ხოლო ეკლესია საიდუმლოებებით, როგორც სიმბოლოებით, კი არ მოესწავება, არამედ ისე, როგორც გულით მოესწავება ასოები, როგორც ხის ფესვით - ტოტები და, როგორც უფალმა თქვა, ვენახით - რტონი (იოან. 15:5). აქ მხოლოდ სახელთა ერთნაირობა როდია, არც მხოლოდ მსგავსებაა, არამედ საქმის იგივეობაა, რადგანაც საიდუმლოებები არსობრივად ქრისტეს ხორცი და სისხლია.
ქრისტეს ეკლესიისთვის ისინი ჭეშმარიტი საზრდელი და სასმელია (იოან. 6:55). მისი ზიარებით ეკლესია მათ ადამიანურ სხეულად კი არ აქცევს, როგორც რაიმე სხვა საზრდელს, არამედ თავად გარდაიქცევა საიდუმლოდ, რადგანაც უკეთესი უარესს გადაძლევს. ასეა რკინაც, ცეცხლთან შეერთებული, თავადაც ცეცხლად იქცევა და არა ცეცხლი - რკინად. გავარვარებულ რკინაში ჩვეულებრივ რკინას კი არა, ცეცხლს ვხედავთ, რადგან რკინის თვისებები მთლიანად ცეცხლით იჩრდილება. ვინმეს რომ შესძლებოდა ქრისტეს ეკლესიის იმ სახით დანახვა, როგორ არის იგი ქრისტესთან შეერთებული და მის სხეულში როგორ მონაწილეობს, მაშინ მას რაიმე სხვა სახით კი არა, მხოლოდ უფლის სხეულად დაინახავდა. ამავე მიზეზით პავლე წერს: "თქუენ ხართ ხორცნი ქრისტესნი და ასონი ასოთა მისთაგანნი" (1 კორ. 12:27) და იმისთვის კი არ უწოდა პავლემ მას - თავი, ხოლო ჩვენ - სხეული, რომ ქრისტეს ჩვენდამი მზრუნველობა, მისი გამზრდელობა და ხელმძღვანელობა და ჩვენი მისდამი მორჩილება აღენიშნა, - მსგავსად იმისა, როგორც ჩვენ, გრძნობა უფრო მძაფრად რომ გამოვხატოთ, ნათესავებს ან მეგობრებს შვილებს ვუწოდებთ, - არამედ სწორედ იმის გამოსახატავად, რაც თქვა: მორწმუნეები ამ სისხლით ჭეშმარიტად შეერთებულნი არიან იმ თავთან და შემოსილნი არიან იმ სხეულით, უკვე ქრისტესმიერი ცხოვრებით ცხოვრობენ.
ამიტომაც არაფერია არაბუნებრივი იმაში, რომ აქ ეკლესია საიდუმლოებებით მოესწავება.