მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი


წიგნი შესაქმისა:
სამყაროს შექმნა და ძველი აღთქმის პირველი ადამიანები
მართლმადიდებლური ხედვა



ნაწილი I
შესაქმის წიგნის წმიდა მამათა განმარტებანი


თავი IV. ადამიანის შექმნა (შესაქმე 1, 26-31; 2, 4-7)


 

1, 26-27. და თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატისაებრ ჩუენისა და მსგავსებისაებრ. და მთავრობდეს თევზთა ზღვისათა და მფრინველთა ცისათა, და პირუტყვთა და მხეცთა და ყოვლისა ქუეყანისა და ყოველთა ქუეწარმავალთა ქუეყანასა ზედა. და შექმნა ღმერთმან კაცი. ხატებად ღმრთისა შექმნა იგი. მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი.

როგორც ვხედავთ, ექვსი დღის ქმნადობა არის წმიდა სამების მოქმედება, სახელდობრ, მამა ბრძანებს „იქმენინ“ და ძე ქმნის.

თუმცა, ადამიანის შექმნის დროს, წმიდა სამების პირებს შორის ერთგვარი მსჯელობაა. ამის შესახებ წმ. ბასილი წერს:

ვქმნეთ კაცი... ეს სიტყვა ვქმნეთ ჯერ არ ყოფილა გამოყენებული, რომელიმე უკვე შექმნილი არსებისათვის; სინათლე იქმნა მარტივი ბრძანებით: თქუა ღმერთმან: იქმენინ ნათელი! შეიქმნა ცა და არ ყოფილა მსჯელობა ცათა გამო. აი, ადამიანი ჯერ კიდევ არ არის და მასზე მსჯელობა მიმდინარეობს. ღმერთმა არ თქვა ისე, როგორც სხვა არსებების შექმნისას: „და იქმენინ კაცი!“ ჩაწვდი ღირსებას, რომელიც შენ გეკუთნის. შენი წარმოქმნა მას ბრძანებით არ გამოუწვევია, არამედ ჯერ იმსჯელა, რათა ცნობილი ყოფილიყო, თუ როგორ შეექმნა ეს ცოცხალი არსება, პატივის ღირსი...

რატომ არ თქვა ღმერთმა: იქმენინ, არამედ ვქმნეთ? ეს იმისთვის, რომ შენ ჩასწვდე მის ხელმწიფებას. მას სურს, რომ ოდეს მზერას მამას მიაპყრობ, არ უარყო ძე; მას სურს, რათა შენ იცოდე, რომ მამამ შექმნა ძით, და რომ ძემ შექმნა მამის ნებით, და რომ შენ უნდა ადიდო მამა ძეში და ძე სულიწმიდაში... (მაგრამ) მან არ თქვა „და შექმნეს“, რათა შენ არ გქონოდა მრავალღმერთობის საბაბი.“ (თარგმნილია ინგლისურიდან. წმ. ბასილი, on the origin of man, 1;3-4 გვ. 171-175).

ამის მსგავსად ამბობს წმ. იოანე ოქროპირიც:

„ცის შექმნისას რატომ არ ითქვა შევქმნათ, არამედ იქმენინ სამყარო, იქმენინ ნათელი და ასე – შესაქმის ყოველი ნაწილის შესახებ; და მხოლოდ აქ არის დამატებული შევქმნათ რითაც გამოხატულია, ბჭობა, განგებულება და შეტყობინება სხვისადმი, ვინც მისი თანაბრადღირსია. ასეთი ვინ უნდა შეიქმნას, რომელსაც ასეთი პატივი მიეგება? ეს არის ადამიანი – დიადი და საოცარი ცოცხალი არსება და ღმერთისთვის ყოველივე ქმნილებაზე უძვირფასესი იყო ბჭობა, განგებულება და შეტყობინება, თუმცა, არა იმიტომ, რომ ღმერთს ბჭობა ესაჭიროება, არამედ იმისათვის, რათა თვით გამოხატვის ხერხით გვაჩვენოს შესაქმნელის ღირსება...

ვინ არის იგი, ვისაც ღმერთი ეუბნება: ვქმენთ კაცი? ეს გახლავთ საკვირველი მრჩეველი, ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა, მშვიდობის მეუფე (ესაია 9, 6), თავად მხოლოდშობილი ძე ღმრთისა. სწორედ მას ეუბნება იგი ვქმნეთ კაცი ხატად ჩუენდად და მსგავსად. ის კი არ უთქვამს „ჩემსა და შენს მსგავსად“ ან „ჩემსა და თქვენს მსგავსად“ არამედ ხატად ჩუენდად, მიუთითებს რა ერთ ხატებას და ერთ მსგავსებას“ (რვა სიტყვა შესაქმის წიგნზე, II, 1-2, გვ. 735-737).

წმ. გრიგოლი ღვთისმეტყველი პოეტურად საუბრობს ადამიანის შექმნის შესახებ, როგორც ღმერთის მიერ უკვე შექმნილ უმაღლეს და უმდაბლეს სამყაროთა ნარევზე. თავდაპირველად „ღმერთმა შექმნა გონიერი სამყარო (ე.ი. გონიერ არსებათა ანგელოზთა სამყარო – მამა სერაფიმეს შენიშვნა), რამდენადაც შემიძლია ამის შესახებ სიბრძნისმოყუარება, მცირედი გონებით განვჭვრიტო დიადი. ვითარცა ის პირველქმნილებანი ღვთისათვის სათნო გახლდათ, ხოლო განიზრახა სხვა სამყარო საგნობრივი და ხილული; და ესე არს მწყობრი შემადგენლობა ცის, ქუეყანისა და იმ ყველაფრის, რაც მათ შორის არის; საკვირველი თითოეული საგნის მშვენიერ თვისებებით და კიდევ უფრო გასაოცარი მწყობრი თანმიმდევრობით და მთლიანობის ურთიერთშეხამებით, სადაც ერთი მეორისადმი და ყოველივე ყოველივესადმი მშვენიერ თანაფარდობაშია... ესრეთ ღმერთმა გვაჩვენა, რომ მას ძალუძს, შექმნას არა მხოლოდ მსგავსი (ე.ი. ანგელოზთა უხილავი სამყარო მამა სერაფიმეს შენიშვნა), არამედ თავისთვის საერთოდ უცხო არსი.

ღვთის მსგავსი გახლავთ ნება გონიერი და მხოლოდ გონებით მიღწევადი, ხოლო ის არსებანი, რომლებიც გრძნობებს ემორჩილებიან მისთვის საერთოდ უცხოა, ღვთაებრივი არსისაგან კიდევ უფრო შორს არიან უსულო და უძრავი ქმნილებანი.

