მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმინდა მართალი
ნიკოლოზ კავასილა

 

ღვთაებრივი ლიტურგიის განმარტება

 

45. იმის შესახებ, რომ მიცვალებულთა ზიარება უფრო სრულყოფილია

 

სხეულისგან თავისუფალ სულებს ზიარებასთან მიმართებით სხეულში მცხოვრებ სულებთან შედარებით გარკვეული უპირატესობა აქვთ. კერძოდ, ისინი მღვდელმსახურთა ლოცვით და ძღვნის შუამდგომლობით ცოცხლებზე ნაკლებ განწმენდასა და ცოდვათა შენდობას როდი იღებენ, არამედ აღარ სცოდავენ და ძველ ცოდვებს ახლებს აღარ უმატებენ, როგორც უმეტესად ხდება ცოცხალთა შორის, არამედ ან ყოველგვარი ბრალეულობისაგან თავისუფლდებიან, ანაც, უკიდურეს შემთხვევაში, ცოდვათა სიმძიმეს გამუდმებით იმსუბუქებენ, ამგვარად, მაცხოვართან ზიარებისთვის სულები არა მხოლოდ სხეულში მცხოვრებთა უმეტესობაზე უფრო მზად არიან, არამედ თავიანთ თავზეც, ხორციელად ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ. უკვე ის, რომ სხეულისაგან თავისუფალნი არიან, საიდუმლოთა ზიარებისთვის უფრო მეტად შემძლებელს ხდით მათ, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუკი ისინი სხეულით იქნებოდნენ შემოსილნი.

როგორც ზეცაშია მრავალი სხვადასხვა სამყოფელი (იოან. 14:2), რათა ყოველგვარი სათნოება დაჯილდოებული იყოს და არაფერი დარჩეს სამართლიანი და კაცთმოყვარე მსაჯულის მისაგებლის გარეშე, ამიტომ, როგორც უდიდეს ჯილდოთა ღირსნი, სრულყოფილნიც, სრული ნეტარების მემკვიდრეებიც, მაგალითად, პავლე და მისი მსგავსნი, ამ ნეტარებით უფრო მეტად ტკბებიან სხეულის განგდების შემდეგ, ვიდრე ამქვეყიური ცხოვრებისას. ვისთვისაც ჩვეულებრივი განსასვენებელია განმზადებული, ბუნებრივია, მით დატკბობა ამ ქვეყნიდან განსვლის შემდეგ აჯობებს, ვიდრე სხეულში ცხოვრების პირობებში.

უკვე ნაჩვენებია, რომ ყოველი განსასვენებელი სულთა და სიკეთეთა ყოველგვარი მისაგებელი, დიდიცა და პატარაც, სხვა არაფერია, თუ არა ეს პური და ეს სასმისი, რომელსაც ცოცხლებიც და მიცვალებულებიც თანაბრად ეზიარებიან, თითოეული - თავისთვის შესაფერისი სახით. ამიტომაც, უფალმა მომავალ საუკუნეში წმიდათა ნეტარებას სერობა უწოდა (ლუკ. 14:16), იმის საჩვენებლად, რომ იქ ამ ტრაპეზის გარდა სხვა არაფერია.

ამრიგად, ევქარისტიის ღვთაებრივი მსახურება მიცვალებულთათვისაც იმგვარივეა, როგორიც ცოცხალთათვის. და როგორც ცოცხლები, ნათქვამისამებრ, ორგვარად განიწმინდებიან, ასევე ორგვარი სახით განიწმინდებიან მიცვალებულებიც. ამრიგად, გარდაცვალებულებს ამ კუთხით არაფრით არ ეძლევათ ნაკლები, არამედ ზოგ შემთხვევაში მეტიც.

 

წინა თავი <---- სარჩევი ----> შემდეგი თავი