მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი


წიგნი შესაქმისა:
სამყაროს შექმნა და ძველი აღთქმის პირველი ადამიანები
მართლმადიდებლური ხედვა



ნაწილი II
ევოლუციის ფილოსოფია


თავი II. ევოლუციური მოდელის მოკლე კრიტიკა
ისტორიული კონტექსტი


 

შეხედულება სამყაროს შესახებ განმანათლებლობის ეპოქაში სავსებით სტაბილური გახლდათ. ამ პერიოდის დასაწყისისთვის ანგლიკანმა არქიეპისკოპოსმა აშერ არმაგმა ძველი აღთქმის გენეალოგიის მიხედვით გამოითვალა, რომ სამყარო ძვ. წ. აღ. 4004 წელს შეიქმნა.*

* არქიეპისკოპოსის წელთაღრისცხვა 1650 წელს გამოქვეყნდა და მალე ბიბლიის ინგლისური თარგმანის შესაქმის წიგნის საცნობარო შენიშვნებში იქნა შეტანილი. მისი გამოთვლები ემყარებოდა ძველი აღთქმის მაზორეტული (ებრაული) ტექსტის ძველი აღთქმის ტექსტს. სეპტუაგინტას (ბერძნული) წელთაღრიცხვის თანახმად, რომელსაც მართლმადიდებელი ქრისტიანები იყენებენ, დედამიწა არქიეპისკოპოს აშერის წელთაღრიცხვაზე დაახლოებით 1500 წლით უფრო ასაკოვანია.

ნიუტონს სჯეროდა ამის და მოწინავე მსოფლმხედველობაც კეთილგანწყობით იღებდა ამ იდეას, რომ ღმერთმა შექმანა სამყარო ექვს დღეში და შემდეგ დაუტევა იგი, რათა ბუნებრივად განვითარებულიყო და რომ ყველა სახეობა ისეთი გახლდათ, როგორსაც დღეს ვხედავთ. იმ დროს მეცნიერები ეთანხმებოდნენ ამას. თუმცა, როდესაც განმანათლებელი ეპოქის დასასრულს რევოლუციური აღტყინება გაჩაღდა, მაშინ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულმა მსოფლმხედველობამ ნგრევა დაიწყო და ზოგიერთი მეცნიერი რადიკალური თეორიების წამოყენებას შეუდგა. უკვე მე-18 საუკუნის დასასრულს ერაზმ დარვინმა, ჩარლზ დარვინის ბაბუამ წამოაყენა იდეა, რომ ყოველივე ცოცხალი წარმოიქმნა პირველადი, ერთიანი ძაფისაგან – რაც ზუსტად შეესაბამება დღევანდელ ევოლუციის თეორიას (ერაზმ დარვინის წიგნი „ზოონომია“, სადაც მან ეს თეორია წამოაყენა, 1794 წელს გამოქვეყნდა). მის თეორიაში არ არის საუბარი არც ერთი ცალკეული სახეობის ან ცოცხალი არსების მოდგმის შესახებ, მაგრამ იგულისხმება, რომ ქმნილებათა სხვადასხვა სახეობა პირველადი შენადედის ან ძაფისგან განვითარდა ტრანსმუტაციის გზით. „მეტისმეტი კადნიერება ხომ არ იქნება“, – რიტორიკულად კითხულობდა იგი, – „წარმოვიდგინოთ, რომ დროის უზარმაზხარი მონაკვეთის განმავლობაში, მას შემდეგ რაც დეღამიწამ დაიწყო არსებობა, შესაძლოა მილიონობით წლები კაცობრიობის ისტორიის დაწყებამდე, დავუშვათ, რომ ყველა თბილსისხლიანი ცხოველი ერთი ძაფისგან განვითარდა?“

ერაზმ დარვინის ასეთი ახალი განმანათლებლობის სული ღია რაციონალიზმისა და გამარტივებისაკენ მისწრაფებას წარმოადგენდა. რამდენადაც უფრო ღრმად იჭრება შემეცნებაში რაციონალიზმი, მით უფრო მარტივი ხდებოდა (როგორც ის ვარაუდობდა) სიცოცხლის ერთიანი ცოცხალი ძაფიდან წარმოქმნის ახსნა, ვიდრე უფრო „გაფართოებული“ ახსნა იმისა, რომ ღმერთმა ერთბაშად შექმნა ყოველივე ცოცხალი.*

* ტერმინი „დარვინიზმი“ პირველად ერაზმ დარვინის თეორიასთან დაკავშირებით გამოიყენეს. ეს თეორია ევოლუციას შეეხება და ბუნებრივი შერჩევის თეორიასაც შეიცავს. მისი შვილიშვილი ჩარლზი მრავალწილად არის დავალებული საკუთარი ბაბუის თეორიისაგან, რომელმაც უზარმაზარი წვლილი შეიტანა მის იდეებში, რისთვისაც ჩარლზს მადლიერებაც კი არასდროს არ გამოუხატავს.

