მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი


წიგნი შესაქმისა:
სამყაროს შექმნა და ძველი აღთქმის პირველი ადამიანები
მართლმადიდებლური ხედვა



ნაწილი II
ევოლუციის ფილოსოფია


თავი I. მეცნიერება და წმიდა მამები*
ჭეშმარიტი ღვთისმეტყველება და საერო ცოდნა


 

* ეს თავი შედგენილია მამა სერაფიმეს სხვადასხვა ჩანაწერებისგან, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ იქნა ნაპოვნი. თითოეული კარი ჩანაწერთა ცალკეულ კრებულს წარმოადგენს. ჩვენ ეს ჩანაწერები იმგვარად ავარჩიეთ და გავანაწილეთ, რომ მომდევნო თავებისთვის საუკეთესო შესავალი მიგვეღო.

თანამედროვე ათეისტური აზრის შემოტევებმა იმდენად ძლიერი დარტყმა მიაყენა ქრისტიანობას, რომ მრავალმა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა თავდაცვითი პოზიცია დაიკავა. ისინი გრძნობენ მართლმადიდებლური სიბრძნის „სისუსტეს“ და მზად არიან აღიარონ, რომ თანამედროვე საერო მეცნიერებას ახასიათებს ჭეშმარიტებაც და სიბრძნეც, რომლის შესახებაც მართლმადიდებლობას „არ გააჩნია თავისი შეხედულება“. ამრიგად, ისინი სათანადოდ ვერ აფასებენ წმიდა მამათა გადმოცემების უკიდეგანო სიმდიდრეს, რომელიც ქრისტიანულ სიბრძნეს გვაძლევს არა მხოლოდ უშუალოდ საეკლესიო და საღვთისმეტყველო საგნების, არამედ გაცილებით მეტი მნიშვნელობის მქონე პრობლემების შესახებ. წმიდა მამათა სიბრძნე მოიცავს მართლმადიდებელ ქრისტიანთა ცხოვრების ფილოსოფიას მთლიანობაში, დამოკიდებულებას თანამედროვე ყოფაცხოვრების, სამეცნიერო ცოდნისა და კიდევ მრავალი რამისადმი, რაც დღევანდელი ფორმით არ არსებობდა წარსულის წმიდა მამათა ამქვეყნიური ცხოვრების დროს.

რომაულ-კათოლიკური თეოლოგია უკვე დიდი ხანია სიბრძნის ეტალონს თანამედროვე ადამიანებში ხედავს, რის შედეგადაც ამჟამად საყოველთაოდ აღიარებულად ითვლება, რომ პასუხები თანამედროვე საკითხებზე უნდა ვეძებოთ მხოლოდ „თანამედროვე ბრძენთა“ მეშვეობით - მეცნიერებთან და ფილოსოფოსებთანაც კი.

მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის ცნობილია სხვა სიბრძნე და ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ვარკვევთ თუ რამდენად არის შესაძლებელი, ვენდოთ ამ თანამედროვე „ბრძენ“ სწავლულებს. საყოველთაო დაბნეულობის ერთ-ერთი გამოხატულება არის შესაქმის წიგნის განმარტება, განსაკუთრებით ევოლუციის „სამეცნიერო“ თეორიის შუქზე.

როგორც შედეგი, მრავალ მართლმადიდებელ ქრისტიანსაც კი მიაჩნია, რომ თითქოს თანამედროვე მეცნიერებას მრავალწილად შეუძლია დაეხმაროს ქრისტიანებს „გაიგონ“ შესაქმის ტექსტი. პირველ რიგში ჩვენ სწორედ ამ დებულებას გამოვიკვლევთ ევოლუციის თეორიის არსში ჩაუღრმავებლად. უშუალოდ ევოლუციის თეორიის შესახებ წმ. მამები არ საუბრობდნენ, რადგანაც ეს თეორია მე-18 - მე-19 საუკუნეების „განმანათლებელთა“ აზროვნების ნაყოფია და ადრე უცნობი იყო. ძირითადად ჩვენ გავარკვევთ, ერთი მხრივ, წმ. მამათა დამოკიდებულებას საერო ცოდნისადმი, და, მეორე მხრივ, შესაქმის გაგებისა და განმარტების პრინციპებს (უშუალოდ შესაქმის მათ განმარტებას).

