| |
წმიდა პალადი ჰელენოპოლელი
ლავსაიკონი
წმინდა და ნეტარი მამის, კაბადოკიის ეპისკოპოს პალადის წერილი მთავარ ლავსესადმი
შევნატრი შენს გულმოდგინებას და კეთილშობილურ სურვილს, ამიტომ ეს წერილი შენი ქებით უნდა დავიწყო, რადგან ყოველგვარ უკეთურ საქმეს განერიდე და სულის მარგებელი სიტყვის შესწავლა გადაწყვიტე, რომლის შეძენასაც მხოლოდ ყოვლისმპყრობელი ღმერთი არ ესწრაფვის, რადგან ის ბუნებით ყველაზე უპირატესია. ამგვარ სწავლას ყველა დანარჩენი საჭიროებს, რადგან ისინი ღვთივშექმნილნი არიან.
ანგელოზთა პირველი დასის უწინარესი მოძღვარი წმინდა სამებაა. ყოველი დასი კი მის წინამდგომისაგან განისწავლება, რადგან გონებით და სათნოებით უსრულესნი მათზე დაბლა მდგომის (უმცირესების) მასწავლებლები არიან. არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ დამოძღვრა არ სჭირდებათ. ამპარტავნება არ აძლევს მათ ნებას, რომ ყველაზე უმჯობესით – სიყვარულით განისწავლონ. ასეთები ისე წარწყმდებიან, როგორც ჰაერში მფრინავი ეშმაკები, რომლებმაც ზვაობით ზეციური სამკვიდრო დაკარგეს. ჭეშმარიტ სიბრძნედ სიტყვათა სიღრმე და წყობა კი არ მიიჩნევა, არამედ ღვაწლი – ნიმუში სულიერი წარმატებისა.
ის, ვისაც სურს, რომ არ დაბრკოლდეს, სხვა არ უნდა შეაწუხოს და თავად უნდა იყოს შეწუხებული, იყოს მშვიდი, უშიშარი და ურისხველი. სიტყვა მტკიცე უნდა ჰქონდეს და ყოველგვარ ბოროტებას ცეცხლივით სწვავდეს. მათთვის ამბობს უფალი: "ისწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი ვარ და მდაბალი გულით" (მათე 11. 29) - ასე განსწავლიდა ის მოციქულებს, განსწავლიდა არა ღრმა სიტყვებით, არამედ ღვთისმსახურებით.
ამგვარი სწავლება არავის აბრკოლებდა, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებსაც სძაგდათ მისი ქადაგება და თავად მოძღვარი. ამიტომ ადამიანი, რომელიც უფლის სახელით მოღვაწეობს, თავად უნდა განისწავლოს სარწმუნოებაში. განსწავლილმა კი თავისი ცოდნა სხვას განცხადებულად უნდა აუწყოს. ხოლო ის, ვინც ასე არ იქცევა, ყოველმხრივ სნეულია. უფლისაგან განდგომის მიზეზი სიტყვის შეუწყნარებლობა და სწავლისადმი უგულისყურო დამოკიდებულებაა.
ღვთისმოყვარე სული ცოდნის შეძენისაკენ გამუდმებით უნდა ესწრაფოდეს. შენ კი გაძლიერდი და სულიერად გამტკიცდი, რადგან ამ გზით უფალი, რომელსაც მარადიული დიდება შვენის, უფრო მეტად მოგმადლებს მისი შეცნობის უნარს.
ამავე მამის, კაბადოკიის ეპისკოპოს პალადის წერილი მთავარ ლავსესადმი, რომელშიც შემოკლებით აღწერს თავის ცხოვრებას, შემდეგ კი წმინდა მამების შესახებ მოუთხრობს
მამაო, გვაკურთხე!
მრავალმა ადამიანმა სხვადასხვა ეპოქაში განსხვავებული სახის წიგნი დაუტოვა შთამომავლობას. ზოგიერთი მათგანი ღვთაებრივი მადლის ზემოდან მობერვით არის შექმნილი. ისინი შეუმცდარი სარწმუნოების სულიერი და საქებელი წესით გვაუწყებენ ღვთის განგებულებას.
არიან ისეთებიც, რომლებიც კაცთმოთნეობითა და სახმართმოყვარეობის ვნებით შთაგონებულნი ესათნოებიან სიამაყით დასნეულებულებს. სხვა წიგნები უწესო ქმედებებითა და კეთილისმოძულე მტრის შემწეობითაა შექმნილი. მათი ავტორები ამპარტავანი და სილაღის ვნებით შეპყრობილი ადამიანები არიან. ეს წიგნები საცთურია ჭეშმარიტი სწავლებისათვის, რადგან არღვევენ ეკლესიას. ისინი უგუნურებს გონებას უფრო მეტად უბნელებენ, წმინდად და უბიწოდ მცხოვრებლებს კი აბრკოლებენ.
