4.1. ხოლო ადამ იცნო ევა, ცოლი თვისი და მიდგომილმან შვა კაენი და თქუა: მოვიგეთ კაცი ღმრთისა მიერ.
(სახელი კაენი ნიშნავს „მოგებულს“, „შეძენილს“).
მეოთხე თავი იწყება მოთხრობით, თუ როგორ ცხოვრობდა ადამი შეცოდების შემდგომ ახალ სამკვიდრებელში; ანუ კაენისა და აბელის ისტორიით.
ადამისა და ევას ცხოვრებაში აქ პირველ განსხვავებას ვხედავთ სამოთხისა და სამოთხის გარეთ მდგომარეობას შორის: მხოლოდ სამოთხიდან გაძევების შემდეგ იწყება მათი ცოლქმრული ცხოვრება და შვილთასხმა. როგორც უკვე ვნახეთ, წმიდა მამები სრულიად გარკვევით აცხადებენ, რომ ევა შეცოდებამდე უბიწო იყო. მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი წერს: „სამოთხიდან გაძევების, ურჩობის შემდეგ იწყება ცოლქმრული ცხოვრება. მანამდე ისინი (პირველი ადამიანები) ცხოვრობდნენ, როგორც ანგელოზნი და თანამეცხედრეობა არც იგულისხმებოდა“.
ეს, რა თქმა უნდა, ღვთიური კურთხევით დადგენილ ქორწინებას ღირსებას არ უკარგავს. თუმცა კი გვაჩვენებს, რომ ცოლქმრული ცხოვრება, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ, ადამის პირველქმნილი მდგომარეობა არ გახლდათ. პირველქმნილი იყო ის მდგომარეობა, რომელსაც დავუბრუნდებით, სადაც არც ცოლი მოჰყავთ და არც თხოვდებიან (შდრ.: მათ. 22, 30), სადაც ყველანი უმანკონი იქნებიან.
წმიდა მამები, რასაკვირველია, სვამენ კითხვას: როგორღა დაიბადებოდნენ ბავშვები, ადამს რომ არ შეეცოდა? ისინი ამბობენ, რომ ბავშვები კი დაიბადებოდნენ, და ღმერთმა უწყოდა, თუ როგორ მოხდებოდა ეს, მაგრამ არა ისე, როგორც არის ახლა, როდესაც ეს ჩვენს ცხოველურ ბუნებასთან არის დაკავშირებული, როგორც ამის შესახებ მღვდელმთავარი გრიგოლ ნოსელი წერს. ეს სქესობრივი გამრავლების გზა არც პირველქმნილ სამოთხეში იყო და არც ცათა სასუფევლის კუთვნილება იქნება.
4, 2-5. და შესძინა შობად ძმა მისი აბელ და იქმნა აბელ მწყემს ცხოვართა, ხოლო კაინ – მშრომელ ქუეყანისა. და იყო შემდგომად დღეთა, მიართუა კაინ ნაყოფთაგან ქუეყანისათა მსხუერპლი უფალსა. და აბელ მოართუა მანცა პირმშოთაგან ცხოვართა მისთასა ცმელთაგან. და მოიხილა ღმერთმან აბელსა ზედა და ძღუენთა მისთა ზედა. ხოლო კაინს ზედა და მსხუერპლთა მისთა ზედა არა მოიხილა. და შეწუხნა კაინ ფრიად და შეიჭუვნა პირი მისი.
საიდან გაუჩნდათ კაენსა და აბელს აზრი, ღმერთისთვის ძღვენი შეეწირათ? წმიდა მამები ამბობენ, რომ ეს აზრი უფლისთვის მიწის ნაყოფისაგან საუკეთესოს დაბრუნების შესახებ ადამიანის აზროვნებაში მისი არსებობის დასაბამიდან იყო. ღმერთმა შექმნა ადამიანები ხატად და მსგავსად თვისად და მათი პირველი აზრი გახლდათ, ღვთისათვის მადლობის მიძღვნა ყოველივესთვის, რაც ჰქონდათ.