ამრიგად, გონება და გრძნობა, ერთმანეთისაგან აგრერიგად განსხვავებულნი, დაფუძნდნენ თავიანთ საზღვრებში და თვისით გამოხატეს შემოქმედი სიტყვის სიდიადე, როგორც დიდშვენიერების უტყვმა მაქებლებმა და ცხადადმეტყველმა მქადაგებლებმა. მაგრამ ჯერ კიდევ არ იყო გონებისა და გრძნობის შერევა, უთიერთსაწინააღმდეგოთა შეხამება უმაღლესი სიბრძნის ასეთი მცდელობა, ჯერ კიდევ არ იყო აღმოჩენილი არსებათა შექმნის ასეთი გულუხვობა და სახიერების ყველა სიმდიდრე. ინება რა შისი ჩვენებაც, მხატვრის სიტყვა ქმნის ცოცხალ არსებას, რომელშიც გაერთიანებულია ერთიცა და მეორეც, ე.ი. უხილავი და ხილული ბუნება ქმნის ადამიანს, და უკვე შექმნილი მასალიდან იღებს სხეულს, ხოლო თვისგან ანიჭებს სიცოცხლეს (რაც საღვთო სიტყვაში ცნობილია ღმერთის სულისა და ხატების სახელით), ქმნის თითქოსდა ერთგვარ მეორე სამყაროს, მცირეში დიადს; დედამიწაზე სხვაგვარ ანგელოზს აწესებს, სხვადასხვა სახეობებისგან შედგენილ თაყვანისმცემელს, ხილულ არსებათა მხედველს, გონითმჭვრეტელ არსებათა მესაიდუმლეს, დედამიწაზე არსებულის მეფეს, სამეფოს მთის მორჩილს, მიწიერსა და ზეციურს, დროებითსა და უკვდავს, ხილულსა და გონითსაჭვრეტელს, ანგელოზს, რომელიც სიდიადესა და სიმდაბლეს შორის არის, ერთი და იგივეა სულიცა და სხეულიც – სული სახიერების გამო, სხეული ზესთა ასამაღლებლად; სული, რათა ეგოს და განადიდოს ქველმოქმედი, სხეული, რათა იტანჯოს და ტანჯვისას გაიხსენოს და ისწავლოს რაოდენ გამდიდრებულია იგი სიდიადით, ქმნის ცოცხალ არსებას აქ განმზადებულს, მაგრამ სხვა სამყაროში გადასახლებულს (რაც საიდუმლოს დასასრულია); იგი ღმერთისკენ მისწრაფებით განმღრთობას მიაღწევს“ (მეორე სიტყვა სააღდგომოდ, თავი 6-7, გვ. 127-128).

რა არის ღვთის ხატება? წმ. მამები აღნიშნავენ ადამიანში არსებულ ღვთის ხატების სხვადასხვა მხარეს. ერთნი მიუთითებენ ადამიანის მბრძანებლობას უმდაბლეს ქმნილებებზე (რომლის შესახებაც შესაქმის წიგნში სპეციალურად აღინიშნება); სხვები მის გონიერებას; მაშინ როდესაც მესამენი მის თავისუფლებას. განსაკუთრებით მკაფიოდ ღვთის ხატების მნიშვნელობას წმ. გრიგოლი ნოსელი აღნიშნავს:

„იგი ქმნის კაცთა სიცოცხლეს, არა სხვა რაიმეს გამო, არა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი სახიერია, არამედ, არის რა სახიერი და ამის გამო ისწრაფვის ადამიანის ბუნების შექმნას, იგი გვიჩვენებს თვისი სახიერების ძალას არა ნაკლულად - როდესაც გასცემენ რაიმეს საკუთარი საგანძურიდან, მაგრამ თანაზიარობაზე კი უარს ამბობენ. პირიქით, სახიერების სრულყოფილება იმაში მდგომარეობს, რომ ამოიყვანოს კაცი უმყოფობიდან მყოფობაში და გახადოს იგი ყოვლადკეთილი. სიკეთეთა დაწვრილებითი ჩამონათვალის სიდიდის გამო, მას რიცხვით ვერ მოიცავ. ამიტომ უფალმა თავად ერთიანად აღნიშნა ეს ყოველივე, როცა თქვა, რომ ადამიანი შექმნილია ღვთის ხატებად. ეს ხომ იგივეა, რომ თქვა, ადამიანი შექმნილია ყოველგვარ სიკეთესთან თანაზიარობის ბუნებით. თუკი ღმერთი სიკეთეთა სისრულეა, ხოლო კაცი - მისი ხატი, მაშინ ხატი სწორედ იმით ჰგავს პირველსახეს, რათა ყოველგვარი სიკეთით აღსავსე იყოს“ (ადამიანის განწესებულების შესახებ, თავი 16).

რითი განსხვავდება „ხატი“ და „მსგავსება“ ღმერთისა ადამიანში? წმ. მამები გვიხსნიან, რომ ხატი მოცემული გვაქვს მთლიანად და შეუძლებელია დაიკარგოს. მსგავსება კი თავიდან მოცემული იყო მხოლოდ, როგორც შესაძლებლობა და ადამიანს თვითონ უნდა ეღვაწა, რათა მიეღწია სრულყოფილებისათვის (ამაში). წმ. ბასილი დიდი გვასწავლის:

„ვქმნედ კაცი ხატად ჩუენდა და მსგავსად.“ ჩვენ ვფლობთ ერთს შექმნით, მეორეს კი შევიძენთ თავისუფალი ნებით. თავდაპირველი მოწყობით ჩვენ გვებოძა ღვთის ხატად დაბადება, თავისუფალი ნებით კი ყალიბდება ჩვენში არსება მსგავსად ღვთისა... ვქმნეთ კაცი ხატად ჩუენდა: დაე, ფლობდეს ქმნილებას, რაც არის ხატად, მაგრამ დაე, გახდეს იგი აგრეთვე მსგავსების შესაბამისი. ღმერთმა მოგვცა საამისო ძალა; მას რომ შენ აგრეთვე მსგავსად შეექმენი, რა იქნებოდა შენი უპირატესობა? რატომ იქნებოდი პატივის მიმღები? და თუ შემოქმედი ყველაფერს მოგცემდა, როგორღა გაიხსნებოდა შენთვის ცათა სასუფეველი? მაგრამ უფრო სწორია, რომ ერთი ნაწილი მოგეცემა, მაშინ როდესაც მეორე დატოვებულია დაუსრულებლად: ეს იმიტომ არის რომ შენ შეძლო თავად დაასრულო იგი და ღვთისაგან მოძღვნილი ძღვენის ღირსი გახდე“ (On the Origin of Man, 1:16-17, გვ 207-211).

თვით შესაქმის წიგნის ნაწყვეტში, რომელიც ადამიანის შექმნას აღწერს, ნათქვამია, რომ ღმერთმა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა იგინი. ხომ არ არის ეს განსხვავება ღვთის ხატების ნაწილი? მღვდელმთავარი გრიგოლ ნოსელი გვიხსნის, რომ წმიდა წერილი აქ ადამიანის ორგვარად შექმანას გულისხმობს (Об устроении человека, თავი 16,17.): „რაღაცა მოხდა ხატების მიხედვით, რაღაც - სალმობიერად. ნათქვამია შექმენი ღმერთო, ადამიანი, ღვთის ხატებად შექმენი იგი. ხატების მიხედვით შექმნა დასრულდა. შემდეგ მეორდება სიტყვა აგებულების შესახებ; მამაკაცად და დედაკაცად შექმნა იგინი. ვფიქრობ, ყველა ხედავს, რომ აქ პროტოტიპად იესო ქრისტე არ იგულისხმება, როგორც მოციქული ამბობს: არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა (გალ. 3, 28). მაგრამ წმ. წერილი ამბობს, რომ ადამიანი დაყოფილია მამრობით და მდედრობით სქესად. მაშასადამე, ჩვენი ბუნების მოწყობა როგორღაც ორგვარია: ერთი მასში ღვთაებრივს ემსგავსება, ხოლო მეორე გაყოფილია ამ განსხვავებით. ხომ რაღაც ამისთანაზე მიანიშნებს წმ.წერილი იმ თანმიმდევრობით, როგორც წერილ არს, როდესაც თავიდან ამბობს და შექმნა ღმერთმან კაცი ხატად ღმრთისა, ხოლო შემდეგ კი ამატებს: მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი, რაც განსხვავდება ღმერთის შესახებ ჩვენი ცოდნისგან. ამიტომ ვფიქრობ, რომ საღვთო წერილით ისწავლება რაღაც დიადი და ამაღლებული. ასეთია ეს სწავლება. ადამიანური ბუნება საშუალოა ერთმანეთისგან დაშორებულ ორ უკიდურესობას შორის, ღვთაებრივ და უსხეულო ბუნებასა და უტყვ და ცხოველურ სიცოცხლეს შორის. (ეს ჩვენს მიერ უკვე ნახსენები წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის წარმოდგენის მსგავსია. — მამა სერაფიმეს შენიშვნა). ხომ შესაძლებელია, რომ ადამიანში ერთიც და მეორეც შევამჩნიოთ: ღვთაებრივისგან მეტყველი და გონიერი, რაც არ უშვებს მამაკაცად და დედაკაცად დაყოფას, სხეულის აგებულება და განლაგება, ხოლო უტყვისაგან რომელიც მამაკაცად და დედაკაცად არს დაყოფილი. აქედან ხომ ერთიცა და მეორეც აუცილებლად არის ყოველივეში, რაც ადამიანის სიცოცხლესთანაა დაკავშირებული მაგრამ, როგორც ადამიანის წარმოშობის თანმიმდევრობის შესახებ მოთხრობილიდან გავიგეთ, მასში პირველია გონიერი საწყისი, მაგრამ, ამასთან ერთად, ადამიანს მიცემული აქვს ურთიერთობა და თვისტომობა უტყვ არსებებთან...

