მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი


წიგნი შესაქმისა:
სამყაროს შექმნა და ძველი აღთქმის პირველი ადამიანები
მართლმადიდებლური ხედვა



ნაწილი I
შესაქმის წიგნის წმიდა მამათა განმარტებანი


თავი VII. ცხოვრება სამოთხის გარეთ (შესაქმე 4,1 – 6,4)
ადამის მოდგმა სეითიდან ნოემდე


 

5, 1-21. ესე წიგნი შესაქმისა კაცთასა, რომელსა დღესა შექმნა ღმერთმან ადამ. ხატებად ღმრთისა შექმნა იგი. მამაკაცი და დედაკაცი შექმნნა იგინი და აკურთხა იგინი. და უწოდა სახელი მისი ადამ, რომელსა დღესა შექმნნა იგინი. ხოლო ცხონდა ადამ ორას ოც და ათ წელ და შვა სახოვანებისაებრ თვისისა და ხატებისაებრ თვისისა და სახელ-სდვა სახელი მისი სეით. ხოლო იქმნნეს დღენი ადამისნი შემდგომად შობისა სეითისა შვიდას წელ და შვნა ძენი და ასულნი. და იქმნნეს ყოველნი დღენი ადამისნი, რომელთა ცხოვნდა, ცხრა ას ოც და წელ და მოკუდა.

ხოლო ცხონდა სეით ორას და ხუთ წელ და შვა ენოს. და ცხონდა სეით შემდგომად შობისა ენოსისა შვიდი ას და შვიდ წელ და შვნა ძენი და ასულნი. და იქმნნეს ყოველნი დღენი სეითისნი ცხა ას და ათორმეტ წელ და მოკუდა.

და ცხოვნდა ენოს ას ოთხმეოც და ათ წელ და შვა კაინან. და ცხოვნდა ენოს შემდგომად შობისა კაინანისა შვიდას ათხუთმეტ წელ და შვნა ძენი და ასულნი. და იქმნნეს ყოველნი დღენი ენოსისნი ცხრაას და ხუთ წელ და მოკუდა.

და ცხოვნდა კაინან ას სამეოც და ათ წელ და შვა მალეილ და ცხოვნდა კაინან შემდგომად შობისა მალელეისა შვიდას ორმეოც წელ და შვნა ძენი და ასულნი, და იქმნნეს ყოველნი დღენი კაინანისნი ცხრაას და ათ წელ და მოკუდა.

და ცხოვნდა მალელეილ ას სამეოცდა ხუთ წელ და შვა იარედ და ცხოვნდა მალელეილ შემდგომად შობისა მის იარედისა შვიდას ოც და ათ წელ და შვნა ძენი და ასულნი. და იქმნნეს ყოველნი დღენი მალელეისნი რვაას ოთხმეოც და ათხუთმეტ წელ და მოკუდა.

და ცხოვნდა იარედ ას სამეოც და ორ წელ და შვა ენუქ. და ცხოვნდა იარედ შემდგომად შობისა მის ენუქისისა რვაას წელ. და შვნა ძენი და ასულნი. და იქმნნეს ყოველნი დღენი იარედისნი ცხრაას სამეოც და ორ წელ და მოკუდა.

და ცხოვნდა ენუქ ას სამეოც და ხუთ წელ და შვა მათუსალა.

ეს გენეალოგია ჩვენს წინაშე რამდენიმე კითხვას სვამს:

1. პირველი პატრიარქები ცხრაასამდე ან დაახლოებით იმდენ წელს ცოცხლობდნენ, რამდენიც ჩვენთვის (ძლივძლივობით რომ ვაღწევთ ოთხმოც ან ოთხმოცდაათ წელს) წარმოუდგენელია. კაცობრიობის ცხოვრება კი ასეთი ჯერ კიდევ დავით მეფსალმუნემდე დიდი ხნით ადრე იყო. რაციონალისტური კრიტიკა საკუთარი „ინტერპრეტაციის“ წარმოდგენისას აქ დიდად ცდება ყველა წმიდა მამა კი ამ თხრობას ისე იღებს, როგორც დაწერილია: იმ დროს, სამყაროს შექმნის პირველ საუკუნეებში, ადამიანები ფიზიკურად ჩვენგან მართლაც ძლიერ განსხვავდებოდნენ. მესამე თავში შევეხეთ დედამიწის წარღვნამდელი კლიმატის საკითხს, როდესაც ცისარტყელა არ იყო, რადგანაც დედამიწიდან ამოსული ორთქლი მას არა მხოლოდ რწყავდა, არამედ ცის განფენილობის იმ სიმყარეს ქმნიდა, რომელიც დედამიწაზე იყო შემოხვეული და მას იფარავდა. იგი ზომიერ კლიმატს ინარჩუნებდა და მავნე რადიაციისგან დაცვას უზრუნველყოფდა. იმდროინდელი ცხოვრება მართლაც ძლიერ განსხვავებული იყო (როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამოთხეც კი, ჯერ კიდევ ხილული გახლდათ) და თუკი ჩვენ გარკვეულ ცრურწმენებს მოვიცილებთ, რომლებიც ქვის ხანის გამოქვაბულთა ველური ბინადრების სურათებიდან არის აღებული, ამ ფაქტის უარყოფის საფუძველი აღარ გვექნება.

