მორწმუნეთა საიდუმლო სერობაზე ამგვარად მოწვევის შემდეგ მღვდელი პირველად თვითონ, ყველა მისი თანაბარი ხარისხის მქონესა და საკურთხევლის ყველა მსახურთან ერთად ეზიარება; მაგრამ, ჯერ ბარძიმში თბილ წყალს ასხამს ეკლესიაზე სულიწმიდის გარდამოსვლის ნიშნად. მაშინ სული გარდამოვიდა; მხსნელის მნეობის დასრულების შემდეგ და ახლაც მსხვერპლის შეწირვისა და ძღვნის კურთხევის შემდეგ გადმოდის მათზე, ვინც ზიარების ღირსია.
ვინაიდან ევქარისტიის წმიდა საიდუმლოში ქრისტეს მნეობა პურზე, როგორც დაფაზე, სრულად გამოისახება (ვინაიდან ჩვენ ქრისტეს ხატებას ვჭვრეტთ ყრმადაც, სიკვდილზე მიმყოლადაც, ჯვარცმულადაც, ფერდგანღებულადაც და შემდეგ თავად ამ პურსაც იმ ყოვლადწმიდა სხეულად გარდაქმნილს ვხედავთ, რომელმაც ჭეშმარიტად ყოველივე მოითმინა, აღდგა, ამაღლდა და ღვთის მარჯვნივ ზის), ამიტომ იყო საჭირო ამ ყველაფრის აღსრულების შემდეგ განსაზღვრულიყო ამ ყოველივეს მიზანი ჩვენი ხსნის მნეობის მთელი საქმის დაგვირგვინებით, რათა საიდუმლოს აღსრულება მთლიანი ყოფილიყო.
რა ნაყოფი და დასასრული აქვს ქრისტეს ვნებას, სწავლებასა და საქმეს? მათ ჩვენთან მიმართებით თუ განვიხილავთ, სხვა არაფერი, თუ არა ეკლესიაზე სულიწმიდის გარდამოსვლა. ამიტომაც ამის შემდეგ ამ გარდამოსვლის გამოხატვაც გვმართებდა. და ეს, მართლაც, საიდუმლოში თბილი წყლის ჩასხმით მიენიშნება.
რადგან ეს წყალი ერთდროულად წყალიც არის და ცეცხლის თანაზიარიც, სულიწმიდას აღნიშნავს, რომელიც წყლადაც იწოდება (იოან.7:38) და ცეცხლადაც მოევლინა ქრისტეს მოციქულებზე გარდამოსვლისას (საქ. 2:3-4).
და ეს დრო (როდესაც წყალი ისხმება) იმ დროს აღნიშნავს: ვინაიდან მაშინ სული ყოველივეს, ქრისტესთან დაკავშირებულის, აღსრულების შემდეგ გარდამოვიდა, ახლაც ეს წყალი ძღვენის აღსრულების შემდეგ ისხმება.
ხოლო საიდუმლოებები ეკლესიასაც აღნიშნავენ, რადგან ის არის "ხორცნი ქრისტესნი და ასონი ასოთა მისთაგანნი" (1 კორ. 12:27). მაშინ ეკლესიამ სულიწმიდა ქრისტეს ამაღლების შემდეგ მიიღო, ახლა კი სულიწმიდის მადლს ძღვნის ზეციურ სამსხვერპლოზე მიღების შემდეგ იღებს, რადგან ძღვნის მიმღები ღმერთი, სამაგიეროდ, როგორც ზემოთ ითქვა, სულიწმიდას გარდამოგვივლენს: მაშინაც და ახლაც შუამდგომელი ერთია და ერთი და იგივე სულია.