სულ მალე ამის შემდეგ ერთმა ბუნებისმეტყველმა, დე ლამარკმა („ზოოლოგიის ფილოსოფიის“, 1809, ავტორი) წარმოადგინა განსაზღვრული ევოლუციური თეორია, რომლის იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ერთი სახეობის მეორეში ევოლუციონირებისათვის აუცილებელ ცვლილებებს იწვევდა შეძენილი ნიშან-თვისებები, რომლებიც მემკვიდრეობით გადაეცემოდა. ეს დებულება ვერაფრით დამტკიცდა და, ფაქტობრივად, უარყოფილ იქნა. ამიტომაც ევოლუციის იდეამ მაშინ ვერ გაიმარჯვა.

მაგრამ, იმავე პერიოდში, მე-19 საუკუნის დასაწყისში, ერთმა დიდმა გეოლოგმა ძლიერი ბიძგი მისცა ევოლუციის იდეას. ეს გახლდათ ჩარლზ ლაიელი, რომელმაც 1830 წელს უნიფორმიზმის თეორია წარმოადგინა. ამ თეორიის მიხედვით ყოველივე, რასაც დღეს დედამიწაზე ვხედავთ, კატასტროფის უეცარი მსოფლიო წარღვნის ან რაიმე მსგავსის — შედეგს კი არ წარმოადგენს, არამედ უფრო იმ ფაქტით აიხსნება, რომ დღეს მოქმედი პროცესები ყოველთვის ასეთი იყო, ამ ქვეყნის დასაწყისამდეც, სადამდეც კი შეგვიძლია, გამოვიკვლიოთ წარსული. ამიტომ, თუ დიდ კანიონს შევხედავთ, დავინახავთ რომ მდინარემ გამორეცხა კანიონი და შეგვიძლია გამოვითვალოთ მივიღებთ რა მხედველობაში მდინარის დინების სიჩქარეს, მის მოცულობას, ნიადაგის ხარისხს და ა.შ. რა დრო დასჭირდებოდა კანიონის წარმოქმნას. ლაიელის ვარაუდით, თუ ასეთი პროცესები ყოველთვის მუდმივი და უცვლელი სიჩქარით მიმდინარეობდა – რაც ფრიად რაციონალურია და გამოთვლას ექვემდებარება, მაშინ შევძლებთ ყოველივე არსებულის უნიფორმალურ ახსნას. წიგნში „გეოლოგიის პრინციპები“ ლაიელი წერს: „უძველესი დროიდან, რომელსაც კი შეიძლება მივწვდეთ გონებით, დღემდე არცერთი სხვა მიზეზი არ მოქმედებდა გარდა დღეს მოქმედისა და ისინი არასდროს მოქმედებდნენ დღევანდელისგან განსხვავებული ენერგიის სხვა ძალით“, რაღა თქმა უნდა, ამის დამტკიცება შეუძლებელია, ეს არის მხოლოდ ჰიპოთეზა.*