რატომ მოიხილა ღმერთმან კეთილგანწყობით აბელის ძღვენზე და არა კაენისაზე? ხომ არ ირჩევს ღმერთი ფავორიტებს? იმ სიტყვაძუნწი ტექსტიდანაც კი ვხედავთ, რომ აბელმა საუკეთესო გასცა პირმშოთაგან ცხოვართა მისთასა ცმელთაგან, ხოლო კაენმა - მხოლოდ ნაყოფთაგან ქუეყანისათა და იგი არც დაფიქრებულა იმაზე, რომ საუკეთესო გაეცა. ის ფიქრობდა მადლობის შეწირვაზე, მაგრამ იფიქრა „გავცემ რაიმეს იმისგან, რაც მაქვს“, არ დაფიქრებულა იმის მნიშვნელობაზე, თუ რას აკეთებდა, ხოლო აბელმა, რასაც ფლობდა, მისგან საუკეთესოს გაცემა გადაწყვიტა და ასეც მოიქცა. მადლობის მიძღვნის სურვილი კაენსაც ჰქონდა, მაგრამ მას მადლობა მთელი გულით არ მიუძღვნია, როგორც ეს აბელმა ქნა. ამიტომაც მოიხილა ღმერთმან აბელის ძღვენზე და არა კაენისაზე.
წმიდა წერილის ორ სხვა ადგილას არის ნახსენები კაენისა და აბელის ძღვენი (1 იოან. 3, 12 და ებრ. 11, 4.) მაგრამ ამ შემთხვევაში მოტანილია მხოლოდ, როგორც მაგალითები.
ღირსი ეფრემი წერს: „აბელმა რჩეული ძღვენი მოიტანა, ხოლო კაენმა - განურჩეველი. აბელმა აარჩია და მიუძღვნა პირმშო და ქონი ცხოველთა; კაენმა კი ან თავთავი, ან თავთავთან ერთად ის ნაყოფი მოიტანა, რომელიც იმ დროს არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ძღვენი ძმის ძღვენზე უფრო ნაკლოვანი იყო, მას რომ იგი უპატივცემულოდ არ მოეტანა, მაშინ მისი ძღვენიც მაინც ისევე იქნებოდა სათნო, როგორც მისი ძმის... მაგრამ ის ასე არ მოიქცა, თუმცა სწორედ ეს იყო სასურველი; მან არ იზრუნა, მიეძღვნა უფლისთვის საუკეთესო თავთავი ან უმჯობესი ნაყოფი. მადლობის შემწირველის სულში არ იყო სიყვარული ძღვნის მიმღებლისადმი და რადგანაც მან ძღვენი უპატივცემულოდ მიიტანა, ღმერთმა ამიტომაც უარყო იგი.
კაენი დამწუხრდა არა მხოლოდ იმის გამო, რომ მისი ძღვენი არ შეიწირა, არამედ იმიტომ, რომ შეშურდა. კაცობრიობის ისტორიაში პირველად გამომჟღავნდა ძლიერი ვნება: ვნება შურისა. წმიდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი საუბრობს ამის შესახებ:
„მისი ჭმუნვა ორი მიზეზიდან წარმოიშვებოდა: არა მხოლოდ იმის გამო, რომ თავად იყო უარყოფილი, არამედ იმის გამოც, რომ მისი ძმის ძღვენი შეიწირა“.
ღირსი ეფრემი აქ ყურადღებას იმას მიაპყრობს, რომ აბელის ძღვენი ციდან ჩამოსულმა ცეცხლმა შთანთქა ყოველთა თვალწინ, ხოლო კაენის ძღვენი ცეცხლში კი მოხვდა, მაგრამ შეუწირავი დარჩა.
ღვთის მოწყალება აქ კვლავ ისევე ვლინდება, როგორც მაშინ, როდესაც ღმერთი ადამს მისი შეცოდების შემდეგ ჰკითხავდა: ადამ, სადა ხარ? რითაც მას მონანიების შესაძლებლობას აძლევდა. აქაც ღმერთი იმავე შესაძლებლობას აძლევს კაენს.
4, 6-7. და ჰრქუა უფალმან ღმერთმან კაინს: რაითა რად შეიჭუვნა პირი შენი? არცა მართლად შემომწირე, ხოლო მართლად არა განჰყავ, სცოდე, დაყუდენ! შენდამი მიქცევა მისი და შენ ჰმსთავრობდი მას.
მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი ამ მუხლის შესახებ ამბობს:
„ნახე, საყვარელო, როგორი გამოუთქმელად მზრუნველი მოწყალებაა! ღმერთი ხედავდა, რომ კაენი შეპყრობილია, ასე ვთქვათ, შურის ვნებით. და აი, ნახე, თუ როგორ ცდილობს უფალი თავისი სახიერებით, უმკურნალოს მას, რათა მაშინვე წამოაყენოს იგი, რომ არ დაიხრჩოს... ღმერთი მას მიმართავს: მაშ, დადუმდი, რადგანაც შესცოდე, დაიმშვიდე ზრახვანი, გათავისუფლდი სულის გამაცივებელ ტალღათა შეტევისაგან, დაიოკე მღელვარება, რათა წინა ცოდვას სხვა უმძიმესი არ დაუმატო. უფალმა უკვე წინასწარ იცოდა, რომ კაენი ძმის წინააღმდეგ აღემართებოდა და ამიტომ აფრთხილებს მას ამ სიტყვებით. ამით მას სურს, დაამშვიდოს კაენის მძვინვარება და გაშმაგება, შეაჩეროს იგი ძმაზე თავდასხმისაგან. ხედავს რა მის აზრებსა და მომაკვდინებელი განზრახვის სისასტიკეს, სურს, მოალბოს მისი გული და დაამშვიდოს მისი გონება, ამისათვის მას ძმას უქვემდებარებს და მასზედ უფროსობის უფლებას არ ართმევს. მაგრამ ასეთი ზრუნვისა და მკურნალობის შემდეგ კაენმა სასარგებლო შედეგი ვერაფერი მიიღო. ასეთია განსხვავება კაენისა და აბელის შიდა განწყობაში, ასეთია ძალა ბოროტებისა!“
იმავეს ვხედავთ როგორც დღეს, ისე მთელი კაცობრიობის ისტორიის მანძილზე: ღმერთი მხოლოდ მას შემდეგ სჯის, როდესაც ადამიანებს მონანიებისა და თავისი გზის შეცვლის მრავალ შესაძლებლობას აძლევს.
4. 8 და თქუა კაინ აბელისა მიმართ, ძმისა თვისისა: განვიდეთ ზოგად ველად! და იყო ყოფასა მათსა ველს, აღდგა კაინ აბელის ზედა, ძმისა თვისისა, და მოკლა იგი.
შესაქმის წიგნის პირველ თავებში ყოველივეს დასაბამი ჩანს, რაც შემდეგ კაცობრიობის ისტორიაში განმეორდება. აქ ჩვენ ვხედავთ პირველ მკვლელობას - საკუთარი ღვიძლი ძმის მკვლელობას (ძმათა მკვლელობას).*
*მართალი აბელის მკვლელობის შესახებ ქრისტე ამბობს: „რათა იძიოს სისხლი ყოველთა წინასწარმეტყუელთაი, დათხეული დასაბამითგან სოფლისაითა ნათესავისა ამისგან, სისხლთაგან აბელისით, ვიდრე სისხლამდე ზაქარიაისი“ (წმ. იოანე ნათლისმცემლის მამის) (ლუკ. 11,50-51). ქრისტეს სიტყვები ადასტურებს, რომ აბელის მკვლელობა მოხდა დასაბამითგან სოფლისაითა და კიდევ ერთხელ გვახსენებს წინააღმდეგობას ევოლუციის თანამედროვე იდეასთან, რომლის მიხედვითაც, ადამიანის დედამიწაზე გამოჩენას წინ უსწრებდა დედამიწის ისტორიის მილიონობით წლები.
ღმერთი აქაც კვლავ ისევე ზრუნავს თავის ქმნილებაზე, როგორც ადამზე ზრუნავდა მისი სამოთხეში შეცოდების შემდეგ. უფალი ზრუნავს, რათა დამნაშავემ მოინანიოს, მაშინაც კი, როდესაც სინანული არ არსებობს, იგი მათ მიმართ მაინც თავის გულმოწყალებას ავლენს.
