მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი


წიგნი შესაქმისა:
სამყაროს შექმნა და ძველი აღთქმის პირველი ადამიანები
მართლმადიდებლური ხედვა



ნაწილი I
შესაქმის წიგნის წმიდა მამათა განმარტებანი


თავი IX. ხალხთა განსახლება (შესაქმე 9, 1-11, 26)
ბაბილონის გოდოლი


 

11, 1-2. და იყო ყოველი ქუეყანა ბაგე ერთ და ხმა ერთ ყოველთა და იყო ძრვასა მათსა აღმოსავალით გამო, პოვეს ველი ქუეყანასა სენარისასა და დაემკვიდრნენ მუნ.

ცხადია, რომ ეს მანამდე ხდებოდა, სანამ მეათე თავში აღნიშნული ხალხები გაიფანტებოდნენ. ძენი შობდნენ თავიანთ შთამომავლობას, მაგრამ, როგორც ჩანს, კაცობრიობა ჯერ კიდევ მჭიდროდ იყო კონცენტრირებული დედამიწის ამ ადგილას. მათ ჯერ კიდევ ერთი ენა და ერთნაირი მენტალიტეტი ჰქონდათ. სენარისი ეს არის ველი ბაბილონის მხარეში, შუამდინარეთში (მდინარეების ტიგროსსა და ევფრატს შორის).

11. 3-4. და ჰრქუა კაცმან მოყუასსა: მოვედით, გამოვზილნეთ ალიზნი და გამოვაცხუნეთ იგინი ცეცხლითა. და იყო მათდა ალიზი ქვა და ასფალტოსი იყო მათდა თიხა. და თქუეს: მოვედით, ვიშენოთ თავთა თვისთათვის ქალაქი და გოდოლი, რომლისა თავი იყოს ვიდრე ცადმდე. და ვყოთ თავთა თვისთად სახელი პირველ განთესვისა ჩუენისა პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა.

მათ უკვე იცოდნენ იმ წინასწარმეტყველების შესახებ, რომ ადამიანები მთელს დედამიწაზე განსახლდებიან. ისინი კიდევ ერთხელ შეეცადნენ სახელის მოხვეჭას: გრანდიოზული პროექტი, რომელიც იმის სიმბოლო და მტკიცებულება იქნება, რომ ჩვენ ზეადამიანები ვართ. ეს პროექტი შემდგომ პერიოდებში დროდადრო განმეორდება ალექსანდრე დიდის იმპერია, კომუნისტური რეჟიმი, ჰიტლერის მესამე რეიხის ათასწლოვანი მმართველობის ჩანაფიქრი და ა. შ. ყველა ამ ჩანაფიქრს ამპარტავნების ცოდვა მართავს.

ასეთი გოდოლები მართლაც არსებობდა ბაბილონისა და ასურეთის ისტორიაში, ზოგიერთი მათგანი დღემდეა შემორჩენილი. მათ ზიგურატები ეწოდება: ამ ტაძრებში აკლდამები ზემოთაა. მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ეს არის სიმბოლო ადამიანთა ურჩობისა დარჩნენ ღმერთის მიერ დადგენილ საზღვრებში. მათ მოინდომეს ღმერთად, გახდომა; საკუთარი თავის გაღმერთება. ჩვენს დროში ასეთ სიმბოლოებად ცათამბჯენები გვევლინება. განზრახულია აიგოს ყოველივე მანამდე აგებულზე რაღაც უფრო მაღალი. თქვენ შეგიძლიათ ახვიდეთ მწვერვალზე, სადაც სულ სხვა კლიმატია, ვიდრე ქვემოთ. ქვემოთ შეიძლება წვიმა მოდიოდეს, თქვენ კი ღრუბლებს ზემოთ იყოთ და მზის სხივებით ტკბებოდეთ.

