მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმინდა მართალი
ნიკოლოზ კავასილა

 

ღვთაებრივი ლიტურგიის განმარტება

 

34. იმის შესახებ, თუ როგორ ლოცულობს ღვთისმსახური თავის თავთან წმიდა ძღვნისთვის და რაზე ლოცვისკენ მოუწოდებს მორწმუნეებს

 

როცა ილოცებს იმისათვის, რაც ყველასთვის საჭიროა, მღვდელმსახური საკუთარი თავისთვისაც ლოცულობს, რათა ძღვნისგან თვითონაც მიიღოს განწმედა.

როგორი განწმედა? ცოდვათა შენდობა, ვინაიდან ეს ძღვნის პირველი მოქმედებაა. ეს საიდან ჩანს? უფლის სიტყვიდან, რომელიც მოციქულებს გამოუთქვა, მიუთითა რა პურზე: "ეს არის ხორცი ჩემი, თქვენთვის განტეხილი (1კორ. 11:24) მისატევებელად ცოდვათა", ისევე როგორც სასმისზე. "მოიხსენენ, უფალო, - ამბობს იგი, - ჩემიცა ესე უღირსება. შემინდვენ მე ყოველნი შეცოდებანი, ნებსითნი და უნებლიეთნი, და ნუ ჩემთა ცოდვათათვის დააყენებ მადლსა წმიდისა სულისა შენისასა წინამდებარისა ამის ძღუენისაგან". დაე, სულიწმიდამ ძღვნის მაზიარებლებს ცოდვათა შენდობა უწყალობოს.

ეს მადლი, - ბრძანებს იგი, - დაე, ნუ ამეკრძალება ჩემი ცოდვების გამო. ვინაიდან მადლი პატიოსან ძღვენში ორგვარი სახით მონაწილეობს: პირველი ის არის, რომ მადლით ძღვენი იკურთხება; ხოლო მეორე - ძღვნით ჩვენ ვიწმიდებით.

ძღვენში მადლის მოქმედების პირველ წესს ვერავითარი ადამიანური უსჯულოება ვერ აღუდგება წინ და რადგან ძღვნის კურთხევა ადამიანური სათნოების ნამოქმედარი არ არის, ამიტომ ადამიანური უსამართლობა ვერ დააბრკოლებს მას.

მაგრამ მეორე ჩვენს გულმოდგინებასაც მოითხოვს და ამიტომ ჩვენი დაუდევრობის გამო ბრკოლდება. მადლი ძღვნის საშუალებით განგვწმედს, თუკი ჩვენში განწმედის უნარს აღმოაჩენს, მაგრამ თუ მოუმზადებელს შეგვხვდება, კი არ გვარგებს, არამედ ურიცხვ ზიანს მოგვაყენებს.

ამ მადლისთვის - იქნება ეს მხოლოდ ცოდვათა შენდობა თუ, ამასთან ერთად, სხვა ძღვენი, მოცემული ადამიანთათვის, რომელნიც წმიდა სერობაზე წმიდა სინდისით იხმევენ - ლოცულობს მღვდელმსახური, რათა ეს წმიდა სერობა ძღვნისგან არ დაბრკოლდეს, რადგან იგი შეიძლება ადამიანურმა მანკიერებამ უწმიდურებით დააბრკოლოს. ცოტა მოგვიანებით ღვთისმსახური ამ ლოცვას ხალხთან ერთად აღავლენს.

მღვდელი ყველასთვის გამოითხოვს თანამოაზრეობას, რათა ერთი ბაგით და ერთი გულით ადიდონ უფალი, და მათ, ვინც ამგვარად არის განწყობილი, ამცნობს წყალობას ღვთისა და ჩვენი მხსნელისა იესო ქრისტესი, რის შემდეგაც იგი მართლაც ბრძანებს, ევედრონ უფალს იმისთვის, რისთვისაც თავად ლოცულობდა, ყველა წმიდანის შუამდგომლობით, რადგან ამას ნიშნავს ყველა წმიდანის მოხსენიება - მათი მოხმობა, მათდამი ლოცვა.

