6, 5-7. ხოლო იხილა რაი უფალმან ღმერთმან, ვითარმედ განმრავლდეს უსჯულოებანი კაცთანი ქუეყანასა ზედა და ყოველი, ვინ იგონებს გულსა შინა თვისსა მოსწრაფებით ბოროტთა ყოველთა დღეთა, და შეიგონა ღმერთმან, რამეთუ შექმნა კაცი ქუეყანასა ზედა და განიგონა. და თქუა ღმერთმან: აღვხოცო კაცი, რომელი შევქმენ, პირისაგან ქუეყანასა კაცთაგან მიპირუტყუთამდე და ქუეწარმავალთაგან მფრინველთამდე ცისათა, რამეთუ შევინანე, რამეთუ შევქმენ იგინი.
აქ განსაკუთრებით აღნიშნულია ყოვლისმომცველი ბოროტება, რომელმაც მოიცვა როგორც ხანდაზმული, ისე ახალგაზრდა თაობა (დღევანდელის მსგავსად).
ღმერთმა, რა თქმა უნდა, კი არ „შეიგონა“ კი არ „მოინანია“, რომ შექმნა ადამიანი (ასეა ნათქვამი ჩვენი მიწიერი აღქმის შესაბამისად), მან უბრალოდ გადაწყვიტა, დაესაჯა ადამიანები და დაეწყო მართალი ნოედან, რომელიც ახალი ადამი გახდებოდა და ხელახლა გაემრავლებინა ადამიანთა მოდგმა.
ვინაიდან ყოველი ქმნილება ადამიანისათვის შეიქმნა და მასთან ერთად უნდა განახლდეს ამ სამყაროს დასასრულს, როდესაც იქნება ახალი ზეცა და ახალი მიწა, ამიტომ, ამჟამად ნოეს დროის ყველა ქმნილება უღმერთო ადამიანებთან ერთად იღუპება.
6, 8-10. ხოლო ნოე პოვა მადლი წინაშე უფლისა ღმრთისა. ესე შობანი იყვნეს ნოესნი. ნოე კაცი მართალი, სრული იყო ნათესავსა შინა მისსა, ღმერთსა სათნო-ეყო ნოე. ხოლო შვნა ნოე სამ ძე: სემ, ქამ და იაფეთ.
წმიდა მამები აღნიშნავენ თუ რამდენად დიდი იყო ნოეს სათნოება, უღმერთო ხალხს შორის აღმოცენებული და, ამდენად, ჩვენთვისაც შესაძლებელია სათნოების შენარჩუნება, მიუხედავად იმისა, რომ უღმერთო დროს ვცხოვრობთ.
წმიდა მამები ნოეს უბიწოებაზე მიუთითებენ, ვინაიდან მას მხოლოდ სამი ძე ჰყავდა (მაშინ როდესაც ადამს და სხვა პატრიარქებს შესაძლებელია ასობით შვილი ჰყოლოდათ) და იგი კანონიერი ცოლ-ქმრული სარეცელისგანაც კი თავს იკავებდა.
6, 11-13. ხოლო ქუეყანა განიხრწნა წინაშე ღმრთისა და აღივსო ქუეყანა უსამართლოებითა. და იხილა უფალმან ღმერთმან ქუეყანა და იყო განხრწნილ, რამეთუ განხრწნა ყოველმან ხორციელმან გზა თვისი ქუეყანასა ზედა. და თქუა უფალმან ღმერთმან ნოეს მიმართ: ჟამი ყოვლისა კაცი მოიწია წინაშე ჩემსა. რამეთუ აღივსო ყოველი ქუეყანა უსამართლოებითა მათგან, და აჰა მე განვხრწნი მათ და ქუეყანასა.
აქ წმიდა იოანე ოქროპირი ჩვენს ყურადღებას იმ გარემოებაზე მიაპყრობს, თუ როგორ საუბრობს ღმერთი უშუალოდ ნოესთან, ადამიანთა მოდგმასთან დაკავშირებული თავისი გეგმების შესახებ: „მათ იმდენი ბოროტება ჩაიდინეს, რომ უღმერთოებამ უკვე მთელი დედამიწა მოიცვა. ამიტომ მოვსპობ მათაც და დედამიწასაც: და აჰა მე გავხრწნი მათ და ქუეყანასა. რადგანაც მათ თვითონ წინასწარ დაიღუპეს თავი უკანონო საქციელით. მთლიანად გავანადგურებ როგორც მათ, ისე დედამიწასაც, რათა მიწა განიწმიდოს და გათავისუფლდეს ამდენი ცოდვის სისაძაგლისაგან“.
შემდეგ ღმერთი ნოეს კიდობნის გაკეთებას უბრძანებს:
6, 14-16. იქმენ უკუე თავისა შენისა კიდობანი ძელთაგან ოთხკედლედთა. ბუდეებად ჰქმნა კიდობანი და მოჰკირო იგი შინაით და გარეთ კირითა. და ესრეთ ჰქმნა კიდობანი: სამასი წყრთა სიგრძე კიდობნისა და ერგასისი წყრთა სივრცე და ოც და ათი წყრთა სიმაღლე მისი. შეკრებულ-ჰყო კიდობანი და წყრთეულად შეასრულო იგი ზედა კერძო, ხოლო კარი კიდობნისა ჰქმნე იგურდივ ქუენად. საყოფელად ორ სართულებად და სამ სართულებად ჰყო იგი.
წყრთა – ესაა მანძილი ადამიანის ხელის იდაყვიდან თითების ბოლომდე, ე.ი. დაახლოებით 38-46 სანტიმეტრი. ამრიგად, კიდობანი, ამგვარი გაანგარიშებით, დაახლოებით ასეთი ზომების იქნებოდა: სიგრძე 114-138 მეტრი, სიგანე - 19-23 მეტრი, სიმაღლე – 11,4-13,8 მეტრი.
ეს მეტად უჩვეულო ტიპის ნაგებობა, რომელიც, როგორც ჩანს, დიდ ნავს ჰგავდა, უფრო კი უზარმაზარი, სამგემბანიანი (სამიარუსიანი) მართკუთხედის ფორმის მცურავი სახლი გახლდათ. მისი ერთადერთი დანიშნულება ნოეს, მისი შვილებისა და ცხოველების წარღვნისაგან დაცვა იყო. უნდა დაწყებულიყო წარღვნა, რომელიც ყველაფერს გაანადგურებდა და მხოლოდ ისინი გადარჩებოდნენ, ვინც კიდობანში იმყოფებოდნენ.