* 1831 წელს, ლაიელის „გეოლოგიის პრინციპების“ გამოქვეყნების შემდეგ, დარვინი ამ წიგნს გემ „ბიგლზე“ კითხულობდა. მოგზაურობის დასრულების შემდეგ ლაიელი დარვინის მენტორი გახდა. დარვინის გვიანდელი განცხადებიდან ნათელი ხდება, რომ ლაიელის იდეებმა მას აფიქრებინა ცოცხალ არსებათა ისტორიისათვისაც გამოეყენებინა უნიფორმიზმის პრინციპები. ლაიელის კერძო მიმოწერიდან ნათელი ხდება, რომ იგი აპირებდა დაესამარებინა გეოლოგიური ქანების ახსნა ბიბლიური წარღვნის შედეგების გათვალისწინებით, რასაც ის „მოზაიკურ გეოლოგიას“ უწოდებდა. ჰენრი მ. მორისი წერს: „უნდა აღინიშნოს, რომ დარვინს, ისევე როგორც ლაიელს, არ ჰქონდა მიღებული ისეთი მეცნიერული განათლება, რასაც ეს ცნება გულისხმობს თანამედროვე აზრით. დარვინი გახლდათ ღვთისმეტყველების ფაკულტეტის სარწმუნოებისგან განდგომილი სტუდენტი და მხოლოდ ღვთისმეტყველის ხარისხი ჰქონდა მიღებული. ჩარლზ ლაიელმა მიიღო იურისტის და არა გეოლოგის განათლება. იმ დროის წამყვან გეოლოგებს, მაგალითად კუვიეს, ბაკლანდს, სჯეროდათ კატასტროფების და დღეს მრავალი გეოლოგი უბრუნდება ასეთ შეხედულებას. ლაიელს უნდა სცოდნოდა, რომ გეოლოგიის ფაქტობრივი მონაცემები ძირითადად კატასტროფიზმს ადასტურებს და არა უნიფორმიზმს. მაგრამ, მიუხედავად ამისა იგი უაპელაციოდ და დაჟინებით ამტკიცებდა დედამიწის განვითარების ხანგრძლივ ვადას და უნიფორიზმის პრინციპს და საკითხის არსიდან სარკასტულად გამორიცხავდა ბიბლიურ ქრონოლოგიას (მორისი, The Long War against God გვ. 162).

* სტივენ ჯეი გულდმა, თანამედროვეობის ერთ-ერთმა წამყვანმა ევოლუციონისტმა, ფაქტობრივად დაადანაშაულა ლაიელი მოტყუების გზით თავისი სისტემის დამკვიდრებაში: „ლაიელი თავის იურიდიულ გაქნილობას ეყრდნობოდა, რათა უნიფორმიზმის პრინციპისათვის გეოლოგიის ერთადერთი სწორი კანონის სტატუსი დაემკვიდრებინა. მან სამცნიერო მონაცემებთან შედარებით საკუთარ წარმოსახვას მიანიჭა პრიორიტეტი (გულდი, Ever Since Darwin,გვ. 149-150).

ამ იდეამ, იმ იდეასთან ერთად, რომელიც მაშინ სულ უფრო მეტ მოწონებას პოულობდა (იდეა იმის შესახებ, რომ ერთი სახეობა მეორეში გადადიოდა ევოლუციის გზით), კიდევ ერთი იდეა წარმოქმნა. ამრიგად, ამ ორი იდეის გაერთიანებით ყალიბდება ის აზრი, რომ დედამიწა რამდენიმე ათასი წლის კი არ არის, როგორც ამას ამბობენ ქრისტიანები, არამედ გაცილებით დიდი ხნის მრავალი ათასი და მილიონი წლის, ან კიდევ უფრო მეტის. (თანამედროვე მეცნიერების მტკიცებით დედამიწის ასაკი 4,5-5 მილიარდი წლით განისაზღვრება, ხოლო ხილული სამყაროსი 12-30 მილიარდამდე წლით (მთარგმნელი).) ასე წარმოიქმნა იდეა დედამიწის სულ უფრო და უფრო მეტი ასაკის შესახებ. მაგრამ, კვლავ უნდა ითქვას, რომ ასეთი რწმენა (რწმენა იმისა, რომ სამყარო ძალიან დიდი ხნის არის) მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდებია; ეს ვარაუდები არასდროს დაუმტკიცებიათ.

ამ იდეას უკვე შეეღწია ადამიანთა გონებაში მაშინ, როდესაც 1859 წელს ჩარლზ დარვინის წიგნი გამოქვეყნდა, რომელმაც ბუნებრივი შერჩევის იდეა წამოაყენა. დარვინის იდეა ეწინააღმდეგებოდა ლამარკის იდეას, რომლის თანახმადაც, ჟირაფმა ევოლუცია იმის გამო განიცადა, რომ მისი მოკლე კისრიანი წინაპრები კისერს ჭიმავდნენ, რათა უფრო მაღლა არსებულ ფოთლებს მიწვდომოდნენ; მის შთამომავლებს უკვე რამდენიმე სანტიმეტრით გრძელი კისრები ჰქონდათ; ესენი, თავის მხრივ, კიდევ უფრო ჭიმავდნენ კისერს და თანდათანობით ჟირაფი ისეთი გახდა, როგორსაც დღეს ვხედავთ. ეს ყველა მეცნიერულ კანონს ეწინააღმდეგება, რადგანაც ასეთი რამ ბუნებაში არსად ხდება, შეძენილი ნიშან-თვისებები მემკვიდრეობით არ გადაეცემა. მაგალითად, როდესაც მონა-ქალებს ფეხებს უხვევდნენ (რათ მათ დიდი ფეხები არ გაზრდოდათ), ისინი მაინც ნორმალური ფეხების მქონე შვილებს შობდნენ.