... ყოველივეს მყოფობაში მომყვანი და საკუთარი ნებით მთელი ადამიანის ჩამომყალიბებელი თავის ხატად. უფალმა წინასწარ განჭვრიტა, რომ თავისი ნებით იგი (ე.ი. ადამიანის ბუნება) პირდაპირი გზით არ წავა მშვენიერებისაკენ და ამიტომ ჩამოშორდება ანგელოზურ ცხოვრებას; მაშინ, რათა ადამიანთა სულების სიმრავლე არ შემცირდეს იმ თვისების დაკარგვით, რომლითაც ანგელოზები მრავლდებიან, მან ბუნებაში გამრავლების ისეთი წესი მოაწყო, რომელიც ცოდვისკენ დაცემას შეესაბამება, ანგელოზური კეთილად შობის ნაცვლად ადამიანში ურთიერთმემკვიდრეობის ცხოველური, უტყვი ხერხი ჩანერგა. (ე.ი. ადამიანის მთელი სქესობრივი ფუნქცია განიხილება როგორც ცხოველური ქმნილებიდან აღებული. თავიდანვე არ იყო ჩაფიქრებული, რომ ასე ყოფილიყო).

ამრიგად, ღმერთის ხატს, რომელიც, როგორც წმ. მამები ასწავლიან, უნდა ვეძებოთ ადამიანის სულში და არა სხეულში, არა აქვს რაიმე კავშირი მამაკაცად და დედაკაცად განცალკევებასთან ადამიანის ღვთაებრივ იდეაში. ადამიანში, შეიძლება ითქვას, როგორც ცათა სასუფეველის მოქალაქისა, არ არის განსხვავება მამაკაცსა და დედაკაცს შორის (ქმარსა და ცოლს შორის); მაგრამ ღმერთმა, რომელმაც წინასწარ იცოდა, რომ ადამიანი დაეცემოდა, მოაწყო ეს განსხვავება, რაც მისი მიწიერი არსებობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

სქესობრივი ცხოვრების რეალობა ადამიანის ცოდვით დაცემამდე არ გამოვლენილა შესაქმის ნაწყვეტის კომენტირებისას: ხოლო ადამ იცნა ევა, ცოლი თვისი, და მიდგომილმან შვა კაინ (შესაქმ. 4, 1) ეს ცოდვით დაცემის შემდეგ მოხდა წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: „ურჩობისა და სამოთხიდან განდევნის შემდეგ იწყება ცოლ-ქმრული ცხოვრება. ურჩობამდე პირველი ადამიანები ისე ცხოვრობდნენ, როგორც ანგელოზები და საუბარიც არ იყო თანამეცხედრეობაზე. ან როგორ იქნებოდა, რაკიღა მათ ფიზიკური მოთხოვნილებები არ გააჩნდათ? ამრიგად, თავდაპირველად სიცოცხლე ქალწულებრივი იყო; ხოლო, როდესაც პირველ ადამიანთა უდარდელობის გამო გაჩნდა ურჩობა და სამყაროში ცოდვა შემოვიდა, ქალწულობამ დატოვა ისინი, როგორც უღირსნი ასეთი დიდი სიკეთისა და მის ნაცვლად მეუღლეობის კანონი დამკვიდრდა“ (Беседы на книгу Бытия, XVIII, 4, გვ. 160-161.)

ღირსი იოანე დამასკელი კი ასე წერს: „სამოთხეში ქალწულობა ჰყვაოდა... დანაშაულის შემდეგ ქორწინება იმისთვის იქნა გამოგონილი, რომ კაცობრიობა არ აღგვილიყო პირისაგან მიწისა და პირისაგან მიწისა და არ განადგურებულიყო სიკვდილით, რათა შვილთსხმის მეშვეობით შენარჩუნებულიყო ადამიანთა მოდგმა. მაგრამ, შეიძლება იკითხოთ: – კი მაგრამ, რას ნიშნავს: მამაკაცად და დედაკაცად... და აღორძინდით და განმრავლდით? – ამაზე ჩვენ ვიტყვით, რომ აღორძინდით და განმრავლდით არ ნიშნავს მაინცადამაინც აუცილებლად ქორწინებით გამრავლებას; რამეთუ ღმერთს ადამიანთა მოდგმა სხვა ხერხითაც შეეძლო გაემრავლებინა, მათ რომ ბოლომდე დაურღვეველად შეენარჩუნებინათ უბიწოება. მაგრამ ღმერთმა, რომელმაც თავისი წინასწარმჭვრეტელობის წყალობით ყოველივე წინასწარ უწყოდა (დან. 13, 42), იცოდა, რომ ისინი დანაშაულს ჩაიდენდნენ და დაისჯებოდნენ, ამიტომ ადამიანი წინასწარვე მამაკაცად და დედაკაცად შექმნა და აღორძინება და გამრავლება უბრძანა მათ (Toчнoe изложение Православной вepы, IV, 24, გვ.260-261).

როგორც ვხედავთ (ამას მოგვიანებითაც ვნახავთ), ცოდვით დაცემამდე ადამიანი, სხვა ქმნილების მსგავსად, - განსხვავდებოდა მისი შემდგომი მდგომარეობისგან, თუმცა ღვთაებრივი წინასწარმჭვრეტელობის წყალობით ამ ორ მდგომარეობას შორის მემკვიდრეობითობა არსებობს.

თუმცა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ რომელიმე წმ. მამა ქორწინებას „აუცილებელ ბოროტებად“ მიიჩნევდეს ან არ მიიჩნევდეს მას ღვთივკურთხეულად. ჩვენს დღევანდელ დაცემულ მდგომარეობაში ისინი ქორწინებას კეთილ საქმედ განიხილავენ, მაგრამ ეს კეთილი საქმე მეორადია ქალწულობის უმაღლესი მდგომარეობის შემდეგ, რომელშიც ადამი და ევა ცოდვით დაცემამდე იმყოფებოდნენ და რომელსაც დღესაც იზიარებენ ისინი, ვინც მისდევს პავლე მოციქულის რჩევას, ყოფილიყვნენ ვითარცა მე (1 კორ. 7, 8). წმ. გრიგოლ ნოსელი, სწორედ ის მამა, რომელიც ასე ნათლად გვასწავლის, რომ ქორწინება დასაბამს ჩვენს ცხოველებთან თვისტომობიდან იღებს, ასევე იცავს ქორწინებას. ტრაქტატში „ქალწულების შესახებ“ იგი წერს:

„არავინ უნდა იფიქროს, რომ ჩვენ უარვყოფთ ქორწინებას: რამეთუ ჩვენ ვიცით, რომ არც იგია მოკლებული ღმერთის კურთხევას. ჩვენ კი ქორწინების შესახებ ვფიქრობთ, რომ მავანმა ღვთაებრივზე ფიქრი და ზრუნვა უნდა ამჯობინოს, მაგრამ არ უნდა ეზიზღებოდეს ის ადამიანი, ვისაც შეუძლია თავშეკავებულად და ზომიერად იცხოვროს ქორწინებაში...

