მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი


წიგნი შესაქმისა:
სამყაროს შექმნა და ძველი აღთქმის პირველი ადამიანები
მართლმადიდებლური ხედვა



ნაწილი I
შესაქმის წიგნის წმიდა მამათა განმარტებანი


თავი IX. ხალხთა განსახლება (შესაქმე 9, 1-11, 26)
ნოე და ღვთის მცნება


 

9, 1-2. და აკურთხნა ღმერთმან ნოე და ძენი მისნი და ჰრქუა მათ: აღორძინდით და განმრავლდით და აღავსეთ ქუეყანა და ეუფლენით მას! და შიში თქუენი და ძრწოლა თქუენი იყოს ყოველთა ზედა მხეცთა ზედა საცხოვართა ქუეყანისათა და ყოველთა ზედა მფრინველთა ცისათა და ყოველთა ზედა იძვრისთა ქუეყანისათა და ყოველნი თევზნი ზღვისანი ხელის ქუეშე მიგცენ თქუენ.

ნოეს სხვა ქმნილებებზე ბატონობის უფლება ისევე მიეცა, როგორც დასაბამად - ადამს.

9, 3. და ყოველი ქუეწარმავალი, რომლისა არს სიცოცხლე, თქუენდა იყოს საჭამადად, ვითარცა მხალი თივისა, მიგცენ თქუენ ყოველნი.

ღმერთი პირველად აძლევს ადამიანებს ხორცის ჭამის ნებას.

9, 3-7. გარნა ხორცი სისხლითურთ სულისათ არა სჭამოთ! და რამეთუ სისხლიცა თქუენი სულითა თქუენითა გამოვიძიო, ხელისაგან ყოველთა მხეცთასა გამოვიძიო იგი და ხელისაგან კაცისა, ძმისა მისისა, გამოვიძიო სული კაცისა. და დამთხეველისა სისხლსა კაცისასა ნაცულად სისხლისა მისისა დაითხიოს, რამეთუ ხატად ღმრთისა შევქმენ კაცი. ხოლო თქუენ აღორძნდით და განმრავლდით და აღავსეთ ქუეყანა და ეუფლენით მას.

ღმერთი ნოესაც ადამის მსგავსად შვილთსხმასა და გამრავლებას უბრძანებს. მას აძლევს საკვებს, როგორც ადამს მისცა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ამჟამად მას ხორცის ჭამის ნებასაც რთავს (ადამიანის ახალი მდგომარეობისა და წარღვნისშემდგომი ახალი პირობების შესაბამისად). და ისევე, როგორც ადამს უბრძანა სამარხვო მცნების დაცვა არ - ეჭამა ხისაგან „ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა“, – ასევე ნოესაც ნაბრძანები ჰქონდა, სისხლით არ ეკვება სისხლი ღმერთს ეკუთვნის, ხორცი – ადამიანს. ამიტომ, საკვების შესახებ ებრაული კანონის თანახმად, ცხოველი ბასრი იარაღით უნდა დაიკლას და არ მოიშთოს, რათა სისხლი შიგნით არ დარჩეს, ამას სიმბოლური აზრი აქვს: გარეთ მომდინარე სისხლი ღმერთს ეწირება.

ბრძანება, რომელიც სისხლს ეხება, ამბობს იოანე ოქროპირი, ნოეს იმისათვის მიეცა, რათა ადამიანი უფრო მშვიდი (უწყინარი) ყოფილიყო, თუმცა კი ხორცის ჭამის ნება ჰქონდა (რაც მკვლელობას გულისხმობს).

სისხლი – სიცოცხლის სიმბოლოა - და იგი ღმერთს ეკუთვნის. ამ სწავლებას მოციქულთა საქმეებში კანონმდებლური ძალა აქვს, რის მიხედვითაც, კვების ეს შეზღუდვა გაქრისტიანებულ წარმართს უკრძალავდა დამხრჩვალი ცხოველის ხორცის ჭამას, რომლისაგანც სისხლი არ იყო გამოშვებული (შდრ. საქმ. 15, 21; 29, 21-25).