დარვინის იდეა კი იმაში მდგომარეობდა, რომ შესაძლოა არსებობდა უფრო გრძელი კისრების მქონე ჟირაფთა წყვილი; ისინი გამოცალკევდებოდნენ, რადგანაც სახეობის ყველა დანარჩენი წარმომადგენელი გადაშენდებოდა არახელსაყრელი გარემო პირობების გამო, სტიქიური უბედურებების ან ავადმყოფობის შედეგად და ა.შ. მათ შთამომავლობას კი უკვე უფრო გრძელი კისრები ჰქონდათ წარმოქმნილი ცვლილებების შედეგად, რასაც დღეს მეცნიერები „მუტაციას“ უწოდებენ. თავდაპირველად ასეთი რამ შესაძლოა, შემთხვევითაც მომხდარიყო, მაგრამ როგორც კი შეცვლილმა ჟირაფებმა ნაშიერი შობეს, ცვლილებათა რეპროდუქციის პროცესი ასწლეულების განმალობაში გაგრძელდა.

რა თქმა უნდა, ეს არის მხოლოდ ვარაუდი, ვინაიდან არ არსებობს არავითარი მოწმობა იმისა, რომ მსგავსი რამ ხდებოდა. მაგრამ ეს აზრი შეიჭრა ადამიანთა გონებაში, რომლებიც ასაალებლად გამზადებული ნაფოტებივით იყვნენ და აი, ნაპერწკალიც გაჩნდა. იდეა იმდენად მიზანშეწონილი ჩანდა, რომ ევოლუციის იდეამ დაიპყრო ადამიანთა გონება - და არა იმიტომ, რომ იგი დამტკიცებული იქნა.

სხვათაშორის, დარვინის ვარაუდები სახესხვაობაზე თითქმის მთლიანად მის დაკვირვებებს ეყრდნობოდა და არა ევოლუციას. გალაპაგოსის კუნძულებზე მოგზაურობის დროს დარვინს გაუკვირდა, როცა ვიურკის (Bьюpoк) ერთი სახეობის ცამეტი სახესხვაობა აღმოაჩინა და ამ ფაქტის მიზეზად ერთი პირველსაწყისი სახესხვაობის არსებობა ჩათვალა, რომელიც ბინადრობის პირობების შესაბამისად იცვლებოდა. ეს ევოლუციის კი არა, არამედ სახესხვაობათა წარმოქმნის პროცესია. საიდან დაასკვნა მან, რომ თუკი მსგავსი მცირე ცვლილებების დაგროვება ხდება, მაშინ სრულებით ახალი სახეობა ჩნდება? სამეცნიერო მტკიცებულებები იმაში მდგომარეობს, რომ არავის არასდროს უხილავს ეს დიდი ცვლილებები; შემჩნეულია ცვლილებები მხოლოდ ერთი, ცალკეული სახეობის ფარგლებში.*

* ასეთი კანონზომიერება იმით აიხსნება, რომ როგორც გენეტიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, ცალკეულ ორგანიზმში სახესხვაობათა გამოჩენის შესაძლებლობა შემოსაზღვრულია ამ ორგანიზმის მემკვიდრეობითი გენეტიკური ფონდით. „სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - წერს ფილიპ ჯონსონი – იმის მიზეზი, რომ ძაღლები არ ხდებიან სპილოს ზომის, ან, რაც უფრო ნაკლებად მოსალოდნელია, არ ხდებიან სპილოები, ის კი არ არის, რომ არასაკმარის ყურადღებას ვუთმობთ სელექციას, არამედ ის გარემოება, რომ ძაღლებს არ გააჩნიათ ასეთი ხასიათის ცვლილებების გენეტიკური შესაძლებლობა, ძაღლის ზრდა ჩერდება მაშინ, როდესაც მიაღწევს გენეტიკურ ზღვარს.



წინა - სარჩევი - შემდეგი