მეთერთმეტე თავში ვხედავთ, რომ წარღვნიდან ხუთასი წლის შემდეგ კაცობრიობა ისევ მანკიერი და ამპარტავანი გახდა. აქ ნათქვამია – მათ ჰქონდათ ერთი ენა, ერთი მეტყველება, და ყველა ისინი ერთ რამეში თანხმდებოდნენ: რომ გახდებოდნენ დიდნი.

ეს ყოველივე დღევანდელ კაცობრიობას გვაგონებს. მცირეოდენი გამონაკლისის გარდა, ვინც არ ეთანხმება იმას, რაც ხდება; ადამიანთა უმეტესობა ან ეთანხმება, ან მათ აიძულებენ, განახორციელონ დედამიწაზე სამოთხის აშენების დიადი ჩანაფიქრი: ეს არის კომუნისტური საზოგადოება ან მმართველობა, სადაც ღმერთი დავიწყებულია. კაცობრიობა კვლავ ამ მიმართულებით მიექანება. თუ ადამიანი ასე იქცევა, ღმერთმა რა უნდა ქნას?

ღმერთმა აღგვითქვა, რომ არ გაანადგურებდა დედამიწას. როგორც ეს ადრე მოიმოქმედა; ამიტომ იგი ადამიანს სხვა გზით შეაჩერებს: ეპიდემიები, სტიქიური უბედურებანი, მიწისძვრები, ვულკანთა ამოფრქვევები. ამ შემთხვევაში მან ენები აურია.

11. 5. და გარდამოვიდა უფალი ხილვად ქალაქისა და გოდლისა, რომელი აღაშენეს ძეთა კაცთასა.

რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთი ადრე „ვერ ხედავდა“; აქ განსაკუთრებით აღინიშნება, რომ იგი (ღმერთი) გულდასმით აკვირდებოდა იმას, რაც ხდებოდა, რათა ბოლომდე დარწმუნებულიყო. ღმერთი არ სჯის მანამ, სანამ არ დარწმუნდება.

11. 6. და თქუა უფალმან ღმერთმან: აჰა ნათესავი ერთ და ბაგე ერთ ყოველთა. ამას იწყეს ყოველთა ქმნად და აწ არა დააკლდენ მათგან ყოველნი, რაოდენთაცა ინებონ ქმნა.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი თავისი ამპარტავნობის გამო გაჯიუტდნენ და ასეთი გრანდიოზული, ღვთის საწინააღმდეგო საქმე წამოიწყეს.

11. 7. მოვედით, გარდავიდეთ და შეურინეთ მათ ენანი მუნ, რაითა არა ესმოდის თვითეულსა ხმაი მოყუსისა.

როდესაც ღმერთი ამბობს „მოვედით“, ვის მიმართავს? ისევე როგორც დასაბამად, როდესაც იგი ადამიანს ქმნიდა და ამბობდა ვქმნათ კაცი, ღმერთი მიმართავდა წმიდა სამებას (ღმერთს).

11. 8. და განთესნა იგინი უგფალმან მუნით პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა. და დასცხრეს მაშენებელნი ქალაქისა და გოდლისანი.

წმიდა იოანე ოქროპირი ამის შესახებ საუბრობს:

„თუ კი ისინი ახლა, როდესაც მათ ერთიანი აზრები და ერთი ენა აქვთ, ასე გაშმაგებულნი არიან, მაშინ უარესს ხომ არ ჩაიდენენ მომავალში? მათ მისწრაფებებს უკვე აღარაფერი შეაკავებს, პირიქით, ისინი შეეცდებიან, ყოველივე განზრახული აღასრულონ, თუკი კადნიერი საქციელისათვის მაშინვე არ დაისჯებიან“.