... მათ, ვინც ქრისტეს უბრუნდება, პირველ რიგში ქორწინება უნდა დატოვონ, როგორც ერთგვარი უკანასკნელი თავშესაფარი, რაოდენცა იგი ხდება უკანასკნელი საზღვარი ჩვენსა და სამოთხეს შორის“ (ქალწულობის შესახებ, თავი 8, 12, თხზულებანი, ნაწ. 7, 1868, გვ. 323, 326, 347).

1. 28; და აკუთხა იგინი ღმერთმან, მეტყუელმან: აღორძინდით და განმრავლდით და აღავსეთ ქუეყანა და ეუფლენით მას და ჰმსთავრობდით თევზთა ზღვისათა და ყოველთა პირუტყვთა და ყოველსა ქუეყანასა და ყოველთა ქუეწარმავალთა ქუეყანასა ზედა.

აღორძინდით და გამრავლდით. - იმავე სიტყვებით უფალმა უკვე წყლის ბინადარი ქმნილებებს მიმართა (შესაქმე 1, 22). ისინი ადამიანის უმდაბლეს ქმნილებებისადმი მსგავსებასა და, ცოდვით დაცემის შედეგად, მათი სქესობრივი გზით გამრავლების უნარზე მიუთითებენ. მაგრამ ამ სიტყვებში უფრო ღრმა აზრია. წმ. ბასილი წერს:

„არის აღორძინების ორი გზა: სხეულისა და სულის სულის აღორძინება არის გამგებლობის განვითარება სრულყოფის მიზნით; სხეულისა განვითარება ნორმალური აგებულებისკენ.

უფალმა ცხოველებს, რომელთაც წართმეული აქვთ გონიერება, სხეულებრივი განვითარების შესაბამისად უთხრა აღორძინდით, რათა დასრულებულიყო მათი ბუნება. მაგრამ ჩვენ გვითხრა აღორძინდით, ადამიანის შიდა ბუნების შესაბამისად, თანახმად კეთილწარმატებულობისა, რომელსაც ღმერთთან მივყავართ. ეს ის არის, რასაც პავლე აკეთებდა უკანასა მას დავივიწყებ და წინასა მას მივსწუდები (ფილიპ. 3, 13). ასეთია სულიერი აღორძინება. განმრავლდით. ეს კურთხევა ეკლესიას ეხება. და ნუ იქნება ღვთაებრივი სიტყვა ერთადერთი პიროვნებით შეზღუდული, არამედ, დაე, იქადაგონ სახარება ცხონებისა მთელს დედამიწაზე. განმრავლდით: ვის ეხება ეს ბრძანება? მათ ვინც სახარების შესაბამისად ბადებს...

ამრიგად, ეს სიტყვები თანაბარი წარმატებით ეხება ცხოველებს, უგონოთ, მაგრამ ისინი იძენენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას, როდესაც საქმე გვაქვს არსებასთან, რომელიც შექმნილია მის ხატად, ვისაც ვეთაყვანებით“ (On the Origin of Man, ll,5, გვ. 235-239).

ამასთან, ადამიანი უნდა ფლობდეს არა მხოლოდ გარეგნულ ქმედებას, არამედ მასში მთვლემარე ნადირთა მსგავს ვნებებსაც. წმ. ბასილი წერს:

„შენ ფლობ ნადირთა ყოველივე სახეობას. მაგრამ, იტყვი შენ, განა ჩემში არ არის ნადირი? არიან მრავლად. ეს მართლაც ასეა, ნადირთა უზარმაზარ რაოდენობას ატარებ საკუთარ თავში ნუ გეწყინება. ხომ არ არის მცირედი რისხვა მძვინვარე მხეცი, რომელიც შენს გულში ყეფს? უფრო ველური ხომ არ არის ვიდრე ნებისმიერი ძაღლი? და განა ტყუილი, მუხანათ სულში რომ მიძვრება, უფრო ვერაგი არ არის, ვიდრე ველური დათვი? რა სახის ნადირი არ არის ჩვენში? შენ იყავ შექმნილი, რათა ფლობდე; შენ ხარ ვნებათა მეუფე, ნადირთა მბრძანებელი, ქვეწარმავალთა მბრძანებელი, ფრინველთა მბრძანებელი.. იყავ მბრძანებელი შენს საკუთარ აზრთა, რათა გახდე მბრძანებელი ყოველი არსებისა. ამრიგად, ჩვენთვის ბოძებული ძალაუფლება ცოცხალ არსებათა მეშვეობით გვამზადებს, რათა განვახორციელოთ ბატონობა საკუთარ თავზე“ (On the origin of Man, 1,19, გვ. 217-221).

მხეცური ვნებები ჩვენშია ცოდვით დაცემით ცხოველებისადმი ჩვენი მსგავსების გამო. წმ. გრიგოლ ნოსელი წერს:

„მაგრამ ვინაიდან ამა სოფელში უტყვთა ცხოვრებაც გაჩნდა, ხოლო ადამიანმა აღნიშნული მიზეზის გამო ასეთი ბუნებიდანაც აიღო ნაწილი – მე ვსაუბრობ დაბადების შესახებ ამიტომ, იგი გახდა თანამონაწილე დანარჩენისა, რაც იმ ბუნებაშია. ადამიანის ღვთაებისადმი მსგავსება (უპირატესი ბუნება) არც მრისხანებით და არც კმაყოფილებით არ გამოირჩევა; ხოლო სიმხდალე და თავხედობა, მეტის სურვილი და სიმდაბლის სიძულვილი და სხვა მისთანანი შორს არის ღვთივშვენიერი თვისებებისგან. ასე რომ, ეს ყოველივე ადამიანურმა ბუნებამ უტყვი ნაწილისაგან დაიმატა“ (ადამიანის აგებულების შესახებ, Об yстроении человека, თავი 18).

ეს არის ძალიან ღრმა სწავლება. ადამიანები, რომლებსაც ევოლუციის იდეები სწამთ, ამბობენ: „ადამიანები მაიმუნებისაგან წარმოიშვნენ; მაშასადამე თქვენ პირუტყვისმაგვარი არსება ხართ“. აქ რაღაც მსგავსზეა საუბარი: ჩვენ ერთიან ქმნილებას წარმოვადგენთ, ნაწილობრივ ზეციური, ნაწილობრივ მიწიერი. მიწიერის მხრივ ღმერთმა დაუშვა გამრავლების პირუტყვის მსგავსი ხერხი; აი რატომ ვხედავთ საკუთარ თავში ამდენ ცხოველურ თვისებას, როდესაც ვნებებს ჩვენი მართვის ნებას ვაძლევთ. ეს „ცხოველები“ ჩვენს შიგნით არიან, მაგრამ ჩვენ ზეციური ბუნებაც გვაქვს, რომლისკენ დაბრუნებისთვისაც ვიღწვით.

1, 29-30. და თქუა ღმერთმან: აჰა მიგეც თქუენ ყოველი თივა სათესავი მთესველი თესლისა, რომელ არს ზედა ყოვლისა ქუეყანასა. და ყოველი ხე, რომელსა აქუს თავსა შორის თვისსა ნაყოფი თესლისა სათესავი, თქვენდა იყოს საჭმლად და ყოველთა მხეცთა ქუეყანისათა და ყოველთა მფრინველთა ცისათა და ყოვლისა ქუეწარმავალისა, რომელი ვალს ქუეყანასა ზედა, რომელსა აქუს თავსა შორის თვისსა სული სიცოცხლისა და ყოველი თივა მწვანვილისა საჭამადად. და იქმნნა ეგრეთ.

