ნათქვამია, რომ ამ მეთოდებმა ასაკის განსაზღვრაში რევოლუცია მოახდინა, რადგანაც ადრე ხელმისაწვდომი გახლდათ დედამიწის მხოლოდ ფარდობითი ასაკი, ახლა კი ცნობილია მისი აბსოლუტური ასაკი. შესაძლებელია, გამოვიკვლიოთ ქვის ქანი კალიუმ-არგონის მეთოდით და დავადგინოთ, რომ მისი ასაკი არის 2 მილიარდი წელი, პლიუს-მინუს ათი პროცენტი.
მაგრამ ფაქტი იმას გვეუბნება, რომ დედამიწის უზარმაზარი ასაკი სავარაუდოდ უკვე წინასწარ იყო „ცნობილი“, ამ მეთოდების ჩამოყალიბებამდე დიდი ხნით ადრე. თავიდანვე ეს მეთოდები ეყრდნობოდა ჩარლზ ლაიელის დაუმტკიცებელ უნიფორმისტულ ვარაუდებს იმის შესახებ, რომ სამყაროს ასაკი მრავალი მილიონი ან მილიარდი წელია. როგორც ვილიამ ბ.ნ. ბერი წერს წიგნში „დროის ისტორიამდელი მასშტაბის ზრდა „ამიტომ ევოლუცია გეოლოგიური დროის თვით საფუძველს წარმოადგენს, თუმცა თვით ეს სკალა მანამდე იყო კონცენტრირებული, სანამ დარვინმა და უოლესმა სამეცნიერო სამყაროს ბუნებრივი შერჩევის თავიანთი სისტემები წარუდგინეს.
ყველაფერი თქვენს ფილოსოფიაზეა დამოკიდებული. რადიომეტრიული დათარიღების სისტემები მხოლოდ მაშინ „მუშაობს, როდესაც თქვენთვის უკვე ცნობილია, რომ სამყაროს ასაკი მილიონობით წლის არის.*
* უნდა გვახსოვდეს, რომ სამეცნიერო თვალსაზრისით ყველაზე ძველია მტკიცებულებები დამწერლობის 4000-6000 წლის წინათ დაწყების შესახებ. ამაზე ძველი ქრონოლოგიური თარიღების არსებობის მტკიცებულება არ არსებობს. ნებისმიერი თარიღი, რომელიც ისტორიის დასაბამის წინმსწრებია უნიფორმიზმის ვარაუდებს ეყრდნობა (ჰენრი მორისი, Scientific Creationism, 83. 150).
ამიტომ ისინი სრულებითაც არ არიან რევოლუციურნი ასაკის განსაზღვრაში; ეს მეთოდები უბრალოდ მოერგო შეხედულებათა აღიარებულ სისტემას. დათარიღების ამ ახალი სისტემით დედამიწა ხუთი ათასი წლით რომ დაგვეთარიღებინა და არა სამი მილიარდი წლით, მეცნიერები ასე იოლად არ მიიღებდნენ მას.*
* რიჩარდ მილტონის დაკვირვებით „მეცნიერებამ გეოქრონომეტრიის დედამიწის ასაკის გაზომვის მრავალი მეთოდი წარმოადგინა. ყველა ეს მეთოდი გარკვეულ ეჭვებს ბადებს (მაგ. ჰელიუმის ატმოსფეროში გაჟონვა, მარილების ოკეანეში პერმანენტული შემოტანა. მაგრამ მთელი ამ მრავალფეროვანი მეთოდებიდან მხოლოდ ერთი – ურანისა და მისი მსგავსი ელემენტების რადიოაქტიური დაშლა – იძლევა დედამიწის მილიარდწლოვან ასაკს. და მხოლოდ ამ ერთ მეთოდს ენთუზიაზმით უჭერდნენ მხარს უნიფორმიზმის პოზიციებზე მდგარი დარვინისტები და გეოლოგები მაშინ, როდესაც ყველა სხვა მეთოდი იგნორირებულია (Shattering the Myths of Darvinism გვ. 38).