ამიტომ, მოსალოდნელია, რომ მსოფლიოს დღესაც რაღაც მსგავსი დაემართება. ადამიანები სულ უფრო და უფრო მეტად ეფლობიან ბოროტებაში და მიისწრაფვიან გრანდიოზული, ჩანაფიქრით უღმერთო, ამპარტავნული პროექტებისაკენ.*

* მამა სერაფიმე 1982 წელს გარდაიცვალა. ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ ამ გრანდიოზული პროექტების შედეგები. განსაკუთრებით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ მსოფლიო დღეს, კავშირგაბმულობის ელექტრონული საშუალებების სხვადასხვა ფორმების მეშვეობით, ბაბილონის გოდოლის მშენებლობის შემდეგ ხდება „ნათესავი ერთ და ბაგე ერთ ყოველთა“ არა ერთიანი ენის აზრით, არამედ ერთიანი მენტალიტეტის, ერთიანი აზროვნების, ერთნაირი ჩანაფიქრის მნიშვნელობით. ეს ყოველივე გვაუწყებს, რომ ღვთის სამსჯავრო ახლოა, ისევე როგორც ეს იყო ბაბილონის გოდოლის დროს.

11.9. ამისთვის ეწოდა სახელი მისი შერევნა, რამეთუ მუნ შეურივნა უფალმან ბაგენი ყოვლისა ქუეყანისანი. და მუნით განთესნა უფალმან ღმერთმან პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა.

ქალაქის სახელი ბაბილონი გახლდათ, რაც „შერევნას“ ნიშნავს. სწორედ ეს არის დღევანდელი მსოფლიოს დასაბამი, მთელ დედამიწაზე განსახლებული მრავალი ხალხი და მრავალი ენა.

11. 10-26. და ესე შობანი სემისნი: სემ, ძე ასის წლით იყო, ოდეს შვა არფაქსად, მეორესა წელსა შემდგომად წყლითრღუნისა და ცხოვნდა სემ შემდგომად შობისა მის არფაქსადისა ხუთას წელ და შვნა ძენი და ასულნი და მოკუდა.

და ცხოვნდა არფაქსად ას ოც და ათხუთმეტ წელ და შვა კაინან. და ცხოვნდა არფაქსად შემდგომად შობისა მის კაინანისა სამას ოც და ათ წელ და შვნა ძენი და ასულნი და მოკუდა. და ცხოვნდა კაინან შემდგომად შობისა მის სალასა სამას ოც და ათ წელ და შვნა ძენი და ასულნი და მოკუდა.

და ცხოვნდა სალა ას ოც და ათ წელ და შვა ებერ. და ცხოვნდა სალა შემდგომად შობისა მის ებერისა სამას ერგასის წელ და შვნა ძენი და ასულნი და მოკუდა.

და ცხოვნდა ებერ ას ოც და ათოთხმეტ წელ და შვნა ფალეგ. და ცხოვნდა ებერ მდგომად შობისა მის ფალეკისა ორას სამეოც და ათ წელ და შვნა ძენი და ასულნი და მოკუდა.

და ცხოვნდა ფალეკ ას ოც და ათოთხმეტ წელ და შვა რაგავ. და ცხონდა ფალეკ შემდგომად შობისა მის რაგავისა ორას და ცხრა წელ და შვნა ძენი და ასულნი და მოკუდა.

და ცხოვნდა რაგავ ას ოც და ათორმეტ წელ და შვა სერუქ. და ცხოვნდა რაგავ შემდგომად შობისა მის სერუქისა ორას და შვიდ წელ და შვნა ძენი და ასულნი და მოკუდა.

და ცხონდა სერუქ ას ოც და ათ წელ და შვა ნაქორ. და ცხონდა სერუქ შემდგომად შობისა მის ნაქორისა ორას წელ და შვნა ძენი და ასულნი და მოკუდა.

და ცხონდა ნაქორ სამეოც და ათცხრამეტ წელ და შვა თარრა. და ცხონდა ნაქორ შემდგომად შობისა მის თარრასა ას ოც და ცხრა წელ და შვნა ძენი და ასულნი და მოკუდა.

და ცხონდა თარრა სამეოც და ათ წელ და შვა აბრაამ და არრან.


ეს არის სემის შთამომავლობა აბრაამამდე ღვთის ახალ რჩეულამდე, რომლის შთამომავალთა შორის დიდი ადამიანები იქნებიან.



წინა - სარჩევი - შემდეგი