ღვთის წყალობას მინდობილი გავბედავ და შენ, დიდებულსა და სწავლისადმი სიყვარულით სხვათაგან გამორჩეულს, თავდაპირველად ჩემ შესახებ გაუწყებ.
ასაკობრივ ზრდასთან ერთად ჩემში იზრდებოდა უფლის შიში და მონაზვნური ცხოვრების სიტკბოებისკენ მიდრეკილება. ამ შიშმა მარტომყოფების ცხოვრებას შემაერთა, მათთან ერთად ჩემი ცხოვრების ოცდაცამეტ წლამდე დავყავი. ამის შემდეგ, ღვთის წყალობით, ეპისკოპოსი გავხდი. მას შემდეგ ოცი წელი გავიდა. ახლა უკვე ორმოცდაცამეტი წლის ვარ, როცა შენი სურვილის აღსასრულებლად და შენთვის სულიერი სარგებლის მოსატანად გადავწყვიტე, წმინდა მამების სათნო ცხოვრების ამბები მომეთხრო, მეუწყებინა მათი მიმბაძველი მხნე დედების შესახებაც. ამათგან ზოგი ჩემი თვალით ვიხილე, ზოგის შესახებ წმინდა და ღირსი ადამიანებისგან შევიტყვე, რომლებთან ერთადაც ეგვიპტის უდაბნოში, ლიბიაში, თებაიდასა და სვინში ვმოსაგრეობდი. ზოგიერთ მათგანს, სამოღვაწეო ადგილის შესაბამისად, ტაბენესელი, პალესტინელი, შუამდინარელი, რომაელი თუ კანპანელი ეწოდა.
ამ ადგილებში გამობრწყინებული მოღვაწეების სათნოებები აღვწერე ამ წიგნში, რათა მათი ცხოვრების მოხსენიებით სულის სარგებელი მიიღო და ჭეშმარიტების მარადიულ მასწავლებელად გექცეს. ამ გზით შეძლებ სულიდან ყოველგვარი თვლემის განდევნას, რომელიც ჩვენი ბოროტი გულისთქმებისგან მოიწევა. მისი გაცნობით შეიძლებ გულიდან სარწმუნოებისადმი ორგულობა განდევნო, ზურგი აქციო ნივთების სიყვარულს, შენი ცხოვრების წესისგან განდევნო ყოველგვარი სიზარმაცე, სულმოკლეობა, რათა შეძლო მრისხანების, პირუტყვებრივი შფოთისა და უდროო შიშის დათრგუნვა.
გმართებს მეტი კრძალვა და ამსოფლიური განმხრწნელი საზრუნავისაგან ზურგის შექცევა. თუ ამგვარი წესით მოღვაწეობას გადაწყვეტ, განუწყვეტლივ გქონდეს იმედი უფლისა. ამგვარი ღვთისმსახურებით შეძლებ საკუთარი თავის, შენზე დაქვემდებარებულებისა და ყველა იმ ადამიანის დარიგებას, რომლებიც სამეფო კარზე არიან დაწინაურებულნი. ასე წარემატებით უფლის სიყვარულში და ღმერთს ესათნოებით.
გამუდმებით გახსოვდეს სულის სხეულისგან განშორება. ამას წმინდა წერილი ყოველდღე გვაუწყებს, ის ხორცისგან გასვლასა და ქრისტესთან თანაყოფნას გვასწავლის. უფრო მეტად კი აი რას მოგვიწოდებს: ”შენი საქმეები და სამყოფელი მომავალი დღისთვის განამზადე”. რადგან, ვინც მუდამ სიკვდილზე ფიქრობს, რომ ის ნამდვილად მოვა, დროს ფუჭად არ ფანტავს. ასეთი ადამიანი არასოდეს ჩავარდება დიდ ცოდვაში. წმინდა წერილის სიტყვისაებრ, ”ყოველგვარი საქმიანობისას გაიხსენე სიკვდილი და აღარ სცოდავ”.
ამ ყველა ზემოთ თქმულთან ერთად, საღვთო ცოდნით განსწავლულს დაუჯერებლად ნუ მოგეჩვენება ჩემი უსუსური და დაულაგებელი სიტყვებით გადმოცემული ამბები. არამედ საჭიროა დაჯერება იმ ჭეშმარიტებისა, რომელიც გონებით იქნა შეთვისებული. როგორც ნათქვამია, ”აღაღე პირი შენი სიტყჳთა ღვთისაჲთა და სჯიდი ყოველთა სიმართლით”. და კიდევ დაწერილია: ”ნუ დაგაეჭვებს ბერთა მონათხრობი, რადგან მათ მამებისგან ისწავლეს”.
