6, 13. და იყო, რაჟამს იწყეს განმრავლებად კაცთა ქუეყანასა ზედა და ასულნი იყვნეს მათდა. ხოლო იხილნეს რა ძეთა ღმრთისათა ასულნი კაცთანი, რამეთუ შუენიერ არიან, მიიყვანნეს თავთა თვისთა ცოლებად ყოველთაგან, რომელნი გამოირჩინეს. და თქუა უფალმან ღმერთმან: არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის უკუნისამდე ყოფისათვის მათისა ხორც. ხოლო იყვნენ დღენი მათნი ასოც წელ.
წმიდა მამათა გაგებით, ძენი ღვთისანი – სეითის შთამომავლები რჩეულნი იყვნენ, რომლებსაც სათნოებით უნდა ეცხოვრათ. ისინი სამოთხის შორიახლოს, მაღლობებზე ცხოვრობდნენ. მათ ძენი ღვთისანი ეწოდათ, რადგანაც ქრისტე მათი მეშვეობით უნდა მოსულიყო.
კაენის შთამომავალნი - ასულნი კაცთანი - განკიცხული, განდევნილი ადამიანები იყვნენ. ღვთის ძეთ სიწმიდე უნდა შეენარჩუნებინათ და არ უნდა ექორწინათ კაენის შთამომავლობასთან (მოგვიანებით, იგივე ბრძანება ეცნობა იუდეველებს, რომლებიც არავის არ უნდა შერეოდნენ). ძენი ღვთისანი განცალკევებით უნდა ყოფილიყვნენ და სიწმიდე შეენახათ, რათა მაცხოვრის ღირსეული წინამორბედნი გამხდარიყვნენ.
ღირსი ეფრემი ამტკიცებს, რომ კაენის შთამომავლობაში შობილი ასულთა სიმრავლე მოდგმის გადაშენებაზე მიუთითებს და მათი სურვილი, დაქორწინებულიყვნენ სეითის ვაჟიშვილებზე, მოდგმის შენარჩუნების მისწრაფებით აიხსნება. ღვთის ძეთ, რომლებიც ხორციელი ვნებით აღივსნენ, დაარღვიეს უფლის ბრძანება, არ შერეოდნენ კაენის მოდგმას. ისინი ამ ხაფანგში გაებნენ და მთელი კაცობრიობა გახდა უღმერთო – ადამიანები ხდებოდნენ „ხორციელნი“, ანუ შეპყრობილნი ხორციელი სურვილებით.*
*ღირსი ეფრემ ასური შემდეგ წერს, რომ „კაენის ასულნი, მათი სილამახე და მორთულობა სეითის ვაჟიშვილებისათვის მახე გახდა. მათ სეითის მთელმა შთამომავლობამ მისდია. ვინაიდან ისინი კაენის ასულებზე ქორწინდებოდნენ და თავიანთ წინანდელ ცოლებს უარყოფდნენ, ამ უკანასკნელთაც ასევე დაიწყეს უარყოფა სიწმიდისა და მორიდებულობისა, რომელთაც ისინი მანამდე თავიანთი ქმრების გულისთვის და მათთან ერთად იცავდნენ. ამრიგად, გავრცელდა თავშეუკავებლობა ქმრებსა და ცოლებში, როგორც წმიდა წერილი გვაუწყებს: განხრწნა ყოველმან ხორციელმან გზა თვისი (შესაქმ. 8 12). (Толкование на книгу Бытия, გვ. 262).
წმიდა მოციქული პავლე ამბობს რამეთუ რომელნი-იგი ხორცთა შინა არიან, ღმრთისა სათნო-ყოფად ვერ ძალ-უც (რომ. 8, 8).
იყვნენ დღენი მათნი ასოც წელ. ეს სიტყვები ეხება არა ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობას, არამედ წარღვნამდე მოსანანიებლად დარჩენილ დროს – რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ღვთის გულმოწყალებაზე.*
*ღირსი ეფრემი წერს: „თუ მოინანიებენ ამ დროის განმავლობაში, მაშინ თავიდან აიცილებენ იმ რისხვას, მათ რომ ემუქრება; ხოლო თუ არ მოინანიებენ, მაშინ ისინი თავისი საქციელით რისხვას გამოიწვევენ. ამრიგად, სახიერება ღვთისა ასოც წელს აძლევს მოსანანიებლად ასეთ მოდგმას, რომელიც, სიმართლე რომ ითქვას, არ იმსახურებს ამას“. (Толкование на книгу Бытия, გვ. 262.)
