მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმინდა მართალი
ნიკოლოზ კავასილა

 

ღვთაებრივი ლიტურგიის განმარტება

 

41. ამის შემდგომი სამადლობლისა და ასამაღლებლის შესახებ

 

ამაში მდგომარეობს მთელი ღვთისმსახურება და ღვთაებრივი ევქარისტიის საიდუმლოც სრულდება: ახლა ძღვენი უკვე ნაკურთხია, იერარქია და სრულიად სამღვდელო დასი განწმენდილია, ხოლო მათით ეკლესიის დანარჩენი კრებული იკურთხა და განიწმინდა.

ამიტომაც თავად ღვთისმსახურიც და მის გარშემო მყოფი მორწმუნეებიც ახლა ღმერთს სამადლობლითა და ასამაღლებლით მიმართავენ. ღვთისმსახური ამბობს: "კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ!", ხალხი კი წინასწარმეტყველის სიტყვებიდან ნასესხებ საქებარ საგალობელს აღავლენს: "აღავსე პირი ჩემი ქებითა შენითა, უფალო, რაითა უგალობდე დიდებასა შენსა" (ფს. 70:8). არ ძალგვიძს, უფალო, - ამბობენ მორწმუნენი, - გალობის მოძღვნაც კი იმ წყალობისთვის, რისი ღირსიც გაგვხადე, მაგრამ ესეც მოგვანიჭე. რა გზით? აღავსე პირი ჩვენი ქებითა. როგორც მლოცველებს ანიჭებ ლოცვას, რათა ვიცოდეთ, რისთვის და როგორ უნდა ვითხოვოთ, ასევე შენს სადიდებლად მოანიჭე ძალა ჩვენს ბაგეს.

შემდეგ ამისა ითხოვენ, მისი დახმარების შემწეობით მიღებული სიწმინდე უვნებლად დაიმარხონ, რათა მადლს არ უღალატონ და ძღვენი არ დაღუპონ. "დაგვიმარხენ ჩუენ სიწმიდეთა შინა შენთა", - ჩვენ - რის მოქმედნი (რადგან ჩვენი მხრიდან მოქმედებაა საჭირო)? - "ყოველსა დღესა გუასწავენ სიმართლენი შენნი". აქ სიმართლეს ლოცვებში განჭვრეტილ ღვთის სიბრძნეს და კაცთმოყვარეობას უწოდებენ, როგორც პავლემ განმარტა: "არ არს განწვალება, - ამბობს იგი, - სიმართლე ღვთისაი სარწმუნოებითა იესუ ქრისტესითა ყოველთა მიმართ და ყოველთა ზედა მორწმუნეთა" (რომ. 3:22). ამ სიმართლის შესახებ განსჯას შეუძლია სიწმინდე შეგვინარჩუნოს, ვინაიდან იგი ღვთის რწმენასაც განამრავლებს, სიყვარულსაც აღვივებს და არავითარ ბოროტს სულში შემოსვლის ნებას არ აძლევს. შესაბამისად, ზემოთ ფუჭად არ გვითქვამს, რომ საიდუმლოთა შესაფერისი გულისზრახვების გარეშე შეუძლებელია განწმენდა და ჩვენს შიგნით კურთხევის შენარჩუნება.

 

წინა თავი <---- სარჩევი ----> შემდეგი თავი