მართლმადიდებელი ქრისტიანი არ არის „მეცნიერების მოწინააღმდეგე, მაგრამ ის მეცნიერებისგან მხოლოდ ისეთ ცოდნას ელის, რომელიც მეცნიერებას შეუძლია გასცეს თავისი არსით არა ღვთისმეტყველება და არა ცხოვრების ფილოსოფია. თუმცა ჩვენს დროში, როცა ასეთი ინტელექტუალური დაბნეულობაა, როდესაც „მეცნიერებამ“ ისეთ პრესტიჟს მიაღწია მასობრივ ცნობიერებაში, რომ ცოდნის სინონიმი გახდა, საკმაოდ ხშირად ისე ხდება ხოლმე, რომ მეცნიერები საკუთარ თავზე იღებენ ვალდებულებას, გვასწავლონ ის, რაც თავად სრულიად არამეცნიერული გზით მიიღეს; ასეთი მეცნიერები ფაქტობრივად ღვთისმეტყველების როლში გამოდიან თანამედროვე მეცნიერება თვლის, რომ „ცოდნა“ ყოველივეს აღმატება და ამ პრესტიჟის წინაშე მართლმადიდებელი მორწმუნენი მორიდებულად დაიმორცხვებენ, თითქოს ბოდიშს იხდიან იმის გამო, რომ „არამეცნიერულის“ სწამთ, თავს იცავენ ღვთისმოშიშებით ან იკეტებიან საკუთარი „რელიგიური გრძნობების“ საიდუმლო კუნჭულებში, სადაც რწმენას მიაკუთვნა ადგილი თანამედროვე სამეცნიერო საზოგადოებამ.
მაგრამ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანობა ასეთი არ გახლავთ. იგი თანამედროვე აზროვნების არცერთი მიმართულებით არაა შებოჭილი; მისი ცოდნა მეცნიერებაზე მაღლაა და მას, რაღა თქმა უნდა, არაფერი აქვს საბოდიშო ცოდნის უფრო დაბალი ფორმის წინაშე.
ჩვენ ვიცით, რომ ღმერთმა შექმნა სამყარო „ზომით, თვლით და წონით“ (სიბრძ. 11, 21), (თანამედროვე ქართულ თარგმანში – 11, 20. ბიბლია 1989), მაგრამ ღმერთს არ აუხსნია ადამიანისთვის საკუთარი სამყაროს აგებულების დეტალები და ის, ვინც „ბუნების საიდუმლოებათა“ ფარდის მიღმა გადაიხედავს, იპოვის ამ საიდუმლოების მხოლოდ უსასრულოდ მცირე ნაწილაკს, რომელიც უსასრულო საღვთო სიბრძნისგან გამომდინარეობს. თანამედროვე მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ დაცემულ კაცობრიობას მიღებული ცოდნის სასიკეთოდ გამოყენებაც კი არ ძალუძს.
მაგრამ თანამედროვე მეცნიერება — მხოლოდ ცოდნა არ გახლავთ. იგი გამოეყო საღვთო გამოცხადებას და ერეტიკული, არაქრისტიანული და ანტიქრისტიანული თეორიებისა და ფილოსოფიის განკარგულებაში აღმოჩნდა. ისინი ხშირად უპირისპირდებიან გამოცხადებას, რადგანაც იმ სფეროში იჭრებიან, რომლებიც მხოლოდ ღვთისმეტყველებისთვის არის ხელმისაწვდომი. იგივე ეხება სწავლებასაც პირველქმნილი ადამიანის შესახებ. ღმერთს მრავალი რამ არ განუცხადებია თავისი ქმნილების პირველქმნილი მდგომარეობის შესახებ, თუმცა ის ყოველივე, რაც გვაქვს, სრულებით საკმარისია იმისათვის, რათა ჩამოვაყალიბოთ შეხედულება ევოლუციონისტთა ფილოსოფიურ-რელიგიური სპეკულაციების შესახებ. დასავლეთში უცნობი იყო მართლმადიდებელი სწავლება სამყაროს შექმნის შესახებ; რომაულ-კათოლიკური სწავლება კი მისგან არსებითად განსხვავებულია.
წინა - სარჩევი - შემდეგი