ვერავინ გაბედავს თქვას, რომ წმიდა მამები და მთლიანად მართლმადიდებელი ქრისტიანები თითქოსდა „მეცნიერების წინააღმდეგნი“ იყვნენ, ანუ, თითქოს ისინი სამეცნიერო ცოდნას უპირისპირდებიან, ვიდრე იგი ბუნების ჭეშმარიტ ცოდნას წარმოადგენს. ღმერთისგან წარმოდგება როგორც ბუნება, ისე გამოცხადება, ამიტომ არ შეიძლება წინააღმდეგობა იყოს ღვთისმეტყველებასა და მეცნიერებას შორის მანამდე, სანამ ჭეშმარიტია როგორც ერთი, ისე მეორე, - რჩებიან რა იმ სფეროში, რომელიც მათ ეკუთვნით თავისი ხასიათით. შემდეგ: ის წმიდა მამები, რომლებიც შესაქმეს განმარტავდნენ, ცხადია, რომ იყენებდნენ იმ დროს ცნობილ სამეცნიერო ცოდნას ბუნების შესახებ, რამდენადაც ეს ცოდნა შეესაბამებოდა განსახილველ საკითხს. ასე მაგალითად, მამა მიხეილ პომაზანსკი გულში ჩამწვდომ სტატიას წერს, სადაც წმ. ბასილი დიდის ჰომილიებს ადარებს წმ. მართალი იოანე კრონშტანდტელის საუბრებს შესაქმის ექვსი დღის შესახებ და აღნიშნავს, რომ „წმ. ბასილის ჰომილიები გარკვეული თვალსაზრისით არის იმ დროის საბუნებისმეტყველო მეცნიერების და მისი დადებითი შედეგების ნამდვილი ენციკლოპედია“, რომელიც (ჰომილიები) ცდილობს, დაგვანახოს დიდება ღვთისა, რამდენადაც შესაძლებელია ამის შემჩნევა სხვადასხვაგვარ ქმნილებებში. საბუნებისმეტყველო მეცნიერების ცოდნა, რა თქმა უნდა, ისეთი ცოდნა არის, რომელიც ყოველთვის უნდა გადაიხედოს ახალი აღმოჩენების, დაკვირვებებისა და ექსპერიმენტების შედეგად და, მაშასადამე, შეცდომები შეძლება ვიპოვოთ თვით წმ. ბასილისა და სხვა წმიდა მამების შრომებში ისევე, როგორც ვპოულობთ შეცდომებს ნებისმიერ შრომაში, სადაც სამეცნიერო ფაქტებზეა საუბარი. ასეთი შეცდომები ოდნავადაც არ ამცირებს ჰომილიების მსგავსი შრომების ღირსებას, ვინაიდან აქ სამეცნიერო ფაქტები მხოლოდ იმ პრინციპების საილუსტრაციო მასალად გამოიყენება, რომლებიც ბუნების ცოდნას კი არ ემყარება, არამედ საღვთო გამოცხადებიდან გამომდინარეობს. რაც შეეხება ბუნების ფაქტებს, თანამედროვე სამეცნიერო შრომების დონე, რა თქმა უნდა, აღემატება ჰომილიებსა და წმ. მამათა სხვა მსგავსი შრომების „სამეცნიერო“ მხარეს, ვინაიდან თანამედროვე შრომები უფრო ზუსტ დაკვირვებებს ემყარება. ეს არის ერთი და ერთადერთი ასპექტი, სადაც მეცნიერება, შეიძლება ითქვას, აღემატება ან „სრულყოფს“ წმ. მამათა შრომებს; მაგრამ წმ. მამათა შრომებში საკითხის ეს მხარე მხოლოდ ეპიზოდურია საღვთისმეტყველო და ზნეობრივი სწავლების ფონზე.

ნება გვიბოძეთ, გულდასმით განვაცალკევოთ ნამდვილი სამეცნიერო ფაქტი მისგან სრულიად განსხვავებულისგან, რაც დღევანდელ პირობებში, როდესაც ცოდნის სხვადასხვა სახეობანი ხშირად სათანადოდ არ არის განცალკევებული, „ფაქტად“ არის წარმოდგენილი. მამა მიხეილ პომაზანსკი წერს: „წმ. ბასილი აღიარებს ბუნებისმეტყველების ყველა სამეცნიერო ფაქტს. მაგრამ იგი არ ღებულობს იმდროინდელ ფილოსოფიურ კონცეფციებს, ან იმ ფაქტების ინტერპრეტაციას: სამყაროს წარმოქმნის მექანისტურ თეორიას, ბუნების უსასრულობისა და დაუსაბამოობის სწავლებას (და სხვა). მღვდელმთავარმა ბასილი დიდმა იცოდა, თუ როგორ უნდა ამაღლებულიყო სამყაროს ძირითადი პრინციპების შესახებ არსებულ იმდროინდელ თეორიებზე. მისი ჰომილიები ექვსი დღისათვის გამოირჩევა როგორც ბრწყინვალე და ამაღლებული სისტემა, რომელიც გვიხსნის შესაქმის აზრს და მიუწვდომელია ამ თეორიების მიერ, როგორც ფრინველი, რომელიც მაღლა ცაში დანავარდობს იმ ქმნილებათა ზემოთ, რომელთაც მხოლოდ მიწაზე ქვეძრომა ხელეწიფებათ.*