სტრატიგრაფიული სვეტი და ორგანული ნაშთების შემცველი ყველა გეოლოგიური ქანის მიახლოებითი ასაკი რადიომეტრიული დათარიღების გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე განისაზღვრა ევოლუციური თეორიის შესაბამისად.*
* ასე მაგალითად, მე-19 საუკუნეში ჩარლზ ლაიელი ცდილობდა, დაედგინა ცარცის პერიოდის ზედა ზღვარი. მისი გამოთვლები იმას ემყარებოდა, თუ რამდენი დრო დასჭირდებოდა მოლუსკის (რომლის ნაშთები ნაპოვნი იქნა ამ პერიოდის ქანებში) ევოლუციონირებას მის დღევანდელ ფორმამდე. ლაიელის გაანგარიშებით ცარცის პერიოდი 80 მილიონი წლის წინათ დასრულდა, რაც არც ისე შორსაა დღეს აღიარებული 65 მილიონი წლიდან (Shattering the Myths of Darvinism გვ. 22).
ყველა ობიექტური მეცნიერული წიგნი ამ საგნის შესახებ დაადასტურებს, რომ სხვადასხვა ქანის ასაკთა აბსოლუტური რაოდენობის დადგენა მხოლოდ ევოლუციის თეორიის დებულებებიდან გამომდინარეა შესაძლებელი. გეოლოგიური ქანების ასაკის განსაზღვრის ძირითად მაჩვენებლებად გამოიყენება „ინდექსური გაქვავებული ნაშთები“, ხოლო ინდექსური გაქვავებული ნაშთების ასაკი ევოლუციის თეორიის გამოყენებით განისაზღვრება.*
* როდესაც გაქვავებულ ქანებზე რადიომეტრულ ტესტებს ატარებენ, რომელთა შედეგად ამ ქანის შესახებ განსხვავებულ მონაცემებს ღებულობენ (რაც საკმაოდ ხშირად ხდება ხოლმე), ევოლუციონისტები იმ ასაკს ირჩევენ, რომელიც იმავე ქანში ნაპოვნი „ინდექსური გაქვავებულობის“ ევოლუციურ საფეხურს შეესაბამება. დოქტორ ჯონ დ. მორისის თქმით „და კვლავ, გაქვავებულობით განისაზღვრება ქანის ასაკი, ხოლო გაქვავებულობის ასაკი - ევოლუციით.“ ასეთი მიდგომის ცნობილი მაგალითია რიჩარდ ლიკის მიერ ნაპოვნი თავის ქალის (KNM-ER-1470) დათარიღებაში არსებული წინააღმდეგობები (იხ. აგრეთვე Lubenow, Bones of Contention გვ. 247-288 და მილტონი, გვ. 53-56).
როგორც მეცნიერების ამერიკული ჟურნალი მიუთითებს:
„ერთადერთი შესაძლო ქრონომეტრული სკალა, რომელიც გაქვავებული ქანების სტრატიგრაფიული კლასიფიკაციისა და გეოლოგიური მოვლენების დათარიღებისათვის გამოიყენება, მთლიანად ეყრდნობა გაქვავებული ნაშთების მონაცემებს. ევოლუციის შეუქცევადობის ფაქტის წყალობით ასეთი მონაცემები ზუსტ ქრონოლოგიური სკალას გვაძლევს გაქვავებული ქანების ფარდობითი ასაკის განსაზღვრისა და ამ ქანების მსოფლიო მასშტაბით არსებული ურთიერთდამოკიდებულების დასადგენად.*
* იმავე საკითხის შესახებ წერს ვ.მ. ელასერი მერილენდის უნივერსიტეტიდან: „როგორც კარგად არის ცნობილი, გეოლოგიური ფენების წარმოქმნა მთლიანად გაქვავებული ნაშთებით განისაზღვრება; ამრიგად, გეოლოგიური მეთოდი ვარაუდობს, რომ ამ პერიოდებში სულ უფრო მზარდი სირთულის მქონე ცოცხალი ორგანიზმები არსებობდა“ (Encyclopedia Britanica 1973, 7, 88. 850).