ზოგი ვარაუდობს, რომ „ძენი ღვთისანი“ ციური ქმნილებანი ან ანგელოზნი იყვნენ. წმიდა მამებისათვის ასეთი განმარტება ცნობილი გახლდათ, მაგრამ ისინი უარყოფდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ანგელოზებს არ ძალუძთ ადმიანთა შობა.*
*ღვთის ძეთა ანგელოზებთან ან ციურ ქმნილებებთან გაიგივების მიზეზი ენოქის აპოკრიფული წიგნი გახდა. ეს აგრეთვე, ახ. წ. აღ.-ით პირველ და მეორე საუკუნეებში გავრცელებული განმარტება იყო რაბინებს (მოძღვართა) შორის. მითითება ამის შესახებ შეიძლება ვიპოვოთ იუდეველ მწერლებთან: იოსებ ფლავიუსთან (იუდეური სიძველენი, 1:3) და ფილონ ალექსანდრიელთან (გიგანტები), აგრეთვე, ზოგიერთ გნოსტიკოს მწერალთან (მაგ. ვალენტინიანის გადმოცემა). ზოგიერთი ადრექრისტიანული მწერალი ასეთ განმარტებას შეცდომით იღებდა (იხ. ვან დერ კამი და ადლერი, EвpeйcKoe aпoкaлитическое наследие в раннем Христианстве, გვ. 61-88). ყველაზე ძველ, შემორჩენილ ცნობას ღვთის ძეთა შესახებ, როგორც სეითის შთამომავლობაზე, ადრეული ქრისტიანული მწერლის, იულიანე აფრიკელის (ახ. წ. აღ-ით 200-245 წწ.) „ქრონოლოგიის ხუთწიგნეულში“ ვნახულობთ. ეს განმარტება ეკლესიის თანმიმდევრული სწავლება გახდა, რასაც საღვთისმეტყველო საფუძვლები მისცეს: მღვდელმთავარმა იოანე ოქროპირმა (შესაქმის წიგნის განმარტება, 22,6-7); ღირსმა ეფრემ ასურმა (შესაქმის წიგნის განმარტება, 6.3; საშობაო ჰიმნები, 148; ჰიმნები სარწმუნოებას, 46.9, ჰიმნები სამოთხის შესახებ, 1.11); ღირსმა იოანე კასიანემ (გასაუბრებანი, 8 20-21); ნეტარმა ავგუსტინემ (ქალაქი ღვთისა, 15.23); მღვდელთმთავარმა გრიგოლ პალამამ (საბუნებისმეტყველო და თეოლოგიურ მეცნიერებათა თემები, 62); მღვდელმთავარმა ათანასემ (ოთხი საუბარი არიანელთა წინააღმდეგ, 4.22); მღვდელმთავარმა კირილე ალექსანდრიელმა და სხვებმა.
როგორც უძველესი იდეები ანგელოზების ადამიანებთან შეუღლების შესახებ, ისე თანამედროვე – კოსმოსიდან ახალმოსულებზე, ფუჭი ფანტაზიებით გამოწვეული ტყუილუბრალო ზღაპრები გახლავთ.
6. 4. და გმირნი იყვნეს ქუეყანასა ზედა მათ დღეთა შინა და შემდგომად ამისა, ვითარცა შევიდოდეს ძენი ღმრთისანი ასულთა მიმართ კაცთასა და შობდეს თავთა თვისთად. და იგინი იყვნეს გმირნი საუკუნითგან, კაცნი სახელოვანნი.
„ბუმბერაზთა“ (გოლიათებს)* შორის არ უნდა ვიგულისხმოთ ადამიანთა მეტისმეტად დიდი ზომები. ღირსი ეფრემის განმარტებით, სეითის შთამომავალთ, რჩეულ მოდგმას, განვითარებული აღნაგობა ჰქონდათ, ისინი მაღალნი იყვნენ, მაშინ როდესაც კაენის შთამომავალნი, რომლებიც წყევლის ნიშანს ატარებდნენ, დაბალნი იყვნენ.**
* შესაქმის რუსულ თარგმანში „გმირთა“ ნაცვლად წერია „ბუმბერაზნი“ გოლიათი, რომლის შესახებაც მსჯელობს მამა სერაფიმე (მთარგმნელი).
** ღირსი ეფრემი ამის მიზეზს ასე ხსნის: „კაენის შთამომავლობაში ტანმორჩილი ადამიანები იყვნენ, რადგანაც მიწა დაწყევლილი იყო და მათ თავის ძალას არ აძლევდა. ის მხოლოდ სუსტ და ძალის უქონელ ნაყოფს აწვდიდა, რაც დღესაც ხდება, როდესაც ნაყოფი და მწვანილი ზოგჯერ იძლევა ძალას, ზოგჯერ არა. რადგანაც კაენის შთამომავლობა დაწყევლილი იყო, როგორც ძენი დაწყევლილისა და მცხოვრებნი წყეულ მიწაზე, ამიტომ იმ დროს აგროვებდნენ და იკვებებოდნენ ძალის უქონელი მიწის ნაყოფით და თავადაც უძლურნი იყვნენ,როგორც მათი საკვები. სეითის ძენი კი, რადგანაც ისინი იყვნენ ძენი კურთხეულნი, სამოთხის მომიჯნავე მიწაზე ცხოვრობდნენ და მრავალფეროვანი, ძალის მქონე საკვებით იკვებებოდნენ და სხეულიც ძლიერი ჰქონდათ (Толкование на книгу Бытия, გვ. 263).
ორი მოდგმის შერევისას უპირატესი სეითის შთამომავალთა ტანმაღლობა ხდებოდა. ადამიანთა, სეითის შთამომავალთა, „გოლიათური“ აღნაგობა, წარღვნამდე კაცობრიობის ერთ-ერთი თვისება გახლდათ, რაც მსოფლიო წარღვნის შემდეგ ახალ კლიმატურ პირობებში დაიკარგა.
შესაძლებელია, სწორედ ეს „გოლიათები“ და მათი არაჩვეულებრივი ძალა (რაც, ალბათ, კაენის შთამომავლობასთან ომებში გამოიხატებოდა) გახდა საბერძნეთისა და სხვა ხალხების გვიანდელი პერიოდის ლეგენდათა „ღმერთების“ პროტოტიპები.
წინა - სარჩევი - შემდეგი