მას შემდეგ, რაც ღვთისმსახური ამგვარად დამოძღვრავს მორწმუნეებს და ყოველმხრივ სიკეთეში განამტკიცებს, ღმერთს ევედრება, რათა ისინი, როგორც უკვე სრულყოფილნი და ღვთაებრივი ძეობის ღირსებაშემოსილნი, ღირსნი გახდნენ, თამამად მიმართონ იმ ლოცვით, რომელშიც ვკადნიერდებით, მას მამა ვუწოდოთ. და როდესაც ყველანი მასთან ერთად ამ ლოცვას წარმოვთქვამთ, მღვდელი მას ასამაღლებლით ამთავრებს.
შემდეგ ყველასთვის მშვიდობას გამოითხოვს. მაგრამ მათთვის იმ ლოცვით უმაღლესი მოწოდების გახსენებისა და ღმერთის მამად წოდების შემდეგ მის უფლად ცნობისა და მის წინაშე მონობის გამოხატვის - თავის მოდრეკისა და ამ გარეგნული სახით მონობის აღიარებისკენ მოუწოდებს. და ყველა მოიდრიკება, არა მხოლოდ უფლის, შემოქმედისა და ღმერთის ბუნების წინაშე, არამედ როგორც გამოსყიდული მონები - გამოსყიდულნი მისი მხოლოდშობილი ძის სისხლით, რომლითაც როგორც ორმაგად მონობა შეგვძინა, ისე ძეობა მოგვანიჭა: ვინაიდან ამავე სისხლმა გააძლიერა და გაზარდა ჩვენი მონობა და ამავდროულად უფლის ძეობის შეძენის მიზეზად იქცა.
როდესაც ყველანი თავს მოიდრეკენ, ღვთისმსახური ყოველივეს შექმნისთვის გულში მადლობს ღმერთს, ყველასთვის სარგებელს ითხოვს, ამასთან უფლის წინაშე მხოლოდშობილი ძის სახელს ახსენებს, მის მადლსა და კაცთმოყვარეობას, იმ იმედით, რომ, თავად მაცხოვრის ღვთაებრივი აღთქმისაებრ, მოთხოვნილს მიიღებს, რადგან ის ამბობდა: "რაოდენიცა-რაი სთხოოთ მამასა სახელითა ჩემითა, მოგცეს თქუენ" (იოან. 16:23). ამის შემდეგ ხალხის გასაგონად წარმოთქმულ ასამაღლებელს ყოვლადწმიდა სამების ასამაღლებელს დაურთავს.
და როდესაც ხალხი ასამაღლებელში მიიღებს მონაწილეობას, ღვთისმსახური კვლავ თავისკენ მოიქცევა და გულში საიდუმლოდ ლოცულობს, ლოცვისას მოუხმობს ქრისტეს - თვით მსხვერპლს, მღვდელს, პურს მოუხმობს, რათა ქრისტემ მისი მეშვეობით მონებს თავი თვითონ გადმოსცეს.