9, 8-17. და ჰრქუა უფალმან ღმერთმან ნოეს და ძეთა მისთა მეტყუელმან: აჰა მე აღვადგენ აღთქმასა ჩემსა თქუენდა და თესლისა თქუენისა შემდგომად თქუენსა. და ყოვლისა სულისა ცხოველისა თქუენ თანა მფრინველთაგან და საცხოვართაგან და ყოველთა მხეცთა ქუყანისათა, რაოდენნი არიან თქუენ თანა, ყოველთა თანა, გამოსრულთა კიდობნით. და დავამტკიცო აღთქმა ჩემი თქუენდა მომართ და არღარა მოჰკუდეთ ყოველი ხორცი წყლისა მიერ რღუნისა. და არღარა იყოს მერმე რღუნა წყლისა განხრწნად ყოვლისა ქუეყანისა. და თქუა უფალმან ღმერთმან ნოეს მიმართ: ესე სასწაული აღთქმისა ჩემისა, რომელსა მე მოვსცემ შორის ჩემსა და შორის თქუნსა და შორის ყოვლისა სულისა, რომელი არს თქუენ თანა ნათესავად საუკუნოდ. რამეთუ მშვილდსა ჩემსა დავსდებ ღრუბელთა შინა და იყოს სასწაულად შორის ჩემსა და ქუყანისა. და იყოს, რაჟამს მოვავლინო ღრუბელი შორის ქუეყანასა, გამოჩნდეს მშვილდი იგი ღრუბელთა შინა და მოვიხსენებ აღთქმასა ჩემსა, რომელ არს შორის ჩემსა და თქუენსა და შორის ყოვლისა სულისა ცხოელისა, ყოველსა შინა ხორცსა და არღარა იყოს მერმე წყალი რღუნისა, ვითარმცა აღხოცა ყოველი ხორცი. და იყოს მშვილდი ჩემი ღრუბელსა შინა და ვიხილვიდე მოსახსენებლად აღთქმისა საუკუნოისა შორის ჩემსა და შორის ყოვლისა სულისა ყოვლისა შინა ხორცსა, რომელ არს ქუეყანასა ზედა. და ჰრქუა უფალმან ნოეს: ესე სასწაული არს აღთქუმისა ჩემისაი, რომელი დავდევ შორის ჩემსა და შორის ყოვლისა ხორციელისა, რომელ არს ქუეყანასა ზედა.

ღმერთი აღთქმას უდებს ნოეს და მისი მეშვეობით მთელ კაცობრიობას, ისევე როგორც შემდეგ აბრაამს და კიდევ უფრო მოგვიანებით მოსეს. ცისარტყელა გვამცნობს, რომ წვიმა შეწყდა, რადგანაც იგი მხოლოდ მაშინ ჩნდება, როდესაც მზის სხივები ღრუბლებს გამოაღწევს. სავსებით შესაძლებელია, რომ წარღვნამდე ცისარტყელა არ არსებობდა, რადგანაც მაშინ მზე პირდაპირ დედამიწაზე არ ანათებდა. ღრუბლები ცის განფენილობას ფარავდა და დედამიწაზე სათბურის ეფექტს ქმნიდა. ამიტომ ცისარტყელა წარღვნისშემდგომი დედამიწის ახალი მდგომარეობის ნაწილი მაშინ გახდა, როდესაც ღრუბელის საფარველი გაქრა.

9, 18-19. ხოლო იყვნეს ძენი ნოესნი, გამოსრულნი კიდობნისაგან: სემ, ქამ და იაფეთ. ხოლო ქამ იყო მამა ქანანისი. ესე სამნი იყვნეს ძენი ნოესნი, ამათგან ითვისნეს ყოველსა ზედა ქუეყანასა.

აქ კიდევ ერთხელ მიაპყრობენ ჩვენს ყურადღებას იმ გარემოებას, რომ ნოე ახალი ადამის მსგავსია. წარღვნის შემდეგ ყველა ადამიანი მისგან წარმოიშვა.

ქამი მოხსენიებულია, როგორც მამა ქანანისი, იმიტომ, რომ, როგორც წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს, ქამმა კიდობანში ცურვის დროს ვნება ვერ დაიოკა და ბავშვი ჩასახა, მაშინ როდესაც მას თავი უნდა შეეკავებინა, როგორც მისი მამა და ძმები იქცეოდნენ. კიდობნით ცურვის დრო მარხვისა და ლოცვის დრო იყო. ქმრები ერიდებოდნენ ცოლებს, მხოლოდ არა ქამი. მარხვისა და ლოცვის წინააღმდეგ მიმართული ეს ცოდვა ქამის ხასიათს აშიშვლებს.

9, 20-21. და იწყო ნოე კაცმან საქმედ ქუეყანისა და დაასხა ვენახი და სუა ღვინისაგან და დაითრო და განშიშულდა - სახლსა შინა თვისსა.

