საკუთრივ მსხვერპლის შესახებ შემდეგი უნდა გავითვალისწინოთ:
ვინაიდან მსხვერპლი არის არა მსხვერპლისა და სისხლის სახე, არამედ ჭეშმარიტად დაკვლა და მსხვერპლი, ამიტომ ის გამოვიკვლიოთ, რა მიირთმევა მსხვერპლად - პური თუ უფლის სხეული. ანუ როდის იქცევა ძღვენი მსხვერპლად: კურთხევამდე თუ კურთხევის შემდეგ?
თუ მსხვერპლად პურს ვწირავთ, მაშინ, ერთი მხრივ, როგორ შეიძლება პური მსხვერპლი იყოს? ხოლო, მეორე მხრივ, საიდუმლო ის კი არ არის, რომ დაკლული პური ვიხილოთ, არამედ - ვიხილოთ ტარიგი, თავისი დაკვლით სამყაროს ცოდვათა მტვირთველი (იოან. 1:29).
თუკი ვიტყვით, რომ მსხვერპლად უფლის წმიდა სხეული შეიწირება, ეს მით უმეტეს შეუძლებელია, რადგან, როგორც უკვე განუყოფელი და უკვდავი, იგი დაკვლას და მოწყვლას ვერ დაექვემდებარება. შესაძლებელიც რომ ყოფილიყო მსგავსი რამის მოხდენა, ამ შემთხვევაში ჯვარმცმელებიც უნდა ყოფილიყვნენ და სხვა ყველაფერიც უნდა დართვოდა, რათა ის მსხვერპლი აღსრულებულიყო, რადგან იგულისხმება, რომ ეს დაკვლის განსახიერება კი არა, ჭეშმარიტი დაკვლაა.
შემდეგ, როგორ ხდება, რომ ქრისტე ერთხელ მოკვდა და აღდგომის შემდეგ უკვე აღარ კვდება (რომ. 6:9), ერთხელ ევნო საუკუნეთა აღსრულებისას და, როგორც ნათქვამია, "ერთგზის შეიწირა მრავალთათვის ახოცად ცოდვათა" (ებრ. 9:28)? გამოდის, როდესაც ის საიდუმლოთა აღსრულებისას მსხვერპლად შეიწირება, ყოველ ჯერზე კვდება?
რა ვთქვათ ამაზე?
მსხვერპლი აღესრულება არც პურის კურთხევამდე, არც მისი კურთხევის შემდეგ, არამედ თავად კურთხევით, ვინაიდან აუცილებელია სრულად დავიცვათ მოძღვრება მსხვერპლის შესახებ და არაფერი გამოგვრჩეს.
რომელ მოძღვრებას ვგულისხმობ?
იმას, რომ ეს მსხვერპლი მსხვერპლის ხატი და სახეობა კი არ არის, არამედ ჭეშმარიტი მსხვერპლია, რომ პური კი არ შეიწირება მსხვერპლად, არამედ თავად ქრისტეს სხეული, ამასთან, ის, რომ ღვთის ტარიგის მსხვერპლი მხოლოდ ერთია და ერთხელ აღსრულდა.
უპირველეს ყოვლისა განვიხილოთ მღვდელმსახურება.
ჭეშმარიტია ეს მსხვერპლშეწირვა თუ მხოლოდ მისი მსგავსებაა? როგორც ცხვრის მსხვერპლშეწირვისას სრულიად დაუკვლელიდან დაკლულად გარდაიქცევა, ასევე ხდება აქაც - უმსხვერპლო პური მსხვერპლად გარდაიქცევა, რადგან დაუკვლელი პური ჭეშმარიტად დაკლული მაცხოვრის ხორცად გარდაიქცევა. აქედან გამომდინარე, როგორც ცვლილება ცხვრისგან ჭეშმარიტ მსხვერპლს ქმნის, ასევეა აქაც, ამ გარდაქმნით ჭეშმარიტი მსხვერპლი აღესრულება, რადგან პური დაკვლის სახით კი არ გარდაიქმნება, არამედ თავად დაკვლით, თავად მსხვერპლად შეწირულ უფლის სხეულად.
მაგრამ თუკი მსხვერპლად პურს შევწირავდით როგორც პურს, მაშინ დაკვლას პური დაექვემდებარებოდა და დაკვლით მსხვერპლად შეიწირებოდა.
ვინაიდან ორივე მიმართებით მოხდა მასში ცვლილება: არა მსხვერპლიდან მსხვერპლად იქცა, ხოლო პურიდან - ქრისტეს ხორცად, ამიტომ ეს დაკვლა პურში კი არ განიჭვრიტება, არამედ თითქოს ქრისტეს წინადაგებულ ხორცში, არის და იწოდება არა პურის, არამედ ღვთის ტარიგის მსხვერპლად შეწირვად.
ცხადია, თუკი ამას წარმოვიდგენთ, მაშინ არავითარი საჭიროება არ იქნება ვიფიქროთ, რომ უფლის სხეულის შეწირვა ბევრჯერ ხდება: რადგან ეს მსხვერპლი იმ დროს ტარიგის დაკვლით კი არ აღესრულება, არამედ დაკლულ ტარიგად პურის გარდაქმნით. ნათელია, რომ ამ დროს გარდაქმნა აღესრულება, და არა დაკვლა, ხოლო ამგვარად გარდაქნილი მრავალგზისია და გარდაქმნაც ხშირად აღესრულება, ხოლო იმას, რადაც გარდაიქმნება შეწირული, არაფერი უშლის ხელს, ერთი და იგივე იყოს; როგორც სხეულია - ერთი, ასევე სხეულის დაკვლაც - ერთია.
ამის შესახებ მოგახსენეთ.