ამოკვეთილი პური, სანამ სამკვეთლოზე დევს, უბრალო პურია. ის მხოლოდ მირთმეულია ღმერთისთვის და ქცეულია ძღვნად. ამით გამოიხატება დროის ის პერიოდი, როდესაც ქრისტეც ძღვენი იყო; ხოლო იგი, როგორც ზემოთ აღინიშნა, შობიდანვე, სჯულის მიხედვით, ძღვენი იყო მისივე დაბადებით, ვინაიდან პირმშო იყო.
მაგრამ ის, რაც ამ სხეულზე აღესრულა შემდგომში, - ვნება ჩვენს სახსნელად, ჯვარი და სიკვდილი, - ბევრად ადრე, ჯერ კიდევ ძველების მიერ იყო პირველსახედ, ამავე მიზეზით აქაც ღვთისმსახური, პურის ტრაპეზზე გადატანამდე და მსხვერპლად შეწირვამდე, წინასწარ ცდილობს მასზე ამ სახეების წარმოდგენას. როგორ აკეთებს ამას? მთლიანი პურიდან გამოყოფს, მისგან ძღვენს ქმნის. ეს კეთდება ან აუცილებლობით, ან განზრახვით, სწორედ ეს მნიშვნელობა მიანიჭოს თავის მოქმედებას: ეს მოქმედებები თავად საქმეებით თხრობას წარმოადგენს ქრისტეს ვნებისა და სიკვდილის შესახებ.
ეს არის ძველი ჩვეულება: იყო დრო, როდესაც ჰყვებოდნენ, არწმუნებდნენ, წინასწარმეტყველებდნენ ქმედებებით. მაგალითად, წინასწარმეტყველმა, როცა ებრაელთა ტყვეობის ჩვენება უნდოდა, ბორკილები დაიდო (ეზეკ. 3:25). აგაბოსიც სწორედ ასევე მოიქცა - ასევე ბორკილებით გამოხატა პავლე (საქ. მოც. 21:11). გვიამბობენ ასევე, რომ ერთმა ღმერთშემოსილმა მამამ, როდესაც ჰკითხეს, თუ რა არის მონაზონი, სიტყვა არ მიუგო, არამედ გაიძრო სამოსი და დაიწყო მისი ფეხებით გათელვა.
და თავად უფლის სიკვდილს და მთელ მის მნეობას ძველები თავადაც გამოხატავდნენ და უფლისაგან იგებდნენ არა მხოლოდ სიტყვათა მეშვეობით, არამედ მოქმედებითაც; ასე იყო, მაგალითად, კვერთხით გაპობილი ზღვა (გამოს. 14:16,21), ცეცხლმოკიდებული მაყვლოვანი (გამოს. 3:2), მამისადმი სამსხვერპლოზე მიმყოლი ისააკი (დაბ. 22:1-13) და სხვა მოქმედებები, რომლებიც თავიდანვე მოასწავებდა გამოხსნის საიდუმლოს.
ხოლო ღვთისმსახური იმ პიროვნებას წარმოადგენს, რომელიც ზუსტად ამგვარად იქცევა: რაც იცის ამ მსხვერპლის შესახებ, სიტყვებით გადმოსცემს და მოქმედებებით გამოხატავს, რამდენადაც შესაძლებელია ამგვარ ნივთიერებებზე გამოხატვა. ის თითქოს ამბობს: აი, ასე მიდიოდა უფალი ვნებისაკენ, აი, ასე მოკვდა იგი, აი, ასე უგმირეს მას ფერდში, აი, ასე გადმოვიდა მაშინ გახვრეტილი ფერდიდან სისხლი და წყალი.
და ამგვარად იქცევა, პირველ რიგში, იმისათვის, რათა, როგორც აღვნიშნე, გვიჩვენოს, რომ ამ ჭეშმარიტებას, ამ სინამდვილეს წინ უძღოდა სახეები და გარკვეული წერილები, რომლებიც ხალხისათვის წინასწარმაუწყებელი იყო. მსგავსად ამისა, ღვთისმსახურიც პურის ტრაპეზზე გადატანამდე და მსხვერპლად შეწირვამდე მასზე ქრისტეს მსხვერპლის გარემოებებს გამოსახავს. ამით იგი იმ აზრსაც გამოხატავს, რომ ეს პური მალე გარდაიქცევა იმ ჭეშმარიტ პურად, რომელიც ჯვარცმულ იქნა და მსხვერპლად შეიწირა (1კორ. 11:26). ამ ყველაფერთან ერთად, რადგან უფლის სიკვდილის უწყებაა საჭირო, რათა უყურადღებოდ არ დაგვრჩეს არც ერთი საშუალება უწყებისა და თხრობისა, - რისთვისაც ათასი ბაგე უნდა გვქონოდა, - ის სიტყვიერადაც მოგვითხრობს და მოქმედების მეშვეობითაც.