მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი


წიგნი შესაქმისა:
სამყაროს შექმნა და ძველი აღთქმის პირველი ადამიანები
მართლმადიდებლური ხედვა



ნაწილი I
შესაქმის წიგნის წმიდა მამათა განმარტებანი


თავი VII. ცხოვრება სამოთხის გარეთ (შესაქმე 4,1 – 6,4)
ადამის განდევნა


 

წინა თავებში სამოთხის თვალთახედვიდან განვიხილავდით ადამის სამოთხიდან განდევნას. ახლა კი ვნახოთ, საით გაემართა იგი. შესაქმის წიგნის მეოთხე თავიდან იწყება მიწიერი ცხოვრება, ისეთი, როგორც დღესა არის, მაგრამ როგორც ვნახავთ, დღევანდელისგან ძლიერ განსხვავებულიც.

შესაქმის წიგნის პირველი სამი თავისაგან განსხვავებით, რომელთა შესახებაც წმიდა მამათა მრავალი განმარტება არსებობს, მომდევნო თავებზე არსებობს მხოლოდ რამდენიმე განმარტება. ჩვენ, ძირითადად, წმიდა მღვდელმთავარ იოანე ოქროპირისა და ღირსი ეფრემ ასურის განმარტებებს დავეყრდნობით. დასავლეთში არსებობს აგრეთვე ნეტარი ავგუსტინესა და ზოგიერთი სხვა განმარტება, რომლებიც მე არ მინახავს“.

რუსულ გამოცემაში ციტატები მოხმობილია შემდეგი გამოცემებიდან: მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი, სანკტ-პეტერბუგის სასულიერო აკადემიის რეპრინტული გამოცემა, 1898 წ; ღირსი ეფრემ ასური – სერგიევ პოსადი, წმიდა სამების სერგის მონასტრის ტიპოგრაფია, 1901 წ; ბიბლია – რუსული სინოდალური გამოცემა, მოსკოვის საპატრიარქო, 1950-1968 წწ; ქართულ გამოცემაში გამოყენებული შესაქმის ციტატები აღებულია მცხეთური ხელნაწერებიდან; სახარებისა და ფსალმუნებისა – გიორგი მთაწმინდელის თარგმანებიდან; იოანე ოქროპირის სიტყვები - გვანცა კოპლატაძის თარგმანიდან. სხვა ციტატები თარგმნილია წინამდებარე გამოცემის ქართველი მთარგმნელის მიერ, უშუალოდ რუსული თარგმანიდან.

მეოთხე თავი იწყება ადამის განდევნის შემდეგ. სად განიდევნა ადამი? შესაქმის წიგნის 3, 24 მუხლის ბერძნული თარგმანის თანახმად: და განხადა ადამ და დაამკვიდრა იგი წინაშე საშუებელსა სამოთხისასა.

როგორც უკვე ვნახეთ, სამოთხე და მისი მოსაზღვრე მიწა, სადაც ადამი განიდევნა, მართლაც ნამდვილად არსებული ადგილი იყო. შესაქმის მეორე წიგნიდან ვიცით, რომ ადამი შეიქმნა მტუერისაგან მიწისა და სამოთხეში დამკვიდრდა (1,78); შემდეგ კი იგი იმ ადგილას განიდევნა, სადაც შეიქმნა. წმიდა მამები აღნიშნავენ ამ ადგილის „გეოგრაფიულ ადგილმდებარეობასაც, როგორც სამოთხის მომიჯნავეს, საიდანაც სამოთხე თვალსაწიერის ფარგლებში თავსდებოდა და იმ სულიერ შესაძლებლობებს წარმოადგენდა, რომელიც კაცთა მოდგმის შემდგომმა თაობებმა დაკარგეს. ღირსი ეფრემ ასური წერს:

„ღმერთმა ადამი ცოდვით დაცემის შემდეგ სამოთხიდან გააძევა და თავისი სახიერების გამო სამოთხის ზღუდესთან, მის მახლობელ ველზე დაასახლა. მაგრამ ადამიანები იქაც სცოდავდნენ და ამიტომაც მოხდა მათი გაფანტვა...

ორი ძმის მოდგმა გაიყო: კაენი წავიდა და ნაიდის მიწაზე, სეითისა და ენოსის მოდგმის საცხოვრებლის ქვემოთ დასახლდა. მაგრამ ზემოთ მცხოვრებთა შთამომავლობა, რომელთაც „ძენი ღვთისანი“ ეწოდა, თავის საცხოვრებელს ტოვებდნენ და ქვემოთ მიემართებოდნენ, იქ მცხოვრებ კაცთა ასულებზე ქორწინდებოდნენ“.

შესაქმის წიგნის მეექვსე თავის შესახებ საუბრისას, ამ თემას კვლავ დავუბრუნდებით. ახლა კი მოდით, მხოლოდ ის აღვნიშნოთ, რომ ადამის მდგომარეობა სამოთხის გარეთ რომელიც, სავარაუდოდ, წარღვნამდე არსებობდა – საკმაოდ განსხვავებულია დაცემული კაცობრიობის თანამედროვე მდგომარეობისაგან. აქ ჩვენ ამ განსხვავების ზოგიერთ ფიზიკურ მახასიათებელს განვიხილავთ. ახლა კი ყურადღება მივაპყროთ სამოთხესთან ახლო ყოფნის სულიერ უპირატესობაზე: ადამიანს ჰქონდა შესაძლებლობა, შორიდან ეხილა ის ადგილი და მდგომარეობა, სადაც შესცოდა და საითკენ დასაბრუნებლადაც იგია მოწოდებული. მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი წერს:

„თუკი სამოთხის ხილვა ადამში გაუსაძლის მწუხარებას აღაგზნებდა, ამავე დროს, მისთვის დიდი სარგებელიც მოჰქონდა: მუდმივი ჭვრეტა სამოთხისა მწუხარე ადამს აფრთხილებდა, რომ მომავალშიც იგივე ცოდვა არ ჩაედინა“.

სამოთხის ხილვით ადამი მაინც ახლოს იყო ღმერთთან. იგი ისე შორს არ იყო უფლისაგან, როგორც კაცობრიობის მომდევნო თაობები, რომლებიც მას დაშორდნენ, უფრო მეტიც, მას შეეძლო სულიერად ეხილა და გაეგო, თუ რა დაკარგა. ამიტომაც თქვენ შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რომ ადამი სინანულისა და ჭიდილის მდგომარეობაში იმყოფებოდა. რაკი ერთხელ შესცოდა და დაკარგა პირველქმნილი მდგომარეობა, ახლა ის ნაკლებად ცდუნდება, რადგანაც ხედავს სამოთხეს, რომელიც მან დაკარგა:

„ადამი სამოთხის შესასვლელთან ზის და მხურვალედ დასტირის თავის სიშიშვლეს:

„ჰოი, მე, ცდუნებულს მზაკუარისა მომხიბვლელობით, გაძარცულსა და დიდებისაგან განდევნილს!“



წინა - სარჩევი - შემდეგი