რა თქმა უნდა, შესაძლებელია მხოლოდ წარმოვიდგინოთ, თუ რა დრო და როგორი ძალისხმევა დასჭირდებოდა ნოეს კიდობნის ასაგებად, რომელიც ადამიანის გარყვნილ ჩამომავალთა შორის ცხოვრობდა. მაშინ მთელი ხალხი კიდობნის მშენებლობასთან მეტ-ნაკლებად ახლოს ცხოვრობდა. ასე, რომ მთელმა (იმდროინდელმა) მსოფლიომ, ალბათ, იცოდა ამ მშენებლობის შესახებ. შეიძლება წარმოვიდგინოთ კიდეც მათი რეაქცია, როდესაც ნოემ ას მეტრზე მეტი სიგრძის კიდობნის მშენებლობა დაიწყო, ისინი, ალბათ, ამბობდნენ: „ნახეთ, დიდი წყალდიდობა იქნება!“ მათ, ალბათ, მეზობლებიც მოჰყავდათ, რათა ენახათ ეს „შერეკილები“ და დაეცინათ მათთვის; ბავშვები კი უსათუოდ მოირბენდნენ და ქვებს დაუშენდნენ. მართალი ნოე და მისი ოჯახი ღვთის ნებას ასრულებდნენ, ადამიანები კი მათ დასცინოდნენ.
ამრიგად, მართალმა ნოემ ფრიად უჩვეულო ბრძანება მიიღო, რაც მის ღმერთთან საოცარ სიახლოვეზე მიუთითებს. ნოე მოგვიანებით მცხოვრებ აბრაამს მიემსგავსება, რომელიც მზად იყო საკუთარი შვილიც კი მსხვერპლად შეეწირა ღმერთისათვის, რამეთუ უწყოდა რასაც მას ღმერთი ეუბნებოდა. ასევე მართალი ნოეც უშუალოდ უფალს ესაუბრებოდა და მის ბრძანებებს ასრულებდა. თვით ასეთი უზარმაზარი ნაგებობის მშენებლობას (რისთვისაც, შესაძლოა, ადამიანებისათვის მოსანანიებლად მიცემული იმ ასოცი წლის უმეტესი ნაწილი გახდა საჭირო) კაცობრიობა უნდა გაეფრთხილებინა მოსალოდნელი უბედურების შესახებ, თუნდაც, მხოლოდ თავისი გარეგნული სახით.
6, 17-18. ხოლო მე მოვხადო რღუნა წყლისა ქუეყანასა ზედა განხრწნად ყოვლისა ხორცისა, რომლისა თანა არს სული სიცოცხლისა ცასა ქუეშე, და რაოდენიცა რაი არს ქუეყანასა ზედა, აღესრულოს. და დავამტკიცო აღთქმა ჩემი შენ თანა. ხოლო შეხვიდე კიდობნად შენ და ძენი შენნი და ცოლი შენი და ცოლნი ძეთა შენთანი შენ თანა.
ღმერთი კაცობრიობას თავისი განზრახვის შესახებ აუწყებს და ნოესთან აწესებს მცნებას. მთელი ისტორიის განმავლობაში ყოველთვის ასე იქნება: ღმერთი მცნებას თავის რჩეულთან ადგენს. იგი თავის ნებას დედამიწაზე ახორციელებს არა იმპერატიულად - დაე, იყოს ასე და არა სხვაგვარად! არამედ განუმარტავს მართალს (ნოეს), რომელმაც უნდა განახორციელოს მისი ნება. ღმერთი იმგვარად აწესებს, რომ ადამიანებმა განახორციელონ მისი ნება დედამიწაზე.
კიდობანში ნოეს შვილებიც იქნენ შეყვანილნი, – როგორც მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი ამბობს, არა იმიტომ, რომ ისინიც ისეთივე მართლები იყვნენ, როგორც ნოე (თუმცაღა, ისინი თავს არიდებდნენ იმ დროს გამეფებულ ბოროტებას), არამედ ნოეს გულისათვის, ისევე როგორც წმიდა პავლე მოციქულთან ერთად მყოფნიც გადარჩნენ გემის დაღუპვის დროს (საქმე 27, 22-24).
6, 19-22. და ყოველთაგან ქუეწარმავალთა და ყოველთაგან საცხოვართა და ყოველთაგან მხეცთა და ყოვლისაგან ხორცისა ორ-ორი ყოველთაგან შეიყვანო კიდობნად, რაითა ზრდიდე თავისა შენისა თანა. მამალი და დედალი იყვნენ. ყოველთაგან ფრთოანთა მფრინველთა ცისათა ნათესაობისაებრ და ყოველთაგან ქუეწარმავალთა, რომელნი ვლენან ქუეყანაა ზედა ნათესაობისაებრ მათისა. ორ-ორი ყოველთაგან შევიდეს შენ თანა ზრდად შენ თანა, მამალი და დედალი. ხოლო შენ მოიღო თავისა შენისად ყოველთაგან ჭამადთა. რომელთა სჭამთ, და შეჰკრიბო თავისა შენისა თანა. და იყოს შენდა და მათდა საზრდელად. და ქმნნა ნოე ყოველნი რაოდენნი ამცნნა მას უფალმან ღმერთმან, ეგრეთ ქმნნა.
ნოეს კიდობანში მცენარეული საკვები უნდა მოეგროვებინა, რომლითაც ცხოველებიც გამოიკვებებოდნენ. საკვები კიდობნის უზარმაზარ საცავებში უნდა განთავსებულიყო.
კვლავ, შეიძლება წარმოვიდგინოთ ის დაცინვა, რაც ნოეს მისმა თანამედროვეებმა დააწიეს ასეთი, მათი აზრით, უაზრო, გიჟური მზადებისათვის და ნოე მაინც უსიტყვოდ ასრულებდა ღვთის ნებას. ჭეშმარიტად მართალი ადამიანისათვის უპირველესია ღვთის აზრი, ხოლო ადამიანთა შეხედულება მისთვის უმნიშვნელოა. ეს მაგალითი დღესაც, ჩვენს უწესო დროშიც, სანიმუშოა.
