მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმინდა მართალი
ნიკოლოზ კავასილა

 

ღვთაებრივი ლიტურგიის განმარტება

 

33. მსხვერპლშეწირვის შემდეგი ლოცვებისა და იმის შესახებ, თუ რა მიზეზით მოიხსენიებიან აქ წმიდანები, განსაკუთრებით კი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი

 

მსხვერპლის შეწირვის შემდეგ მღვდელმსახური ხედავს რა ღმერთის კაცთმოყვარეობის წინადაგებულ საწინდარს - მის ტარიგს, აღიქვამს მას როგორც შუამავალს და ჰყავს რა ნუგეშინისმცემელი, გამოხატავს ღმერთისადმი თავის ძღვენს; ლოცვებს უკვე კეთილი და მტკიცე იმედით გამოთქვამს და ლოცულობს, რომ პურის შეთავაზებისას მოხსენიებულთათვის აღვლენილი ლოცვები, და მათთვისაც, ვინც მღვდელთან ერთად ძღვენს სწირავდა და ძღვნის მიღებას ევედრებოდა უფალს, მიღებულ იქნეს და საქმით აღსრულდეს.

რომელი ლოცვები?

საერთო ცოცხალთათვის და მიცვალებულთათვის, რათა მიღებული ძღვნის წილ ღმერთს თავისი მადლი მოეცა, კერძოდ მიცვალებულთათვის - სულის განსვენება და განდიდებულ წმიდანებთან ერთად სასუფევლის დამკვიდრება, ხოლო ცოცხალთათვის - წმიდა ტრაპეზის ზიარება, კურთხევა, ყოველგვარი განსჯისგან თავისუფლება, ცოდვათა შენდობა, მშვიდობა, ნაყოფიერება, აუცილებლის მიღება და ბოლოს, რათა ისინი ღმერთის წინაშე სასუფევლის ღირსნი გახდნენ.

ვინაიდან თავად მსხვერპლის შეწირვა არა მხოლოდ ლოცვითი მოქმედებაა, არამედ სამადლობელიც, ამიტომ, როგორც საიდუმლოს აღსრულების დაწყებისას, ღვთისადმი მიძღვნილი ძღვნის შეწირვისას, გამოხატავდა მღვდელმსახური მადლიერებასაც და თხოვნასაც, ასევე ახლაც, მსხვერპლის შეწირვისა და ძღვნის კურთხევის შემდეგ, მადლობს უფალს ძღვნისთვის, ურთავს თხოვნას, ამასთან, მადლიერებისკენ შეგულიანების არსს გადმოსცემს და ლოცვის საგანსაც უთითებს.

რას გულისხმობს მადლიერებისკენ შეგულიანება? როგორც უკვე ითქვა, ეს წმიდანები არიან, ვინაიდან ეკლესიამ სათხოვარი მათში მოიპოვა და ის მიიღო, რისთვისაც ლოცულობს - ცათა სასუფეველი.

რას წარმოადგენს ეკლესიის სათხოვარი? მათ, ვინც ჯერ კიდევ ვერ მიაღწია სრულყოფილებას და ეკლესიის ლოცვას საჭიროებს.

ეკლესია წმიდანების შესახებ ამბობს: "მერმეცა შევსწირავთ შენდა სიტყვიერსა ამას მსხვერპლსა სარწმუნოებით შესვენებულთათვის: პირველთა მამათა, მამათმთავართა, წინასწარმეტყველთა, მოციქულთა, ქადაგთა, მახარებელთა, მოწამეთა, აღმსარებელთა, მმარხველთა და ყოვლისა სულისა, სარწმუნოებით აღსრულებულთა. უმეტესად ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსადკურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა" - და შემდეგ მთელ წმიდათა დასს ჩამოთვლის. სწორედ ისინი არიან ეკლესიის ღვთისადმი მადლიერების შემაგულიანებლები, სწორედ მათთვის უძღვნის ეკლესია ღმერთს ამ სიტყვიერ მსახურებას, როგორც მადლობას უფლისადმი, და ყველაზე უპირატესად ნეტარი ღვთისმშობლისადმი, როგორც ყოველ სიწმიდეზე აღმატებულისადმი. ამიტომ მღვდელმსახური კერძოდ მათთვის არაფერს ითხოვს, არამედ უფრო ევედრება მათ, რადგან ძღვნის მირთმევისას, როგორც ითქვა, მათთვის კი არ ლოცულობს, არამედ მადლობას სწირავს ღმერთს მათთვის, რომ თავიანთი ლოცვებით დაეხმარონ.

ყოველივეს შემდეგ ის უკვე ვედრებას გამოთქვამს და იმათ ასახელებს, ვისთვისაც ევედრება, ლოცულობს, რომ ყველას მიეცეს ხსნა და თითოეულისთვის შესაბამისი წყალობა; სხვათა შორის, შემდეგს ამბობს: "მერმეცა შევსწირავთ შენდა სიტყვიერსა ამას მსხუერპლსა სოფლისათვის, და წმიდისა, კათოლიკე და სამოციქულოისა ეკლესიისათვის, უბრალოდ და ღირსებით მოქალაქობისა მქონებელთათვის", - და ამის შესახებ ლოცულობს.

ამრიგად, ნეტარი იოანე, როცა აღნიშნავს, რომ ამ წმიდა მსახურებას ორი მხარე აქვს - სამადლობელი და სავედრებელი, ცალკე გულისხმობს მათ, ვის გამოც მადლობს, ცალკე კი მათ, ვის გამოც ლოცულობს. მაგრამ ღვთაებრივი ბასილი მადლიერებას ვედრებას უერთებს და ამას ლიტურგიის მიმდინარეობისას ყველგან აკეთებს; ასე რომ, შენ ნახავ, თითქმის ყველა მის ლოცვას ორივე ძალა აქვს. ასე, იგი მოიხსენიებს წმიდანებს, რომელთაც წმიდა იოანე ჩამოთვლის ღვთისმსახურების იმავე ადგილას, მაგრამ სხვაგვარად, ვინაიდან როცა ლოცულობს, რომ ყველა გახდეს ღირსი ეზიაროს საიდუმლოს, არა სასჯელად და დასასჯელად, უმატებს: "არამედ, რაითა ვპოოთ მადლი და წყალობაი ყოველთა თანა წმიდათა საუკუნითგან სათნოყოფილთა შენთაითა: პირველთა მამათა, მამათმთავართა, წინასწარმეტყველთა" და ა.შ.; შემდეგ - ბევრს ამბობს ყოვლადწმიდას შესახებ. თუმცა ეს სიტყვებიც, მართალია, ვედრებასაც მოიცავს, მადლიერებასაც გამოხატავს და კაცობრიობისადმი მოწყალე ღმერთსაც ქადაგებს; მათში მღვდელმსახური ღვთის მიერ განმართლებულებსა და ღვთივკურთხეულ ადამიანებს მოიხსენიებს, თითქოს ამბობს: მოგვეცი მადლი, რომელიც უწინ წმიდანებს მიანიჭე; განგვწმიდე ჩვენ, როგორც უწინ ჩვენნაირები განწმიდე.

 

წინა თავი <---- სარჩევი ----> შემდეგი თავი