ჯეო, რუორკი „მეცნიერების ამერიკულ ჟურნალში“ (1976 წ. იანვარი, გვ. 53) ამტკიცებს: „განათლებული არაპროფესიონალი დიდი ხანია ეჭვობს, რომ ქანების გამოყენება გაქვავებულობების (გაქვავებული ნამარხი ნაშთების) ასაკის განსაზღვრისათვის და ნამარხი ნაშთების გამოყენება ქანების ასაკის დასადგენად, ერთი მეორიდან გამომდინარე მსჯელობაა. გეოლოგს არასდროს უზრუნია ამ გარემოებისთვის ღირსეული განმარტების მოსაძებნად, ვინაიდან თვლის, რომ ნებისმიერი ახსნა ზედმეტია, რაკი მუშაობას შედეგი მოაქვს. ეს სქელშუბლა პრაგმატიზმია.
ამიტომ, ეს ერთიმეორედან გამომდინარე მსჯელობის კიდევ ერთი არგუმენტია. ევოლუციის თეორია არ მტკიცდება „მილიონობით წლებით“, რადგანაც მილიონობით წლები ევოლუციის თეორიიდან გამომდინარეობს. და თუკი ევოლუციის თეორია მცდარია, მაშინ აღარც მილიონობით წლებია საჭირო. მეორეც, რადიომეტრული დათარიღების სისტემებში არის აუცილებლად გასათვალისწინებელი რამდენიმე ძირითადი დებულება. იმ სისტემებისთვის, რომლებიც რადიოაქტიური მინერალების „ახლადწარმოქმნილ“ ელემენტებად რადიოაქტიურ დაშლას აკვირდებიან, აუცილებელია:
1. აბსოლუტური უნიფორმიზმის დაცვა - დაშლის სიჩქარე უცვლელი უნდა იყოს მთელი პროცესის განმავლობაში;
2. არ უნდა მოხდეს პროცესის დაბინძურება გარეშე წყაროებიდან, რაც, მეცნიერთა მტკიცებით, ყოველთვის ხდებოდა;
3. გამოსაკვლევი მასალა (რომლის ასაკიც განისაზღვრება) იზოლირებული უნდა იყოს და ისე ღრმად ჩაფლული, რომ მასთან ვერ შეაღწიოს ორგანულმა ნივთიერებამ;
4. არცერთი ახლადწარმოქმნილი ელემენტი „მშობელი“ ელემენტის გარდა, ბუნებაში არ უნდა არსებულიყო.
ყველა ეს პირობა მხოლოდ ვარაუდია, რადგანაც ისინი არ არის დამტკიცებული.
ევოლუციონისტი უილიამ ბ.ნ. ბერი წერს უნიფორმიზმის ასეთ დაუმტკიცებელ ვარაუდებზე, რომლებსაც ეყრდნობა როგორც რადიომეტრიული დათარიღების სისტემები, ისევე ევოლუციონისტური გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის ყველა ასპექტი;
„დედამიწის წარსულ ისტორიასთან დაკავშირებული მოვლენების ინტერპრეტაცია დამოკიდებულია ბუნებრივი პროცესების მიმდინარეობის მთელი დროის განმავლობაში მოქმედ უნიფორმიზმის პრინციპზე. ყოველივე ამ პრინციპზეა დამოკიდებული, როგორც ნიჟარების სიცოცხლის ახსნა, ნიჟარებისა, რომლებიც გაქვავებულ ქანებშია შემორჩენილი, ვითარცა ნაშთი ოდესღაც არსებული ცოცხალი ორგანიზმებისა, ისე გეოლოგიური ასაკის დადგენა რადიოაქტიური იზოტოპების (კალიუმ-40-ის და რადიონახშირბად-14-ით) დაშლის სიჩქარის გამოყენებით. ასე მაგალითად, რადიონახშირბადოვანი მეთოდი დამოკიდებულია მასზე იმ ვარაუდის თანახმად, რომ კოსმოსური გამოსხივება უკანასკნელი 35000 წლის განმავლობაში მაინც ინარჩუნებდა ერთნაირ ინტენსიურობას (ეს დროის ის მონაკვეთია, რომლის განმავლობაშიც ეს მეთოდი ყველაზე უფრო ეფექტურია) და რომ რადიონახშირბადის დაშლის სიჩქარე ყოველთვის ისეთივე იყო, როგორიც დღეს არის. ცხადია, რომ ბუნებრივ პროცესებში მოქმედი უნიფორმიზმის პრინციპის გარეშე ვერც კი ვისაუბრებდით რადიონახშირბადის დაშლაზე დამყარებულ ასაკის განსაზღვრის მეთოდის შესახებ“.