აქ იმაზეა ლაპარაკი, რომ თავიდან, როდესაც მიწა და მასზე მცხოვრები ცხოველები ჯერ კიდევ ახალი იყო და ადამიანი - უცოდველი, არა მარტო ადამიანებს, ცხოველებსაც საკვებად მხოლოდ მწვანე ბალახი ჰქონდათ მიცემული. ნადირთათვის არ იყო გათვალისწინებული და თავიდან არც იყვნენ ხორცისმჭამელნი. ამის შესახებ წმ. ბასილი ამბობს.

„დაე, ეკლესია ნურაფერს ითაკილებს: ყოველივე არის კანონი. ღმერთს არ უთქვამს: „მე თქვენ მოგეცით თევზი და სანოვაგე, მე მოგეცით თქვენ საქონელი, ქვეწარმავალნი, ოთხფეხები.“ ამისთვის არ შეუქმნია უფალს ისინი, ამბობს წმ.წერილი. მართლაც, პირველქმნილი კანონი ნაყოფის მიღების ნებას იძლეოდა, რამეთუ ჩვენ ჯერ კიდევ სამოთხის ღირსად ვითვლებოდით.

რა საიდუმლოებაა შენს გონებაში ამით შთაბეჭდილი?

შენ, გარეულ ცხოველებსა და ფრინველებს, წმიდა წერილი, – მოცემული გაქვთ ნაყოფი, მცენარეულობა და ბალახეული... თუმცაღა, მრავალ გარეულ ცხოველს ვხედავთ, რომლებიც არ ჭამენ ნაყოფს. რომელ ნაყოფს მიირთმევს ავაზა, რათა იკვებოს? რომელი ნაყოფით შეძლებს ლომი დაკმაყოფილებას?

მიუხედავად ამისა, ეს არსებანი, ემორჩილებოდნენ ბუნების კანონებს და ნაყოფით იკვებებოდნენ. მაგრამ როდესაც ადამიანმა შეცვალა თავისი ცხოვრების წესი და გადალახა მისთვის განკუთვნილი ზღვარი, უფალმა წარღვნამდე იცოდა, რომ ადამიანები დაუძლურებულნი იყვნენ და მათ ნებისმიერი საკვების მიღების ნება დართო: ვითარცა მხალი თივისა, მიგცენ თქუენ ყოველნი (შესაქმ. 9, 3). ამ ნებართვით სხვა ცხოველებმაც მიიღეს ყველაფრის ჭამის უფლება.

მას შემდეგ ლომი ხორცისმჭამელია, იმავე დროიდან სვავი ლეშს ეძებს, რამეთუ სვავნი ჯერ კიდევ არ მიმოხედავდნენ დედამიწას მაშინ, როდესაც გაჩნდნენ ცხოველები; მართლაც, არაფერი სახელდებული ან არსებული ჯერ არ მომკვდარიყო, რათა სვავს მისი შეჭმა შესძლებოდა. ბუნება ჯერ არ გაყოფილიყო, რამეთუ იგი ჯერ სულ მთლად კიდევ ქორფა იყო; მონადირეები არ ნადირობდნენ, რამეთუ ეს ჯერ კიდევ არ იყო ადამიანთა წეს-ჩვეულებებში; ნადირნი, თავის მხრივ, ჯერ კიდევ არ გლეჯდნენ თავის ნადავლს, რამეთუ ისინი არ იყვნენ ხორცისმჭამელნი... არამედ ყველანი მისდევდნენ გედთა ცხოვრებას, და ყველანი მდელოზე ბალახს წიწკნიდნენ...

ასეთი იყო პირველი ქმნილება, და ასეთივე იქნება (შემდეგ) აღდგომა. ადამიანი დაუბრუნდება თავის ძველ წესრიგს, უარყოფს ბოროტებას, სიცოცხლეს დარდით დამძიმებულს, სულის მონობას ძველთა წუხილთა გამო. როდესაც იგი ხელს აიღებს ყოველივე ამაზე, მაშინ დაუბრუნდება სამოთხის ცხოვრებას, რომელიც არ იყო დამონებული სხეულის ვნებებით, რომელიც თავისუფალია და სიცოცხლეა ღმერთთან სიახლოვეში, თანაზიარი ანგელოსთა საცხოვრებელისა“ (On the Origin of Man, V, 6-7, გვ. 239-245).

უნდა აღინიშნოს, რომ პირველ ქმნილებათა ცხოვრება არ არის ცხოვრება სამოთხისა, რომელშიც ადამიანი ჯერ კიდევ არ იყო შეყვანილი; ეს არის დედამიწის ცხოვრება სამოთხის გარეთ, სადაც ღმერთის კურთხევით ადამიანი ცოდვით დაცემის შემდეგ ცხოვრობს. ღირსი ეფრემ ასური ამის შესახებ ამგვარად წერს:

„ღმერთმა აკურთხა პირველშობილნი დედამიწაზე, იმიტომ რომ, ჯერ კიდევ მანამ, სანამ მათ სცოდეს, მოუმზადა მათ დედამიწა და სამკვიდრებელი; რამეთუ ღმერთმა მანამდე იცოდა, რომ ისინი შესცოდებდნენ... ხოლო (ადამიანი) სამოთხეში ჩასახლებამდე დედამიწაზევე აკურთხა, რათა სახიერების წინმსწრები კურთხევით, შეესუსტებინა წყევლის ძალა, რომლითაც მალე მართლაც დასაჯა დედამიწა“ (Toлкование на книгу Бытия, თავი 1, გვ. 227).

ამრიგად, თავიდან, ადამიანის ცოდვით დაცემამდე, მთელი დედამიწა ერთგვარ სამოთხესავით იყო. ღირსი სიმონ ახალი ღვთისმეტყველი გვასწავლის:

„ღმერთმა დასაბამით, მანამ, სანამ გააშენა სამოთხე და გადასცა იგი პირველქმნილთ, ხუთ დღეში მოაწყო დედამიწა და ყოველივე რაც აქ არის; ცანიც და ყოველივე, რაც მათშია; და მეექვსე დღეს მან შექმნა ადამი და მოათავსა იგი, როგორც ბატონი და მეფე ყოველივე ხილული ქმნილებისა.тმაშინ ჯერ კიდევ არ იყო სამოთხე. მაგრამ ეს სოფელი ღმერთისგან იყო, როგორც ერთგვარი სამოთხე, თუმცა კი იგი საგნობრივი და გრძნობადი გახლდათ... ღმერთმა გადასცა იგი ადამისა და მისი შთამომავლობის ძალაუფლებას; როგორც საღვთო წერილი ამბობს (შესაქმე 1, 26-30). თავიდან ღმერთმა ადამიანს გადასცა მთელი ეს სოფელი, როგორც ერთგვარი სამოთხე. ადამი შეიქმნა უხრწნადი სხეულით, თუმცა ნივთიერი და ჯერ კიდევ არა სულიერი და შემოქმედმა ღმერთმა განაწესა იგი, როგორც უკვდავი მეფე უხრწნადი ქვეყნისა, არა მხოლოდ სამოთხისა, არამედ ყოველივე შექმნილისა, რაც კი ცისქვეშეთში არსებობდა... მთელი ეს ქმნილება თავიდან უხრწნადი გახლდათ და შეიქმნა ღმერთის მიერ სამოთხის მსგავსად. მაგრამ მოგვიანებით ღმერთმა იგი გახადა ხრწნადი და ძლეული კაცთა ამაოებით“ (რომ. 45, 1,4, The sin of Adam, გვ. 64, 67, 75).