რატომ დათვრა მართალი ნოე? შესაძლოა იმიტომ, რომ როგორც ღირსი ეფრემი ვარაუდობს, მას მრავალი წელი იყო, რაც ღვინო არ დაელია; მთელი წელიწადი ის კიდობანში იმყოფებოდა, ხოლო ღვინის დასაყენებლად საჭირო იყო ვენახის გაშენება და ყურძნის მოსავლის მიღება, რასაც რამდენიმე წელიწადი დასჭირდებოდა. ან, როგორც წმ. მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი ვარაუდობს, წარღვნამდე ღვინოს საერთოდ არ სვამდნენ. ნოე პირველი გახლდათ, ვინც ვენახის გაშენება დაიწყო, ამიტომ მისთვის უცნობი იყო ღვინის ძალა. მან ის დალია, რათა გაეგო, თუ რას წარმოადგენდა იგი და ღვინო მას დაეუფლა. თუ ეს ასეა, მაშინ ღვინის სმა ხორცის ჭამასთან ერთად წარღვნის შემდგომ დედამიწაზე ცხოვრების ახალ პირობებს წარმოადგენდა.*

* მეცნიერული თვალსაზრისით, ნოეს დათრობა წარღვნის შემდგომ დედამიწაზე ატმოსფერული წნევის შემცირებამ გამოიწვია. წარღვნამდე, მაღალი ატმოსფერული წნევის პირობებში, ღვინო არ გამოიწვევდა მათრობელ ეფექტს; ვაზი წარღვნამდეც იქნებოდა, მაშინ როდესაც მცენარეები შეიქმნა (მთარგმნელი).

9, 22-25. და იხილა ქამ, მამამან ქანანისმან, სიშიშულე მამისა თვისისა და გამოსრულმან მიუთხრა ძმათა თვისთა გარე. და მიიღეს სემ და იაფეთ სამოსელი და დაიდვეს ორთავე მხართა მათთა ზედა და ვიდოდეს ზურგუკუნქცევით და შიშლოება მამისა მათისა არა იხილეს. და განიფრხო ნოე ღვინისაგან და ცნა, რაოდენი უყო მას ძემან მისმან უჭაბუკესმან და თქუა: წყეულ ქანან და ყრმა მონა იყავნ ძმათა მისთა.

22-ე მუხლი კვლავ გვეუბნება, რომ ქამი არის მამა ქანანისი, რათა შეგვახსენოს მისი უკრძალველობის შესახებ.

რას წარმოადგენდა ქამის ცოდვა? ცოდვა ის კი არ იყო, რომ მან მამა გაშიშვლებული დაინახა, რადგანაც ისინი ამ საკითხებს ისეთ დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ, როგორც ჩვენ დღეს. მისი ცოდვა უფრო ის იყო, რომ მან მამა სამარცხვინო მდგომარეობაში იხილა მთვრალი, გაშოტილი შიშვლად - და მამამისს დასცინა; იგი ურცხვად ტკბებოდა ამ სანახაობით, ხოლო როცა გარეთ გავიდა, ჭორაობა დაიწყო მამის ცოდვის შესახებ.

ინგლისურად სიტყვა „ქამ“ — მსახიობს ნიშნავს, რომელიც როლს შესრულების გადაჭარბებული მანერით თამაშობს და ამრიგად, ხაზგასმით წარმოადგენს საკუთარ თავს. რუსულად სიტყვა „xaм“ გაცილებით უფრო უარყოფითი მნიშვნელობისაა, "xaм"–ს აბსოლუტურად ურცხვ ადამიანს უწოდებენ, რომლისთვისაც უცხოა წესიერება და ზრდილობა (ეს სიტყვა, მაგალითად, იმ უზნეო შთამომავლობისადმი გამოიყენება, რომელიც ურცხვად დასცინოდა მშობლებს საბჭოთა კავშირის დროს).

ქამის ცოდვა სრული ურცხვობის ცოდვა გახლდათ. მისმა ძმებმა კი, პირიქით, პატივისცემა გამოხატეს, მამას სამოსელი გადააფარეს და ამით დაფარეს ის ყოველივე უმსგავსოება მანამ, სანამ ამის შესახებ ხმა გავრცელდებოდა. ამრიგად ქამი, რომელიც მეორე ძე გახლდათ, ახლა უმცროსი ხდება.

მაგრამ რატომ იწყევლება ქანაანი მამამისის, ქამის მაგიერ? მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი ამას იმით ხსნის, რომ ქამმა ადრე ღვთის კურთხევა მიიღო (შდრ. შესაქმე 9,1: და აკურთხნა ღმერთმან ნოე და ძენი მისნი) და წყევლა უწევს მის შთამომავლობას, რაც არანაკლებ მტკივნეული და დამამცირებელია ქამისათვის.*

* მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი ამბობს: „თქვენ, რა თქმა უნდა, იცით, რომ წმიდა მამები ხშირად მზად არიან შვილების მაგიერ აიტანონ სასჯელი და როგორი წამებაა მათთვის, იხილონ ტანჯული შვილები. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე საკუთარი ტანჯვა“. (Беседы на книгу Бытия, 296, გვ.307).