4, 9-16. და თქუა უფალმან კაინის მიმართ: სადა არს აბელ, ძმა შენი? და თქუა: არა უწყი, ნუ მცველი ძმისა ჩემისა ვარ მე? და თქუა ღმერთმან: რაი ესე ჰყავ? ხმაი სისხლისა ძმისა შენისა ღაღადებს ჩემდა მომართ ქუეყანით. და აწ წყეულ იყავ შენ ქუეყანისაგან, რომელმან განაღო პირი თვისი შეწყნარებად სისხლისა ძმისა შენისასა ხელისაგან შენისა, რამეთუ ჰშურებოდი ქუეყანასა და არა შესძინოს ძალი თვისი მოცემად შენდა, იწროებით და ძრწოლით იყო ქუეყანასა ზედა. და თქუა კაინ უფლისა მიმართ ღმრთისა: უფროს არს ცოდვა ჩემი მოტევებისა ჩემისა და უკეთუ განმაძებ მე დღეს პირისაგან ქუეყანისა და პირისაგან შენისა, დავიმალო. და იყოს ყოველმან მპოვნელმან ჩემმან მომკლას მე. და ჰრქუა მას უფალმან ღმერთმან: არა ეგრეთ! ყოველმან მომკვლელმან კაინისმან შვიდნი შურისძიებანი დახსნნეს. და დასდვა უფალმან ღმერთმან სასწაული კაინს არა მოკლვად მისა ყოვლისაგან მპოვნელისა მისისა. და გამოვიდა კაინ პირისაგან ღმრთისა და დაემკვიდრა ქუეყანასა ნაიდს წინაშე (აღმოსავლეთით) ედემისა.
ღირსი ეფრემი ამბობს:
„ღმერთი მას არ განურისხდებოდა, თუკი იგი მოინანიებდა, თუკი მისი ბაგეები ლოცვას წარმოთქვამდა, იგი ჩადენილი მკვლელობის ცოდვას გამოისყიდდა, თუ არადა, მაშინ მისთვის ისეთი მძიმე სასჯელი იყო განსაზღვრული, როგორსაც ბოროტმოქმედება იმსახურებდა. მაგრამ კაენი მონანიების მაგიერ გულისწყრომით ივსება და ყოვლისმეცნიერ უფალს, რომელიც მას ძმის შესახებ ეკითხება, რათა თავისკენ მიეზიდა იგი, მრისხანებით უპასუხებს: არა უწყი, ნუ მცველი ძმისა ჩემისა ვარ მე?
წმიდა იოანე ოქროპირი ადამისა და კაენის წყევლათა შორის განსხვავებას აღნიშნავს:
„ვისაც სურს გაიგოს, თუ რამდენად არის კაენის ცოდვა პირველქმნილის (ადამის) დანაშაულზე მეტი, მას შეუძლია ეს წყევლათა შორის განსხვავებაშიც იხილოს. იქ ღმერთი ამბობს: წყეულ იყავნ ქუეყანა საქმეთა შინა შენთა! (შესაქმე, 3,17). - დედამიწის დაწყევლით, მან მეურვეობა სწორედ ადამიანს გაუწია; აქ კი, რაკი დანაშაული უპატიებელია, ამიტომ თვით დანაშაულის ჩამდენი იწყევლება: წყეულ იყავ შენ ქუეყანისაგან!. კაენი თითქმის ისევე მოიქცა, როგორც გველი, რომელიც ეშმაკის განზრახვის იარაღი გახდა, ისევე როგორც მან სიკვდილი ტყუილის მეშვეობით შემოიტანა, ასევე ამანაც, ძმა შეაცდინა და მინდორში გაიყვანა, მის წინააღმდეგ ხელში იარაღი აიღო და მკვლელობა ჩაიდინა... ამიტომ, როგორც გველს უთხრა უფალმა: წყეულ იყავ, შენ ყოველთაგან პირუტყუთა და ყოველთაგან მხეცთა ქუეყანასა ზედათა! (შესაქმ. 3, 14), ასევე კაენსაც იგივე უთხრა, რადგანაც იგი თავისი საქციელით მას მიემსგავსა“.
ამის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, კაენი თავის ცოდვას აღიარებს, მაგრამ უკვე გვიან არის. წმიდა იოანე ოქროპირი განაგრძობს:
„ვინმე იტყვის: აი, მან აღიარა ცოდვა და აღიარა დიდი სიზუსტით. მაგრამ ყოვლად უსარგებლოდ, საყვარელო, იმიტომ რომ აღსარება არადროულია. მას თავის დროზე უნდა ეღიარებინა, როდესაც ჯერ კიდევ შეიძლებოდა მსაჯულს შეეწყალებინა იგი“.
