მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი


წიგნი შესაქმისა:
სამყაროს შექმნა და ძველი აღთქმის პირველი ადამიანები
მართლმადიდებლური ხედვა



ნაწილი II
ევოლუციის ფილოსოფია


თავი I. მეცნიერება და წმიდა მამები
მატერიალისტური ფანტიზიების განცალკევება სამეცნიერო ჭეშმარიტებისაგან


 

ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი (1807-1867) გვასწავლის, რომ დღეს ჭეშმარიტი ფილოსოფიისთვის აუცილებელია როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანობის, ისე ჭეშმარიტი მეცნიერების ცოდნა; უამისოდ შეუძლებელია მატერიალური ფანტაზიის სამეცნიერო ჭეშმარიტებისაგან გამოყოფა.*

* თავის წიგნში „სული სიკვდილის შემდეგ“ მამა სერაფიმე წერს ეპისკოპოს ეგნატეს შესახებ: „(იგი) იყო, ალბათ, პირველი დიდი რუსი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, რომელიც უშუალოდ იმ პრობლემით იყო დაკავებული, ასე მწვავე რომ არის დღეს: როგორ შევინარჩუნოთ ჭეშმარიტი ქრისტიანული გადმოცემა და სწავლება იმ სამყაროში, რომელიც სავსებით უცხო გახდა მართლმადიდებლობისათვის და მიისწრაფვის იმისკენ, რომ უარყოს ან უკუაგდოს მართლმადიდებლობა ან იმგვარად დაამახინჯოს მისი აზრი, რომ საერო ცხოვრებისა და აზროვნების თავსებადი გახადოს. ეპისკოპოს ეგნატეს გამახვილებული ჰქონდა რომაულ-კათოლიკური და სხვა დასავლური გავლენის შეგრძნება, რომლებიც მართლმადიდებლობის მოდერნიზების ცდილობდნენ უკვე მის დროში. ამიტომ იგი ემზადებოდა მართლმადიდებლობის დასაცავად როგორც მართლმადიდებლური წყაროების გაღრმავებული შესწავლით (რომლებიც მან საუკეთესო მონასტრებში შეისისხლხორცა), ისე იმდროინდელი მეცნიერებისა და ლიტერატურის გაცნობით (იგი სწავლობდა სამხედრო საინჟინრო სასწავლებელში და არა სასულიერო სემინარიაში). ამრიგად, როგორც მართლმადიდებელი ღვთისმეტყველების, ისე საერო მეცნიერებათა ცოდნით შეიარაღებულმა, მან მთელი თავისი ცხოვრება მართლმადიდებელი სიწმიდისა და მისგან თანამედროვე გადახრების გამოაშკარავებას მიუძღვნა. არ იქნება გადაჭარბება თუ ვიტყვით, რომ XIX საუკუნის არცერთ მართლმადიდებელ ქვეყანაში არ ყოფილა მართლმადიდებლობის თანამედროვეობის ცდუნებათა თუ დაბნეულობისაგან ასეთი დამცველი.

იგი წერს: „სასურველია ვინმე მართლმადიდებელმა ქრისტიანმა მას შემდეგ, რაც შეისწავლა დადებითი მეცნიერებანი, საფუძვლიანად შეისწავლოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოღვაწეობა და კაცობრიობას ჭეშმარიტი ფიოლოსოფია მიუძღვნას, რომელიც ზუსტ ცოდნაზე იქნება დაფუძნებული და არა თვითნებურ ჰიპოთეზებზე. ელინი ბრძენი პლატონი კრძალავდა ფილოსოფიით დახელოვნებას წინასწარ მათემატიკის შეუსწავლელად. აი ჭეშმარიტი თვალსაზრისი! მათემატიკისა და მასზე დამყარებულ მეცნიერებათა შესწავლისა და ქრისტიანობის შემოქმედებითი და კეთილსაამო შემეცნების გარეშე ჩვენს დროში შეუძლებელია სწორი ფილოსოფიური სისტემის გადმოცემა. მრავალნი, ვისაც თავი ფილოსოფიის მცოდნედ წარმოუდგენიათ, მაგრამ არ იცნობენ მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, როდესაც მატერიალისტთა შრომებში სხვადასხვა ოცნებებსა და ჰიპოთეზებს წააწყდებიან, ვერაფრით ვერ ახერხებენ განასხვავონ ისინი მეცნიერული ცოდნისაგან, არ ძალუძთ სათანადოდ შეაფასონ ან უარყონ რომელიმე მეოცნებეს ყველაზე უფრო უაზრო ბოდვა და ძალიან ხშირად თავად ხდებიან ხოლმე ამ ბოდვით გატაცებულნი, აღიარებენ რა მას დამტკიცებულ ჭეშმარიტებად“.

(საგულისხმოა, რომ მღვდელმთავარმა ეგნატემ ეს დაახლოებით იმ დღეებში დაწერა, როდესაც ინგლისში გამოქვეყნდა დარვინის შრომა „სახეობათა წარმოქმნის შესახებ“).



წინა - სარჩევი - შემდეგი