მე, სწავლისმოყვარე ღვთისკაცო, ამ ზემოთქმული სიტყვის მიდევნებით მრავალი წმინდა მამის თანამოსაგრეობის ღირსი გავხდი. ღვთის წყალობითა და შეწევნით, ოცდათორმეტი დღის სავალზე ეგვიპტის უდაბნოებში მიმოვიდოდი. ამასთან ერთად, ფეხით მოვიარე მთელი საბერძნეთი. ამ ძნელად სავალ გზაზე მანუგეშებდა და მახარებდა ღვთისმოყვარე ადამიანების ხილვა და მათი სიტყვის მოსმენა. მათი წყალობით, ღირსი ვხდებოდი სათნოების შეძენისა, რომლის უქონელიც ვიყავი.
ასე დავდიოდი ფეხით, რადგან ყველა მოღვაწეთა და ერისკაცთა შორის თავისი სულიერებითა და ქრისტესადმი დიდი სარწმუნოებით გამორჩეული სანატრელი მოციქული პავლე ფეხით ავიდა იერუსალიმში პეტრესთან, იოანესა და იაკობთან სასაუბროდ. იგი თავისი ღვაწლითაც გვიქადაგებს და მაგალითს გვაძლევს ჩვენ, სათნოების მუშაკებს, რომ წინ აღვუდგეთ სიზარმაცესა და უმოქმედობას. იგი თავისი თავის სასიქადულოდ ამბობს: ”ავედი იერუსალიმში პეტრეს სანახავად” (გალატ. 1. 18). რადგან ასეთმა სათნო ადამიანმა არ იკმარა მოციქულთა თავის - პეტრეს ღვაწლზე მხოლოდ მოსმენა, არამედ მოისურვა მისი პირისპირ ხილვა და მასთან საუბარი, განა მე, მრავალი ცოდვის მომკრებს, უფრო მეტად არ მჭირდებოდა ეს ყოველივე? ამ გზაზე შემდგარმა ჯერ მოვინახულე წმინდა მამები და მათ გავესაუბრე, არა იმისთვის, რომ რაიმეთი დავხმარებოდი, არამედ საკუთარი თავისთვის მომეტანა სარგებელი. ამ მიზნით აღიწერა მავანთა მიერ პირველი მამების –აბრაამის, იაკობის, მოსეს და მათ შემდგომთა ცხოვრება, რათა მათი ღვაწლის აღწერით კი არ განდიდებულიყვნენ ეს მამები, არამედ ამ გზით მსმენელს სარგებელი მიეღო.
შენ კი, ლავსე, ქრისტეს რჩეულო და ერთგულო მონავ, ჩემი უცოდინრობით აღწერილი ეს ამბები შეიწყნარე, რათა შენი ღვთისმსახური ფიქრები ყოველმხრივ დაცული იყოს ბოროტის მრავალსახოვანი ხილული თუ უხილავი ბრძოლისაგან. ამასთანავე, დალოცვილი იყავი და დასჯერდი შენს კუთვნილ ქონებას და უხვადაც გაეცი.
მე მრავალი ღირსეული და შრომით განკაფული მონაზონი მინახავს, რომლებიც უქორწინებლობითა და სრული სიწმინდით გამოირჩეოდნენ, იწვრთნებოდნენ წმინდა წერილში და მისი შემეცნებისკენ ისწრაფოდნენ, მაგრამ დაეცნენ. ისინი საკუთარ განუკითხველ გონებას დაემონნენ და გლახაკთა განუკითხველობით სახმართმოყვარეობის ვნებით დასნეულდნენ. ამ ვნებამ მათში მრავალ ბოროტ საგანთა სიყვარული შვა. ამ ყველაფრის დედად და საფუძვლად კი საკუთარი ქონებისადმი მიჯაჭვულობა იქცა. ამიტომ გევედრები, მთელი ძალისხმევით ეცადე, არ ესწრაფო ქონების შეძენას, რომლის მოსურნე ისედაც არ ხარ, არამედ დაკმაყოფილდი იმ მცირედით და უბოძე იმას, ვისაც ეს სჭირდება. ამ გზით სათნოებას მოიმუშაკებ.
