მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი


წიგნი შესაქმისა:
სამყაროს შექმნა და ძველი აღთქმის პირველი ადამიანები
მართლმადიდებლური ხედვა



ნაწილი II
ევოლუციის ფილოსოფია


თავი I. მეცნიერება და წმიდა მამები
წმიდა მამათა ფილოსოფია


 

„მამები ევოლუციის შესახებ არაფერს ამბობდნენ“, – ამას მრავალი მართლმადიდებელი იყენებს, იმის გასამართლებლად, რომ ყველას ისე სწამს, როგორც მოისურვებს ან სწამს იმის, რასაც „მეცნიერება“ ამბობს ამის შესახებ.

მაგრამ ჩვენი მამებისადმი დამოკიდებულება უფრო სერიოზული და ღრმა უნდა იყოს. მამებისადმი ერთგულება სრულებითაც არ ნიშნავს მხოლოდ იმის „თავისუფლებას“, რომ როგორც გინდა ისე იფიქრო, თუკი რომელიმე საკითხის შესახებ არ გაგაჩნია საჭირო ციტატა. მამებისადმი ერთგულება ნიშნავს მათი აზრების გაზიარებას; აზრებისა, რომლებიც ქრისტეს ეკლესიის არსია. ეს აზრები სიცოცხლის შესახებ ერთიან ფილოსოფიურ მსოფლმხედველობას ქმნიან, რაც ჩვენი ეკლესიის სიცოცხლის ნაწილია და წმიდა მამათა აზრებს შეესაბამება.

მამებსაც ჰქონდათ ფილოსოფია, სინამდვილეში ღვთისმეტყველება, რომელიც ევოლუციის საკითხს ეხებოდა და აბსოლუტური სიცხადით მეტყველებდა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოეპყრას ამ საკითხს მართლმადიდებელი ქრისტიანი.

„ევოლუცია“ არ არის „მწვალებლობა“; მაგრამ ევოლუცია შეიცავს, გულისხმობს და ეყრდნობა გაუგებრობებისა და მცდარი წანამძღვრების ისეთ რაოდენობას, რომ აბსოლუტურად მიუღებელია მართლმადიდებელი ქრისტიანებისათვის.

მრავალი მართლმადიდებელი მორწმუნე სიღრმისეულად არ ჩაფიქრებულა ამ საკითხის შესახებ და წინდაუხედავად თვლის, რომ „შესაძლებელია“ ევოლუციასაც დაეთანხმო. ჩვენ შევეცდებით გავარკვიოთ ეს საკითხი, გავაცნოთ მართლმადიდებელ ქრისტიანებს მართლმადიდებელი ღვთისმეტყველება და წმიდა მამათა ფილოსოფია, რომლებსაც სავსებით ნათელი შეხედულება ჰქონდათ ყველა იმ მთავარ საკითხზე, რომლებსაც ევოლუცია აყენებს ქრისტიანების წინაშე.



წინა - სარჩევი - შემდეგი