7, 1-3. და თქუა უფალმან ღმერთმან ნოეს მიმართ: შევედ შენ და ყოველი სახლი შენი კიდობნად, რამეთუ შენ გიხილე მართლად წინაშე ჩემსა ნათესავსა ამას შინა. ხოლო ყოველთაგან საცხოვართა წმიდათა შეიყვანე შენ თანა: შვიდ-შვიდი, მამალი და დედალი, ხოლო პირუტყუთთაგან არაწმიდათა ორ-ორი მამალი და დედალი. და მფრინველთაგან ცისათა წმიდათა შვიდ-შვიდი მამალი და დედალი, და ყოველთაგან მფრინველთა არაწმიდათა - ორ-ორი მამალი და დედალი, დამარხვად თესლი ყოველსა ქუეყანასა ზედა.
წმიდა იოანე ოქროპირი სვამს კითხვას: როგორ გაიგო ნოემ ცხოველების წმიდად და არაწმიდად დაყოფა მანამ, სანამ მოსეს სჯულით მოხდებოდა ასეთი დაყოფა? და უპასუხებს: თავისთავად, ღმერთის დარიგებას თანახმად.
რატომ უნდა იყოს წმიდა ცხოველები შვიდ-შვიდი წყვილი და დანარჩენი – ორ-ორი? მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი უპასუხებს, რომ ეს ცხადია: როდესაც წარღვნა დასრულდება, მსხვერპლშეწირვა ისე უნდა ჩატარდეს, რომ არცერთი წყვილი არ ამოწყდეს. ნოეც ზუსტად ასე მოიქცა (შესაქმე 8, 20). მას ცხოველები წარღვნის დამთავრებისთანავე საკვებადაც ესაჭიროებოდა, როდესაც ღმერთმა ხორცის ჭამის ბრძანება გასცა.
შესაძლოა, ხორცის საკვებად გამოყენების კიდევ ერთი მიზეზი გახდა ახალი ატმოსფერული პირობები, მას შემდეგ, რაც წარღვნის დაწყებით განიხვნა სარკმელნი ზეცისანი. ამასთანავე, როგორც წმიდა მამები გვასწავლიან, ადამიანი იმ დროისათვის უფრო მიწიერი, უფრო სულმდაბალი გახდა.
7, 4-9. რამეთუ მერმეღა შვიდნი დღენი და მოვხადო მე წვიმა ქუეყანასა ზედა ორმეოცთა დღეთა და ორმეოცთა ღამეთა და აღვხოცო ყოველი აღმდგომი, რომელი შევქმენ პირისაგან ყოვლისა ქუეყანისა. და ქმნნა ნოე ყოველნი, რაოდენნი ამცნნა უფალმან ღმერთმან.
ხოლო ნოე იყო ექუსასთა წელთა და წყალი რღუნისაი იქმნა ქუეყანასა ზედა. და შევიდა ნოე და ძენი მისნი მის თანა და ცოლი მისი და ცოლნი ძეთა მისთანი კიდობნად წყლისათვის რღუნისა. და ყოველთაგან მფრინველთა წმიდათა და ყოველთაგან მფრინველთა არაწმიდათა და ყოველთაგან საცხოვართა წმიდათა და ყოველთაგან საცხოვართა არაწმიდათა და ყოველთაგან ქუეწარმავალთა ქუეყანისზედათა ორ-ორი ყოველთაგან შევიდეს ნოეს თანა კიდობნად, მამალი და დედალი, ვითარცა ამცნო მას უფალმან ღმერთმან.
მოთხრობაში ნოესა და კიდობნის შესახებ თანამედროვე რაციონალისტი კრიტიკოსები უზარმაზარ პრობლემებს აწყდებიან. მართლაც, შესაძლებელი იყო კი ისეთი ზომების ხომალდის აგება, რომ იქ ყველა სახეობის ქმნილებათა წყვილი დატეულიყო (გარდა, რა თქმა უნდა, თევზების, მწერებისა და სხვა ქმნილებებისა, რომლებიც წარღვნის დროს თავისით მოახერხებდნენ გადარჩენას)? ან როგორ მოგროვდებოდნენ ისინი ერთად მთელი დედამიწიდან? (იხ. Noah's Ark: A Feasibility Study by John Woodmorappe, 1966.) თანამედროვე გაანგარიშებით ნაჩვენებია, რომ კიდობნის ზომებისა და მოცულობის მქონე ხომალდი, რომელსაც რამდენიმე გემბანი ექნებოდა, როგორც ტექსტშიც ჩანს, ამჟამად არსებულ ცხოველთა თითო წყვილს თავისუფლად დაიტევდა და დიდი ადგილიც დარჩებოდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კიდობნის ზომებია: სიგრძე 100 მეტრზე მეტი, სიგანე – 20 მეტრამდე, სიმაღლე 10 მეტრზე მეტი.
ზოგი რაციონალისტი ეჭვობს, თუ როგორ მოხვდებოდნენ ცხოველები კიდობანში ყველა კონტინენტიდან, მაგალითად, ამერიკიდან. მაგრამ თუ წარღვნა მართლაც მსოფლიო კატასტროფა იყო, როგორც ეს შესაქმის წიგნშია აღწერილი, მაშინ ჩვენ ვერ ვიტყვით, თუ როგორი იყო დედამიწა წარღვნამდე:
ჩვენთვის ცნობილი კონტინენტები თვით წარღვნისა და იმ გეოლოგიური პროცესების შედეგად ჩამოყალიბდა, რომლებმაც მაშინ დაიწყეს მოქმედება. უფრო სავარაუდოა, რომ მაშინ ერთი კონტინენტი იყო; ჩვენ ეს არ ვიცით.*
* თანამედროვე თვალსაზრისით, დედამიწა ტექტონიკურ ფილებზე განლაგებული ერთი მთლიანი კონტინენტია, რომელიც შემდეგ საყოველთაო კატასტროშის გამო დაიშალა და სხვადასხვა ტექტონიკური ფილები ერთმანეთს დაშორდა. ეს კარგად ჩანს სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის კონტინენტების ურთიერთშედარებით (მთარგმნელი).
