მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმინდა მართალი
ნიკოლოზ კავასილა

 

ღვთაებრივი ლიტურგიის განმარტება

 

7. რას მოიცავს უფლის მოხსენიება

 

პირველ რიგში, იღებს რა სეფისკვერს, რომლიდანაც უნდა ამოიკვეთოს წმინდა პური, ამბობს: "მოსახსენებელად უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესა", მისი მცნებისამებრ, რადგან ამას ჰყოფდით, ამბობს იგი, ჩემს მოსახსენებლადო (ლუკ. 22:9).

და ამას ღვთისმსახური არა მხოლოდ ამ პურზე ამბობს, არამედ მთლიან მსახურებაზე. თითქოს ღვთისმსახურება დასასრულიდან იწყება, ვინაიდან უფალმა საიდუმლოს შეუთავსა ეს სიტყვა: "ამას ჰყოფდით მოსახსენებელად ჩემდა".

რას ნიშნავს მოხსენიება? როგორ მოვიხსენიებთ უფალს ღვთისმსახურებისას? როგორია მისი ქცევა და მისი მდგომარეობა? მე მინდა ვთქვა: რას ვფიქრობთ, რას ვაუწყებთ ამ მოხსენიებისას? იქნებ იმას, რომ მან აღადგინა მკვდარნი, ბრმებს თვალი აუხილა, თავისი სიტყვით ქარი ჩაახშო, მცირედი პურით ათასობით სიმაძღრემდე დააპურა, - ამით გამოიხატა ღმერთი და ყოვლისშემძლე? არა. პირიქით, იმის გახსენებით, რაც, როგორც ჩანს, უმწეობის ნიშანია, - ჯვარი, ვნება, სიკვდილი, - აი, რის შესახებ გვიბრძანა მან ყურადღება მისი გახსენებისას. საიდან ჩანს ეს? ასე ფიქრობდა პავლე, რომელმაც ეს კარგად იცოდა.

როდესაც ის კორინთელებს ზიარების საიდუმლოს შესახებ სწერს, გადასცემს მათ უფლის სიტყვებს: "ამას ჰყოფდით მოსახსენებელად ჩემდა" და ამატებს: "რამეთუ რაოდენ-გზისცა შჭამდეთ პურსა ამას და სუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკუდილსა უფლისასა მიუთხრობდით" (1კორ. 11:26). თავად უფალმაც იგივე აზრი გამოხატა, როდესაც საიდუმლოზე იქადაგა, რადგან თქვა: ესე არს ხორცი ჩემი, ესე არს სისხლი ჩემი (ლუკ. 22:19-20); სასწაულები კი არ დაურთო მათ, არ თქვა: მათ აღადგინეს მკვდარნი, განწმინდეს კეთროვანნიო.

მაშ, რა? მხოლოდ ვნება და სიკვდილი: თქვენთვის დაღვრილი. რის საფუძველზე გვახსენებს იგი არა სასწაულების შესახებ, არამედ ვნებისა? იმის, რომ ეს უკანასკნელი პირველზე აუცილებელია, იმის განსჯით, რომ ერთი ჩვენი ხსნის მიზეზია და მის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ადამიანისთვის აღდგომა, - ვგულისხმობ ვნებას, - ხოლო სასწაულები მხოლოდ დასამოწმებელია და იმისთვის აღესრულებოდა, რომ ყველას ერწმუნა უფალი ჭეშმარიტად მხსნელია.

 

წინა თავი <---- სარჩევი ----> შემდეგი თავი