* მამა მიხეილ პომაზანსკი (1888-1989), რევოლუციამდელი საღვთისმეტყველო აკადემიის ერთ-ერთი უკანასკნელი ცოცხალი კურსდამთავრებული, გახლდათ მწერალი და ღვთისმეტყველი, რომელსაც მამა სერაფიმე დიდ პატივს სცემდა. მამა სერაფიმემ ინგლისურ ენაზე გადათარგმნა მამა მიხეილის ძირითადი შრომა „Православное догматическое богословие“ და სათანადო ანოტაციები დაურთო თარგმანს.

თანამედროვე მეცნიერების კონცეფციები და თეორიები (ისეთები, როგორიცაა „ევოლუციის თეორია“) ისეთივე ხასიათის არის, როგორიც გახლდათ მღვდელმთავარ ბასილის დროინდელ „მეცნიერებათა“ ნაწილი, რომელთაც იგი არ აღიარებდა, ვინაიდან ისინი აშკარად ეწინააღმდეგებოდნენ ქრისტიანულ გამოცხადებას. ქვემოთ ჩვენ ვნახავთ გამონაკლისია თუ არა ამ საერთო წესიდან ევოლუციის თეორია, ვნახავთ, რომ არაქრისტიანთა (რომელთა განკარგულებაში მეტ-ნაკლებად ყოველთვის მოიპოვება მოჩვენებითი „სამეცნიერო ფაქტები“) დამოუკიდებელი ფილოსოფიური ვარაუდები ვერ გახდება მართლმადიდებელი ქრისტიანული მსოფლმხედველობის ნაწილი, მსოფლმხედველობისა, რომლის საფუძველია საღვთო გამოცხადება - განმარტებული და გადმოცემული წმიდა მამების მიერ.

საჭიროა, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ რა განსხვავება არის საღვთისმეტყველო და სამეცნიერო ცოდნათა ხასიათსა და თვისებებს შორის. პირველი საღვთო გამოცხადებიდან გამომდინარეობს და მას ამ გამოცხადებისადმი ერთგულებით აფასებენ მას სული თავისი წყაროსკენ აღყავს.

სამეცნიერო ცოდნა კი ფიზიკური სამყაროს ფაქტებიდან გამომდინარეობს და მას არცა აქვს სხვა მიზანი, გარდა ამ ფაქტების ერთგულებისა. საკმარისია წავიკითხოთ მღვდელმთავარ ბასილი დიდის, მღვდელმთავარ იოანე ოქროპირის, წმ.მართალი იოანე კრონშტანდტელის ან რომელიმე სხვა წმიდა მამის შესაქმისეული განმარტებანი, რომ მაშინვე დავრწმუნდებით თუ როგორი გულმოდგინებითა და სიხშირით იყენებენ ისინი მათთვის ხელმისაწვდომ ცოდნას ან საღვთო საქმეთა საღვთისმეტყველო ცოდნას ან უბრალოდ ღმერთის ქმნილებათა სამეცნიერო ცოდნას იმისათვის, რათა მკითხველის გონებრივი მზერა მიაპყრონ ზემოთ, შემოქმედისკენ და ზნეობრივ დარიგებას ან სხვა მსგავს მითითებას იძლევიან; მაგრამ არასდროს კმაყოფილდებიან საქმის არსის მხოლოდ აბსტრაქტული ცოდნით...

მოგვიანებით კვლავ გავიხსენებთ საერო და საღვთისმეტყველო ცოდნათა შორის არსებულ განსხვავებას. ამჯერად კი საკმარისია ნათელვყოთ, რომ საერო ცოდნას საღვთო გამოცხადების შესახებ არაფრის თქმა არ ძალუძს, თუმცაღა იგი ამას არ სჯერდება. თუკი საერო ცოდნა საღვთო გამოცხადების გამოკვლევას ცდილობს, მაინც ასეთი მცდელობები დაიყვანება საღვთოს განხილვამდე ადამიანური აზრით. მაგრამ ვისაც იმის იმედი აქვს, რომ შესაქმის გარკვეული ნაწილის ინტერპრეტაციას ევოლუციის თეორიის მეშვეობით მოგვაწოდებს, უნდა მოახერხოს კიდეც საღვთო გამოცხადებაში იპოვოს ამ თეორიის არსებობის ნათელი საღვთისმეტყველო დადასტურება.



წინა - სარჩევი - შემდეგი