როგორ შეგროვდნენ ცხოველები? რა თქმა უნდა, ისინი ღმერთმა გამოაგზავნა. შესაქმეში არ არის მოთხრობილი, რომ ნოე მათ იჭერდა და ძალით ათავსებდა კიდობანში; ისინი უბრალოდ შევიდეს კიდობნად. წმიდა მამები აქ სავსებით ბუნებრივ და რეალისტურ სურათს ხედავენ. ღირსი ეფრემი წერს:
„სწორედ ამ დღეს იწყეს მოსვლა სპილოებმა აღმოსავლეთიდან, მაიმუნებმა და ფარშევანგებმა სამხრეთიდან, სხვა ცხოველებმა კი დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. ლომები თავის მუხნარს ტოვებდნენ, მძვინვარე მხეცები ბუნაგებიდან გამოდიოდნენ, ირმები და კანჯარნი – სავანეებიდან, მთაზე მცხოვრები ცხოველები მთებიდან ეშვებოდნენ. ნოეს თანამედროვენი ასეთი სანახაობისაკენ მოედინებოდნენ, მაგრამ არა მოსანანიებლად, არამედ დასატკბობად, როცა ხედავდნენ თუ როგორ შედიოდნენ ლომები მათ თვალწინ კიდობანში, და მათ უკან უშიშრად მიჰყვებოდნენ სახედრები თავშესაფაარის მოსაძებნად, ერთად შედიოდნენ: მგლები და ცხვრები, ქორები და ბეღურები, არწივები და მტრედები“.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არაჩვეულებრივი სანახაობა უნდა ყოფილიყო. ამის მხილველი ადამიანები განცვიფრებულნი იყვნენ, თუ რა ხდებოდა? მაგრამ მათ ფიქრადაც არ მოსდიოდათ, რომ რაღაც ზებუნებრივი ხდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მათ მონანიებისაკენ უბიძგებდა.
სწავლული რაციონალისტები, რა თქმა უნდა, მთელ ამ მოთხრობას მრავალი სასწაულის გამო უარყოფენ; მაგრამ, რატომ არ შეიძლება აქაც ისევე იყოს სასწაულები, როგორც არის ღმერთის მართლებთან ურთიერთობაში? ნოე მეორე ადამის მსგავსია, რომლის სიახლოვეს ნადირნი სიმშვიდესა და მორჩილებას იძენენ.
ცხოველები სწორედ ამ მიზეზით არ ერჩოდნენ ერთიმეორეს. როგორც ადამი იყო მართალი და ამიტომ ცხოველები მის გარშემო მშვიდობიანად იქცეოდნენ, ასევე იყო ნოეც. მართლმადიდებლობაში არის ღვთივსათნო ღირსი მამის ცნება: ესაა წმიდანი, რომელიც პირველქმნილ ადამს ემსგავსება. ასეთ მართალთა სიახლოვეს ის ცხოველები, რომლებიც ჩვეულებრივ ერთმანეთს მტრობენ, მშვიდად არიან, ეს კარგად ჩანს მრავალრიცხოვან წმიდანთა ცხოვრებაში, სულ ახლანდელ დროშიც კი. ღირსი სერაფიმე საროველი და ღირსი პავლე ობნორსკი რუსეთში, ღირსი გერმანე ალიასკელი - ამერიკაში ამის მხოლოდ მცირეოდენი მაგალითებია. (იხ. Animals and Man: A State of Blessedness by r. Joanne Stefanatos 1992.)
წმიდა მამები ამტკიცებენ, რომ ნოეს დროს სწორედ ასე ხდებოდა. ლომი არ ჭამდა ბატკანს, რადგანაც ნოე მართალი იყო. ბუნების კანონები მართალთა სიახლოვეს იცვლება.
რაციონალისტები ძლიერ ეწინააღმდეგებიან მსოფლიო - წარღვნას. მრავალნი ამბობენ: „წერილობითი ცნობები არსებობს ბაბილონის წყალდიდობის შესახებ დაახლოებით 3000 წლის წინათ ქრისტეს შობამდე. ეს ბაბილონის რაიონში ადგილობრივი მნიშვნელობის წყალდიდობა იყო. შეუძლებელია იგი მთელ დედამიწაზე ყოფილიყო. (ეს ეხება, როგორც „ქრისტიან ევოლუციონისტებს“, ისე „ხანდაზმული დედამიწისა და პროგრესის“ მომხრეებს.)
მაგრამ, რატომ იყო შეუძლებელი? ღმერთმა შექმნა მთელი დედამიწა და მასვე შეუძლია, მთლიანად გაანადგუროს იგი. რატომ არ შეიძლებოდა, მთელ დედამიწაზე ყოფილიყო წარღვნა? წმიდა წერილის მიხედვით, სავსებით ნათელია, რომ სწორედ ასე იყო: გამოეცნეს წყარონი უფსკრულისანი და საქანელნი ცისანი განეხუნეს (ჩვენ განვიხილავთ ცის განფენილობის რღვევასა და მის ზემოთ არსებული წყლის ჩამოქცევას) – ეს არის წარმოუდგენელი მასშტაბის კოსმოსური კატასტროფა. ამავე დროს, უეჭველია, რომ დაიწყო ვულკანური პროცესები, მიწისქვეშა წყლები ზედაპირზე ამოდიოდა, გეოლოგიური ხასიათის სხვადასხვანაირი უჩვეულო მოვლენები ხდებოდა, რაც ამჟამინდელი მაღალი მთების წარმოქმნის მიზეზებს ხსნის. აუცილებელი არ იყო, რომ ევერესტი, რომლის სიმაღლე დაახლოებით ცხრა ათასი მეტრია, წარღვნის დროს წყლით დაფარულიყო. ის შესაძლოა, წარღვნის შემდეგ ამოზრდილიყო, მანამდე კი საკმაოდ დაბალი, ცხრა ათასზე გაცილებით ნაკლები, რამდენიმე ათასი მეტრის სიმაღლის მთები შეიძლება არსებულიყო.
