საჭიროა განიმარტოს ისიც, რატომ არ აკურთხებს მღვდელმსახური, მიართმევს რა ძღვენს ღმერთს და დადებს მას ტრაპეზზე, ყველა იმ პურს, რომელიც მირთმეული იყო, არამედ მხოლოდ იმას, რომელსაც ის მათგან ამოკვეთს.
ესეც ქრისტეს შესაწირავისთვის განკუთვნილი თავისებურებაა. სხვა ძღვენს მათი მფლობელები აცალკევებდნენ ერთგვაროვან საგანთაგან, მიჰქონდათ ტაძარში და მღვდელმსახურებს გადასცემდნენ, ხოლო ეს უკანასკნელნი მიიღებდნენ და მიართმევდნენ მათ, ან მსხვერპლად სწირავდნენ, ან ისე იქცეოდნენ, როგორც ამა თუ იმ მიტანილ საგანს შეეფერებოდა.
მაგრამ ქრისტეს სხეული გამოცალკევებულია მისდაგვარ საგანთაგან, მიტანილია, მიღებულია, მირთმეულია ღმერთისთვის და ბოლოს მსხვერპლად არის შეწირული ღვთისმსახურის ხელით: იმიტომ, რომ ღვთის ძემ თავად გამოირჩია სხეული თავისთვის, გამოყო იგი ჩვენი შემადგენლობიდან, თავად მიართვა იგი ძღვნად ღმერთს, დაადგინა მამის წიაღში, რადგან თავად არასდროს განშორებულა მისი წიაღიდან, არამედ იქვე იმყოფებოდა მას შემდეგაც, რაც შექმნა ეს სხეული და შეიმოსა მისით, ასე რომ იგი წარმოშობისთანავე უკვე ღმერთისადმი იყო მიძღვნილი და ბოლოს მან თავად აიყვანა იგი ჯვარზე და მსხვერპლად შესწირა.
ამიტომაც პურს, რომელიც უნდა გარდაიქცეს ქრისტეს სხეულად, მღვდელმსახური თავად განაცალკევებს სხვა ერთგვაროვანი პურებისაგან, თავად სთავაზობს ღმერთს, წმიდა ფეშხუმზე დადებულს, ხოლო ტრაპეზზე გადატანის შემდეგ მსხვერპლად სწირავს.