ვინაიდან უფლის მოხსენიება ამგვარად უნდა აღსრულდეს, მღვდელი ამბობს: მოსახსენებელად უფლისა... და დაურთავს იმას, რითაც გამოიხატება ჯვრისა და სიკვდილის შინაარსი. პურის ამოკვეთით მას გამომხსნელი ტანჯვის შესახებ ძველი წინასწარმეტყველება მოჰყავს: "კრავივით დასაკვლელად მიიყვანეს (და ა.შ.)" (ისა. 53:7), მოგვითხრობს, რამდენადაც შესაძლებელია სიტყვით და საქმით. პურის დანაწილებას აღასრულებს, ერთი მხრივ, იმ აუცილებლობით, რომ უნდა ამოიკვეთოს ძღვენი და კიდევ იმის გამო, რომ გამოსახოს ის, რის შესახებაც ითქვა ზემოთ: აღინიშნოს უფლის განსვლა სოფლიდან და სიკვდილის გზით მისი მამასთან დაბრუნება, როგორც თავად თქვა: "გამოვედ მამისაგან და მოვედ სოფლად" (იოან. 16:28).
ამიტომ მღვდელმსახური მრავალგზის არჭობს ლახვარს, შემდეგ ჭრის პურს და ამდენივე ნაწილად ყოფს საწინასწარმეტყველო სიტყვას. თითოეულ სიტყვას უწყობს პურის ამა თუ იმ ნაწილს, რათა აჩვენოს, რომ აქ საქმე გამოხატავს სიტყვას; რომ, როგორც ეს პურია გამოცალკევებული მისთვის ერთსახოვანი ნივთიერებიდან, რომ მიერთვას უფალს და იკურთხოს, ასევე უფალიც გავიდა ხალხის წიაღიდან, ვისთანაც კაცთმოყვარეობით ჰქონდა ერთი და იგივე ბუნება, და ვითარცა ცხვარი დასაკლავად, და ამგვარად "ცოცხალთა მიწიდან მოიკვეთა" (ისაია 53:8). შემდეგ დაერთვება, რასაც მიგვითითებს წინასწარმეტყველება.
მღვდელი, დებს რა პურს წმინდა ფეშხუმზე, ამბობს და აკეთებს იმას, რითაც გამოიხატება თავად მსხვერპლშეწირვა - უფლის სიკვდილი: "დაიკვლის ტარიგი ღმრთისა, აღმღებელი ცოდვათა სოფლისათა" (ისაია 53:8) - ამ სიტყვებითა და მოქმედებებით ის თვით სიკვდილის სახეს გამოხატავს, რადგან პურზე გამოსახავს ჯვარს და სწორედ ამით აჩვენებს, რომ მსხვერპლშეწირვა ჯვრით აღესრულება. ამის შემდეგ იგი ხვრეტს პურს, ამასთან, მარჯვენა მხრიდან, რაც ფერდის გახვრეტის სიმბოლოა; ამავე მიზეზით პურის გახვრეტისათვის საჭირო იარაღი ლახვრად იწოდება და დამზადებულია ლახვრის მსგავსად იმისათვის, რომ მისით ის ლახვარი იხსენებოდეს. ღვთისმსახური მოქმედებებით გამოხატვასთან ერთად ამ მოვლენას გადმოგვცემს სიტყვებითაც: "ერთმან მხედართაგანმა ლახვრითა განაღო გვერდი მისი" (იოან. 19:34). ასევე იმას, რომ იქიდან გადმოვიდა სისხლი და წყალი, ის გვაუწყებს სიტყვებით და გამოხატავს მოქმედებებით, ასხამს რა ბარძიმში ღვინოს და წყალს (ეს ხდება უფლის მოსახსენებლად) და ურთავს სიტყვებს: "და მეყსეულად გარდამოხდა სისხლი და წყალი".