მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმინდა მართალი
ნიკოლოზ კავასილა

 

ღვთაებრივი ლიტურგიის განმარტება

 

31. რატომ მოუხმობს მღვდელმსახური ძღვნის კურთხევისთვის მამას და არა ძეს

 

რატომ არ მოუხმობს მღვდელმსახური ძღვნის კურთხევისთვის ძეს, მაშინ როდესაც ის, როგორც ითქვა, მღდელმსახურიცაა და მაკურთხეველიც, არამედ მამას?

რათა იცოდე, რომ მაცხოვარი აკურთხებს არა როგორც ადამიანი, არამედ როგორც ღმერთი, თავისი ღვთაებრივი ძალმოსილებით, რომელიც მას საერთო აქვს მამასთან.

უფალმა, როდესაც ამის ჩვენება სურდა საიდუმლოს აღსრულების შემდეგ, ზეცად აიხედა და პური მამას აჩვენა. ამავე მიზეზით თავი მან ზოგიერთი სასწაულის აღსრულების დროსაც მსგავსადვე გამოავლინა - იღებდა ღვთისადმი მლოცველის სახეს (იოან. 11:41), რათა ეჩვენებინა, რომ ეს საქმე არ არის ადამიანური ბუნებისა, რომლის მიხედვითაც მას დედა ჰყავდა დედამიწაზე, არამედ მისი ღვთაებრიობისა, რომლის მიხედვითაც მამად ღმერთი ჰყავს. ხოლო როდესაც ჯვარზე ასვლა განიზრახა, სურდა რა თავისი ორი ნების ჩვენება - ღვთაებრივისა და ადამიანურის, თავისი ღვთაებრივი ნება მამას გადასცა, ხოლო თავისი ადამიანური ბუნების ნებას თავისი სურვილი უწოდა: "ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ" (მათ. 26:39) და "ხოლო ნუ ნებაი ჩემი, არამედ ნებაი შენი იყავნ" (ლუკ. 22:42). მას რომ იმავე ნებით სურდა, რომლითაც მამის ნებას ასრულებდა, ეს იმავე სიტყვებიდან ჩანს, სადაც ის თავის სურვილს მამის სურვილისგან განასხვავებს, ვინაიდან გამოთქმა, - "ხოლო ნუ ნებაი ჩემი, არამედ ნებაი შენი იყავნ", - თანმხმობელისა და იმავეს მსურველისთვისაა დამახასიათებელი. იგივე გვაჩვენა მაცხოვარმა პეტრეს გაკიცხვით, რომელიც ევედრებოდა, ჯვარსა და სიკვდილზე არ წასულიყო (მათ. 16:22-23); ასევე მაშინ, როდესაც ამბობდა: "გულისსიტყვით გული მითქუმიდა პასექსა ამას ჭამად თქუენ თანა ვიდრე ვნებადვე ჩემდა" (ლუკ. 22:15). მსურდა, - თქვა, - პასექი ტანჯვამდე; თითქოს ამგვარად თქვა: სურვილით მოვისურვე, ჩემი ტანჯვისთვის მზადება მენახა.

ამ თემაზე საკმარისია.

 

წინა თავი <---- სარჩევი ----> შემდეგი თავი