მრავალნი, მათ შორის არაევოლუციონისტებიც კი, თვლიან, რომ რადიონახშირბადოვანი მეთოდი დათარიღების სისტემებს შორის ყველაზე საიმედოა; კრეაციონისტი მეცნიერებიც კი აღიარებენ, რომ ამ მეთოდს საკმარისი რეტროსპექტრული სიზუსტე აქვს დაახლოებით 3000 წლის წარსულისათვის, „თუმცა გარკვეული გაბნეულობითა და განუსაზღვრელობით".*
* H.M.Morris, Scienifie Creationism გვ. 162. მიზეზები, რომელთა გამოც რადიონახშირბადოვანი მეთოდი მეტნაკლებად ზუსტია მხოლოდ წლის წარსულის დათარიღებისთვის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში უფრო მეტი დროისათვის. განმარტებულია ამავე წიგნში გვ. 164-167. იხ. აგრეთვე J.D Morris, The Young Earth.
ეს მეთოდი გამოიცადა სხვადასხვა ნაწილაკებზე, რომელთა ასაკი უკვე დადგენილი იყო და შედეგები მრავალ შემთხვევაში ძლიერ არ დაშორებულა ერთმანეთს. მაგრამ ის ყოველივე, რაც სცილდება 2000-3000 წლების წარსულის ფარგლებს, ძლიერ საეჭვოა. ამ მეთოდის მომხრეებიც კი აღიარებენ, რომ მას არ შეუძლია სიზუსტის გარანტირება 25000 ან 35000 წლის წარსულის ასაკის განსაზღვრისას, რადგანაც ნახშირბად-14-ის ნახევრადდაშლის პერიოდი დაახლოებით 5600 წელია. სხვა მეთოდებით (როგორიცაა კალიუმ-არგონის, ურანის დაშლის მეთოდები) თითქოსდა შესაძლებელია 1,3 და 4,5 მილიარდი წლის ნახევრადდაშლის პერიოდების ასაკის გაზომვა; და ამიტომ ძველი გაქვავებული ქანების ასაკის განსაზღვრისათვის ეს მეთოდები გამოიყენება.
რადიოაქტიური ნახშირბად-14-ის მეთოდი გამოსადეგია მხოლოდ ორგანული ნივთიერებისთვის; კალიუმ-არგონისა და ურანის დაშლის მეთოდი გამოიყენება მთის ქანებისთვის.*
* რადიოაქტიურ მეთოდებს ვერ გამოვიყენებთ ვერც ორგანული ნაშთებისა და ვერც ორგანული ნაშთების შემცველი დანალექი ქანებისთვის. მათი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ვულკანური ქანებითვის, რომლებიც ორგანული ნაშთების შემცველი ფენების ზემოთ ან ქვემოთ არის ჩაფენილი.
