მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმინდა მართალი
ნიკოლოზ კავასილა

 

ღვთაებრივი ლიტურგიის განმარტება

 

42. იმის შესახებ, განიწმინდებიან თუ არა ტრაპეზის ძღვნით მიცვალებულები, ცოცხალთა მსგავსად

 

ზემოთქმულთან ერთად აუცილებელია ამის გამოკვლევაც:

ცნობილია, რომ ღვთაებრივი და წმიდა საიდუმლო ორგვარად განწმენდს: პირველი - შუამდგომლობის მეშვეობით, რადგან შეწირული ძღვენი, უკვე იმით, რომ შეიწირება, შემწირველსაც განწმენდს და მათაც, ვისთვისაც შეიწირება, და უფალს მათ მიმართ მწყალობელს ხდის; მეორე კი - ზიარებით, რადგან, უფლის სიტყვისამებრ, ძღვენი ჭეშმარიტ საზრდელად და სასმელად გვევლინება (იოან. 6:55).

ამ შესაძლებლობათაგან პირველი ცოცხალთათვისაც და მიცვალებულთათვისაც საერთოა: ვინაიდან ამათთვისაც და იმათთვისაც მსხვერპლი შეიწირება, ხოლო მეორე მხოლოდ ცოცხალთათვის არის მისაწვდომი, რადგანაც მიცვალებულებს ჭამა-სმა აღარ შეუძლიათ. ამიტომაც არის, რომ მიცვალებულები ზიარების განწმენდით არ განიწმინდებიან და ამ მხრივ ცოცხლებზე ნაკლები ეძლევათ? არა, ვინაიდან ქრისტე მათაც იმგვარად მისცემს საკუთარ თავს, როგორც თვითონ იცის.

ეს რომ თვალსაჩინო იყოს, განვიხილოთ, რაზეა დამოკიდებული განწმენდა და მიცვალებულთა სულებსაც, ცოცხალთა მსგავსად, ხომ არ აქვთ ამის საშუალება.

მაშ, რაზეა დამოკიდებული განწმენდა - იმაზე, რომ სხეული გვაქვს, ჩვენი ფეხით მივდივართ ტრაპეზთან, წმიდა ძღვენს ხელით ვიღებთ, ბაგით ვიხმევთ, ვჭამთ და ვსვამთ? არა, ვინაიდან, მრავალმა, ვისაც ყოველივე ეს ჰქონდა და ვინც ამგვარად მიეახლებოდა საიდუმლოებებს, ამით ვერანაირი სარგებელი ვერ მიიღო და განშორდა ისე, რომ უდიდესი ბოროტება მოეწია.

მაშ, რა ითვლება განწმენდილთათვის განწმენდის მიზეზად? და რას ითხოვს ჩვენგან ქრისტე? ეს არის - სულის სიწმინდე, ღვთის სიყვარული, რწმენა, საიდუმლოთა სურვილი, ზიარების წადილი, მხურვალე გულმოდგინება და ის, რომ წყურვილით მივეახლოთ. აი, რით მოიპოვება განწმენდა და რა არის აუცილებელი მათთვის, ვინც ქრისტესთან ზიარებისთვის მიდის და რის გარეშეც შეუძლებელია განწმენდა.

მაგრამ ყოველივე ეს სხეულს არ ეხება და მხოლოდ სულზეა დამოკიდებული. შესაბამისად, წინ ვერაფერი აღუდგება მიცვალებულთა სულებსაც, ცოცხალთა მსგავსად, ჰქონდეთ იგი.

ამიტომაც, თუკი სულებს საიდუმლოთათვის მზაობა და განწყობა აქვთ, ხოლო უფალი, რომელმაც განწმინდა და აღასრულა ის, ყოველთვის მსურველია განწმენდისა და ყოველ ჟამს საკუთარი თავის შეთავაზება სურს, მაშ, რას შეუძლია გადაეღობოს ზიარებას? ცხადია, არაფერს.

ასეთ შემთხვევაში, ვინმე იტყვის, რომ თუ ცოცხალთაგან ვინმეს სულში ის კეთილი მონაცემები ექნება, რომელთა შესახებაც ვთქვით, თუნდაც არ მიეახლონ საიდუმლოს, მაინც მიიღებენ განწმენდას?

არა ყოველი, არამედ მხოლოდ ის, ვინც, მიცვალებულთა სულების მსგავსად, მას სხეულებრივად ვერ მიეახლება, უდაბნოში, მთებში, ქვაბულებსა და მიწის მღვიმეებში გასულების მსგავსად (ებრ. 11:38), რომელთათვისაც სამსხვერპლოსა და მღვდლის ნახვა შეუძლებელი იყო. ამ ხალხს, ცხადია, თავად ქრისტე სხვა განწმენდით განასპეტაკებდა. ეს საიდან ჩანს? იქიდან, რომ მათ ცხოვრება შიგნით ჰქონდათ, ხოლო თუკი ამ საიდუმლოს არ ეზიარებოდნენ, არ ექნებოდათ, რადგან თავად ქრისტემ თქვა: "უკუეთუ არ სჭამოთ ხორცი ძისა კაცისაი და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხოვრებაი თავთა შორის თქუენთა" (იოან. 6:53). ამის აღსანიშნავად მრავალს ამ წმიდათაგან ძღვნიან ანგელოზებს უგზავნიდა.

მაგრამ თუკი ვინმეს შეუძლია და ტრაპეზს არ მიეახლება, მისთვის განწმენდის მიღება სრულიად შეუძლებელია და არა იმიტომ, რომ ის უბრალოდ არ მიეახლება ტრაპეზს, არამედ - რადგან შეუძლია, მაგრამ არ მიეახლება, საიდანაც ჩანს, რომ მის სულში არ არის ის კეთილი თვისებები, რომლებიც საიდუმლოთათვის არის საჭირო.

მართლაც, ტრაპეზთან მიახლების რა გულმოდგინება და სურვილი უნდა ჰქონდეს მას, ვისაც ადვილად შეუძლია მიეახლოს ტრაპეზს და არ სურს? ღვთის როგორი რწმენა უნდა ჰქონდეს მას, ვისაც არ ეშინია უფლის სიტყვებში არსებული მუქარისა მათ მიმართ, ვინც ამ სერობას უგულებელყოფს (მათ. 22:7)? და როგორ უნდა დაიჯეროს იმათი სიყვარული, ვისაც მიღების შესაძლებლობა აქვს და არ იღებს?

ამიტომაც არაფერია უჩვეულო იმაში, რომ სხეულისგან განშორებულ სულებს, რომელთაც ვერც ერთ მსგავს ნაკლოვანებაში ვერ დაადანაშაულებს, ქრისტე ამ ტრაპეზს აძლევს. არაჩვეულებრივი და საკვირველი ისაა, რომ ხრწნადი, წარმავალი ადამიანი უხრწნელ სხეულს ჭამს. ხოლო სული - უკვდავი არსება - მისთვის შესაფერი სახით ეზიარება იმას, რაც უკვდავია. რა არის ამაში საკვირველი? თუკი უფალმა გამოუთქმელი კაცთმოყვარეობითა და მიუწვდომელი სიბრძნით შეძლო იმის განხორციელება, რაც არაჩვეულებრივი და საკვირველია, მაშ, როგორღა არ დავიჯეროთ, რომ იმას აღასრულებს, რაც შესაძლებელი და ბუნებრივია?

 

წინა თავი <---- სარჩევი ----> შემდეგი თავი