2. მეორე კითხვა თვით გენეალოგიას ეხება: რატომ იყო ასე მნიშვნელოვანი მისი გადმოცემა? რაკი ევოლუციური თეორიის მიხედვით, კაცობრიობის განვითარებისათვის ასობით ათასი წელია საჭიროა, ამდენად რაციონალისტი კრიტიკოსები იძულებულნი არიან ამ გენეალოგიის რეინტერპრეტაცია დაიწყონ და ამტკიცონ, რომ აქ ან ათასობით წელია გამოტოვებული, ან ზოგიერთი პატრიარქი მაინც საერთოდ არ იყო ადამიანი, მათი სახელები უბრალოდ უზარმაზარი ეპოქის დასახელებაა. თუკი ეს ასეა, მაშინ მართლაც არავითარი გენეალოგია არ არსებობს.

მაგრამ წმიდა მამები ერთსულოვნად ამტკიცებენ, რომ სწორედ სახელთა მთელი ეს სია არის გენეალოგია. ის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ადრეული კაცობრიობის ისტორიის ზუსტი აღწერის შესანარჩუნებლად, არამედ, პირველ რიგში იმიტომ, რომ იგი არის ქრისტეს გენეალოგია. ქრისტეს სრული გენეალოგია მოცემულია ლუკას სახარების მესამე თავში (მათეს სახარების პირველი თავი მხოლოდ აბრაამამდე გრძელდება), ხოლო წმიდა მამები ფრიად ზრუნავდნენ სახელთა შორის ნებისმიერი მოჩვენებითი უთანხმოების გასარკვევად (იხ. მაგალითად, წმიდა გრიგოლი ღვთისმეტყველის სიტყვა ამ საკითხის შესახებ), რათა ზუსტი გენეალოგია შეენარჩუნებინათ. არჩევანის წინაშე აღმოვჩნდით: ან წმიდა წერილისა და წმიდა მამათა ერთგულნი დავრჩეთ, ან თანამედროვე კრიტიკოს რაციონალისტებს მივემხროთ, რომელთა სიბრძნეც თანამედროვე მეცნიერებისა და სწავლულების ვარაუდებზეა (და არა ფაქტებზე) დამყარებული.

3. აქ (და შესაქმის შემდეგ წიგნში) მითითებული წლების რაოდენობის მიხედვით შესაძლებელია კაცობრიობის ასაკის გამოთვლა. ძველი აღთქმის ბერძნული თარგმანის, სეპტუაგინტას (ქართულად – ხუთწიგნეული) მიხედვით, ახლა (ე.ი. 1982 წელს, როდესაც მამა სერაფიმე ამ ლექციებს კითხულობდა.) ადამის შექმნიდან 7490 წელია გასული. ებრაული ტექსტი კაცობრიობის ასაკისათვის რამდენადმე განსხვავებულ რიცხვებს გვაძლევს დაახლოებით 1000 წლით ნაკლებს. ეს სხვაობა წმიდა მამებს არასდროს აღელვებდათ. მაგალითად, ნეტარი ავგუსტინე, წიგნში – „ქალაქი ღვთისა“, ამბობს, რომ ეს მეორეხარისხოვანი საკითხია.*

* იხ. ნეტარი ავგუსტინე, ქალაქი ღვთისა (İpa Boui) 15:13, ახ. წ. აღ. 413-426 წლები. სხვაგან იგი წერს: „მოდით, დავივიწყოთ იმ ადამიანთა ვარაუდები, რომლებიც არ უწყიან რას ამბობენ, როდესაც ბუნებისა და ადამიანთა მოდგმის წარმოშობის შესახებ საუბრობენ... ისინი შემცდარნი არიან იმ უაღრესად ცრუ საბუთებით, რომელთაც მრავალათასიანი წლის ისტორიის წარმოდგენის პრეტენზია აქვთ, თუმცა, წმიდა წერილით თუ გამოვითვლით, ვნახავთ, რომ 6000 წელიც კი არ გასულა (ქალაქი ღვთისა 12:10). ნეტარი ავგუსტინე განაგრძობს, რომ ძველი ბერძნული ქრონიკები „არ აჭარბებენ სამყაროს არსებობის ჭეშმარიტ მოწმობას, როგორც ეს წარმოდგენილია ჩვენი საბუთებით (ე.ი. წმიდა წერილით), რომლებიც ჭეშმარიტად წმიდა გახლავთ“.

