რა არის მიზეზი, რა არის საფუძველი იმისა, რომ ეს ძღვენი უფალს უნდა მივართვათ როგორც სიცოცხლის საწყისი?
ეს იმიტომ ხდება, რომ ღმერთი ამ ძღვნის სამაგიეროდ სიცოცხლეს გვანიჭებს. ხოლო სამართლიანობა მოითხოვს, ძღვენი სრულად არ განსხვავდებოდეს გასაცემისაგან, არამედ მათ შორის იყოს რაიმე მსგავსება და თუ უკანასკნელი სიცოცხლეა, მაშინ პირველიც სიცოცხლე უნდა იყოს, ყოველგვარი მნიშვნელობით, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ძღვნის დამდგინებელი და გასაცემელის გამცემელი ერთი და იგივე მართლმსაჯულია, ყოველივესთვის ზღვრისა და საზომის მომრიგებელი (სიბრძ. სოლ. 11:20). მან მოგვცა მცნებად პურისა და ღვინის მირთმევა; ის თავად მოგვცემს ამისთვის ცოცხალ პურს და მარადიული სიცოცხლის სასმისს. როგორც მოციქულებს დაჭერის წილ დაჭერა მიანიჭა: თევზის დაჭერის წილ კაცთა დაჭერა (მათ. 4:18-19), და მდიდარ კაცს, რომელმაც სასუფევლის შესახებ ჰკითხა, მიწიერი დიდების წილ ზეციური დიდება აღუთქვა (მარკ. 10:21), ასევე აქაც, მაგრამ პირიქით: რისი მეშვეობითაც მარადიული სიცოცხლის მონიჭება სურდა (ვამბობ მის ცხოველმყოფელ ხორცსა და სისხლზე), სწორედ იმის მიძღვნა დაგვიდო მცნებად, რითაც დროებითი სიცოცხლე სულდგმულობს, რათა მადლს გასაცემელის სახე ჰქონოდა, რათა უსაზღვრო მოწყალებას თავის თავში სიმართლის საზომიც მოეცვა - რათა აღსრულებულიყო თქმული: "დავდევ სამართალს ლარად და სიმართლეს - შვეულად" (ის. 28:17).
ამგვარად აიხსნება არა მხოლოდ ეს საიდუმლო, არამედ ნათლობის საიდუმლოც: ჩვენ ვიღებთ სიცოცხლეს სიცოცხლის წილ, ერთს გავცემთ, მეორეს მის სამაგიეროდ ვიღებთ. მაგრამ სიცოცხლის გაცემა სიკვდილს გამოხატავს, ხოლო სიცოცხლეში დაბრუნება არის საკუთრივი მნიშვნელობით სიცოცხლე. რადგან მხსნელმა სიკვდილი იგემა და აღდგა, კეთილინება, ჩვენც გაგვეზიარებინა მისი ახალი სიცოცხლე და ამიტომ გვიბრძანა, ჩვენც რაიმე მიგვეტანა მისთვის ამ დიადი ძღვნიდან. კერძოდ რა? მისი სიკვდილისათვის მიბაძვა. როგორი სახით? ჩვენი სხეულის, ვითარცა სამარეში, წყალში დაფარვით და ამის სამგზის აღსრულებით. ამის შემდეგ ის მისი სიკვდილისა და დაფვლის თანამონაწილეებად გვიღებს და თავის ახალ სიცოცხლეს გვანიჭებს.
აქაც ზუსტად ამგვარად არის.