უნდა დავძინოთ, რომ ეს აღიარება უფრო ფაქტის აღიარებაა, ვიდრე მონანიება; ნამოქმედარმა ის დააღონა, მაგრამ მან თავისი ცოდვა არ მოინანია - დღემდე ადამიანები ძალიან ხშირად ასე იქცევიან.
ამრიგად, კაენი საცხოვრებლად ნაიდში გაემართა, რომელიც დაბლობზე მდებარეობდა, მაგრამ ჯერ კიდევ ახლოს იყო ედემთან. იმ დროში ადამიანის განსახლება ძლიერ შეზღუდული იყო. მას შემდეგ, როგორც ღირსი ეფრემი ამტკიცებს, კაენისა და ადამის სხვა შვილების შთამომავლობას შორის ცოლქმრული კავშირები არ ყოფილა. კაენს ნიშანი ჰქონდა დადებული, რათა ნათესავთა მხრიდან შურისძიება არიდებოდა. ასე შეიქმნა ადამიანთა მოდგმის ორი პარალელური შტო: ღვთის ჭეშმარიტი მიმდევრებისა და მის უარმყოფელთა, ან, როგორც მოგვიანებით ნეტარი ავგუსტინე აღწერს: ქალაქი ღვთისა და ქალაქი კაცთა.
4, 17-22. და იცნა კაინ ცოლი თვისი და მუცლადმღებელმან შვა ენოს (ენოქი) და აღაშენა ქალაქი და უწოდა ქალაქსა სახელად ძისა თვისისა ენოს. ხოლო შვა ენოს ღაიდად და ღაიდად შვა მალელეილ. და მალელეილ შვა მათუსალა და მათუსალა შვა ლამექ; და მიიყვანნა თავისა თვისისა ორ ცოლ. სახელი ერთისა ადა და სახელი მეორისა სელა და შვა ადა იობელ. ესე იყო მამა მკვიდრთა კარვებისათა საცხოვართ - მზრდელთა და სახელი ძმისა მისისა იობალ. ესე იყო გამომაჩინებელ საფსალმუნისა და ებნისა. ხოლო სელა შვა მანცა თობელ. და იყო კუერითხუროი, მჭედელი რვალისა და რკინისა, ხოლო დაი თობელისა ნოემა.
საიდანღა გაჩნდა კაენის ცოლი? იგი ადამის ერთ-ერთი ქალიშვილი იყო. ყოველივე ადამისაგან წარმოიქმნა. შესაქმის წიგნი მის შვილთაგან მხოლოდ კაენს, აბელსა და სეითს ახსენებს, მაგრამ ესენი მხოლოდ მისი პირველი შვილები იყვნენ; მას კიდევ ჰყავდა სხვა მრავალი. შემდეგ შესაქმის წიგნში, 5, 4-5 მუხლებში, ვკითხულობთ, რომ ადამმა სეითის დაბადების შემდეგ შვიდასი წელი იცოცხლა, ამ წლების განმავლობაში მან შვნა ძენი და ასულნი. ადამს ნაბრძანები ჰქონდა შვილთსხმა და გამრავლება. მან იცოცხლა ცხრაას ოცდაათ წლამდე. ამიტომ მას ასობით შვილი უნდა ჰყოლოდა.
ამრიგად, ისმის მეორე კითხვა: როგორ შეიძლებოდა, ისე მომხდარიყო, რომ კაენმა ცოლად თავისი და შეირთო? განა ეს მართლმადიდებელი ეკლესიის წესდებულებას არ ეწინააღმდეგება? რა თქმა უნდა, დასაბამით, ადამიანები სხვა კანონებით ცხოვრობდნენ და არა იმ კანონებით, რომლებითაც დღეს ვცხოვრობთ.*
*მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი განმარტავს, რომ „რადგანაც ეს დასაბამით იყო, ხოლო ადამიანთა მოდგმა უნდა გამრავლებულიყო, ამიტომ ნებადართული იყო დათა ცოლად მოყვანა“ (Беседы на книгу Бытия, 20:1, ტ.1, გვ. 178).
იმ დროს ადამიანები ცხრაას წლამდე ცოცხლობდნენ. ცხადია, რომ მაშინდელი კაცობრიობა დღევანდელისაგან ფიზიკურადაც კი ძლიერ განსხვავდებოდა.