მაგრამ უყოყმანოდ არის აღიარებული, როგორც პირველ პატრიარქთა ხანგრძლივი ცხოვრება, ისე კაცობრიობის დაახლოებით ოთხი-ხუთი ათასწლოვანი ასაკი ქრისტეშობის წლისათვის (უფრო ზუსტად, სეპტუაგინტას ბერძნული ტექსტის თანახმად, 5500 წელზე ცოტათი მეტი).*

* ჩვენს დრომდე მოღწეული ყველაზე ადრეული ქრისტიანული წყაროები დედამიწის ასაკის შესახებ ბიბლიური წელთაღრიცხვის მიხედვით დაწერილია თეოფილესა (115-181 წწ ახ. წ. აღ.) და იულიანე აფრიკელის (ახ. წ. აღ. 200-245) მიერ. თეოფილე, ანტიოქიის მეექვსე ეპისკოპოსი მოციქულთა შემდეგ, იხ. მისი აპოლოგეტური ნაშრომი (Анти-никейские отцы, ტ, 1; გვ. 118-21) და იულიანე აფრიკელის „ქრონოლოგიის ხუთი წიგნი“ (Анти-никейские отцы, ტ. 6; გვ. 130-38). ამ ორივე ადრექრისტიანულმა მწერალმა ძველი აღთქმის სეპტუაგინტას ბერძნული ტექსტის მიხედვით სამყაროს ასაკი ქრისტეს შობის დროისთვის დაახლოებით 5530 წლით განსაზღვრა. ბიზანტიური ქრისტიანული საერთო წელთაღრიცხვა, რომელიც ასევე სეპტუაგინტას მიჰყვება, ადგენს, რომ სამყარო ქრისტეს შობამდე 5508 წლის წინათ შეიქმნა. ეს წელთაღრიცხვა, რომელიც მცირედ შეიცვალა მანამდე, სანამ ახ. წ. აღ.-ით მეშვიდე საუკუნეში საბოლოოდ იქნა მიღებული, ბიზანტიის იმპერიისა და აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდრის საფუძველი გახდა და ცნობილი იყო, როგორც კონსტანტინეპოლის საიმპერიო შემოქმედებითი ეპოქა. აღმოსავლეთის ეკლესია გაურბოდა „ქრისტიანული ეპოქის“ სახელწოდების გამოყენებას (როგორც „ქრისტეს შობამდე“ ან „ქრისტეს შობიდან“), რადგანაც ქრისტეს შობის ზუსტი თარიღი კონსტანტინეპოლში დიდხანს, თითქმის მეთოთხმეტე საუკუნემდე, საკამათო იყო (იხ. J. Bickerman, Chronology of the Ancient World, გვ. 73; E. G. Richards, Mapping Time, გვ. 107; V. Grumel, Ia Chronologie, გვ. 62; Jack Finegan, Handbook of Biblical Chronology, გვ. 108). როდესაც რუსეთმა ბიზანტიისაგან მართლმადიდებელი ქრისტიანობა მიიღო, მაშინ რუსეთში მართლმადიდებელი კალენდარიც დამკვიდრდა, რომელიც სამყაროს შექმნასთან დაკავშირებულ წელთაღრიცხვას ეყრდნობა. სწორედ იგი იყო რუსეთის იმპერიის კალენდრის საფუძველი პეტრე I-ის პროდასავლურ რეფორმებამდე მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში (იხ. Николай Рязановский. История России, გვ. 244) და დღემდე ტრადიციული მართლმადიდებელი კალენდრების საფუძველია. მამა სერაფიმე წერს, რომ „ყველაზე მისტიკური სულის მქონე მამებიც კი, ისეთები, როგორიცაა ღირსი ისააკ ასური, უყოყმანოდ აღიარებდნენ სამყაროს შექმნის საეკლესიო წელთაღრიცხვას – „დაახლოებით“ 5500 წელი ქრისტეს შობამდე.

