ის შუამავალია, რომლის მეოხებითაც ყოველი სიკეთე ღმერთისაგან მოგვეცა, ანუ, უფრო უკეთ რომ ვთქვათ, ყოველთვის გვეძლევა. ვინაიდან მხოლოდ ერთხელ კი არ გვიშუამდგომლა და მას შემდეგ კი არ მიგვატოვა, მოგვცა რა ყოველივე, რისთვისაც გვიშუამდგომლა, არამედ ყოველთვის გვშუამდგომლობს - არა სიტყვებითა და თხოვნით, ჩვეულებრივი შუამდგომლების დარად, არამედ საქმით. რომელია ეს საქმე? ის, რომ საკუთარ თავთან გვაერთიანებს და თითოეულს ღირსებისა და სიწმინდისამებრ გვანიჭებს თავის მადლს.
და როგორც სინათლე მხედველს დანახვის საშუალებას აძლევს, და ისინი, ვისაც სინათლე არ ექნება, ვერც დაინახავენ, ასევე სულებისათვის აუცილებელია ქრისტესთან მუდმივი ზიარება, თუკი სრულფასოვნად და წყნარად ცხოვრება სურთ. თვალიც ვერ ხედავს სინათლის გარეშე, და სულებსაც ქრისტეს გარეშე ვერ ექნებათ ჭეშმარიტი ცხოვრება და სიმშვიდე, რადგან მხოლოდ ის ერთი შეარიგებს ღმერთთან, იმ სიმშვიდეს წარმოშობს, რომლის გარეშეც ღმერთის მტრებისათვის არ არსებობს ჭეშმარიტი იმედი რაიმე ღვთაებრივ სიკეთესთან ზიარებისა.
შესაბამისად, ვინც ან თავდაპირველად არ შეუერთდა ქრისტეს, ან შეერთებული არ იმყოფებოდა ერთიანობაში, ის ღმერთის მტერია და ღვთაებრივ სიკეთეთაგან გაუცხოებული.
რამ შეარიგა ღმერთი ადამიანურ ბუნებასთან? რასაკვირველია, იმან, რომ მან თავისი საყვარელი ძე ადამიანად დაინახა. ასევე შეურიგდება იგი ყოველ ადამიანს, რომელიც მხოლოდშობილის სახეს შეიმოსავს, მის სხეულს ატარებს და მასთან ერთად ერთ სულად მოევლინება. ამის გარეშე თითოეული ადამიანი თავისთავად არის ძველი, ღმერთისაგან მოძულებული, მასთან საერთოს არმქონე.
ამიტომაც, თუკი იმის რწმენაა საჭირო, რომ სულები მღვდელმსახურთა ლოცვისა და წმიდა ძღვნის შეწირვით პოულობენ განსვენებას, მაშინ წინასწარ ისიც უნდა გვწამდეს, რომ ეს სწორედ იმ საშუალებით აღესრულება, რომლითაც ადამიანისათვის სიმშვიდის მონიჭებაა შესაძლებელი. ხოლო რომელია ეს საშუალება, უკვე ნათქვამია: ეს არის - ღმერთთან შერიგება და მასთან მტრობაზე ხელის აღება. როგორ შეიძლება ამის აღსრულება? ღმერთს უნდა შევუერთდეთ და მის საყვარელ შვილთან სულიერი ერთობა მოვიპოვოთ, რომლის შესახებაც აკურთხა ღმერთმა. ეს კი - წმიდა ტრაპეზის საქმეა, რომელიც, როგორც ნათქვამიდან ჩანს, ცოცხალთათვისაც და მიცვალებულთათვისაც საერთოა.