უფრო მეტიც, ალბათ ქანაანმაც შესცოდა. ღირსი ეფრემი ვარაუდობს, რომ პირველი სწორედ ქანაანი, პატარა ბიჭუნა, შევიდა სახლში და დაინახა ნოე. გარეთ გამოსულმა ნანახი მამამისს მოუთხრო, რითაც ცოდვის მონაწილე გახდა. ახლა ვნახოთ, რა განსხვავებაა ნოეს ძეთა შორის.

9, 26-27. და თქუა: კურთხეულ არს უფალი ღმერთი სემის და იყოს ქანან მონა მისი. განავრცენ ღმერთმან იაფეთ და დაემკვიდრენ საყოფელთა შინა სემისთა და იქმენინ ქანან მონა მისა. ხოლო ცხონდა ნოე შემდგომად წყლითი რღუნისა სამას ორმეოცდაათ წელ. და იქმნნეს ყოველნი დღენი ნოესნი ცხრაას ერგასის წელ და მოკუდა.

ნოემ, ისევე როგორც ყველა პატრიარქმა, საკუთარი შვილების დალოცვისას თავისი სამი ძის შესახებ იწინასწარმეტყველა, რომელთაგან ყველა ხალხები წარმოიშვა.

სემი იკურთხება სემიტური მოდგმის, განსაკუთრებით რჩეული ხალხის, იუდეველთა წინაპრად. იაფეთი – ყველა წარმართთა წინაპარია, რომლებიც შემდეგ აღთქმას მიიღებენ, რომელიც ქრისტემ მანამდე იუდეველებს აღუთქვა „დასახლდით სოფლად სემიტელთა“, რაც იმას ნიშნავს, რომ ქრისტეს მოსვლისა და მოციქულთა ქადაგების შემდეგ, ყველაფერი, რაც გამიზნული და მომზადებული იყო იუდეველთათვის, წარმართების გახდებოდა.

ქანაანი და ქამის მოდგმა მონები გახდებოდნენ, მაგრამ ცხონება მათთვისაც იყო გათვალისწინებული.*

* ღირსი ეფრემი ამბობს, რომ ნოეს წინასწარმერტყველება ქანაანის შთამომავლობის შესახებ ისუ ნავეს დროს ახდა: „თავად ღმერთი დასახლდა სემის შთამომავლობის, აბრაამის კარავში, ხოლო ქანაანი სემისა და იაფეთის მონა გახდა, იმიტომ, რომ ისუ ნავეს დროს სემის შთამომავლობამ გაანადგურა ქანაანელთა საცხოვრებელი, მათ დაიმორჩილეს და დაიმონეს თავადნი მათნი (იხ. ისუ ნავესი 17,13 Tолкование на книгу Бытия 9, გვ. 272).

წმიდა მამები განსაკუთრებით აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყვნენ თქვენი წინაპრები, თქვენ მაინც შეიძლება ცხონდეთ. ასე, მაგალითად, შესაქმის მეთერთმეტე მუხლის მეათე თავში მოთხრობილია, რომ ქამის ერთ-ერთმა შთამომავალმა ნინევია დაარსა, რომლის მოსახლეობაც წინასწარმტყველ იოანას დროს ღმერთისთვის სათნო გახდა თავისი მონანიებით. მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი ამის შესახებ საუბრობს: „აქ შენიშნე, რომ სხვათაშორის, წინაპართა უწმინდურება ჩვენს ბუნებას სრულებითაც არ შლის“. არა აქვს მნიშვნელობა იმას, რომ რომელიმე ჩვენი წინაპარი დაიწყევლა. როგორც ცალკეულმა ადამიანმა, ისე მთელმა ხალხმა, შეიძლება მოინანიოს და მოიპოვოს მადლი ღვთისა და დალოცვილი იქნეს, განსაკუთრებით ქრისტეს მოსვლის შემდეგ. მაგრამ ქრისტეს განკაცებამდე და ქადაგებამდეც კი ნინევიელებმა, თუმცა კი ღმერთის მიერ დაწყევლილი ქანაანის შთამომავალნი იყვნენ, მაინც მიაღწიეს მონანიებას.

სახარებაში ვკითხულობთ ღმერთის მიერ დალოცვილი ქანაანელი ქალის შესახებ, რომლის ქალიშვილი მისი რწმენით განიკურნა. იესომ ჰრქუა მას: ჰოი დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაი ეგე შენი; გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს (მათ. 15, 28). იგი დაწყევლილი ქანაანის პირდაპირი შთამომავალი იყო. ეს გვაჩვენებს, რომ ცხონება ყველასთვის არის შესაძლებელი.

ნოემ, კაცობრიობის მეორე „პირველმამამ“, ადამზე ცოტა მეტ ხანს იცოცხლა.



წინა - სარჩევი - შემდეგი