4. შესაქმის წიგნის მეხუთე თავიდან დაწყებული ჩვენ იმ ხალხის ისტორიას მივყვებით, რომელსაც უკვე შესაძლებელია „რჩეული ერი“ ვუწოდოთ: ხალხი, რომელიც ღმერთს მიეძღვნა და თაობიდან თაობას ჭეშმარიტ თაყვანისცემასა და ღვთისმსახურებას გადასცემდა და საბოლოო ანგარიშით, აღთქმული მესიის შობისათვის მოემზადა. კაენის შთამომავლობა რჩეულ ერს არ მიეკუთვნება, ამიტომ ცოტა რამ არის მასზე ნათქვამი; სეითის შთამომავლობაც კი გაირყვნა და აღიგავა პირისაგან მიწისა, ერთი მათგანის - ნოესა და ასევე მისი შვილების გარდა.

5, 22-24. ხოლო სათნო-ეყო ენუქ ღმერთსა. და ცხოვნდა ენუქ შემდგომად შობისა მის მათუსალასა ორას წელ და შვნა ძენი და ასულნი. და იქმნნეს ყოველნი დღენი ენუქისნი სამას სამეოც და ხუთ წელ. და სათნო ეყო ენუქ ღმრთისა და არა იპოვა, რამეთუ გარდაცვალა იგი ღმერთმან.

წმიდა პავლე მოციქული ენუქის შესახებ წერს:

„სარწუნოებით ენუქ გარდაიცვალა, რაითა არა იხილოს სიკუდილი; და არა იპოვა, რამეთუ გარდაცვალა იგი ღმერთმან. რამეთუ გარდაცვალებისა მისისა წამებულ არს, ვითარმედ სათნო-იყო იგი ღმერთმან“ (ებრ. 11, 5).

წმიდა მამათა გადმოცემა ერთსულოვანია ენუქის შესახებ - მისი საქციელი იმდენად სათნო იყო ღმერთისთვის, რომ ენუქი არ მოკვდა, არამედ ცოცხლად შევიდა სამოთხეში. ის დედამიწაზე ამა სოფლის აღსასრულის დროს დაბრუნდება ელიასთან ერთად, რომელიც ცოცხლად იქნა ცაში ამაღლებული, რათა ქრისტეს მეორედ მოსვლა ექადაგა; ისინი მოწამეობრივი სიკვდილით მოკვდებიან, მაგრამ სამნახევარი დღის შემდეგ აღდგებიან (გამოცხ. 11).

5, 25-32. და ცხოვნდა მათუსალა ას სამეოც და შვიდ წელ და შვა ლამექ. და ცხოვნდა მათუსალა შემდგომად შობისა მის ლამექისა რვაას ორ წელ და შვნა ძენი და ასულნი და იქმნნეს ყოველნი დღენი მათუსალასნი, რომელთა ცხოვნდა ცხრა ას სამეოც და ცხრა წელ და მოკუდა.

და ცხოვნდა ლამექ ას ოთხმეოც და რვა წელი და შვა ძე. და უწოდა სახელი მისი ნოე, მეტყუელმან: ამან განმისუენოს ჩუენ საქმეთაგან ჩუენთა და მწუხარებათაგან ხელთა ჩუენთასა და ქუეყანისაგან, რომელი დაწყევა უფალმან ღმერთმან ჩუენმან. და ცხოვნდა ლამექ შემდგომად შობისა მის ნოესა ხუთას სამეოც და ხუთ წელ და შვნა ძენი და ასულნი. და იქმნნეს ყოველნი დღენი ლამექისნი შვიდას ორმეოც და ცამეტ წელ და მოკუდა. და იყო ნოე წელიწადთა ხუთასთა და შვნა ნოე სამნი ძენი: სემ, ქამ და იაფეთ.


შესაქმის წიგნის მეხუთე თავის ბოლო მუხლები შეიცავს ადამიანთა მოდგმის გენეალოგიას ნოემდე – მთელი კაცობრიობის წარღვნამდე, რომელიც დედამიწას თავს დაატყდა სამყაროს შექმნიდან დაახლოებით ორი ათასი წლის შემდეგ.

ლამექმა იწინასწარმეტყველა, როდესაც თავის ძეს ნოე დაარქვა, რაც „სიმშვიდეს“ (მოსვენებას, მეუდაბნოებას) ნიშნავს, რითაც თითქოს ამბობდა, რომ მის სიცოცხლეში კაცობრიობის ცოდვები დასრულდებოდა – დაიწყებოდა წარღვნა.



წინა - სარჩევი - შემდეგი