ნურც სხვა მხრივ იქნები პირუტყვივით უგულისხმო, რათა კაცთმოთნეობის გამო არ დასაჯო თავისუფლება შენი გონებისა, როგორც დაემართა მრავალს. რადგან იყვნენ ისეთებიც, ამპარტავნებისაგან უსმელ-უჭმელობით რომ გამოიცადნენ. ამ გზაზე მათ საკუთარი თავის ფლობა ფიცს დაუმონეს და ბოლოს დაეცნენ, და დაეცნენ იმიტომ, რომ ხორცთმოყვარეობითა და გემოთმოყვარეობით ვერ შეძლეს ფიცის შესრულება.
შენ კი, ქრისტესმოყვარევ, სხვათა დამოწმებით იხმიე ის, რისი ჭამაც გნებავს, მაგრამ განეშორე, თუკი ამას გიბრძანებენ. თუ ასე მოიქცევი, არსად შესცოდავ. რადგან ისინი, რომლებსაც ღმერთი ანიჭებს სიტყვას და სიბრძნეს, მავნებელს განგარიდებენ და სარგებელს მოგანიჭებენ, თუკი მათგან დაწესებულს მიიღებ. მრავალზეა ნათქვამი: ”რჯული არ აქვთ”.
მე კი გირჩევ: ”უმჯობესია მორჩილებით ღვინის სმა ურჩებით, ამპარტავნებით წყლის სმას”.
მრავალჯერ მინახავს ღვთისმსახურების სიტყვას დამორჩილებული ღვინისმსმელი წმინდა და სათნო ადამიანები და უგუნური და ურჩი წყლისმსმელები, რომლებიც არაწმიდებით იყვნენ სავსენი. ამიტომ ნუ აძაგებ ან შეაქებ ნივთსა თუ საჭმელს, არამედ შეაქე და აძაგე ნივთის კეთილად ან ბოროტად მომხმარებელი გონება. ოდესღაც იოსებიც ეგვიპტეში ღვინოს სვამდა, მაგრამ არ ავნო მას, რადგან გონებით ჯანსაღი იყო.
წყლისმსმელები იყვნენ პითაგორა, დიოგენე და პლატონი. ასევე მათ კვალს შემდგარი მანიქეველები და მათი თანამზრახველი სხვა ფილოსოფოსები, რომლებიც ისეთი ბოროტადმადიდებელი და გონებით უგულისხმონი გახდნენ, რომ ყოვლის დამბადებელი ღმერთი ვერ იცნეს და უსულო კერპებს დაემონნენ.
ყვედრებით ეუბნებოდნენ ოდესღაც ებრაელები ნათლისღების შემდეგ ყოველთა მაცხოვარს: ”შენი მოწაფეები რატომ არ მარხულობენ?” (მათე 9. 14. მარკოზი 2. 18), შემდეგ მის მოწაფეებთანაც მივიდნენ და უთხრეს: ”მეზუერეებთან და ცოდვილებთან რატომ ჭამს და სვამს თქვენი მოძღუარი?” (მათე, 9. 11).
ებრაელები პურისა და წყლის გამო კი არ განიკითხავდნენ უფალს, არამედ მოხარშულისა და ღვინის მიღებისათვის, რადგან ყოველმხრივ უგუნურები იყვნენ. ისინი ღვინისმსმელებს აძაგებდნენ და წყლისმსმელებს აქებდნენ.
უფალმა ასე მიუგო მათ: ”მოვიდა იოანე სიმართლის გზით, არც ჭამს და არცა სვამს და ამბობენ, ვითარმედ ეშმაკეულია. მოვიდა ძე ღვთისა, ჭამს და სვამს და ამბობენ: ”აი, კაცი მჭამელი და ღვინისმსმელი, მეზვერეთა და ცოდვილთა მეგობარი” (მათე 11, 18-19). ამას ისინი საჭმლის მიღების გამო ამბობდნენ.
როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ, რომ მოვერიდოთ ქებასაცა და ძაგებასაც? იოანეს სწავლების თანახმად, მარხვის ჟამს უნდა ვიმარხულოთ. სხეულის უძლურების ჟამს კი თუ საჭიროა, ვჭამოთ, თუნდა დაგვძრახონ და თქვან: ”აი, ადამიანები, საჭმლისა და ღვინის მოყვარულები”.
