ხოლო ბაგეებს მათ სრულიად შეუკრავს ის, რომ ლათინურ ეკლესიაშიც, რომელსაც ისინი, როგორც ჩანს, ეყრდნობიან, უფლის სიტყვის შემდეგ არ უარობენ ძღვნისადმი ლოცვის აღვლენას. ამას იმიტომ ივიწყებენ, რომ უფლის სიტყვის შემდეგ უმალვე არ ლოცულობენ და კურთხევასა და უფლის ხორცის გარდასახვას მკაფიოდ არ ითხოვენ, არამედ ამასთან დაკავშირებულ სხვა სახელწოდებებს იყენებენ, თუმცა მათ იგივე ძალა აქვთ.
რომელია ეს ლოცვა? "უბრძანე ამაღლება ამ ძღვენს ანგელოზის ხელით შენს ციურ საკურთხეველში".
დაე, მათ გვითხრან, რას ნიშნავს "ამაღლება ამ ძღვენს".
ისინი ან მიწიდან და უმდაბლესი ადგილიდან ზეცამდე ადგილობრივ მიძღვნაზე, ანაც რაიმე განსაკუთრებულ მიძღვნაზე ლოცულობენ - უმდაბლესი მდგომარეობიდან უმაღლესამდე.
მაგრამ აქ თუ პირველი იგულისხმება, მაშინ ჩვენთვის რა სასარგებლოა ჩვენგან სიწმიდის წაღებისთვის ლოცვა, როდესაც ვლოცულობთ და გვწამს, რომ სიწმიდე ჩვენთან არის და სუფევს, და როდესაც ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტე ჩვენთან არის უკუნითი უკუნისამდე (მათ. 28:20)? მათ არ სჯერათ, რომ თუკი ამას ქრისტეს სხეულად მივიჩნევთ, ის ჩვენთანაცაა და ზეცაშიც, მამის მარჯვნივაც ზის (მაგრამ რაგვარად - მხოლოდ თავად უწყის). როგორ იქნებოდა ის ზეციური, თუკი არ იქნებოდა თავად ქრისტეს ზეციური სხეული? როგორ შეიძლებოდა მისი ანგელოზის ხელით ამაღლება, როდესაც ის ყოველ საწყისზე, ძალაუფლებაზე, ძალაზე, ყოველ სახელზე, ზეცაში სახელდებულზე მაღლა დგას (ეფ. 1:21)?
ხოლო თუკი ისინი განსაკუთრებული გარდასახვისთვის ლოცულობენ - რაღაც უკეთესში, მაშინ არ ვიცი, რამდენად დიდია მათი უწმიდურობის ტვირთი, როდესაც აღიარებენ, რომ ეს - თავად სხეულია იესო ქრისტესი, ფიქრობენ, რომ ის უფრო უკეთეს და უფრო წმიდა მდგომარეობაში მოვა.
აქედან ნათლად ჩანს, რომ ისინი ჯერ კიდევ არ მიიჩნევენ პურსა და ღვინოს კურთხეულად და იმიტომ ლოცულობენ მათთვის, რადგან ისინი ჯერ კიდევ საჭიროებენ ლოცვებს - მათი ამაღლებისთვის ლოცულობენ, რადგან პური და ღვინო ჯერ კიდევ დაბლა დევს, არ არის ნაკურთხი ზეციურ საკურთხეველში, რათა იქ დადებული იქცეს მსხვერპლად: ვინაიდან ანგელოზის ხელს საჭიროებენ, რადგან ადამიანთა უმდაბლესი იერარქია, დიდი დიონისეს სიტყვებით, ანგელოზთა უმაღლესი იერარქიისგან იღებს შეწევნას.
ამრიგად, ეს ლოცვა ძღვენთან მიმართებით ახდენს იმას, რომ უფლის ხორცად და სისხლად აქცევს მას, რადგან იმ საკურთხევლის სახელდებით რაიმე გამოცალკევებული ზეციური ადგილი არ უნდა ვიგულისხმოთ, რომელზეც გვმართებს მსხვერპლის შეწირვა. სხვანაირად ჩვენ ბევრად არ ვიქნებოდით განსხვავებულნი მათგან, ვინც ამბობს, რომ იერუსალიმში ან სამარიის მთაზეა ის ადგილი, სადაც ღმერთის თაყვანისცემა გვმართებს (იოან. 4:20). როგორც ნეტარი პავლე ამბობს, "რამეთუ ერთ არს ღმერთი და ერთ არს შუამდგომელ ღმრთისა და კაცთა, კაცი იესუ ქრისტე" (1 ტიმ. 2:5). ამიტომ ყოველივე, რასაც შუამავლის ძალა აქვს და კურთხევას გვანიჭებს, მხოლოდ და მხოლოდ მაცხოვრისგან მომდინარეობს. მაგრამ როგორ შეითვისება ჩვენთვის შუამავლობა და რას აქვს განწმენდის ძალა? მღვდელმსახურს, საკურთხს, საკურთხეველს. ანუ, უფლის სიტყვის მიხედვით, შეწირულ მსხვერპლს საკურთხეველი განწმენდს: "საკურთხეველი, რომელი განსწმედს შესაწირავსა მას?" (მათ. 23:19), - ამბობს იგი.