და რას ამბობს? განწმედილი ძღვნისთვის უფლისა მიმართ ვილოცოთ, არა იმიტომ, რომ მან განწმედა მიიღოს, - ამიტომაც უწოდა მას განწმედილი, რომ ვინმემ ამგვარად არ იფიქროს, - არამედ რათა ძღვენმა განწმედა მოგვანიჭოს, ვინაიდან ამას ნიშნავს ლოცვის ეს სიტყვები: "რათა კაცთმოყუარემან ღმერთმან ჩუენმან, შემწირველმან ამათმან, გარდამოგვივლინოს ჩუენ საღმრთო მადლი". მივიღებ კაცთმოყვარე ღმერთს, რომელიც მადლს გარდამოგვივლენს. ამბობს: ძღვნისთვის ვილოცოთო, რათა მან ჩვენში იმოქმედოს, რათა ამ მადლის მოწოდებისთვის უღონო არ იყოს. მაცხოვრის ყოვლისშემძლე სხეული, იმ დროს, როდესაც ხალხში მიმოიქცეოდა, რამდენიმე ქალაქში სასწაულს ვერ აღასრულებდა მათი ურწმუნოების გამო (მათ. 13:58), (მარკ. 6:5-6).

მას შემდეგ, რაც ამგვარადვე ამცნობს ყოველივე ამას ხალხს, საკუთარი თავისთვისაც საიდუმლოდ ლოცულობს, და ევედრება უფალს ხალხისთვის, რათა ისინი წმიდა სინდისით ეზიარონ საშინელ საიდუმლოს და ამ წმიდა ტრაპეზით დატკბნენ - მიიღონ ცოდვათა შენდობა, სულიწმიდის ზიარება და ცათა სასუფეველი დაიმკვიდრონ, არა სასჯელად, არცა დასასჯელად.

ამის შემდეგ ღვთისმსახური ყველასთვის ღვთისგან შეწევნასა და მფარველობას გამოითხოვს, მოუწოდებს მრევლს, ილოცონ, რათა მთელი დღე სიწმიდით, მშვიდობით და უცოდველად გაატარონ, მშვიდობის ანგელოზზე, სარწმუნო წანამძღვარზე მინდობილთა, - რადგან არსებობს სიცრუის ანგელოზიც, რომელზე მინდობაც სახიფათოა. მფარველი ანგელოზისთვის იმისთვის კი არ ვლოცულობთ, რომ იგი იმ დროს გვებოძოს, - ანგელოზი ხომ ყოველ მორწმუნეს თავიდანვე მიენიჭება, - არამედ იმისთვის, რომ მან იმოქმედოს და თავისი აღასრულოს - დაგვიცვას, სწორი გზისკენ წარგვმართოს და ჩვენი ცოდვებით აღშფოთებულმა არ მიგვატოვოს.

გარდა ამისა, მღვდელმსახური ცოდვათა შენდობისთვის, ჩვენი სულების სარგოსა და ყოველი სიკეთისთვის, მსოფლიო მშვიდობისთვის ლოცვისკენ მოგვიწოდებს, ამასთან მომავლის მშვიდობისთვის ლოცულობს, რათა მშვიდობითა და სინანულით აღვასრულოთ ჩვენი შემდგომი ცხოვრების დარჩენილი დრო, რათა ჩვენი აღსასრული ქრისტიანისთვის შესაფერისი იყოს. შემდეგ, როდესაც ღვთისმსახური ერთ სარწმუნოებას და სულიწმიდის ზიარებას გამოითხოვს ღვთისგან, მოგვიწოდებს, რათა ღმერთს მივუძღვნათ საკუთარი თავიც, ერთმანეთიც და მთელი ცხოვრებაც.

ხოლო იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ერთი სარწმუნოება და სულიწმიდის ზიარება და რისთვის ვლოცულობთ ამის შესახებ აქ, უკვე არაერთხელ და დაწვრილებით ითქვა.

 

წინა თავი <---- სარჩევი ----> შემდეგი თავი