წმიდა წერილში საუბარია წარღვნის წყლებზე, რომლებმაც ყველაზე მაღალი მთები ექვს მეტრზე მეტი სიმაღლით გადაფარეს. ეს რომ ადგილობრივი მნიშვნელობის წარღვნა ყოფილიყო, მაშინ როგორ ამაღლდებოდა წყალი ბაბილონის ახლომახლო ისე მაღლა, რომ არ დაეფარა ამ დროს მთელი დედამიწა? და თუ ეს მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობის წარღვნა იყო, მაშინ რატომ არ უბრძანა ღმერთმა ნოეს, დროზე დაეტოვებინა ეს ადგილი? ან რატომ უბრძანა მას კიდობნის აგება? ნოეს შეეძლო დაეტოვებინა ეს ადგილი, რომელიც დასაღუპად იყო განწირული, როგორც ლოთმა დატოვა სოდომი.
უფრო მეტიც, წარღვნის დასრულების შემდეგ, ღმერთი აღთქმას დებს, რომ ასეთ მსოფლიო კატასტროფას მეტად აღარ დაუშვებს (შესაქმე 9, 11). რა თქმა უნდა, შემდეგ ბევრჯერ მომხდარა გამანადგურებელი წყალდიდობა, მაგრამ საყოველთაო წარღვნა აღარასდროს ყოფილა.*
* ისტორიკოსების: რ. ანდრეს, ჰ. იუზნერის და ჯგ. ფრეიზერის მიერ მოპოვებული ფაქტობრივი მონაცემებით ჩანს, რომ ინფორმაცია დიდი წარღვნის შესახებ არის მთელი მსოფლიოს ყველა კონტინენტის უძველეს კულტურაში. ამ ისტორიებში წარღვნა უმეტესად დაცემული ადამიანის ცოდვის გამო იწყება, ძველი მსოფლიო წყალში იძირება, რჩებიან მხოლოდ ცხოველები და რამდენიმე ადამიანი. ამის შემდეგ იწყება ახალი მსოფლიო (შდრ. Micea Eliade, A History of Religious Ideas, vol.1, გვ. 63-64). წარღვნის შესახებ განსაკუთრებით საინტერესოა ავსტრალიელი აბორიგენების ისტორია, რომელიც სავსეა შესაქმის პარალელური საოცრად მსგავსი ტექსტებით (იხ. Howard Coates, „Australian Aboriginal Flood Stories da" "Aboriginal Flood Legend“, Creation Ex Nihilo, vol.4, nos. 1 and 3). როგორც ჯონ მაკეი წერს წიგნში „შექმნა არაფრისგან“, თითქმის მთელ მსოფლიოში გავრცელებული პარალელური ისტორიები წარღვნის შესახებ „წარმოადგენს განსაცვიფრებელ, დაწვრილებით მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ აბორიგენების საერთო წინაპრები ებრაელები იყვნენ, ხოლო ადამიანთა ყველა თანამედროვე რასისა – ნოე“.
რომაულ-კათოლიკურ წიგნებში ზოგიერთი თანამედროვე მეცნიერი აცხადებს: „ადამიანები სამყაროს სხვადასხვა მხარეს უნდა დარჩენილიყვნენ. ნოე მხოლოდ და მხოლოდ იმდროინდელი კაცობრიობის სიმბოლოა. მაგრამ თუ წარღვნა საყოველთაო არ იყო ან, უკიდურეს შემთხვევაში, ნოესა და მისი ოჯახის გარდა სხვა ადამიანებიც იყვნენ, რომლებიც წარღვნას გადაურჩნენ, მაშინ წარღვნის შესახებ ბიბლიურ თხრობას აზრი არა აქვს. ყოველივე მომხდარის მთელი აზრი ადამიანთა მოდგმის სრულებით ახალ დასაწყისში მდგომარეობს.*
* პეტრე მოციქული ნათლად ადასტურებს, რომ წარღვნა საყოველთაო იყო. იგი წერს: რომლისაგან მაშინდელი იგი სოფელი წყლითა წარირღუნა და წარწყმდა (2 პეტრე 3, 6). აქ, ისევე როგორც ახალი აღთქმის სხვა ადგილებში, სიტყვა — წარღვნის გადმოსაცემად. გამოყენებულია უნიკალური ტერმინი – Kataklusmos (კატაკლიზმი) (მათე 24, 39; ლუკ. 17, 27; 2 პეტრ. 2,5) და არა ჩვეულებრივი ბერძნული სიტყვა, რომელიც „წარღვნას“ გამოხატავს. კატაკლიზმი – ქართულად, წყლით რღუნაი.
დაახლოებით ხუთი ათასი წლის წინანდელი საყოველთაო წარღვნა, უკანასკნელ წლებში, სამყაროს შექმნის მომხრე მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა გეოლოგიურმა კვლევებმაც დაადასტურეს (იხ. John C.Whitcomb and Henry M. Morris, The Genesis Flood).
7, 10. და იყო შემდგომად შვიდთა დღეთასა და წყალი რღუნისა იქმნა ქუეყანასა ზედა.
შვიდი დღის განმავლობაში ყველანი კიდობანში შედიოდნენ და მათთვის განკუთვნილ ადგილს იკავებდნენ. ისინი ერთად ყოფნის პირობებს ეგუებოდნენ და სხვადასხვა პრაქტიკულ ამოცანებს წყვეტდნენ.
წმიდა იოანე ოქროპირი ამ პროცესს აღწერს, როგორც სამწუხარო და მძიმე გამოცდას. გარშემო ცხოველთა სიმყრალე იდგა, ფანჯრები კი არ იყო, რომ ადამიანებს გარეთ მაინც გამოეხედათ. ნოეს ყველა ცხოველი მათთვის განკუთვნილი საკვებით უნდა გამოეკვება წარღვნის მთელი დროის განმავლობაში. უეჭველია, რომ ეს მარხვის, ლოცვისა და შრომის დრო გახლდათ. ისინი, ალბათ, მაძღრად არც იკვებებოდნენ.