ამრიგად, თუკი განმწმენდი მხოლოდ ის არის, მაშინ მღვდელმსახურიც, განსაწმენდელიც და საკურთხეველიც არსობრივად ერთია.
მღვდელმსახური და განსაწმენდელი არსობრივად ერთი რომ არის, ამის შესახებ მაცხოვარმა თავად გვამცნო: "მათთვის წმიდა-ვჰყოფ თავსა ჩემსა" (იოან. 17:19).
რაც შეეხება საკურთხეველს, ამის შესახებ წმიდა დიონისე სამყაროს შესახებ თავში მოწმობს: "თუკი ჩვენი ღვთაებრივი საკურთხეველი, ღვთაებრივ გონებათა განმწმენდელი, იესოა, მაშინ მის შესახებ ნათქვამია, რომ მის მიერ გვაქვს მიახლება მამისა მიმართ (ეფ. 2:18), ამიტომ დაკვირვებული თვალით ვუცქიროთ იმ ღვთაებრივ საკურთხეველს". სწორედ ამ ზეციურ საკურთხეველში ძღვნის ამაღლებამდე ლოცულობს მღვდელმსახური, კერძოდ კურთხევისთვის ლოცულობს, გარდაისახოს თავად უფლის ზეციურ სხეულად, და არა მისთვის სხვა ადგილის მიცემისთვის და მიწიდან ზეცაში გადატანისთვის, იმიტომ რომ ლოცვის შემდეგაც ვხედავთ ძღვენს ჩვენ წინაშე.
თუკი საკურთხეველი მასზე დადებულ ძღვენს აკურთხებს, მაშინ ერთი და იგივეა - ძღვნის კურთხევისთვის ვილოცებთ თუ მის საკურთხეველში დადებისთვის.
რა არის ის კურთხევა, რომლითაც საკურთხეველი მასში დადებულ ძღვენს აკურთხებს? ეს ის კურთხევაა, რომლითაც თვით ერთიანმა იერარქმა იკურთხა თავი, მიუძღვნა რა თავი ღმერთს და შესწირა, რადგან იგი თავადაა იერარქიც, საკურთხეველიც, მსხვერპლიც. ყოველი გამონათქვამი ერთს ნიშნავს: იყო ამ იერარქის მიერ კურთხეული, ან გარდაისახო იმ საკურთხად, ან ამაღლდე იმ ზეციურ საკურთხეველში. ამიტომაც, თუკი შენ ამ სამთაგან რომელიმეს ითხოვ, ესე იგი ითხოვ ყველაფერს; და შენ მოითხოვე, შესწირე მსხვერპლი.
ამრიგად, თქვენი მღვდელმსახურები, ჭვრეტენ რა ქრისტეს როგორც კურთხეულს, მასზე ძღვნის დადებისთვის ლოცულობენ - ზუსტად იმავეზე, მხოლოდ სხვა გამონათქვამებითა და სიტყვებით. ამიტომაც ჩვენი მღვდელმსახურნი, მიძღვნილი ძღვნის ღვთაებრივ ხორცად და სისხლად გადაქცევისთვის მლოცველნი და ზეციური საკურთხევლის გამხსენებელნი, მასში ძღვნის აღმართვისთვის აღარ ლოცულობენ, არამედ რადგან ძღვენი ამაღლებული და მიღებულია, სულიწმიდის მადლისა და წყალობის გადმოსვლისთვის ევედრებიან. ამბობენ - ვილოცოთ კურთხეული ძღვნისთვის. იმისთვის, რომ იკურთხოს ისინი? არა, ისინი უკვე ნაკურთხია; არამედ იმისთვის, რომ მათით ჩვენ ვეკურთხოთ, რათა უფალმა მათი კურთხევით ჩვენც გვაკურთხოს მათ მიერ.
ამრიგად, ნათელია, რომ არც ლათინური ეკლესია უგულებელყოფს უფლის სიტყვის შემდეგ ძღვნისთვის ლოცვას, არამედ ამგვარად მხოლოდ ზოგიერთები, მცირედნი და გვიანდელები იქცევიან, რომლებმაც სხვა შემთხვევებშიც შებღალეს იგი, მხოლოდ იმისკენ სწრაფვით, რომ რაიმე ახალი ეთქვათ და მოესმინათ.
ეს - ლოცვის შესახებ.