მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი


წიგნი შესაქმისა:
სამყაროს შექმნა და ძველი აღთქმის პირველი ადამიანები
მართლმადიდებლური ხედვა



ნაწილი I
შესაქმის წიგნის წმიდა მამათა განმარტებანი


თავი IX. ხალხთა განსახლება (შესაქმე 9, 1-11, 26)
ნოეს ძეთა გენეალოგია


 

10, 1-4. ესე შობანი ძეთა ნოესთანი: სემ, ქამ, და იაფეთ. და იყვნეს მათდა ძენი შემდგომად წყლით არღუნისა. ძენი იაფეთისნი: ღამერ და მაგოგ და მადაიმ და ავან და ელიოსან და თობელ და მოსოქ და თირას. და ძენი ღამერისნი: ასქანაზ და რიფათ და თორღამა და ძენი ავანისნი: ელისა და თარშის, კიტენი, როდენი.

მეათე თავი მოგვითხრობს ნოეს ძეთა: სემის, ქამისა და იაფეთის შთამომავლობის შესახებ. აქ ჩამოთვლილია ნოეს სამი ძის სამოცდათორმეტი შთამომავალი, რომელთაგან სხვადასხვა ხალხები წარმოიშვნენ.*

* დოქტორმა ვილიამ ფ. ალბრაიტმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის არქეოლოგიური კვლევების მსოფლიოში წამყვან სპეციალისტად ითვლება, ასე გამოხატა თავისი აზრი შესაქმის მეათე თავში მოთხრობილ ხალხთა ჩამონათვლის შესახებ: „იგი აბსოლუტურად უნიკალურია ძველ ლიტერატურაში და მას არ გააჩნია შორეული პარალელები ბერძენთა შორისაც კი, სადაც სრულიად თანამედროვე მიდგომას ვპოულობთ ხალხთა განსახლების გენეალოგიური ცხრილებისადმი... ხალხთა ჩამონათვალი დღემდე საოცარი სიზუსტის დოკუმენტია. ვ.ფ. ალბრაიტი, იხ. მისი სტატია „Heдавние открытия в странах Библии“ დანართი რობერტ იანგის ნაშრომისადმი "Аналитическая Симфония" გვ.25.

„თითოეულმა მათგანმა (ამ თაობებიდან), - ამბობს ღირსი ეფრემი, - შეადგინა ცალკეული ხალხი და მისი ენა, და თითოეული ბინადრობდა თავის მიწაზე“.

ზოგიერთი ამ ხალხთაგანი შეგვიძლია ზუსტად განვსაზღვროთ, სხვების დადგენა უფრო რთულია.*

* უფრო დაწვრილებით იხ. Henry M. Morris, The Genesis Record, თ.10.

10, 5. ამათგან განიყვანეს ჭალაკნი წარმართთანი ქუეყანასა მათსა, თვითეული ენად ენად ტომთა შინა მათთა და ნათესავვთა შინა მათთა.

აქ იმის შესახებ არის საუბარი, თუ რა მოხდება ბაბილონის გოდოლის მშენებლობის შეწყვეტის შემდეგ. სამოცდათორმეტი ძირითადი ხალხისგან კაცობრიობა მთელს დედამიწაზე განსახლდება.*

* ეს ნაწყვეტი რუსულ თარგმანში ასე იწყება: „От сих населились острова народов“. ამის გამო მამა სერაფიმე წერს, რომ „острова“ არ ნიშნავს „კუნძულებს“ პირდაპირი გაგებით, არამედ იგულისხმება ხალხები, რომლებიც დაშორდნენ ერთმანეთს და არიან როგორც ზღვაში კუნძულები.

გამოვიდა ასურ და აღაშეანა ნინევი და ქალაქი რომოთი და ხალანი და დასე საშუალ ნინევისა და საშუალ ხალანისა ესე ქალაქი დიდი. და მესარიმ შვნა ლუდიიმელნი და ემატიიმელნი და ლავიიმელნი და ნეფთალიმელნი და პატროსონიმელნი ხასლორიმელნი, ვინა გამოვიდა მიერ ფილისტიმ და ფთორიმელნი. ხოლო ქანან შვა სიდონ პირმშოდ და ქეტელი და იებოსლელი და ამორეველი და გერგესეველი და ასელი და არუკეველი და ასენეველნი. და არადელნი და სამარეელნი და ამათეფელნი და ამაათი. და შემდგომად მათსა განეთესნეს ტომნი ქანანელთანი, და იქმნნეს საზღვარნი ქანანელთანი სიდონისაგან ვიდრე შესლვადმდე გერარად და ღაზად და ვიდრე შესლვადმდე სოდომად და გომორად, ადამად და სევოიმად ვიდრე ლასადმდე. ესე ძენი ქამისნი ტომთა შინა მათთა და ენათა მათთა და სოფელთა მათთა.

აი, ქამის შთამომავალთა სახელები. მრავალმა მათგანმა სხვადასხვა ტომი შეადგინა, მოგვიანებით მათ იუდეველები ეომებოდნენ. მაგრამ აქვე არიან აგრეთვე ნინევიელები, რომლებმაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იონა წინასწარმეტყველის ქადაგებით მოინანიეს.

10, 21. და სემისა იშვნეს მისდაცა, მამისა ყოველთა ძეთა ებერისთასა, ძმისა იაფეთისა, ძმისა უხუცესისა.

სემი - ებერის წინაპარია. ებერისგან ებრაელი ხალხის სახელი წარმოიშვა.

10, 22-32. ძენი სემისნი: ალიმ და ასური და არფაქსად და ლუდ და არამ და კაინან. და ძენი არამისნი: ოს და იულ და ღათერ და მოსოხ. და არფაქსად შვა კაინან. ხოლო კაინან შვა სალა და სალა შვა ებერ. და ებერისა იშვნეს ორნი ძენი. სახელი ერთისა - ფალეკ, რამეთუ დღეთა მისთა განინაწილა ქუეყანა, და სახელი ძმისა მისისა - იეკტან. ხოლო იეკტან შვა ელმოდად და ასარმოთ და იერარი და დორრა და ღახილ და დეკლა და გებარ და აბიმეილ და სავარ და უფირ და ევილატ და იობაბ. ესე ყოველნი ძენი იეკტანისნი. და იქმნა დამკვიდრება მათი მასსითგან ვიდრე მოსლვადმდე სოფირად, მთად აღმოსავლისად. ესე ძენი სემისნი ტომთა შინა მათთა, სოფელთა შინა მათთა და ნათესავთა შინა მათთა.

ესე ტომნი ძეთა ნოესთანი ნათესაობათაებრ მათთა, თესლისაებრ მათისა. ამაათგან განთესნეს ჭალაკნი ნათესავთანი ქუეყანასა ზედა შემდგომად წყლით რღუნისა.

ამიერიდან ეს ხალხები თავისი საკუთარი გზით ივლიან. სამოცდათორმეტი ხალხიდან, თოთხმეტი წარმოიშვა იაფეთიდან, ოცდათერთმეტი – ქამისგან, ოცდაშვიდი სემისგან.



წინა - სარჩევი - შემდეგი