შემდეგ იწყება წარღვნის აღწერა:
7, 11-17. მეექუსასესა წელსა ცხორებისა ნოესსა, მეორესა თუესა, ოცდამეშვიდესა თვისასა, ამას დღესა შინა გამოეცნეს წყარონი უფსკრულისანი და საქანელნი ცისანი განეხუნეს. და იქმნა წვიმა ქუეყანასა ზედა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე. ამას დღესა შინა შევიდა ნოე, სემ, ქამ და იაფეთ, ძენი ნოესნი, და ცოლი ნოესი და სამნი ცოლნი ძეთა მისთანი მის თანა კიდობნად. და ყოველნი მხეცნი ქუეყანისანი ნათესაობით და ყოველი ქუეწარმავალი ნათესაობით და ყოველნი საცხოვარნი ნათესაობით და ყოველი მფრინველი ნათესაობით მისით, ყოველი მფრინვალე, ყოველი ფრთოსანი. და შევიდა ნოეს თანა კიდობნად ორ-ორი ყოვლისაგან ხორცისა, რომლისა თანა არს სული სიცოცხლისა. და შემავალი, მამალი და დედალი, ყოვლისაგან ხორცისა შევიდა, ვითარცა ამცნო ღმერთმან ნოეს. და დახშა უფალმან ღმერთმან გარეგნით მისა კიდობანი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არ იყო უბრალოდ წვიმა, თავსხმა მოდიოდა ცის განფენილობიდან ქვემოთ, მიწის წიაღიდან ყოველივე ზემოთ ამოდიოდა და შესაქმის პირველ დღეს, ქაოსს, ამკვიდრებდა.
7, 17-24. და დახშა უფალმან ღმერთმან გარეგნით მის კიდობანი. და იქმნა რღუნა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე ქუეყანასა ზედა და განმრავლდა წყალი და აღიღო წყალმან კიდობანი და ამაღლდა ზედა ქუეყანასა. და ზე მოაქუნდა კიდობანი ზედა კერძო წყლისა. ხოლო წყალი განძლიერდა ფრიად, ფრიად ქუეყანასა ზედა და დაფარნა ყოველნი მთანი მაღალნი, რომელნი იყვნეს ქუეშე ცისა. ათხუთმეტ წყრთა ზედა კერძო ამაღლდა წყალი და დაფარნა ყოველნი მთანი. (ანუ თხუთმეტი წყრთა მთათა მწვერვალებს ზემოთ.) და მოკუდა ყოველი ხორცი, მოძრავი ქუეყანასა ზედა, და ყოველი კაცი. და ყოველი, რაოდენსა აქუნდა სული სიცოცხლისა, და ყოველი, რაოდენი იყო ხმელსა ზედა, მოკუდა. და აღხოცა ყოველი აღმდგომი, რომელი იყო პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა. დაშთა მხოლოდ ნოე და მისთანანი კიდობანსა შინა. და ამაღლდა წყალი ქუეყანასა ზედა ას არგასის დღე.*
* მართლმადიდებელი კალენდრით, წელიწადი 1 სექტემბერს იწყება. ჩვენ ამ თარიღს განვსაზღვრავთ, როგორც 27 ოქტომბერს.
წარღვნის დაწყების დროს ნოე ექვსასი წლის იყო. ამრიგად, ღმერთმა კაცობრიობას მოსანანიებლად მხოლოდ ასი წელი და შვიდი დღე მისცა და არა ასოცი წელი, როგორც მან ადრე დაადგინა. ასე იმიტომ მოხდა, რომ როგორც წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს, ადამიანები მეტი დროის ღირსნი არ იყვნენ. ისინი მაშინაც კი არ მოეგნენ გონს, როდესაც კიდობანი და მისი ცხოველები იხილეს, რომლებიც სასწაულებრივად მიეშურებოდნენ კიდობნისაკენ. მაშინ უკვე სავსებით ცხადი გახდა, რომ ადამიანები მონანიებას არ აპირებდნენ.
წარღვნის წყლებმა ყველაზე მაღალი მთებიც კი თხუთმეტი წყრთით (დაახლოებით შვიდი მეტრით) გადაფარეს. წმიდა იოანე ოქროპირი ამის შესახებ წერს: „თხუთმეტი წყრთით ამაღლდა წყალი და ყველა მთა გადაფარა. წმიდა წერილი უმიზეზოდ კი არ გვიყვება ამის შესახებ, არამედ იმისათვის, რათა ვიცოდეთ, რომ არა მხოლოდ ადამიანები, საქონელი, ოთხფეხა ცხოვლები და ქვეწარმავლები დაიხრჩვნენ, არამედ ცის ფრინველნიცა და ყოველივე ნადირნი, პირუტყვნი ცხოველნი, რომელნიც მთებში ბინადრობდნენ“.
შემდეგ იგი აგრძელებს:
„შეხედე, წმიდა წერილი ერთხელ, მეორედ და მრავალჯერ გვატყობინებს, რომ საყოველთაო წარწყმედა მოხდა და არცერთი არსება არ გადარჩა, ყველანი წყალში დაიხრჩვნენ - ადამიანებიცა და ცხოველებიც.
თუკი ადამიანები იმ დროს ასე უკეთურნი იყვნენ, მაშინ ისინი წარღვნის დროს სულიერადაც დაიღუპნენ? ცოდვებისათვის ყველა მათგანი დაისაჯა სამუდამო ტანჯვით თუ არა?
წმიდა წერილში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ ვინ ცხოვრობდა ნოეს დროს. პეტრე მოციქული პირველ კათოლიკე ეპისტოლეში (3, 18-20), აღწერს, თუ როგორ ჩავიდა ქრისტე ჯოჯოხეთში და ვინ იხილა იქ.
რამეთუ ქრისტემანცა ერთ გზის ცოდვათა ჩუენთვის ივნო, მართალმან მან ცრუთათვის, რაითა ჩუენ წარგუადგინნეს ღმრთისა. მოკუდა ხორცითა და ცხოველ იქმნა სულითა, რომლითაცა საპყრობილესა მას სულითა მივიდა და ქადაგა. რომელნი იგი ურჩ ოდესმე იყვნეს, რაჟამს ერთ გზის თავს ედვა სულგრძელებასა მას ღმრთისასა დღეთა მათ ნოვესთა, შემზადებასა მას კიდობნისასა, რომლისა შინა მცირედნი, ესე იგი არს რვანი სულნი განერნეს წყლისაგან.