ეს პირველქმნილი სამყაროს შესანიშნავი ხილვა გახლავთ.

1, 31. და იხილნა ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნნა. და აჰა კეთილ ფრიად. და იყო მწუხრი და იქმნა განთიად დღე მეექუსე.

შესაქმის პირველი თავი მთლიანად შექმნის ექვს დღეს ეძღვნება. მეორე თავში ადამიანის შექმნა უფრო დაწვრილებით არის აღწერილი. შეიძლება ითქვას, რომ პირველი თავი ადამიანის მოდგმის შექმნას აღწერს როგორც ამაღლებული აზრით, როგორც ღვთის ხატებას, ისე მის განცალკევებულ, მიწიერ ასპექტს, როგორც მამაკაცსა და დედაკაცს. მეორე თავში განსაკუთრებულად არის გადმოცემული პირველი ადამიანის — ადამისა და პირველი დედაკაცის – ევას შექმნა. მეორე თავში მოხსენებულია აგრეთვე ექვსი დღის ზოგიერთი სხვა ქმნილება, მაგრამ პირველი თავისგან განსხვავებით მკაცრი ქრონოლოგიური თანმიმდევრობის გარეშე. ჩვენ ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რათა თავიდან ავიცილოთ რაციონალური კრიტიკის ელემენტარული შეცდომები, რომელიც პირველ და მეორე თავებს შორის „წინააღმდეგობას“ პოულობს და მიიჩნევს, რომ მათ სხვადასხვა ავტორები ჰყავთ.

2, 4-6. ესე წიგნი შესაქმისა ცისა და ქუეყანისა, ოდეს შეიქმნა, რომელსა დღესა შექმნა ღმერთმან ცაი და ქუეყანა და ყოველი მწუანვილი ველისა პირველ ყოფად ქუეყანასა ზედა და ყოველი თივა ველისა პირველ აღმოცენებად, რამეთუ არა ეწვიმა ღმერთსა ქუეყანასა ზედა და კაცი არა იყო მოქმნად ქუეყანაისა. ხოლო წყარო აღმოვიდოდა ქუეყანისაგან და ჰრწყიდა პირსა ყოვლისა ქუეყანისასა.

აი, სამყაროს მდგომარეობის მოკლე აღწერა ადამიანის გამოჩენის წინ. აქ ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ღმერთის გარეშე არაფერი იქნებოდა, რომ მან მოიყვანა ყოველივე უმყოფობიდან მყოფობაში. წმ. იოანე ოქროპირი ასე განმარტავს ამ ფრაგმენტს:

„როდესაც წმ. წერილი ცისა და ქუეყნის შესახებ საუბრობს, მაშინ ყოველივეს მთლიანობაში გულისხმობს, რაც დედამიწაზე და ზეცაშია. ამიტომ, როგორც ქმნილებათა შორის თხრობის დროს (პირველ თავში) იგი ყოველივეს შესახებ თანმიმდევრობით არ საუბრობს, მაგრამ მოიხსენია რა უმთავრესნი, შემდეგ აღარ გვიყვება ცალ-ცალკე თითოეულის შესახებ; ისევე როგორც, მთელ ამ წიგნს, თუმცა კი იგი მრავალ სხვა რამესაც მოიცავს, უწოდებს მას (წმ. წერილს) შესაქმე ცისა და ქუეყანისა და ჩვენ გვანდობს. დავასკვნათ, რომ ამ წიგნში მოთავსებული უნდა იყოს ყოველივე ხილული, რაც კი ზეცაში და დედამიწაზე. სულიწმიდამ... (გვაჩვენა) ის, - რა მოხდა მანამდე და რა – შემდეგ, ასევე ისიც, რომ დედამიწამ აღმოაცენა თავისი თესლები ღვთის სიტყვითა და ბრძანებით; იწყო შობა და ამისთვის არ სჭირდებოდა არც მზის დახმარება.., არც წვიმის, არც მიწის დამუშავება ადამიანის მიერ, რომელიც ჯერ არც კი იყო შექმნილი. ეს ყოველივე კი იმიტომ არის, რათა ვიცოდეთ, რომ დედამიწას, თვისთა თესლთა აღმოსაცენებლად, არ ესაჭიროებოდა სხვა სტიქიათა დახმარება და მისთვის საკმარისი იყო შემოქმედის ბრძანება“ (Беседы на книгу Бытия, XII, 2, გვ. 95-96).

2, 7. და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი, მტუერისა მიმღებელმან ქუეყანისაგან, და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისა და იქმნა კაცი სულად ცხოველად.

აქ მოცემულია ყველაფერი, რაც შეიძლება ჩვენ ვიცოდეთ ადამიანის შექმნის შესახებ. სრულიად უეჭველია, რომ წმ.მამები „მტუერში“ გულისხმობდნენ ზუსტად მიწის მტვერს; მაგრამ, როდესაც საუბრობენ ღმერთის „ხელებზე, რომლებმაც „აიღეს“ ეს მიწა, მათ სურთ, განსაკუთრებით აღნიშნონ ღმერთის უდიდესი მზრუნველობა და მისი პირდაპირი მოქმედება შექმნის ამ აქტში. ნეტარი თეოდორიტე (ანტიოქიასთან ახლოს მდებარე კირის ეპისკოპოსი, V საუკუნის მამა, წმ. წერილის განმმარტებელი.) წერს:

„როდესაც ჩვენ მოსეს ისტორიაში ვკითხულობთ, რომ ღმერთმა მიწისგან აიღო „მტუერი“ და გამოსახა ადამიანი, და ვეძიებთ მისი სიტყვების აზრს, მაშინ ვპოულობთ ღმერთის ადამიანთა მოდგმისადმი განსაკუთრებულ კეთილგანწყობას. რამეთუ, როდესაც დიდი წინასწარმეტყველი შესაქმის აღწერისას შენიშნავს, რომ სხვა ქმნილებანი ღმერთმა სიტყვით შექმნა, ხოლო ადამიანი თავისი ხელებით გამოსახა... ჩვენ არ ვამბობთ, რომ ღმერთს ხელები აქვს... მაგრამ ვამტკიცებთ, რომ თითოეული ასეთი გამონათქვამი გვაჩვენებს მხოლოდ სხვა ქმნილებებთან შედარებით უფრო დიდ საღვთო მზრუნველობას“. (ციტატა აღებულია წიგნიდან Maкарий митр. Православно-догматическое Благословие, СПб. 1883, თავი 1, გვ. 430-431.)

წმ. ბასილი ამტკიცებს, რომ ეს სიტყვა ხაზგასმით აღნიშნავს, თუ როგორ განსხვავდება ადამიანი თავისი წარმოშობით ცხოველისგან:

„სიტყვა ესე ამბობს, რომ ღმერთმა შექმნა; აქ ის ამბობს, თუ როგორ ქმნიდა ღმერთი. თუკი ამ სიტყვით მხოლოდ ის იქნებოდა ნათქვამი, რომ ღმერთი ქმნიდა, მაშინ შენ შეგეძლო გეფიქრა, რომ მან (ადამიანი) ისევე შექმნა, როგორც ნადირები, ველური ცხოველები, მცენარეები, ბალახი; იმისათვის, რომ შენ თავიდან აგეცილებინა მისი (ადამიანის) ველურ ცხოველთა რანგში მოქცევა, ღვთის სიტყვამ ცნობილი გახადა განსაკუთრებული ხელოვნება, რომელიც ღმერთმა გამოიყენა შენთვის მტუერისა მიმღებლმან ქუეყანისასა (On the Origin of Man, II, 4. გვ. 233). და შემდეგ წმ. მამა გვაჩვენებს განსხვავებას ადამიანის შექმნასა და მის „გამოსახვას“ შორის.

