რატომ გვიბრძანა ეს უფალმა? რას გულისხმობდა, როდესაც ამგვარი მოხსენება მოგვთხოვა? იმას, რომ უმადურნი არ დავრჩენილიყავით. ცნობილია, რომ კეთილისმყოფელთათვის, ერთგვარად, ისიც ჯილდოა, როცა მათგან სიკეთის მიმღებთ ახსოვთ იგი: ახსოვთ ის საქმენი, რომლითაც სიკეთე აღესრულა მათ მიმართ. ამის გასახსენებლად ადამიანებმა სხვადასხვა საშუალება მოიგონეს: ძეგლები, ქანდაკებები, სვეტები, დღესასწაულები, ზეიმები, შეჯიბრებები... ყოველივე ამის მიზანი ერთია: რათა ადამიანთა სიქველე დავიწყებას არ მიეცეს.
იგივე მიზანი აქვს მხსნელსაც; მაგრამ სხვები, - თითქოს გვეუბნება მაცხოვარი, - სხვა საშუალებებს ეძებენ დავიწყების წინააღმდეგ, რომ ახსოვდეთ ისინი, ვინც მათ მიმართ სიკეთე გამოიჩინა, ხოლო თქვენ ამას იქმოდეთ მოსახსენებელად ჩემდა. და როგორც ქალაქების გმირთა მოსახსენებელ სვეტებზე გამარჯვებებია გამოსახული, რომლითაც გადარჩნენ, უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ასევე ამ ძღვენზე გამოვსახავთ უფლის სიკვდილს, რომლის მეშვეობითაც სრული გამარჯვება იქნა მოპოვებული ბოროტზე. მაგრამ ქალაქებს გამოსახულების მეშვეობით კეთილისმყოფელის მხოლოდ სხეულებრივი სახე აქვთ, ხოლო ჩვენ, ამ ძღვნის მეშვეობით, გვაქვს არა სხეულებრივი სახე, არამედ თვით გმირობის ფუძემდებლის სხეული. ამასთან, ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში მცნებად იდო იმის ხატოვნად, სიმბოლურად აღსრულება, რისი აღსრულებაც მან ახლა გვიბრძანა სინამდვილეში, თავად საქმით: სწორედ ამას ნიშნავს პასექი - კრავის დაკვლა და მისი დაკვლისა და იმ სისხლის მოხსენიება, რომლის მეშვეობითაც გამოხსნილ იქნენ ებრაელთა პირმშოები (გამოს. თავი 12).
აი, ასეთი მნიშვნელობა აქვს ამ მოხსენიებას!