ამის შემდეგ საიდუმლოთა მაზიარებელთათვის ღვთისმსახური ღმერთისგან ხსნასა და კურთხევას გამოითხოვს. რომელი ლოცვით? "აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი".
და ეს დავით წინასწარმეტყველის სიტყვებია (ფს. 27:9). იგივე წინასწარმეტყველი სხვაგან მამის სახელით ძეს მსგავსადვე მიმართავს: "ითხოვე ჩემგან და მიგცნე შენ წარმართნი სამკვიდრებელად შენდა კიდენი ქუეყანისანი" (ფს. 2:8), ვინაიდან ის, რაც ძეს, როგორც ღმერთს, თავიდანვე აქვს, მან, როგორც ადამიანმა, შემდგომში მოიპოვა.
მაშ, რატომ არ ამბობს ღვთისმსახური: "აკურთხე შენი საქმე, რომელთა შემოქმედიც თავად ხარ", არამედ წარმოთქვამს: "აკურთხე სამკვიდრებელი შენიო", თუ იგი ჩვენი შემოქმედია? რათა უკეთ ვევედროთ მას იმ უპოვარების გახსენებით, რომელიც მან იტვირთა. მათთვის ვლოცულობ, - ამბობს იგი, - ვისთვისაც შენ მონათა შორის ყოფნა, მცნებათა მიღება, მიმღებელთა თანაბრად დგომა მოითმინე, მაშინ როდესაც ყველაფერს ფლობ, და თავს მემკვიდრე უწოდე, მაშინ როდესაც შენს ქონებას ვერაფერს შემატებ.
სხვა მხრივ, ღმერთისგან ჩვენი უფრო მეტად დასაკუთრების გახსენება მას მოწყალებისადმი უფრო მეტად განაწყობს. ხოლო მემკვიდრეობით დასაკუთრება გაცილებით სრულია, ვიდრე შექმნით, და უფალმაც მემკვიდრეობით გაცილებით უკეთ დაგვისაკუთრა, ვიდრე შექმნით ვეკუთვნოდით. ის შექმნით მხოლოდ ადამიანურ ბუნებას ფლობდა, ხოლო მემკვიდრეობით გონებისა და ნების მეუფედ იქცა, რაც ადამიანებზე ჭეშმარიტ მეუფებას გულისხმობს, ჩვენ კი პირუტყვსა და უსულო არსებებთან საერთო ის გვაქვს, რომ ბუნებით ყოველივე ღმერთს ემორჩილება, როგორც შექმნილი - შემქმნელს.
მემკვიდრეობით როგორ გახდა იგი გონებისა და ნების მეუფე? - როდესაც ზეცით გარდამოვიდა, ჯვარცმულ იქნა და აღდგა, ჩვენ მას ჩვენი გონება და ნება დავუმორჩილეთ. გონება - რადგანაც იგი ჭეშმარიტ ღმერთად და ყოველივე არსის შემოქმედად ვაღიარეთ, ნება - რადგან იგი და მისი მეუფება შევიყვარეთ და მისი უღელი სიხარულით ვიტვირთეთ.
ასე სრულფასოვნად მიიღო ღმერთმა ადამიანები, ასე ჭეშმარიტად მიიკუთვნა ისინი! ესაია წინასწარმეტყველს ეს მიკუთვნება ძველთაგანვე სურდა და ამიტომაც ამბობდა: "უფალო, ღმერთო ჩემო! შენ გარდა სხვა მეუფენი გვბატონობდნენ, მაგრამ მხოლოდ შენში ვახსენებთ შენს სახელს" (ეს. 26:13).
ეს ის სამკვიდრებელია, რომელზეც ითქვა, რომ იგი მხოლოდშობილმა მამისგან მიიღო. ასეთია ეს ლოცვა.