წმიდა პეტრე მოციქული განმარტავს: „განერნეს წყლისაგან“ წმიდა ნათლობას გამოხატავს; კიდობანი ეკლესიას, ცოდვილი სოფლისაგან ხსნას.
წმიდა პეტრე მოციქულის ეს სიტყვები ცხადად გვეუბნება, რომ ქრისტე მათთვის საქადაგებლად მოვიდა, ვინც ნოეს დროს დაიღუპა. ამიტომ მათ, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ყველა მკვდარი იყო, შეეძლოთ მოენანიებინათ. სიკვდილის შემდეგ მათ გარკვეული გამამართლებელი მიზეზი ჰქონდათ, რომ ნოე ქრისტე ან თვით ღმერთი არ იყო და ამდენად შეეძლოთ, ქრისტე მიეღოთ. თუმცაღა, ეს თითოეული ცალკეული სულის გადაწყვეტილება გახლდათ. უეჭველია, რომ ზოგიერთმა მათგანმა, ვინც წარღვნის წყლებში დაიღუპა, მიიღო ქრისტე - ჯოჯოხეთში მქადაგებელი, ხოლო ზოგიერთმა კი – არა. როდესაც გული ქვავდება, ქრისტეს არ იღებენ, მაშინაც კი როცა იციან, რომ საჭიროა მოანანიება და ეს მათი უკანასკნელი შანსია. მაგრამ ამპარტავნება ხელს უშლით.
8, 1-3. და მოეხსენა ღმერთსა ნოესი და ყოველთ მხეცთა და ყოველთა საცხოვართა და ყოველთა მფრინველთა და ყოველთა ქუეწარმავალთა, რაოდენნი იყვნეს მის თანა კიდობანსა შინა, და მოაწია ღმერთმან სული ქუეყანასა ზედა და მოაკლდა წყალი. და დასწყდეს წყარონი უფსკრულისანი და საქანელნი ცისანი მავალი ქუეყანისაგან და შედგებოდა და შემცირდებოდა წყალი შემდგომად ას ერგასისთა დღეთასა.
და მოეხსენა ღმერთსა ნოესი. – ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ღმერთმა დაივიწყა ნოე, არამედ იმას, რომ ღმერთმა იზრუნა მასზე, რათა გადაერჩინა იგი. ასეთი გამონათქვამები ანტროპომორფულია, რათა მათი გაგება შევძლოთ.
წარღვნის წყლები ასორმოცდაათი დღის განმავლობაში, თითქმის ნახევარი წელიწადი იმატებდა! მთელი ამ ხნის განმავლობაში ნოე კიდობანში მზისა და სუფთა ჰაერის გარეშე იყო. ზეცა წყვდიადმა დაფარა. შემდეგ კიდევ ასორმოცდაათი დღის განმავლობაში იკლებდა წყალი. მთლიანობაში დედამიწა თითქმის მთელი წელიწადი იყო წყლით დაფარული. ამ დროისათვის გამოჩნდა ხმელეთი, უზარმაზარი მიწისქვეშა რეზერვუარები წყლით შეივსო და ის ლანდშაფტი ჩამოყალიბდა, რომელსაც დღეს ვხედავთ.
8, 4. და დაჯდა კიდობანი მეშვიდესა თუესა, ოცდამეშვიდესა თთვისასა მთათა ზედა არარატისათა.
ბოლოს და ბოლოს, კიდობანი შეჩერდა მთათა ზედა არარატისათა ე.ი. არარატის მთის მიდამოებში. იქ მთელი მთაგრეხილია, მაგრამ არის არარატის ორი მთავარი მწვერვალი. კიდობანი აქ მეშვიდე თვის მეჩვიდმეტე (27-ე) დღეს გაჩერდა, წვიმის დაწყებიდან ზუსტად ხუთი თვის შემდეგ.
8, 5 ხოლო წყალი, მავალი, შემცირდებოდა ვიდრე მეათედ თთუედმდე. და მეათერთმეტესა თუესა, პირველსა თვისასა გამოჩნდეს თავნი მთათანი.
ამ სიტყვების მიხედვით, კიდობანი მთის მწვერვალზე შეჩერდა. შემდეგ სხვა მწვერვალებიც გამოჩნდა.
8, 6-7. ხოლო იყო, შემდგომად ორმეოცთა დღეთასა განაღო ნოე კარი კიდობნისა, რომელი ქმნა და განავლინა ყორანი ხილვად, უკეთუ მოაკლდა წყალი. და განსრული არღარა კუალად იქცა ვიდრე განხმობამდე წყლისა ქუეყანისაგან.
წყალმა როდესაც მოიკლო და ხმელეთი გამოჩნდა, ყორანი აღარ დაბრუნებულა, იმიტომ რომ, როგორც წმიდა იოანე ოქროპირი წერს, „ამ უწმინდურმა ფრინველმა... ადამიანთა და ცხოველთა გვამნი დაინახა და მათში თავისი შესაფერი საკვები იპოვა“ (Беседы на книгу Бытия 26:4).
8, 8-14. და განავლინა ტრედი უკანა მისა, უკეთუ მოაკლდა წყალი პირისაგან ქუეყანისა. და ვერმპოვნელი განსუენებასა ტრედი ფერხთა მისთასა მიიქცა მისა მიმართ კიდობნად, რამეთუ წყალი იყო ყოველსა ზედა პირსა ქუეყანისასა. და განყო ხელი მისი, მიიქუა იგი და შეიყვანა თავისა თვისისა თანა კიდობნად. მერმე, შემდგომად შვიდთა დღეთასა კუალად განავლინა ტრედი კიდობნისაგან. და მოაქცია მისა მიმართ ტრედმან მიმწუხრი და აქუნდა ზეთისხილისა ფურცელი რტოთა პირსა შინა მისსა. და ცნა ნოე, რამეთუ მოაკლდა წყალი პირისაგან ქუეყანისა. და მერმე დაითმინა შვიდ დღე და კუალად განავლინა ტრედი და არღარა შესძინა მოქცევად მისა მომართ მერმე. და იყო ექუსას და ერთსა წელსა ცხორებასა ნოესსა, პირველსა თთუესა, ერთსა თვისასა, მოაკლდა წყალი ქუეყანისაგან და აღსძარცუა ნოე სართული კიდობნისა, რომელი ქმნა, და იხილა, რამეთუ მოაკლდა წყალი პირისაგან ქუეყანისა. ხოლო მეორესა თუესა, ოც და შვიდსა თვისასა განხმა ქუეყანა.
