შემდეგ ღვთისმსახური განიზრახავს, თავად შეუდგეს და სხვებიც მიიწვიოს ტრაპეზზე. მაგრამ ვინაიდან ყველასთვის განურჩევლად საიდუმლოთა ზიარება არ არის ნებადართული, ის ყველას არ იხმობს, არამედ ცხოველმყოფელი პურის ამაღლებითა და ჩვენებით ზიარებისთვის მათ უხმობს, ვინც ამის ღირსია: "წმიდა წმიდათა". ის თითქოს ამგვარად ამბობს: აი სიცოცხლის პური, რომელსაც თქვენ ხედავთ; ისწრაფეთ ზიარებისთვის, მაგრამ არა ყველამ, არამედ მხოლოდ მათ, ვინც წმიდაა, რადგან წმიდა მხოლოდ წმიდათათვის არის ნებადართული. წმიდას აქ არა მხოლოდ სათნოებებში სრულყოფილებს უწოდებს, არამედ ყველას, ვინც ამ სრულყოფილებისკენ მიისწრაფვის, თუმცა ჯერ კიდევ ვერ მიაღწია მას. ამით წმიდა საიდუმლოთა ზიარებით განწმედას და ამ მხრივ წმიდად ყოფნას არაფერი ეღობება წინ. ისევე როგორც მთელი ეკლესია იწოდება წმიდად, ასევე წერს ნეტარი მოციქული მთელ ხალხს: "ძმანო წმიდანო, ჩინებისა მის ზეცათაისა ზიარნო" (ებრ. 3:1). ისინი წმიდად იმ წმიდის გამო იწოდებიან, რომელთანაც ურთიერთობა აქვთ და რომლის ხორცსა და სისხლს ეზიარებიან, ვინაიდან ისინი - მისი სხეულის ნაწილები, მისი ხორცის ხორცი და მისი ძვლების ძვლები არიან. ამრიგად, სანამ მასთან ერთობაში ვართ და კავშირს ვინარჩუნებთ, წმიდა ცხოვრებით ვცხოვრობთ, საიდუმლოს მეშვეობით განწმედას ვიღებთ იმ თავიდან და გულიდან. მაგრამ თუ ყოვლადწმიდა სხეულის ერთიანობას განვშორდებით და მოვწყდებით, მაშინ წმიდა საიდუმლოს უსარგებლოდ ვიღებთ, რადგან სიცოცხლე მკვდარ და მოკვეთილ ნაწილებს ვერ გადაეცემა.
რა მოჰკვეთს წმიდა სხეულის ამ ნაწილებს? "მხოლოდ თქვენი უკეთურებანი - იყო გამყოფი თქვენსა და თქვენს ღმერთს შორის" (ეს. 59:2).
განა ყოველი ცოდვა მკვდრად აქცევს ადამიანს?
არა, მხოლოდ მომაკვდინებელი ცოდვა; ის მომაკვდინებლად იმიტომ იწოდება, რომ, ნეტარი იოანეს სიტყვით, არსებობს არამომაკვდინებელი ცოდვაც (1 იოან. 5:17). ამიტომ მათ, ვინც საიდუმლოს ეზიარა, თუ რაიმე ისეთი ცოდვა არ ჩაუდენია, რომელიც ქრისტესგან განაცალკევებს და სიკვდილს მიანიჭებს, არაფერი უშლით ხელს, საიდუმლოს ზიარებით, საქმითაც და სახელითაც განწმედის მონაწილენი იყვნენ, რადგან ჯერ კიდევ ცოცხალი და თავთან შეერთებული ნაწილები არიან.
ამიტომაც მღვდელმსახურის წარმონათქვამს "წმიდა წმიდათა" მორწმუნეები პასუხობენ: "ერთ არს წმიდა, ერთ არს უფალი იესუ ქრისტე, სადიდებელად ღმრთისა მამისა", რადგან არავის თავისით არ შეუძლია განწმედა და ეს არ არის ადამიანის სათნოებათა საქმე, არამედ ყველაფერი - მისგან და მის მიერაა. ეს იმას ჰგავს, მზისგულზე ბევრი სარკე რომ დავალაგოთ. ისინი ანათებენ და სხივებს აფრქვევენ. გეჩვენება, თითქოს უამრავ მზეს ხედავ, თუმცა სინამდვილეში თითოეულში ერთი მზე აირეკლება. ერთი წმიდა მორწმუნეებზე გადმოდინებისას მრავალ სულში ცხადდება და მრავალს წმიდად წარმოგვიჩენს, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, წმიდა მხოლოდ ერთია, ამასთან, წმიდაა მამის სადიდებლად. ვინაიდან ღმერთი მისი დიდების შესაბამისად არავის განუდიდებია, ამიტომაც ამბობდა იუდეველთა გაკიცხვისას: "თუ მამა ვარ, სად არის ჩემი პატივისცემა?" (მალ. 1:6). მაგრამ ერთმა მხოლოდშობილმა განადიდა შესაფერისი დიდებით, ამიტომაც თქვა მოახლოებული ვნებისას: "მე გადიდე შენ ქუეყანასა ზედა" (იოან. 17:4). როგორ განადიდა მან? მხოლოდ და მხოლოდ ხალხისთვის თავისი სიწმიდის ჩვენებით, იმგვარი სიწმიდის გამოვლინებით, როგორი წმიდაც თავად მამაა. ვინაიდან თუ ღმერთს ამ წმიდის მამად წარმოვიდგენთ, ძის ნათელი მამის დიდებაა; ქმნილების ღირსება ან სათნოება, რასაკვირველია, შემოქმედის დიდებაა.