საჭმლის მიღება-არმიღებაზე არაფერია დამოკიდებული. არც ჭამას შეუძლია რამე, არც მის მოკვეთას, არამედ სარწმუნოებას, კეთილი საქმის სიყვარულით აღსრულებას. ამიტომაც ყოველი ამგვარი ქმედებისას დაუსჯელია ყველა, ვინც სარწმუნოებით ჭამს. ხოლო სხვა დანარჩენი, რაც რწმენის გარეშე აღსრულდება, ცოდვაა. ამასთანავე ყველა გემოთმოყვარე სცოდავს, როცა ამბობს, რომ სარწმუნოებით ჭამს. ანდა, თუკი პირუტყვული გულისთქმით ან ბილწი სურვილით არის მოცული და ფიქრობს, რომ სარწმუნოებით იქმს. ასეთთა ქმედება ურწმუნოების შედეგია, რადგან, მაცხოვრის თქმულისაებრ, "მათი ნაყოფით შეიცნობთ მათ" (მათე 7, 16).
საღვთო სულის ნაყოფი კი ასე განსაზღვრა მოციქულმა: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიტკბოება, სიკეთე, სარწმუნოება, სიმშვიდე, მარხვა, სიწმინდე, აღსარება. ყოველივე ეს და ამდაგვარნი სულის ნაყოფია. ასეთ ნაყოფთა შეძენის მოსწრაფე ადამიანი უდროოდ და უწესოდ, ანდა პირუტყვულად და უსაზომოდ, არც ხორცს ჭამს და არც ღვინოს იხმევს, არც იმის გვერდით დამკვიდრდება, ვინც გონებით ბოროტია, რადგან იგივე მოციქული ამბობს: ”ყველა მოღვაწე ყოველმხრივ მარხულობს”.
ამდენად, გასათვალისწინებელია ერთი რამ: ვინც სხეულით ჯანმრთელია, სასმელს უნდა მოერიდოს, ხოლო ვინც სნეულია ან დამწუხრებულია სხეულის უძლურების გამო, სასმელ-საჭმელი უნდა იხმიოს ისე, როგორც საკურნებელი რამ.
შენ კი გაშორდი და მოიკვეთე სულისთვის მავნე ჩვევები, როგორიცაა: რისხვა, შური, მოწყინება, ამაოდმეტყველება, ამპარტავნება და უდრტვინველად შესწირე მადლობა უფალს.
კიდევ ერთს გევედრები, სწავლისმოყვარევ! მთელი ძალით გაშორდი იმათ სურვილებს, რომლებიც გარეგნულად, კაცთა თვალის ასახვევად იმოსებიან ძაძით. ასეთთაგან სარგებელს ნუ ელი, უმჯობესია, განეშორო მათ, თუნდაც მართლმადიდებელნი იყვნენ და არა მწვალებელნი. თეთრი თმით, წელთა სიმრავლითა და სახით გამორჩეული შეიძლება ამაოდმეტყველი იყოს და ამ გზით გავნოს. თუნდაც ცუდი არაფერი შეგემთხვას, ასეთთაგან თავად განიკითხები. ამ გზით კი ამპარტავნებით შეპყრობილნი გძლევენ. თუკი ასეთებს, ბნელით მოცულთ, მოშორდები, მისდიე განმანათლებელ ნათელს.
ეს ნათელი ღვთივსულიერი საუბარია პატიოსან და გამორჩეული ღვაწლით მცხოვრებ მამებსა და დედებთან. მათი ნათქვამი შენს გულში უნდა ჩაიწერო, მათმიერი ნათლით წაიკითხო, ჩაუღრმავდე და, მათივე შემწეობით, შენი ყოველი ფიქრი განიკითხო, და ამ გზით გამოსცადო და შეიცნო ურთიერთმოწინააღმდეგეთა სწრაფვა, შეიცნო საკუთარი მცონარება.
ადამიანთა სიკეთეს მრავალი რამ გამოაჩენს, როგორიცაა: სახის ფერი, მოღვაწეობის ნაყოფი, მოკრძალებული შესამოსელი; ანდა პირიქით: ქედმაღლობა, თამამი ქცევა, ლაღი საუბარი და ამაოდმეტყველება სრულად განაცხადებს საქმის ვითარებას.
ყოვლისმპყრობელმა უფალმა დაიცვას შენი და ყველა იმ ადამიანის მშვენიერება, ვინც ღვთის გზას შეუდგა.
თუკი მოწყინება ან სხვა რომელიმე განსაცდელი დაგეუფლებათ, იყავით მხნენი და ძლიერნი, რადგან თქვენი გარეგნობით თქვენს შინაგან მდგომარეობას უნდა არეკლავდეთ, მსგავსად სოლომონის სიტყვებისა: ”უბრალო სამოსელი, მოკრძალებული სიარული, მომღიმარი ბაგეები – ესენი გამოაჩენენ ადამიანის შინაგან მდგომარეობას”.
სარჩევი შემდეგი თავი
|
|