ამრიგად, ნოე კიდობანში თითქმის მთელი წელიწადი იმყოფებოდა.
ნოე ფრინველებს ადგილმდებარეობის დასაზვერად უშვებდა. თავიდან მან ჯერ ყორანი გამოუშვა, რომელიც აღარ დაბრუნებულა, რაკი ადამიანთა და ცხოველთა გვამები იპოვა საკვებად. გარეთ გამოსვლა ჯერ კიდევ სახიფათო იყო: მწვერვალებიც კი გვამთა ხრწნადობით იყო მოწამლული. შემდეგ ნოემ მტრედი გამოუშვა. პირველად მან საკვებად ვერც ხეები იპოვა და ვერც სხვა რამ მცენარეულობა. მთები ჯერ კიდევ ტალახითა და შლამით იყო დაფარული. მეორედ დაბრუნებულმა მტრედმა რტო მოიტანა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ხეები უკვე წყლისაგან გათავისუფლებულიყვნენ და ზრდა დაეწყოთ, მაგრამ არსებული პირობები სიცოცხლისათვის ჯერ კიდევ სახარბიელო არ იყო. მესამეჯერ კი მტრედი აღარ დაბრუნებულა, რადგანაც კიდობნის გარეთ, დედამიწაზე არსებული პირობები უკვე იძლეოდა ცხოვრების შესაძლებლობას. ასე გაიგო ნოემ, რომ კიდობნიდან გამოსვლის დრო დამდგარიყო.
8, 15-19. და რჰქუა უფალმან ღმერთმან ნოეს: გამოვედ კიდობნისაგან შენ და ცოლი შენი და ძენი შენნი და ცოლნი ძეთა შენთანი და ყოველნი მხეცნი, რაოდენნი არიან შენ თანა, და ყოველი ქუეწარმავალი, მოძრავი ქუეყანასა ზედა, გამოიყვანე თავისა შენისა თანა და აღორძინდით ქუეყანასა ზედა. და გამოვიდა ნოე და ცოლი მისი, ძენი მისნი და ცოლნი ძეთა მისთანი. და ყოველნი მხეცნი
და ყოველნი საცხოვარნი და ყოველნი მფრინველი და ყოველი ქუეწარმავალი, მოძრავი ქუეყანასა ზედა, ნათესაობისაებრ მათისა გამოვიდეს კიდობნისაგან.
აქ ნოეში ადამის ხატებას ვხედავთ. იგი ერთადერთია, ვინც თავის ოჯახთან ერთად ცოცხალი დარჩა და რომელმაც ადამიანთა მოდგმას კვლავ დასაბამი უნდა დაუდოს. მან იგივე ბრძანება მიიღო, რაც ადამმა - "აღორძინდით და განმრავლდით". იგი წარღვნის შემდგომ მცხოვრებთა პირველი მამა ხდება.
შევნიშნოთ, თუ როგორ ელოდა ნოე ღმერთის ბრძანებას მაშინაც კი, როდესაც მან უკვე დანამდვილებით იცოდა, რომ კიდობნიდან გამოსვლა უსაფრთხო იყო, რადგანაც მტრედი აღარ დაბრუნებულა. იგი მაინც ღმერთის ბრძანებას ელოდა. ნოე ყოველთვის მოთმინებას იჩენს ღმერთის მოლოდინში.
8, 20-22. და აღუშენა ნოე საკურთხეველი ღმერთსა და მოიღო ყოველთაგან საცხოვართა წმიდათა და ყოველთაგან მფრინველთა წმიდათა და შეწირნა იგინი ყოვლად ნაყოფებად საკურთხეველსა ზედა. და იყნოსა უფალმან ღმერთან სული სულნელებისა და თქუა უფალმან ღმერთმან: შევინანე, არღა შევსძინო მერმე წყევად ქუეყანასა საქმეთათვის კაცთასა, რამეთუ შეყოფილ არს მომგონებელობაი კაცისაი მოსწრაფებით ბოროტთა და სიჭაბუკითგან მისით. არცაღა შევსძინო უკუე მოსპოლვად მერმე ყოვლისა ხორცისა ცხოველისა ვითარცა ვყავ. და ყოველთა დღეთა ქუეყანისათა თესვად და მკად სიგრილე და სიცხე, ზაფხული და არე, და დღე და ღამე არა მოაკლდენ.
ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, რომ პირველყოვლისა ნოე მსხვერპლს სწირავს ღმერთს, ვინაიდან იგიც ისევე, როგორც აბელი, გულში ფიქრობს, რომ გადარჩენის შემდეგ მადლობის გამოხატვაა საჭირო. ამისათვის მას წმიდა ცხოველები მოჰყავს როგორც ფრინველები, ისე პირუტყვი (როგორიცაა მტრედები და ბატკნები).
აქ ისიც ჩანს, თუ როგორ ვლინდება ღვთაებრივი გულმოწყალება. ღმერთი ხედავს, რომ ადამიანები კვლავ ბოროტნი არიან, ამიტომ მათ ხორცის ჭამის ნებას აძლევს, წარღვნისშემდგომი ადამიანის უფრო მიწიერი მდგომარეობის შესაბამისად. მაინც, ღმერთი გვპირდება, რომ აღარასოდეს დაწყევლის დედამიწას (როგორც ეს მან ადამის გამო გააკეთა) და აღარ გაანადგურებს კაცობრიობას. ცოდვილ დედამიწაზე
ცხოვრება ჩვეულებრივ დასასრულამდე გაგრძელდება.
წარღვნის დროს ყოველივე დაიღუპა, მაგრამ ქვეყნიერების დასასრულისათვის დედამიწა განახლდება. ადამიანები, რომლებიც მაშინ იცხოვრებენ, ფაქტობრივად არც კი მოკვდებიან. ამიტომ ის, რასაც ჩვენ „სამყაროს დასასრულს“ ვუწოდებთ, ამ სოფლის ნგრევა კი არა, არამედ მთელი მსოფლიოს გარდაქმნა იქნება.
წინა - სარჩევი - შემდეგი