„ღმერთმა შექმნა შინაგანი ადამიანი და „გამოსახა“ („გამოძერწა“) გარეგანი ადამიანი. გამოსახვა (გამოძერწვა) თიხას უხდება, ხოლო შექმნა იმას, რაც ხატის მიხედვით არის შექმნილი. ამრიგად, სხეული გამოსახულ (გამოძერწილ) იქნა, ხოლო სული - შექმნილი“ (იქვე, II, 3, გვ. 233).

ადამიანის შექმნა გვაჩვენებს, როგორც მის სიდიადეს, ისე არარაობას.

„ღმერთმა აიღო მტუერი მიწისა და შექმნა (გამოძერწა) ადამიანი“. ამ სიტყვებში მე აღმოვაჩინე ორი მტკიცება: ის, რომ ადამიანი დიადია და რომ იგი არარაობაა. თუ ერთ ბუნებას შეეხები, იგი არარაობაა და არ გააჩნია რაიმე ღირებულება; მაგრამ თუ იმ პატივს განიხილავ, რომელიც მას მიაგეს, მაშინ ადამიანი დიადი ხდება. თუ იმას განიხილავ, რაც (ღმერთმა) აიღო, მაშინ - რა არის ადამიანი? მაგრამ თუ იმაზე იფიქრებ, ვინც შექმნა იგი, მაშინ, როგორი დიადია ადამიანი! ამრიგად, ერთსა იმავე დროს იგი არაფერია მასალის გამო (რომლითაც შეიქმნა) და დიადია პატივის მიგების მიზეზით“ (წმ. ბასილი, იქვე, II, 2 გვ.229-231).

წმ. მამათა ჩვეულებრივი განმარტებით, ის, რაც შთაბერეს ადამიანს, მისი სულია. წმ. იოანე ოქროპირი წერს:

დაწერილია და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი მტუერსა მიმღებელმან ქუეყანისაგან, და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისა. (მოსე) მეტყველების ასეთ უხეშ ფორმას იმიტომ იყენებს, რომ იმ ადამიანებს ესაუბრებოდა, რომლებსაც არ შეეძლოთ სხვაგვარად გაგება, როგორც ჩვენ შეგვიძლია; და კიდევ გვაჩვენა, რომ ღმერთის კაცთმოყვარებამ ინება, რომ მიწისგან შექმნილი არსება გაეხადა სულის თანაზიარი, რის გამოც ეს ცხოველი ჩინებული და სრულყოფილი გახდა. და შთაბერა, – ამბობს (მოსე), პირსა მისსა სული სიცოცხლისა. ე.ი. შთაბერვამ მიწისაგან შექმნილს სიცოცხლის ძალა მიანიჭა და ასე წარმოიქმნა სულიერი არსება. ამიტომ, (მოსემ) დაამატა კიდეც: და იქმნა კაცი სულად ცხოველად; მტუერისაგან შექმნილმა მიიღო შთაბერვა სიცოცხლის სუნთქვისა იქმნა კაცი სულად ცხოველად. რას ნიშნავს „სულად ცხოველად?“ ეს არის მოქმედი სული, რომელსაც თავისი ნების მორჩილი სხეულის ნაწილები აქვს, როგორც ქმედების იარაღი“ (საუბრები შესაქმის წიგნის შესახებ, XIII, 5, გვ. 99-100).

ღირსი სერაფიმ საროველი ცოტა სხვაგვარად განმარტავს წმ. წერილის ამ ადგილს; მოტოვილოვთან საუბარში იგი ამტკიცებს, რომ ის, რაც მიწის მტუერისაგან შეიქმნა, მთლიანად სრულფასოვანი ადამიანი იყო – სხეული, სამშვინველი, სული (აქ „სული“ სამშვინველის უმაღლესი ნაწილია) ხოლო ის, რაც შთაბერა (ღმერთმა) ამ არსებაში, გახლდათ სულიწმიდის მადლი. (ს. ნილუსი, დიადი მცირეში, C. Нилус, Beликoe в малом, Ceprиев по1911, გვ. 189-190.) ეს ადამიანის შექმნის სხვაგვარი ასპექტია (რომელსაც მამათა მცირე რაოდენობა იზიარებს). სინამდვილეში იგი არ ეწინააღმდეგება ჩვეულებრივ განმარტებას, რომ ადამიანს სული შთაბერა (ღმერთმა); ამ უკანასკნელი შეხედულების მიმდევრებიც მიიჩნევენ, რომ ადამიანი საღვთო მადლით შეიქმნა.

აი, რას ამბობს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ადამიანის ამაღლებული ბუნების შესახებ, რომლის უმაღლესი ნაწილი მიწისაგან კი არ წარმოდგება, არამედ უშუალოდ ღმერთისგან: „სული საღვთო - სუნთქვაა და ვინაიდან იგი ზეციურია, ამიტომ იტანს მიწიერთან შერევას. ეს არის სინათლე, რომელიც თუმცა გამოქვაბულშია მოთავსებული, მაგრამ საღვთოა და დაუშრეტელი. ინება სიტყვამ და, აიღო რა ნაწილი ახლადქმნილი მიწისა, უკვდავი ხელით შექმნა ჩემი ხატება და უწილადა მას თვისი სიცოცხლე; იმიტომ რომ, მასში გააგზავნა სულიწმიდა – ჭავლი უხილავი ღვთაებისა“ (Cлово 7, о душе გვ. 197, 199).

ასეთმა გამოთქმებმა არ უნდა მიგვიყვანოს მცდარ შეხედულებამდე, რომ სული თავისთავად ღვთაებრივია ან ნაწილია ღვთისა. აი, რას წერს ამის შესახებ წმ. იოანე ოქროპირი:

„ზოგიერთი უგუნური ადამიანი, რომელიც საკუთარმა მოსაზრებებმა გაიტაცა, არ აზროვნებს ღვთაებრივად და არც წმ. წერილს აქცევს ყურადღებას; ისინი ბედავენ იმის თქმას, რომ სული წარმოიქმნა ღვთაებრივი არსიდან. ო, მძვინვარებავ! ო, უგუნურებავ! დაღუპვის რაოდენი გზა გაუხსნა ეშმაკმა მათ, ვისაც სურთ, რომ მას ემსახურონ!... ამრიგად... როდესაც გესმის, რომ შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისა, გულისხმაყავ, რომ მან, უსხეულო ძალების წარმომქმნელმა, კეთილინება, რომ ადამიანის სხეულსაც, მიწის მტვრისაგან შექმნილს, ჰქონოდა გონიერი სული, რომელსაც შეეძლებოდა სხეულის მქონე ასოთა გამოყენება“ (Беседы на книгу Бытия, გვ. 103-104).

ჩვენს დროში ისეთი ხალხიც არსებობს, რომლებსაც სურთ ამ მუხლში გადმოცემული ადამიანის შექმნის თანმიმდევრობა გამოიყენონ იმის „დასამტკიცებლად, რომ ადამიანი უმდაბლესი ცხოველებიდან „ევოლუციონირდებოდა"; რომ დროში პირველად წარმოიქმნა სხეული, ანუ მიწიერი არსება; ხოლო მისი სული, ანუ ღვთაებრივ მადლმოსილებაში მყოფობის მდგომარეობა, შემდეგ გამოჩნდა. თუკი ჩვენ ადამიანის შექმნის შესახებ წმიდა მამათა თვალსაზრისს ვეთანხმებით, მაშინ ასეთი განმარტება სრულიად შეუძლებელია.