ის ყოველივე, რაც მართებულია ერთი მეთოდისათვის, სწორი უნდა იყოს მეორისთვისაც: უნიფორმიზმის პრინციპი დაცული უნდა იქნას მილიარდობით წლისთვის და ამავე დროს უნდა გამოირიცხოს ორგანული მასალების გარედან შეღწევა. კალიუმ არგონის მეთოდისთვის, მაგალითად, უნდა ვივარაუდოთ, რომ კალიუმის არგონ-40-მდე დაშლის მთელი პროცესის მიმდინარეობისას არსებობდა მხოლოდ კალიუმ-40,*
* ასეთი შესაძლებლობა ფრიად საეჭვოა. „არგონ-40 ატმოსფეროში და დედამიწის ქვიან ქანებში მეტად გავრცელებული იზოტოპია. რეალურად არგონი დედამიწაში არსებული ქიმიურ ელემენტთა შორის გამოჩენის სიხშირით მეთორმეტე ადგილზეა; ვერც ფიზიკური და ვერც ქიმიური მეთოდით ვერ შევძლებთ, განვსაზღვროთ, არის თუ არა არგონ-40-ის მოცემული ნიმუში რადიოაქტიური დაშლის
ნარჩენი, თუ იგი მოცემულ ქანში უკვე ამ ქანის წარმოქმნის დროს არსებობდა“ (Mileton, გვ. 47). არგონ-40-ის კალიუმიან მინერალებში არსებობა მათი წარმოქმნის დროს თვალსაჩინოდ არის დემონსტრირებული განსაცვიფრებლად მცდარი მონაცემების სიუხვით, რასაც კალიუმ-არგონის მეთოდი ავლენს ცნობილი ასაკის მქონე ახლანდელი ფორმაციის ქვიანი ქანების ასაკის გაზომვის დროს.
ამასთან ეს ყოველივე მიღებულია რწმენის დონეზე. თუ მოვინდომებთ გავზომოთ რაიმე „უფრო ახალგაზრდა“, ვთქვათ, მილიონი წლისა, იმ სისტემით, რომელიც ნახევარდაშლის მილიარდ წელს ეყრდნობა, დაახლოებით ისეთივე სიზუსტეს მივიღებთ, როგორსაც მილიმეტრამდე სიგრძის მეტრიანით გაზომვის შემთხვევაში. ასეთი მეთოდი არ უნდა იყოს მთლად ფაქიზი მიუხედავად იმისა, რომ მას სამეცნიერო კვლევის ხასიათი აქვს. ცნობილია მრავალრიცხოვანი შემთხვევა, როდესაც ეს მეთოდი გამოიყენებოდა ახლახან წარმოქმნილი ფორმაციის ქვიანი ქანებისთვის, შედეგად კი მილიონობით და მილიარდობით წლები მიიღებოდა.*
* მაგალითად, ჰავაის გეოფიზიკის ინსტიტუტმა კალიუმ-არგონის მეთოდი გამოიყენა ჰავაიზე Hualalei–ის შორიახლოს არსებული ვულკანური ქანების დასათარიღებლად. შედეგად მიღებული იქნა 3 მილიარდი წლით განსაზღვრული ასაკი, მაშინ როდესაც ეს ქანები ახლახან ჩამოყალიბდა 1801 წელს ამოფრქვეული ვულკანის შედეგად. ანალოგიურად, 200 წლის წინათ ამოფრქვეული ვულკანის (Kilauea) შედეგად ფორმირებული ქანების კალიუმ-არგონის მეთოდით დათარიღებამ 22 მილიონი წელი აჩვენა. ლავის ასაკი, რომელიც 50 წლის წინათ გაქვავდა ახალ ზელანდიაში Ngauruhoe–ს მთის სიახლოვეს, კალიუმ-არგონის მეთოდით 3,5 მილიონ წელს აღწევს (იხ. მილტონი, გვ. 38, 47-48).
