როდესაც ღვთისმსახური სიწმინდეს ეზიარება, ხალხს მიმართავს და უჩვენებს წმიდა ძღვენს. ამით ზიარების მსურველთ უხმობს და ღვთის შიშითა და რწმენით ზიარებისკენ მოუწოდებს, რათა საიდუმლო არ უგულებელყონ იმის გამო, რასაც მასში ვხედავთ და მასში არ დაეჭვდნენ, რადგან რისიც გვწამს, ჩვენს გონებას აღემატება, არამედ წმიდა ძღვნის ღირსების შემეცნებით (ის ხომ მაზიარებლებს მარადიულ ცხოვრებას ანიჭებს) რწმენით მიეახლონ მას.
მორწმუნენი რწმენის მიმართ მოწიწების გამოსახატავად მოიდრიკებიან, ლოცულობენ, ადიდებენ იესოს როგორც ღმერთს, რომელსაც ძღვენში წარმოისახავენ და სადიდებელი სადღესასწაულო რომ გახადონ, წინასწარმეტყველის სიტყვებს წარმოთქვამენ: "კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა, ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ" (117:26-27). "მე მოვედ, - ამბობს უფალი, - სახელითა მამისა ჩემისათა, და არა შემიწყნარებთ. უკუეთუ სხუაი მოვიდეს სახელითა თვისითა, იგი შეიწყნაროთ" (იოან. 5:43). მამის განდიდება - აი, მეუფის ჭეშმარიტი ნიშანი, აი, მხოლოდშობილობის ნიშანი; ხოლო თვითსჯულობა და მამისგან განშორება - გაქცეული მონის ნიშანია. ამის მცოდნე და კეთილი მწყემსის მგლისგან გამრჩევმა წინასწარმეტყველმა ძველთაგანვე აკურთხა უფლის სახელით მომავალი, უწოდა რა მამას უფალი, თავად მოვლენილს კი ღმერთი. ამავე სიტყვებით განადიდებენ მორწმუნეებიც ახლა მომავალ და მათთვის მოვლენილ ქრისტეს.