თავიდან ჩვენ ვნახეთ, რომ წმ. მამათა შეხედულებით, შესაქმის „დღეები“ როგორი კონკრეტული „ხანგრძლივობაც“ არ უნდა ჰქონდეთ მათ – არსებითად დროის ფრიად მოკლე პერიოდებია; რომ ღვთის საქმეები ამ დღეებში მეტად სწრაფია, პირდაპირ თვალის დახამხამებაში ხდება; რომ ექვსი დღის ბოლოს სამყარო ჯერ კიდევ „ახალი“ გახლდათ და არ იყო იყო ხრწნადი და მოკვდავი.

მეორეც, წმ. მამები დაბეჯითებით აღნიშნავენ, რომ ადამიანის შექმნა ქრონოლოგიურად არ უნდა გავიგოთ; ეს უფრო ონტოლოგიური აღწერაა, რომელიც ადამიანის შემადგენლობაზე საუბრობს და არა მისი გამოჩენის ქრონოლოგიურ თანმიმდევრობაზე. როდესაც წმ. იოანე ოქროპირი ამტკიცებს, რომ „მანამდე“, სანამ ღმერთი ადამიანს სიცოცხლის სულს შთაბერავდა, ადამიანი უსულო კერპი გახლდათ (Беседы на книгу Бытия, XII,5, გვ. 100) ან, როგორც ღირსი სერაფიმე ამტკიცებს, რომ იგი არ იყო უსულო კერპი, არამედ ცოცხალი და აქტიური ადამიანი, სიტყვა „მანამდე“ უნდა გავიგოთ ონტოლოგიური აზრით, როგორც „სულის არ მქონე. მაგრამ თვით ადამიანის შექმნა – მისი სხეულის, მისი სულის და იმ მადლისა, რომელშიც ადამიანი შეიქმნა - მყისიერი გახლდათ. მამები აუცილებლად მიიჩნევდნენ, რომ ეს სწავლება სრულიად არაორაზროვნად გადმოეცათ, ვინაიდან, ამ საკითხის შესახებ ძველად ურთიერთსაპირისპირო, მაგრამ თანაბრად მცდარი სწავლება არსებობდა: ერთი ეკუთვნოდა ორიგენისტებს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ სულები „წინ უსწრებენ“ სხეულებს და მხოლოდ შედიან მათში, რაშიც მდგომარეობს უმაღლესი მდგომარეობიდან „დაცემა“. მეორე შეხედულებით კი სხეული წინ უსწრებს სულს და, მაშასადამე, უფრო კეთილშობილი ბუნების არის. ღირსი იოანე დამასკელი გვასწავლის, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი:

„სხეული მიწისაგან შექმნა, სული კი, ცნობიერებითა და გონებით დაჯილდოებული, მისცა მას საკუთარი შთაბერვით; რასაც ჩვენ, რა თქმა უნდა, სწორედაც რომ ღვთაებრივ ხატებას ვუწოდებთ... სხეული და სული ერთდროულად არის შექმნილი; და არა ისე, როგორც ორიგენე, რომ ჯერ ერთი იყო, ხოლო შემდეგ მეორე“ (Toчнoe изложeние Православной веры, II, 12, გვ. 79-80).

წმ. გრიგოლ ნოსელმა ორიგენის შეხედულების საპირისპირო შეცდომა უარყო და უფრო დაწვრილებით განიხილავს ამ საკითხს (მხედველობაში აქვს ადამიანის თავდაპირველი შექმნაც და ცალკეულ ადამიანთა ჩასახვაც, როგორც ეს ახლა ხდება):

„ხოლო სხვები, რომლებიც ადამიანის შექმნის მოსეს მიერ გადმოცემულ თანმიმდევრობას მისდევენ, ამბობენ, რომ დროში სული მეორეა სხეულის შემდეგ. რადგანაც ღმერთმა ჯერ აიღო მიწის მტუერი და შექმნა ადამიანი, ხოლო შემდეგ განასულიერა იგი შთაბერვით. და ამით ისინი ამტკიცებენ სხეულის სულზე უფრო დიდ ღირებულებას, ვინაიდან სული შეუერთდა ადრე შექმნილს... არც ის უნდა ვამტკიცოთ, რომ თითქოს უფალმა ჯერ შექმნა ადამიანი, ვითარცა ძეგლი თიხისა და აი, ამ ქანდაკებისთვის გამოჩნდა სული (მაშინ ხომ ჭკვიანი ბუნება უფრო ფასეული იქნებოდა, ვიდრე თიხის ქანდაკება). რადგანაც ადამიანი ერთიანია, (რომელიც სულისა და სხეულისაგან შედგება), უნდა ვივარაუდოთ მისი შემადგენლობის ერთი საერთო საწყისი ისე, რომ იგი არ აღმოჩნდეს თავის თავზე არც უფროსი და არც უმცროსი, როდესაც სხეული მასში იქნებოდა პირველი, ხოლო დანარჩენი - მომდევნო. მოციქულთა სწავლებით ჩვენი ბუნება ხომ ორგვარად შეიცნობა: ეს არის ადამიანი ხილული და იდუმალი (დაკრძალული) (1 პეტრ. 3, 4). თუკი ერთი მათგანი წინამორბედია, ხოლო მეორე შემდეგ გაჩნდა, მაშინ შემოქმედის ძალის გარკვეული არასრულყოფილება გამომჟღავნდება, ძალისა, რომელიც არ არის საკმარისი ყოველივეს მყისიერი შექმნისათვის; ანაწევრებს საქმეს და ცალ-ცალკეა თითოეული ნახევრით დაკავებული“ (O6 ycтроeнии чeловeкa, თავი 28, 29).

შეხედულება, თითქოს ადამიანი უმდაბლესი ცხოველიდან „ევოლუციით“ იქნა მიღებული, არ შეესაბამება წმ. მამათა და წმ. წერილის თვალთახედვას და მკვეთრად უნდა იქნეს უარყოფილი. თუკი ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ ბუნების კანონების მიხედვით „ევოლუციონირებს“, მაშინ, მისი გონიერი არსი, მისი სული, ღვთის ხატება ნადირებისგან ხარისხობრივად კი არ განსხვავდება, არამედ – მხოლოდ რაოდენობრივად; მაშინ იგი არის მხოლოდ მიწიერი არსება და აქ აღარ არის ადგილი წმიდა მამათა შეხედულებისთვის - რომ ადამიანი ნაწილობრივ მიწიერია, ნაწილობრივ – ზეციური, რომ იგი, თუ წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებით ვიტყვით, „ნარევია“ ორი სამყაროსი. თუმცა, ასეთი გამიწიერებული გაგების თავიდან ასაცილებლად ქრისტიანი-ევოლუციონისტი აღიარებს ადამიანის სულის საღვთო წარმომავლობას – „როდესაც მისი სხეული საამისოდ მზად იყო“, როგორც ამბობენ ზოგიერთნი. ვინც ასე მიიჩნევს, იგი სამეცნიერო შეხედულებებს და გამოცხადებით მიღებულ ცოდნას სრულიად წარმოუდგენელი სახით ურევს ერთმანეთში და არამცთუ საღვთო ქმედების უარმყოფელ მეცნიერებს შორდება, არამედ თანმიმდევრულ ქრისტიანულ შეხედულებასაც. წმიდა წერილისა და წმიდა მამების შეხედულებით მთელი ექვსი დღე ღვთიურ საქმეთა თანმიმდევრობაა; საყოველთაო ევოლუციის მიმდევარი მეცნიერთა თვალთახედვით, ყოველივეს პირველმიზეზი (რამდენადაც, მათი აზრით, შესაძლებელია დროის სიღრმეში მასზე დაკვირვება) მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი პროცესებია. ეს ორი შეხედულება იმდენად ეწინააღმდეგება ერთმანეთს, როგორც არცერთი სხვა, და მათი ნებისმიერი შერევა მთლიანად თვითნებური და არარეალურია.



წინა - სარჩევი - შემდეგი