ამიტომ გეოქრონომეტრიის მთელი ეს სისტემა ძლიერ საეჭვოა. ამ მეთოდების მოქმედების პრინციპი დედამიწის მილიარდობით წლოვან ისტორიას მოითხოვს.*
* დოქტორ ჯონ დ. მორისი განმარტავს, რომ რადიომეტრული დათარიღება (იმ შემთხვევაში თუ ურანის დაშლის მეთოდს ვიყენებთ) ეყრდნობა ვარაუდს დედამიწის უზარმაზარი ასაკის შესახებ. დედამიწის ასაკი საკმაოდ დიდი უნდა იყოს, რათა ურანის დაშლის დღეს არსებული სიჩქარით შესაძლებელი გამხდარიყო მასში რადიოაქტიური ტყვიის (ე.ი. ახლად წარმოქმნილი ელემენტის) დაგროვება. თუ ჩვენთვის ფაქტობრივად იქნებოდა ცნობილი, რომ დედამიწის ასაკი უზარმაზარია, მაშინ რადიოიზოტოპური დათარიღება დაგვეხმარებოდა ამ ასაკის ზუსტი რიცხვიმნიშვნელობის განსაზღვრაში, მაგრამ ეს მეთოდი სრულიად უვარგისია ახალგაზრდა დედამიწის ასაკის განსაზღვრისათვის. ეს მეთოდი წინასწარ გულისხმობს ხანდაზმულ დედამიწას (ჯ.დ. მორისი, The Young Earth გვ. 57).
სხვადასხვა დროს ექსპერიმენტის სხვა მეთოდებიც იქნა გამოყენებული, მაგალითად, ნატრიუმისა და სხვა ქიმიური ელემენტების ოკეანეში შეტანის სიჩქარე. ამ დროს ზომავენ ოკეანეში არსებული ელემენტების რაოდენობას, მიახლოებით გამოითვლიან ამ ელემენტების ყოველწლიურ მატებას და ამრიგად გამოთქვამენ ვარაუდს ოკეანის ასაკის შესახებ. ასეთი გამოთვლები ჩატარდა ნატრიუმის შემთხვევაში და აღმოჩნდა, რომ სამყაროს ასაკი არის 100 მილიონი წელი. მაგრამ გაირკვა, რომ იმისდამიხედვით, თუ რომელი ელემენტია გამოყენებული, სხვადასხვა შედეგი მიიღება: ტყვია იძლევა 2000 წელს, სხვა ელემენტები – 8000 წელს, ზოგიერთი მხოლოდ - 100 წელს, ხოლო სხვები 50 მილიონს. როგორც ვხედავთ, აბსოლუტურად წინააღმდეგობრივი მონაცემებია.
არსებობს სხვა ექსპერიმენტებიც. მაგალითად, ჩატარდა ექსპერიმენტი, რომლიც დამყარებულია ჰელიუმ-4-ის მზის გვირგვინიდან ატმოსფეროში შეღწევის სიჩქარეზე. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ დედამიწის ატმოსფეროს ასაკი რამდენიმე ათას წელიწადს არ აღემატება.
სწორედ ამიტომ, ეს ექსპერიმენტები ძლიერ არაზუსტია, ხოლო ზოგიერთი მათგანი ძლიერ ეჭვქვეშ აყენებს იმ ვარაუდს, რომ სამყაროს ასაკი შესაძლოა, 5 მილიარდი წლის იყოს.
გაირკვა, რომ ყველაფერი ჩვენს რწმენაზეა დამოკიდებული. ზოგი მეცნიერი ვარაუდობს, რომ დედამიწის ასაკი უზარმაზარია, რადგანაც უამისოდ ევოლუცია წარმოუდგენელია. თუკი ევოლუციის გვჯერა, მაშინ არაფერი დაგვრჩენია იმის გარდა, რომ ვირწმუნოთ დედამიწის ხანდაზმული ასაკი, ვინაიდან ცხადია, რომ ევოლუცია ვერ მოხდება მცირე დროის განმავლობაში. მაგრამ, რაც შეეხება მეცნიერებას, არ არსებობს არცერთი მეცნიერული მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ დედამიწის ასაკი არის 5 მილიარდი წელი ან 7500 წელი – ორივე ვერსია თანაბარია. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რას ვივარაუდებთ.*
* ბოლო წლებში მიღებული სამეცნიერო შედეგები სრულიად არაორაზროვნად ამტკიცებს, რომ დედამიწის ასაკი არ აღემატება რამდენიმე ათას წელიწადს. იხ.მაგალითად, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული კრეაცული საზოგადოების შრომათა კრებული 2005 წ. (მთარგმნელი).
წინა - სარჩევი - შემდეგი