შესაქმის წიგნში (4, 17-22.) ჩვენთვის ცნობილი ცივილიზაციის დასაწყისი წარმოგვიდგება: პირველი ქალაქი, პირველი ხელოსნობა, პირველი ხელოვნება. ნათელია, რომ ყოველივეზე, რაც მაშინ ხდებოდა, მხოლოდ მინიშნება გვეძლევა, მაგრამ ეს უკვე საკმარისია. ჩვენს წინაშე წარმოდგება სურათი, რომელიც სრულებით განსხვავდება ევოლუციური თვალთახედვისაგან ადამიანის წარმოშობის შესახებ. წმიდა წერილში თავიდანვე წარმოიქმნება ის, რაც ჩვეულებრივ ცივილიზაციის „განვითარებულ“ ფორმებში იგულისხმება; ასე მაგალითად, პირველ ქალაქს უკვე პირველი ადამიანის ძე აარსებს. ადამის დროინდელი მსოფლიოს მოსახლეობაზე არაფერია ნათქვამი, მაგრამ, აშკარაა, რომ პირველი პატრიარქების ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში, საღვთო ბრძანების შესაბამისად (შვილთასხმისა და გამრავლების შესახებ), რამდენიმე თაობის განმავლობაში ათასობით, თუ მილიონობით არა, ადამიანი დაიბადებოდა.
(რაციონალისტი მეცნიერები, რომლებიც ბიბლიური არქეოლოგიით არიან დაკავებულნი, კაენისა და აბელის, როგორც ისტორიული პიროვნებების არსებობას უარყოფენ. ისინი მათთვის მხოლოდ ზნეობრივი მოძღვრების პერსონაჟები არიან. ეს მეცნიერები კაცობრიობის ისტორიის დასაწყისს ქვის ხანის პირველყოფილი საზოგადოების გამოქვაბულებში ხედავენ).
ლამექი - პირველია, რომლის შესახებაც ნათქვამია, რომ მას ორი ცოლი ჰყავდა. როგორც ჩანს, ეს ტრადიცია, რომელიც წარღვნის შემდეგ უფრო გავრცელდება, იშვიათობას წარმოადგენდა პირველი პატრიარქების დროს.
4, 23-24. და ჰრქუა ლამექ ცოლთა თვისთა: ადა და სელა, ისმინეთ ხმისა ჩემისა! ცოლთა ლამექისთა ყურად იხუენით სიტყუანი ჩემნი, რამეთუ მამაკაცი მოვკალ წყლულებად ჩემდა და ჭაბუკი საგუემელად ჩემდა. რამეთუ შვიდგზის შური ძიებულ არს კაინისაგან. ხოლო ლამექისგან – სამეოც და ათ შვიდ გზის.
ამ მუხლებს სხვადასხვაგვარად განმარტავენ, მაგრამ ყველაზე უბრალო ახსნას წმიდა იოანე ოქროპირი გვთავაზობს:
აქ მითითებულია ლამექის სინდისზე იგი თავის ცოდვას ღიად აღიარებს და საკუთარ თავს კაენზე უფრო დიდი სასჯელის ღირსად აცხადებს (რადგანაც მან უკვე იცის, თუ როგორ დაისაჯა კაენი მკვლელობის გამო).
4, 25-26. ხოლო ადამ იცნა ევა, ცოლი თვისი და მიდგომილმან შვა ძე და უწოდა სახელი მას სეით, მეტყუელმან, რამეთუ აღმიდგინა მე ღმერთმან თესლი სხუაი ნაცვლად აბელისა, რომელი მოკლა კაინ. და სეით შვა ძე და უწოდა სახელი მისი ენოს. ესე ესვიდა ხადად სახელსა უფლისა ღმრთისასა.
აქ ადამის გენეალოგიის მთავარ შტოს ვუბრუნდებით, რომლის მიხედვითაც მაცხოვრის საგვარეულო გამოითვლება. სეითი „შენაცვლებულს“ („მაგიერს“) ნიშნავს. 26-ე მუხლში ღმერთის სახელი უკვე უფრო განდიდებულად მოიხსენიება, ვიდრე მანამდე, რაც ენოსის სახელს უკავშირდება; ამიტომ მეექვსე თავში სეითის შთამომავლობაც იწოდებოდა აგრეთვე, როგორც ძენი ღვთისანი.
წინა - სარჩევი - შემდეგი